“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო კატალონილეთა ახალგაზრდული გუნდის პარაგვაელი შემტევის, ტონი სანაბრიას შენარჩუნებას გეგმავს და მიზნის მისაღწევად ის 17 წლის ფეხბურთელის ოჯახს შეხვდა.
ტონი სანაბრიას “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს. მისი გამოსასყიდი თანხა 3 მილიონი ევროა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა სამხრეთ ამერიკელი შემტევის შეძენით ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე არაერთი გუნდია დაინტერესებული და ისიც კატალონიელებთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ ჩქარობს.
როგორც ირკვევა, ტატა მარტინო სანაბრიას ტალანტის დიდი თაყვანისმცემელი ყოფილა. ესპანური პრესის ცნობით, არგენტინელი სპეციალისტი ფეხბურთელის ოჯახს პირადად ესტუმრა, რათა მისი მშობლები კლუბში დარჩენაში დაერწმუნებინა. მარტინო მიიჩნევს, რომ სანაბრია გუნდს მომავალში ძალიან გამოადგება.
ტონი სანაბრია “ბარსელონას” აკადემიას 2009 წელს შეუერთდა. “ბარსა ბ”-ში მისი დებიუტი 2013 წელს შედგა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა, კატალონიელთა მე-2 გუნდის მაისურით, მიმდინარე სეზონში, 5 მატჩი ჩაატარა.