workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბელეტი: „ვერავინ წარმოიდგენდა, თუ მესი ამ სიმაღლეს მიაღწევდა“

ბელეტი: „ვერავინ წარმოიდგენდა, თუ მესი ამ სიმაღლეს მიაღწევდა“

ბრაზილიელი მარჯვენა მცველი ჟულიანო ბელეტი “ბარსელონაში” 2004-2007 წლებში თამაშობდა. ამ 3 წლის განმავლობაში, ის კატალონიელთა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო. პოზიციიდან გამომდინარე, ბელეტი შეტევებში ხშირად ერთვებოდა, მაგრამ მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი გოლია. თუმცა, ეს ის გოლია, რომელიც კლუბის ისტორიაში შევიდა. 2006 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ბელეტიმ “არსენალს” 81-ე წუთზე გაუტანა და გუნდს 2:1 მოაგებინა.
გთავაზობთ ჟულიანო ბელეტის ინტერვიუს, რომელიც “ბარსელონას” ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

– რაც ჯერჯერობით ვნახეთ, შეგიძლიათ თქვათ, რომ ბრაზილიას მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეუძლია?
– ვფიქრობ, შეუძლია, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება. ველოდი, რომ ბრაზილიას ჩილესთან გაუჭირდებოდა, რადგან ჩილელებს კარგი გუნდი ჰყავთ. მიმაჩნია, რომ ბრაზილია თამაშს უმატებს და ამ გუნდს ჩემპიონობა შეუძლია.

– თქვენ იმ იღბლიან ფეხბურთელებს შორის შედიხართ, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატი მოუგიათ. თქვენი გამოცდილებით, რა არის მთავარი იმისათვის, რომ ასეთი დონის ტურნირი მოიგო?

– ჭკვიანურად უნდა ითამაშო და მთელი დროის განმავლობაში კონცენტრირებული იყო. თუმცა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თამაშიდან თამაშამდე მომატება.

– რას ნიშნავთა თქვენთვის ამ ტიტულის მოგება? შეცვალა მან თქვენი კარიერა ან პირადი ცხოვრება?

– ეს, ჩემი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის და ყველასთვის სიამაყის მიზეზი იყო. ეს განცდა შეუფასებელია. ეს მიღწევა, პროფესიონალისთვის, ძალიან ბევრს ნიშნავს. ბრაზილიას არაერთი დიდი ფეხბურთელია ჰყოლია, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატი არ მოუგიათ. ეს პატივი წილად ცოტას ხვდა და ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ ჯგუფში შევდივარ.

– როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე ფიქრობთ, პირველი რა გახსენდებათ?

– მახსენდება 2002 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალი თურქეთის წინააღმდეგ, როდესაც მოედანზე ვიყავი. ასეთი თამაშის დავიწყება შეუძლებელია. წარმოშობით კასკაველიდან ვარ და ვიცი, რომ ასეთი რამის მიღწევა ძალიან ძნელია.

– ყველაზე მეტად რა გენატრებათ იმ დროიდან, რომელიც “ბარსელონაში” გაატარეთ?

– კონკრეტული არაფერი. როგორც პროფესიონალისთვის, ჩემი კარიერის საუკეთესო პერიოდი “ბარსელონაში” გატარებული დრო იყო. ამ პერიოდიდან ყველაფერი განსაკუთრებულია. ძალიან ამაყი ვარ იმის გამო, რომ ასეთ დიდ გუნდში ვთამაშობდი ასეთ ფეხბურთლებთან ერთად.

– რატომ არის “ბარსა “მეტი ვიდრე კლუბი?”

– იმიტომ, რომ ეს კლუბი ტიტულებს სპორტის ყველა დისციპლინაში იგებს. გარდა ამისა, კლუბის დამოკიდებულების გამო ფეხბურთელების ოჯახებთან და აგრეთვე თავად ფეხბურთელების მიმართ გამოვლენილი განსაკუთრებული ყურადღების გამო. ამ კლუბში ყველაფერი შენთვის კეთდება. ერთადერთი საზრუნავი ფეხბურთის თამაში გაქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

– მესისთან ერთად მისი კარიერის საწყის ეტაბზე თამაშობდით. გაგიკვირდათ თუ არა მისი ასეთი პროგრესი და “ოქროს ბურთის” 4-ჯერ მოგება?

– ის განსაკუთრებული მოთამაშე იყო, რომელსაც მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევა სურდა. ნათელი იყო, რომ ის დიდი ფეხბურთელი გაიზრდებოდა, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ამ სიმაღლეს მიაღწევდა. უნდა გამოვტყდე, რომ მესის მიერ “ოქროს ბურთის” 4-ჯერ მოგებამ და ამდენი წლის განმავლობაში ბრწყინვალედ თამაშმა გამაკვირვა. ასეთი რამ აქამდე არასდროს გაუკეთებია.

– არ ვიცი, იცით თუ არა, რას ნიშნავთ “ბარსელონასთვის”. გოლმა, რომელმაც “ბარსელონას” მე-2 ჩემპიონთა თასი მოუტანა, უკვდავად გაქციათ. ამაზე რას ფიქრობთ?

– მახსოვს ზეიმი, რომელიც კატალონიისთვის ერთ-ერთი უდიდესი იყო. თუმცა, ამ საკითხში კარგად გაცნობიერებული არ ვარ, რადგან ბრაზილიაში ვცხოვრობ და ბარსელონასთან კონტაქტი არ მაქვს. კლუბმა ჩემპიონთა ლიგის თასის რეპროდუქცია გადმომცა, რომელსაც სახლში ვინახავ. ეს ძალიან მნიშნველოვანია, რადგან ტიტულის მოგება ძალიან ძნელი იყო. ალბათ, იმაზე რთული, ვიდრე მოგვიანებით მოგებული თასები.

– რას გვეტყვით “ბარსელონაში” მიმდინარე ცვლილებებზე?

– რაც ახლა ხდება, ჩვენი დროისგან განსხვავებულია. ჩვენს დროს, პრობლემა ფეხბურთელების დაკარგვა იყო, ახლა კი პრობლემა ასაკია. თუმცა, ეს ცვლილებები გარდაუვალია. არ ვფიქრობ, რომ “ბარსელონამ” თავისი ხარისხი დაკარგა, თუმცა ფეხბურთელებს ასაკი არ აძლევს იმის საშუალებას, რომ მათ უწინდებურად ითამაშონ.

– მიგაჩნიათ, რომ ნეიმარს “ბარსელონას” ისტორიაში შესვლა შეუძლია?

– ვფიქრობ, მასთან დაკავშირებით იგივე ხდება, რაც მესის შემთხვევაში. ჩვენს დროს, მესის მოედანზე თავისი პოზიცია ჰქონდა. გვარდიოლას გუნდში მისვლის შემდეგ მას მეტი თავისუფლება მიეცა და სწორედ ამის შემდეგ იქცა ის იმ ფეხბურთელად, რომელიც დღესაა. ნეიმარს ასევე ჭირდება თავისი სრული პოტენციალის ჩვენება. ეროვნულ ნაკრებში მას სრული თავისუფლება აქვს და ის ვარსვკლავია. “ბარსელონაშიც” ასევე უნდა მოხდეს.

– შანსი რომ გქონდეთ ხმა მიაწვდინოთ “ბარსელონას” გულშემატკივრებს, რომლებსაც ყოველთვის ემახსოვრებით, რას ეტყოდით მათ?

– როდესაც “ბარსელონასთან” კონტრაქტს ხელი მოვაწერე, მინდოდა სიამოვნება მიმენიჭებინა კლუბისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ “ბარსელონას” ქომაგების ცხოვრების ნაწილი გავხდებოდი. ამის მიღწევა დიდი პატივია და სიამაყით აღმავსებს. მეტს ვერც მოვითხოვ.

[media=http://www.youtube.com/watch?v=raqguxQEVY0]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward