ჟოან ლაპორტა: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ლა მასიას სიამაყეა

ჟოან ლაპორტა: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ლა მასიას სიამაყეა

ჟოან ლაპორტა ნიუ-იორკშია, რათა კვირას ნიუ-ჯერსიში, “მეტლაიფის” სტადიონზე, ესპანეთისა (“ბარსელონას” 8 ფეხბურთელით) და არგენტინის (ლეო მესით) ნაკრებებს შორის გასამართ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს დაესწროს. “ბარსელონას” პრეზიდენტი აღფრთოვანებულია იმით, რომ მთელი პლანეტა იხილავს, როგორ აკერია ყველას პირზე კატალონიური კლუბის სახელი. ამის შესახებ მან მანჰეტენის ცენტრიდან, ტაიმზ-სკვერიდან RAC 1-თან საუბრისას განაცხადა.

“ჩვენი რვა ფეხბურთელით ძალიან ვამაყობთ. ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და როგორც პრეზიდენტი, კმაყოფილი და მადლიერი ვარ, რომ ასეთი ნიჭიერი მოთამაშეები გვყავს. სანაკრებო დონეზე ეს საუკეთესო მატჩია, რომლის თამაშიც შეიძლება. განსხვავებული სტილებია და მსაჯმა თავისი ძალა უნდა აჩვენოს. არგენტინა უფრო აგრესიულია, ესპანეთის ნაკრები კი უფრო შეთამაშებულად მოქმედებს და “ბარსელონას” მსგავსი სათამაშო სტილი აქვს. “ბარსელონა” საუკეთესოა, რაც კი არსებობს და ამას ყველა აღიარებს.”.

სიამაყე მესითა და “ლა მასიას” ახალგაზრდებით

“ბარსელონას” პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა ის ფაქტიც, რომ ესპანეთის წინააღმდეგ ლეო მესი ითამაშებს:

“მესიც გავიდა ფინალში და მიხარია. ის “ლა მასიას” სიამაყეა. მესი წარსული და აწმყოა, ლამინი კი – აწმყო და მომავალი. ძალიან გვიხარია, რომ “ბარსელონას” თამაშის ნამდვილი სისტემა გვაქვს. როგორც პრეზიდენტისთვის, საამაყოა ამ ორი ფეხბურთელის აღზრდა. თუ ამას დავუმატებთ, რომ გვყავს ჟოან გარსია, ერიკ გარსია, კუბარსი (რომელიც შესანიშნავ მსოფლიო ჩემპიონატს ატარებს), ოლმო, გავი, პედრი, ფერანი… ეს უბრალოდ შთამბეჭდავია”.

ხულიან ალვარესი და დეკუს მუშაობა

ხულიან ალვარესსა და მის “ბარსელონაში” გადმოსვლის შანსებზე საუბრისას მან გაიმეორა ის, რაც რამდენიმე დღის წინ თქვა:

“შეთავაზება გავაკეთეთ და გადაწყვეტილება “ატლეტიკომ” უნდა მიიღოს. ფეხბურთელმა თქვა, რომ წასვლა სურს, მაგრამ ჩვენი შეთავაზება უსაზღვრო არ არის. თარიღს დავთქვამთ, თუ “ატლეტიკო” აზრს შეიცვლის. ძალიან კარგი წინადადება გავაკეთეთ. ის არის მოთამაშე, რომელიც ფლიკსა და დეკუს სურთ, მაგრამ თუ არ დათანხმდებიან, სხვა ალტერნატივებზე მოგვიწევს მუშაობა. დეკუ ძალიან კარგად, განუწყვეტლივ, ეფექტურად და შეუმჩნევლად მუშაობს, რაც ადეიემის შემთხვევაშიც დაამტკიცა. ეს გორდონთან დაკავშირებითაც გამოჩნდა. მან არგენტინასთან ნახევარფინალში გოლი გაიტანა. ის ძალიან სწრაფი, შრომისმოყვარეა და კარგად აპრესინგებს, ჩვენ კი დეკუს მუშაობით კმაყოფილები ვართ. “B” გეგმები? ეს ალტერნატივებია. ფეხბურთი არ ჩერდება, სხვადასხვა ვარიანტი არსებობს და ყველაზე შესაფერისი უნდა აირჩეს”.

შეხვედრები აშშ-ში და ოცნება 2030 წლის მუნდიალზე

რაც შეეხება აშშ-ში დეკუსა და ალეხანდრო ეჩევარიასთან ერთად მის აქტივობებს, ლაპორტამ განმარტა, თუ როგორ გამოიყენა დრო:

“ბევრი ღონისძიება და შეხვედრა გვაქვს. ვიყავით FIFA-სთან, ლა ლიგასთან და ფედერაციასთან. ძალიან ინტენსიური დღეებია. აქ მსოფლიო ფეხბურთის ელიტაა შეკრებილი. ასევე აქ არიან ხავიერ ტებასი და რაფაელ ლოუსანი. ერთად ვივახშმეთ და ზოგადად ფეხბურთზე ვისაუბრეთ. ფედერაციის ძალიან მადლიერი ვარ იმ დამოკიდებულებისთვის, რასაც ჩვენ მიმართ იჩენენ. ინფანტინოსთან და FIFA-სსაბჭოსთანაც ვიყავით და ბევრი ვისაუბრეთ”.

დასასრულს, ლაპორტამ აღნიშნა, რომ ოცნებობს, 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს “სპოტიფაი კამპ ნოუმ” უმასპინძლოს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი