ჩვენ დავბრუნდებით!

ჩვენ დავბრუნდებით!

"არ გეგონოთ, რადგან სამი წლის განმავლობაში ფინალში მეორედ გახვედით ეს მუდმივად ასე იქნება, ჩემი თაობა ფინალს 20 წელი ელოდა" -ამ სიტყვებით მიმართა გვარდიოლამ ფეხბურთელებს 2011 წლის ფინალის წინ. ეს არის მოტივაცია, სტიმული, რომლის ქონის შემთხვევაშიც ადამიანის შესაძლებლობები ერთი-ორად იზრდება. უფსკრულის პირას მდგარმა რიგითმა ადამიანმა შეიძლება სიგრძეზე ხტომის მსოფლიო რეკორდი დაამყაროს თუ მას ვეფხვი მოსდევს.

სწორედ უმოტივაციობა და ცუდი ფსიქოლოგიური განწყობა იყო იმის მიზეზი, რომ ნახევარფინალურ მატჩებში ფეხბურთელებმა არათუ გამოდევნებული ვეფხვის სუნქვა, არამედ შვიდი მძლავრი დატორვაც ვერ იგრძნეს. შეხედეთ დორტმუნდის ბორუსიას ფეხბურთელებს, როგორ იბრძვიან თითოეული ბურთისთვის, როგორ გაშმაგებით ექომაგებიან მეტოქე ფეხბურთელისგან მოტყუებულ თანამებრძოლს, თითქოს სისხლს იღებენ, თითქოს ბრანდერბურგის კარიბჭეს იცავენო და ამის მერე შეხედეთ... არა, უხერხულია პარალელის გავლება.

არსებობს რამდენიმე ნიუანსი, რომლებიც გასათვალისწინებელია: გვარდიოლა იმდენად დიდი მოტივატორი იყო, რომ მისი ეს თვისება აშკარად ფარავდა მის ტაქტიკური კუთხით მუშაობას. იმდენად ფარავდა, რომ შეიძლება გულშემატკივარს, ფეხბურთელებს და მის მაშინდელ ასისტენტსაც კი მოჩვენებოდა, რომ მთავარი სწორედ გუნდის განწყობაა. ვითომ მეშლება? გაიხსენეთ რა ხდებოდა ერთი თვის წინ: "ტიტო დაბრუნდება და ყველაფერი შეიცვლება", "აბიდალი გამოჯანმრთელდება და ეს გუნდს სტიმულს მისცემს..."

ამ მცარმა წარმოდგენებმა ხელი შეუშალა გუნდს იმის გაცნობიერებაში, რომ სტიმული მხოლოდ საშუალებაა საბრძოლო გეგმის სრულყოფილი რეალიზებისათვის და არა თავად საბრძოლო გეგმა. მითუმეტეს, რომ რთულად წარმოსადგენი ჩანს "ბარსას" დღევანდელ თავკაცს თავში მოუვიდეს იმ ფრაზის მსგავსი რამ, რითიც მე სტატია დავიწყე (ვილანოვას არაფერს ვერჩით).

პრობლემა უფრო ღრმადაც შეიძლება ვეძებოთ: როცა ფაბრეგასი ხარ, არ უდნა გინდოდეს ხავიდ გადაკეთდე, როცა ვილანოვა ხარ, არ უნდა გინდოდეს გვარდიოლობა, როცა სანჩესი ხარ... და ასე შემდეგ.

რა ხდება დღეს. დღეს რაღაც ახალი მოხდა. მარცხი არც აქამდე იყო უცხო. გავიხსენოთ ინტერის, ჩელსის მაგალითები, მაგრამ ყველა მათგანში გუნდს ძალიან ცოტა დააკლდა და გარკვეულწილად უიღბლობამაც ითამაშა თავისი როლი, ამიტომაც ძირეული ცვლილებების აუცილებლობაზე არავინ საუბრობდა. გუშინ კი რაღაც ისეთი მოხდა, რაც ბაიერნს დაემართა 2009-ში და რის შემდეგაც გუნდში ძირეული ცვლილებების აუცილებლობაზე დაფიქრდნენ. დიახ, ის მარცხი რომ არა, ბავარიელები დღეს შეიძლება არც კი ყოფილიყვნენ ასეთი ძლევამოსილები. ამას ქვია სწორი დასკვნების გაკეთება მარცხის საშენოდ გამოყენება. 

ზომების მიღება წელსვეა საჭირო, ჩვენ ვერ დაველოდებით ლაპორტას მეორედ მოსვლას (ყველანაირი გაგებით). რიგითი გულშემატკივრით დაწყებული, სანდრო როსელით დამთავრებული ყველამ იცოდა სად უჭირდა გუნდს და რა სჭირდებოდა წინა ზაფხულს, მაგრამ გაუგებარი და ილოზორული იმედის ამარა დარჩენა ამჯობინეს. ისტორიულ უპასუხისმგებლობას, ისტორიული შედეგიც მოჰყვა და "სკამის" გარეშე დარჩენილი გუნდი სეზონის ბოლოს "გადაიწვა."

დიახ, ახლა მომავალზე ფიქრის დროა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სწორედ ასეთი მარცხი სჯობდა ისევ მსაჯების შეცდომების და უიღბლობის შედეგად დამარცხებას, იმედია ეს მარცხი მაინც შთააგონებს ხელმძღვანელობას ცვლილებების აუცილებლობას. ამის იმედს თუნდაც ზემოთხსენებული ბაიერნის მაგალითი გვაძლევს.

გულშემატკივარი კი მინდა ჩერჩილის სიტყვებით გავამხნევო: "წარმატება სხვა არაფერია, თუ არა მუდმივი მარცხი ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე."

ამ ფრაზის არსს განსაკუთრებით კარგად ჩაწვდებიან ის ადამიანები, რომლებიც ბლაუგრანას იმ დროიდან გულშემატკივრობენ, როდესაც მარცხი მართლაც მუდმივობად ჩანდა, როდესაც გვარდიოლა მოედნის შუაში კაპიტნის სამკლაურით იდგა და 20 წელი ფინალს ელოდა. ჩვენ დავბრუნდებით!..

 

თორნიკე რაზმაძე

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.