“არსიყვარულის” მიზეზები

“არსიყვარულის” მიზეზები

ლიონელ მესი თავისი გოლებით, პასებითა და რეიდებით “გვაიძულებს” შევადაროთ სხვებს. ჩვენ შევეცდებით გავერკვეთ იმ მიზეზებში, რატომაც არ მოსწონს ზოგიერთს მისი თამაში.

ლიონელ მესი შესაძლოა მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე დიდი ტალანტი იყოს. მივყვეთ რიგის მიხედვით. პელეს ქალები მეტისმეტად უყვარდა და ეს გამორიცხავს მის გულწრფელობასა და გულმართალობას. პლიუს ამას ფეხბურთის მეფედ აღიარებულ ბრაზილიელს საფეხბურთო კომპლექსები ჰქონდა 17 წლიდან. მარადონა? მასზე რა უნდა გითხრათ, ნახეთ მისი სამედიცინო ანკეტა და ყველაფერი ნათელი გახდება. ბეკენბაუერს ფული ყველაზე მეტად უყვარდა. ნამდვილი უხეში და ფიცხი გერმანელი. ზიდანი დროდადრო ამჟღავნებდა თავის აფრიკულ ზნე-ჩვეულებებს. კაიზერ ფრანცი დიდ ხანს იკამათებდა თუ ვინ იყო გარინჩაზე, ბრაზილიელ რონალდოზე და ჯორჯ ბესტზე ჭკვიანი ფეხბურთელი.

ასე რომ, მესი ერთ-ერთია მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის, რომელსაც შეგვიძლია მშვიდი, გაწონასწორებული და პატიოსანი ადამიანი ვუწოდოთ. მაშინ, როცა კრიშტიანუ რონალდუ მასწავლებლებს სკამებს ესროდა, მესი ჩუმად იყო და უსმენდა მშობლებს, ყლაპავდა ჰორმონების მოსამატებელ წამლებს, რათა სიმაღლეში გაზრდილიყო. შემდეგ კი, როცა რონალდუ ქალების კოლექციას აგროვებდა, მესის მწვრთნელისთვის იმის თქმაც კი ესირცხვილებოდა, რომ ძილში მას უფროსი ძმის შვილი უშლიდა ხელს. ლეო ხომ “ბარსელონაში” უფროსი ძმისა და მისი ოჯახის მეთვალყურეობით იზრდებოდა. მითხარით ისეთი ფეხბურთელი, ვისაც საბანკო ანგარიშზე მილიონები ექნებოდა და მაინც ძმასთან იცხოვრებდა. ასეთი მხოლოდ ლეოა, მეოჯახე ადამიანი.

შესაძლოა, ის სწორედ “იდეალურობის” გამო არ მოსწონთ. ალბათ მიეჩვივნენ, რომ საფეხბურთო სამყაროს გმირი არ უნდა იყოს წყნარი და მუდმივად უნდა ჩნდებოდეს “ყვითელი პრესის” ფურცლებზე. თუკი კარგი ფილმისთვის პისტოლეტი და ლამაზი გოგონაა საჭირო, მაშინ კარგი ფეხბურთელობისვის ძალიან მნიშვნელოვანია მოედანს გარეთ ცუდი მოქცევა და მოედანზე კარგი ფეხბურთის თამაში. სწორედ ამიტომ, ჯორჯ ბესტი გულშემატკივრის გულებთან უფრო ახლოს იქნება, ვიდრე ბობი ჩარლტონი. “ვისი ცხოვრებაც ტრაგედიით დასრულდა – სწორედ ისაა ნამდვილი პოეტი”… ოდესღაც საჭირო იყო სმა და ჩხუბი, ახლა კი საკმარისია მუდამ ღიმილი და პირველივე შემხვედრთან ღამის გატარება. კრიშტიანუ რონალდუ საუკეთესო “ეტალონია” – მას თავისი სტილი აქვს, კარგად გამოიყურება და ვერ იტანს, როცა ვინმე მის ვარცხნილობას ეხება. მაგალითად მცველები რომ თმაზე შეეხონ, ის მაშინვე ცხვირში მუშტით უპასუხებს. წითელი ბარათი, ნახვამდის კრიშტიანუ. თუკი სერიოზულად ვიტყით, მესი თავისი უბრალო ქცევების გამო არ მოსწონთ. პორტუგალიელი უფრო ეფექტურია, დამეთანხმებით.

პური და სანახაობა – აი რა სურს მასას ცხოვრებაში. ამიტომ გამოყოფენ მას, ვისი ყურებაც უფრო სასიამოვნოა. და მესი? აქვს მას საკუთარი ფინტი ან თავისებური დარტყმა? ის უბრალოდ იღებს ბურთს და შესაშური დრიბლინგით მიიწევს წინ. არაფერი ახალი, არაფერი ეფექტური. სიმაღლე? მარადონაც ხომ ასეთი იყო. ბევრი ამბობს: მეც შემიძლია ასე, მომეცით ლეოს ხელფასი – უფრო სწრაფად ვირბენ. მხოლოდ ისინი, ვინც აკვირდებოდნენ სხვა ფეხბურთელებს, ან კიდევ უკეთესი – თავად თამაშობდნენ ფეხბურთს, შეუძლიათ დაბეჯითებით თქვან, რომ მესი საფეხბურთო სამყაროს მოვლენაა. ისინი კრუიფის დონეზე ფიქრობენ, ეს კლასის მაჩვენებელია. მომავალში ლიონელზე შვილებს მოუყვებიან. თუ მესი ასე გააგრძელებს, ის აუცილებლად გახდება მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. მაგალითი იქნება ყველა თავისი პოზიციის დამწყები ფეხბურთელისთვის, ასევე მისგან უნდა ისწავლონ ადამიანობა ახალგაზრდებმა. ის არ დანებებულა, როდესაც შეწყვიტა ზრდა, ბოლომდე აგრძელებდა ბრძოლას თავის მიზნამდე მისასვლელად. “ოქროს ბურთსაც” კი მორიდებულად ეხუტებოდა. რასაც პატიობდნენ პელეს, მაშინ, როცა არ იყო პირდაპირი ტრანსლაციები და ჩემპიონთა ლიგა, არ აპატიებენ ლიონელ მესის. ის ამას არც საჭიროებს, რადგან საკლუბო დონეზე უკვე აქვს იმაზე მეტი ტიტული, ვიდრე დიეგო მარადონას. შეგახსენებთ, ის მხოლოდ 22 წლისაა !

ბევრს ეჩვენება, რომ მესის შეუძლია “მოკლას” მხოლოდ მაშინ, როდესაც მის წინააღმდეგ თამაშობს “არსენალის” არაძირითადი შემადგენლობა, ან როდესაც მთლიან “ბარსელონას” მისდის თამაში. მაგალითად, როგორც ჩემპიონთა ლიგის ფინალში “მანჩესტერის” წინააღმდეგ. მნიშვნელოვან და რთულ მატჩებში კი, მაგალითად “სტემფორდ ბრიჯზე” გასულ წელს, ჩრდილში რჩება. ახლა კი “ინტერი” და მოურინიო – ყველაზე რთული მეტოქეები რაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო. კიდევ ერთხელ შევამოწმოთ ლიონელ მესი და მისი ლიდერის თვისებები. ჩვენ კიდევ მრავალი წელი გავაგრძელებთ მის დაკვირვებას. გახსოვთ რამდენს ლაპარაკობდნენ თავის დროზე რონალდინიოზე? სად არის ის ახლა? ახლა კი ერთ პატარა ნიუანსს გაგიმხელთ. ზევით წესით მესის კრიტიკა უნდა გამომსვლოდა, მაგრამ დავწერე, გადავიკითხე – არ გამოდის კრიტიკა. ასეთი ბუმბულივით თეთრია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. აი გაიფუჭებს რეპუტაციას და მაშინვე ყველას მოეწონება.ჯერ კი უბრალოდ თამაშობს ფეხბურთს. შესახედავად უბრალოა, მაგრამ ეფექტურია საკუთარი გუნდისთვისა და საკუთარი თავისთვის. ის ყოველ წელს აუმჯობესებს თამაშს, რაზეც მის მიერ გატანილი გოლების რაოდენობაც მოწმობს. თუ ის თავისი ქვეყნის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ასახელებს აფრიკაში, მაშინ ის შეუფასებელი გახდება. მაგრამ იქ ხელს ძალიან შეუშლის დონ დიეგო. ზაფხულში შევაფასოთ, ვინაა მათ შორის გენიალური…

წყარო: Soccer.ru

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი