ნიგერიაში გამართული ახალგაზრდული მუნდიალის შემდეგ, მამჩემს პედრო დე ფელიპემ დაურეკა და ამცნო, რომ “მილანის” ვიცე-პრეზიდენტს, ადრიანო გალიანის ჩემთან შეხვედრა სურდა. იტალიელი ჩინოვნიკი ბარსელონაში ბრძანდებოდა და ბლაუგრანასა და ბრაზილიის ნაკრებს შორის გამართულ შეხვედრას ესწრებოდა. ეს მატჩი კლუბის 100 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.
დე ფელიპემ, ოტელ “ხუან კარლოს I”-ში შემოგვთავაზა შეხვედრა, მაგრამ მამას ეს იდეა არ მოეწონა, არანაირი სურვილი არ მაქვს ჟურნალისტებს გადავეყაროო. დონ ფილიპემ მამა დააწყნარა, მოახსენა რა, რომ სერობა დახურულ კარს მიღმა გაიმართებოდა და მათ ვერავინ შეაწუხებდა.
ასეც მოხდა, გალიანი ჩვენს წინაშე ადვოკატისა და ორი პირადი მცველის თანხლებით წარსდგა. თავდაპირველად, როსონერის ბოსმა მაგიდაზე თეთრი ფურცელი დადო, რომელზეც ჩემი კონტრაქტის დეტალები იყო ჩამოწერილი. ტრანსფერი 800 მილიონად იყო შეფასებული, ხოლო პირადად მე ოთხწლიან ხელშეკრულებას მთავაზობდნენ, რომლის მიხედვითაც სეზონში 250 მლნ. პესეტა უნდა ამეღო სუფთა ფული.
მამას, კლუბის საფეხბურთო აკადემიაში სთავაზობდნენ თანამდებობას, ვილას ოთხი მოსამსახურით და ბარსელონაში უფასოდ მგზავრობის პაკეტს. პლუს ამას, მას და დონ ფელიპეს შუამავლობისთვის საკომისიოს სახით, 500 მლნ.-ს აძლევდნენ. მაშინ ბლაუგრანაში 40 მლნ. მქონდა ანაზღაურება, თანაც დაქვითვების გარეშე. აქედან გამომდინარე, ალბათ წარმოგიდგენიათ მამჩემის განცვიფრებული სახე ამ ასტრონომიული ციფრების გაგონებისას. ყველაფერთან ერთად, გალიანიმ “მილანის” მთავარი მწვრთნელის, ალბერტო ძაკერონის მიერ დახაზული სათამაშო სქემაც აჩვენა მამას, ეს 4-2-3-1 განლაგება გახლდათ, ორი საყრდენი ნახევარმცველით, ერთი ალბერტინი იყო, ხოლო მეორე მე უნდა ვყოფილიყავი. “შენს ბიჭზე ფსონს იმიტომ ჩავდივართ, რომ მას როსონერისთვის მნიშვნელოვან ფიგურად ვთვლით”, – აღნიშნა გალიანიმ.
ის ფაქტიც გასათვალისწინებელი გახლდათ, რომ იმხანად ძირითად შემადგენლობაში სისტემატურად ვერ ვხვდებოდი, რადგან გვარდიოლა კარიერის პიკზე იყო. პეპი მაშინ 27 წლის გახლდათ. როდესაც მამამ დამირეკა, რათა იტალიელთა წინადადების შესახებ მოეთხრო, 21 წლამდელთა ნაკრებთან ერთად კოვადონგაში გახლდით (ასტურია). თავდაპირველად, მისი ნაამბობიდან აზრი ვერ გამოვიტანე, რადგან სიტყვები თავში ვერ დავალაგე. “ისეთი კონტრაქტი მიპყრია ხელთ, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელია” – მხოლოდ ამ წინადადების გაშიფვრა შევძელი. ნელ-ნელა, ჩემდა გასაკვირად, ყველა დეტალს ნათელი მოეფინა და გადავწყვიტეთ, ყველაფერი მშვიდად განგვეხილა მას შემდეგ, რაც ბარსელონაში დავბრუნდებოდი.
იმ ღამეს, თვალი ვერ მოვხუჭე. გონება იტალიაში გადაბარგებას მკარნახობდა, ხოლო გული დარჩენას. მაშინ, “ბარსელონაში” დამკვიდრება წარმოუდგენლად მეჩვენებოდა. გვარდიოლა უმაღლეს დონეზე კიდევ 4-5 წელი ითამაშებს, იმ დროისთვის კი უკვე 25 წლის ვიქნები. თამაში მსურდა, რის გარანტიასაც “მილანი” მაძლევდა. როსონერისთან კონტრაქტის დასრულებისას, 22 წლის ვიქნები, ფულით სავსე ჯიბეებით და ჩიტივით თავისუფალი. სადაც გინდა იქ წადი! თავი მისკდებოდა! რას ვჩადივარ!
და აი, დავბრუნდი კიდეც. სახლში, მისაღებად ოთახში მთელი ოჯახი შეკრებილიყო, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მიეღოთ. მამაჩემის და ძმების პოზიცია ერთმნიშვნელოვანი იყო, უნდა წავსულიყავი, რადგან ასეთი შემოთავაზება ცხოვრებაში ერთხელ აქვს ფეხბურთელს, მაგრამ დედა ქვასავით მტკიცე იყო: “არა, არა და კიდევ ერთხელ არა! ხავი შენ უნდა დარჩე, მორჩა და გათავდა! დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ “ბარსელონაში” გელის დიდი მომავალი”. ოჯახის დანარჩენი წევრები ამ პოზიციას არ ეთანხმებოდნენ. ეჭვები მღრნიდა.
დედა თავისას არ იშლიდა, ის “სტიქიის” წინააღმდეგ წავიდა. ნათესავების თითოეულ სიტყვას, ათით პასუხობსდა. დარწმუნებული ვარ, იმ მომენტში ბაბუა ჟაუმეს სისხლი ისე ჩქეფდა მის ძარღვებში, როგორც არასდროს. როდესაც დედამ მუქარის სიტყვები წარმოთქვა, დაძაბულობამ აპოგეას მიაღწია: “ხავი თუ წავა, განქორწინებაზე შევიტან საბუთებს”. ამის თქმა იყო და ყველა დაშოშმინდა. უცბად, კარმა დაიჭრიალა როგორც ზღაპრებში ხდება ხოლმე, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა. “ბარსელონაში” ვრჩები. “დედიკო, არ იღელვო, ოჯახის ერთიანობა მთავარია”, – ვუპასუხე მე.
მამას ვუთხარი, რომ “ბარსაში” ვრჩებოდი და უკვე შეეძლო ეს დონ ფელიპესთვის ეთქვა. სიმართლე გითხრათ, ცოტა დაძაბული სიტუაცია შეიქნა, რადგან მამამ იცოდა, რომ ეს ცნობა პედრო დე ფილიპეს გააცოფებდა. აქაოდა, ეს ცხრამეტი წლის ლაწირაკი როგორ ბედავს სარფიან წინადადებაზე უარის თქმას, რითაც ყველას აკარგინებს სარგებელსო.
მას შემდეგ, რაც ხოსეპ ლუის ნუნიესმა შეიტყო ჩემი უარის შესახებ, გადაწყვიტა ერთგულებისთვის დავეჯილდოვებინე და 19 წლის ბიჭისთვის, რომელსაც პირველ გუნდში მხოლოდ 15 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, საკმაოდ სარფიანი კონტრაქტი შემომთავაზა. ახალ ხუთწლიან ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი, რომლის თანახმადაც ჯამაგირი ყოველწლიურად გამეზრდებოდა: 100, 150, 200, 250 და ბოლო წელს 300 მლნ. პესეტა. ეს იმის ნახევარიც კი არ იყო, რასაც როსონერი მთავაზობდა, მაგრამ გულახდილად გითხრათ, ვფიქრობ რომ, არ შევმცდარვარ.
ეს ყველაზე ახლო შეხვედრა იყო, რომელიც კი ოდესმე მქონია პრეზიდენტ ნუნიესთან. ვიზიტმა მხოლოდ ერთ საათს გასტანა, მაგრამ იმ ადამიანთან აუდენციისთვის, რომელიც ისედაც სიტყვაძუნწი იყო და ყოველთვის ცდილობდა დისტანცია დაეჭირა ქვეშევრდომებთან, ეს დრო საკმარისზე მეტი გახლდათ. შეხვედრაზე, რომელის დროსაც ჩემი ახალი კონტრაქტის რატიფიცირება მოვახდინეთ, ნუნიესმა მაცნობა, რომ ვან გაალი სამომავლოდ ჩემზე აპირებდა ფსონის ჩასვლას. უნდა აღინიშნოს, რომ ამ საუბარმა ფრთები შემასხა.
ყველაფერთან ერთად, ნუნიესი ხელის ჩამორთმევის თავისებური მანერით დამამახსოვრდა. მტევანი სუსტად ეკიდა მაჯაზე, როგორც ჩანს იმის მოლოდინში, რომ მავანი ხელს სტაცებდა. გასახდელში უყვარდა ჩამოსვლა, ოღონდ, მხოლოდ მაშინ, როცა გუნდი თამაშს იგებდა.
გარკვეული დროის შემდეგ, მას და მის მეუღლეს შევხვდი აეროპორტში, გულწრფელად გაუხარდა ჩემი წარმატებები და მითხრა, რომ ბლაუგრანაში დიდი მომავალი რომ მექნებოდა, ამაში დარწმუნებული იყო. მაგრამ, ზღარბისთვისაც ნათელია, რომ “ბარსელონური” მომავლისთვის სულ სხვა ადამიანს უნდა გადავუხადო მადლობა. მადლობ დედიკო!
გაგრძელება იქნება…