დღეს, 12 ოქტომბერს, ზუსტად 63 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც “ბარსას” ლეგენდას, ლადისლაო კუბალას, კატალონიური კლუბის მაისურით, დებიუტი ჰქონდა. უნგრელმა თავდამსხმელმა, “ლეს კორტესის” სტადიონზე, “ოსასუნას” წინააღმდეგ ითამაშა. ამხანაგური მატჩი “ბარსამ” 4:0 მოიგო.
ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ლადისლაო კუბალა 1927 წლის 10 ივნისს, ბუდაპეშტში დაიბადა. 1948 წელს, მან სამშობლო დატოვა და იტალიაში, რომში დასახლდა. მან კონტრაქტი იტალიურ “პრო პარტიასთან” გააფორმა, მაგრამ 1948-49 წლების სეზონში, მხოლოდ რამდენიმე არაოფიციალურ მატჩში ითამაშა. ამის მიზეზი “ფიფას” სანქცია იყო, რომელიც, უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციის მოთხოვნით, კუბალას, იტალიური გუნდის მაისურით, ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობის მიღებას უკრძალავდა.
როდესაც კუბალა ესპანეთში ჩავიდა, მისით კატალონიელთა ტექნიკური დირექტორი, ხოსეპ სამიტიერი აღფრთოვანდა. უნგრელს ჰქონდა ყველაფერი: ექსტრაორდინალური ფიზიკური ძალა, თანდაყოლილი ტექნიკა, მოედნის შესანიშნავი ხედვა და გოლის გატანის ბრწყინვალე უნარი. 1950 წლის 15 ივლისს, სამიტიერმა საწადელს მიაღწია და კუბალამ “ბარსელონასთან” კონტრაქტი გააფორმა. ლასზლო კუბალამ, “ბარსელონაში” გატარებულ 11 წელიწადში, 345 თამაში ჩაატარა და 280 გოლი გაიტანა.