მიჩელ სალგადო ლამინ იამალს ლეო მესის ადარებს: ერთი-სამზე თამაშის უნარი მას მესის კატეგორიაში აქცევს

მიჩელ სალგადო ლამინ იამალს ლეო მესის ადარებს: ერთი-სამზე თამაშის უნარი მას მესის კატეგორიაში აქცევს

“რეალ მადრიდისა” და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა, მიჩელ სალგადომ განაცხადა, რომ ლამინ იამალი ფლობს იშვიათ ტექნიკურ თვისებებს, რაც ლეო მესისთან ლეგიტიმური პარალელების გავლების საშუალებას იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ თინეიჯერი კარიერის საწყის ეტაპზეა, სალგადოს მიაჩნია, რომ “ბარსელონას” ვარსკვლავმა უკვე აჩვენა ის უშიშრობა, რაც ოდესღაც არგენტინელ ლეგენდას ახასიათებდა.

პარალელები ლეგენდასთან

Mundo Deportivo-ს მიერ გამოქვეყნებული ინტერვიუს თანახმად, სალგადომ ესპანეთის ახალი მარგალიტის განვითარებით აღფრთოვანება ვერ დამალა. ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე H ჯგუფში კაბო-ვერდესთან, საუდის არაბეთსა და ურუგვაისთან ერთად მოხვდა და ტურნირს 15 ივნისს, კაბო-ვერდეს წინააღმდეგ მატჩით გახსნის. მართალია, ყოფილი მცველი აღიარებს, რომ მესი სრულიად სხვა განზომილებაა, თუმცა დასძენს, რომ “ლა მასიას” ორ აღზრდილს შორის მსგავსების უგულებელყოფა უკვე შეუძლებელი ხდება.

მოუთმენლად ველით, თუ როგორი ლამინი გვეყოლება ამ მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს წარმოუდგენელი იქნება. მესი სხვა გალაქტიკიდანაა, მაგრამ სიმართლეა, რომ მათ შორის პარალელები არსებობს. ლამინი ერთ-ერთია იმ მოთამაშეთაგანი, რომლის ყურებაც ხალხს სიამოვნებს. ბევრი არ არის ისეთი, ვისაც ერთი-ერთზე თამაშის ასეთი ხასიათი აქვს. და მე მხოლოდ ერთი-ერთზე არ ვიტყოდი, არამედ ერთი-ორზე ან ერთი-სამზე. ეს არის ის, რაც მესის ნამდვილად ჰქონდა.

“ლა მასიას” ფაქტორი

სალგადომ, რომელმაც “სანტიაგო ბერნაბეუზე” ათწლეული გაატარა, ხაზი გაუსვა ორივე ფეხბურთელის “ბარსელონას” სახელოვან აკადემიაში აღზრდის ფაქტორს, რაც მათი სწრაფი პროგრესის მთავარი გასაღებია. მისი თქმით, მაშინ, როცა მესი არგენტინიდან ბავშვობის ასაკში ჩამოვიდა, იამალი კლუბის კულტურაში კიდევ უფრო დიდხანს იზრდებოდა, რამაც მას 18 წლის ასაკში ელიტური ფეხბურთის წნეხთან გამკლავების უნარი მისცა.

ეს სიმწიფე უკვე აისახა ტიტულებშიც: იამალმა მოიგო სამი ლა ლიგის ტიტული, ევრო 2024 ესპანეთის ნაკრებთან ერთად და 2025 წლის ოქროს ბურთის ნომინანტებში მეორე ადგილი დაიკავა.

მესი “ლა მასიაში” 12 წლის ასაკში მივიდა, ლამინი კი – კიდევ უფრო ადრე. ისინი “ბარსელონას” საფეხბურთო გარემოში გაიზარდნენ, რაც განსაკუთრებულია. 17 წლის ასაკში ის, რასაც ლამინმა მიაღწია, სიგიჟეა. მართალია, მას ჩემპიონთა ლიგა აკლია, მაგრამ მოსაგებად ჯერ კიდევ დიდი დრო აქვს. მან უკვე შეძლო ევროპის ჩემპიონატის მოგება და ამ ტურნირზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო, რაც მარტივი სულაც არაა.

ადგილი ისტორიაში

სალგადო მესისთან შედარებას ჰაერზე არ აკეთებს, რადგან ოქროს ბურთის რვაგზის გამარჯვებულის აღზევება მან საკუთარი თვალით, უშუალოდ მოედნიდან იხილა. მან გაიხსენა ის მომენტი, როდესაც “რეალ მადრიდის” ფეხბურთელები მიხვდნენ, რომ თაობის უდიდეს ტალანტს უპირისპირდებოდნენ. ეს იყო ისტორიული “კლასიკო”, სადაც თინეიჯერმა მესიმ მსოფლიოს თავი ჰეთ თრიქით გააცნო.

მე გამიმართლა, რომ მისი თამაში პირველივე წუთებიდან ვიხილე. “რეალ მადრიდის” გასახდელში მის შესახებ მაშინვე ვისაუბრეთ, როგორც კი ჩვენ წინააღმდეგ გამართულ პირველ “კლასიკოში” დავინახეთ, სადაც მან ჰეთ თრიქი შეასრულა. მაშინ მივხვდით, რომ ის განსხვავებული მოთამაშე იყო, უდიდესი ლეგენდების დონეზე. მაგრამ, როდესაც ვსაუბრობ უდიდესებზე, ვგულისხმობ მარადონას, პელეს… იმ ადამიანებს, რომლებმაც ეპოქა შექმნეს და სხვებზე მაღლა დგანან.

მიჩელ სალგადოს ავიწყდება, რომ “ელ კლასიკო”, რომელშიც მესიმ ჰეთ თრიქი შეასრულა, არგენტინელისთვის პირველი არ ყოფილა. ერთი წლით ადრე მან “სანტიაგო ბერნაბეუზე” 3-0 მოგებულ შეხვედრაში 69 წუთი ითამაშა და იმ მატჩში მოედანზე სალგადოც ვიხილეთ. მალევე მესის “ბარსამ” “ელ კლასიკოში” 0-2 წააგო და მესიმ სრულად ითამაშა, თუმცა იმ მატჩში სალგადო მოედანზე არ ყოფილა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი