ყველაზე “ბარსელონური” მუნდიალი ისტორიაში

ყველაზე “ბარსელონური” მუნდიალი ისტორიაში

ეს არის მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე დიდი ტურნირი და, ამავდროულად, შესაძლოა ყველაზე “ბარსელონურიც”. “ბარსელონას” კავშირები ამ ზაფხულს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში გასამართ მუნდიალთან იმას ნიშნავს, რომ კულეებს, საკუთარი ნაკრებების გარდა, თითქმის ყველა მატჩის მიდევნების მიზეზი ექნებათ, რადგან ტურნირზე “ბლაუგრანას” კვალი ყველგან იგრძნობა.

16 მოქმედი ფეხბურთელი და ნაცნობი სახეები

ყველაზე აშკარა კავშირი მიმდინარე შემადგენლობის ძლიერი წარმომადგენლობაა: “ბარსელონას” არანაკლებ 16 ფეხბურთელი, 8 სხვადასხვა ეროვნულ ნაკრებში, იცავს თავისი ქვეყნის ღირსებას. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, რადგან ჩემპიონატზე “ბარსელონას” უამრავი ყოფილი ფეხბურთელიც ასპარეზობს.

მესი, ნეიმარი და სხვები

მთავარი სახელი, რა თქმა უნდა, ლეო მესია, რომელიც არგენტინის ნაკრებთან ერთად 2022 წელს მოპოვებული ტიტულის დაცვას შეეცდება. საფრანგეთის ნაკრების ლიდერებს შორის არის “ოქროს ბურთის” მოქმედი მფლობელი უსმან დემბელე, რომელსაც გვერდს უმშვენებენ კიდევ ერთი ყოფილი კულე ლუკა დინი და მარკუს ტიურამი (ლილიან ტიურამის შვილი, რომელიც თავის დროზე “ბარსელონას” აკადემიაში ირიცხებოდა).

ძლიერი “ბარსელონური” კავშირი აქვს პორტუგალიის ნაკრებს, რომლის შემადგენლობაშიც ჟოაუ ფელიში, ფრანსიშკუ ტრინკაუ და ნელსონ სემედუ ირიცხებიან. პორტუგალიელთა ერთ-ერთი მეტოქე K ჯგუფში კოლუმბიაა, სადაც ყოფილი ბარსელონელი მცველი იერი მინა თამაშობს. კოტ-დ’ივუარის ნაკრების საკვანძო ფიგურა ფრანკ კესიეა, ხოლო სერჟინიო დესტი მასპინძელი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების ძირითადი მარჯვენა მცველი იქნება.

ამ მუნდიალის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ნეიმარის ბრაზილიის ნაკრებში დაბრუნებაა. მართალია, ის ტრავმის გამო სასტარტო მატჩს გამოტოვებს, მაგრამ მაინც ტურნირის ერთ-ერთ სიმბოლოდ რჩება. ნიდერლანდების ნაკრებში კი რონალდ კუმანის ერთ-ერთი მთავარი იმედი მემფის დეპაია, რომელიც საკლუბო ფეხბურთს ახლა სწორედ ბრაზილიაში თამაშობს.

ბლაუგრანელი მწვრთნელები და ტრავმები

1992 წლის უემბლის ფინალის გმირი, რონალდ კუმანი, ერთ-ერთია იმ სამი მწვრთნელიდან, ვისაც “ბარსელონასთან” კავშირი აქვს. დანარჩენი ორი ნაკლებად ტრადიციულ საფეხბურთო ქვეყნებს უდგანან სათავეში: ხულენ ლოპეტეგი კატარის ნაკრებშია, ხოლო ტომას კრისტიანსენი – პანამაში.

ნეიმარის მსგავსად, ტრავმის გამო პირველ შეხვედრას გამოტოვებს მაროკოელი ეზ აბდე. ჩრდილოაფრიკელთა რიგებში მნიშვნელოვან როლს უწინასწარმეტყველებენ ცენტრალურ მცველ შადი რიადსაც, რომელიც “ბარსას” აკადემიის აღზრდილია.

“ლა მასიადან” მსოფლიო ჩემპიონატზე

შადი რიადი მხოლოდ ერთ-ერთია იმ დიდი ჯგუფიდან, ვინც “ლა მასია” გაიარა. ესპანეთის ნაკრების ორივე მარცხენა მცველი – მარკ კუკურელია და ალეხანდრო გრიმალდო, ახალგაზრდა ვინგერ ვიქტორ მუნიოსთან ერთად, “ბარსელონას” აკადემიის პროდუქტები არიან.

აკადემიის აღზრდილები არიან ასევე ურუგვაელი მცველი სანტი ბუენო და იაპონელი გარემარბი ტაკე კუბო. მათ სიას ემატებიან პარაგვაის მთავარი თავდამსხმელი ანტონიო სანაბრია და სამხრეთ კორეის ნახევარმცველი სუნგ-ჰო პაიკი, რომელიც თავის დროზე “ბარსას” ახალგაზრდული გუნდების ერთ-ერთ უნიჭიერეს მოთამაშედ ითვლებოდა.

მოკლედ რომ ვთქვათ, სადაც არ უნდა გაიხედოთ, ამ მსოფლიო ჩემპიონატზე “ბარსელონას” კვალს ყველგან იპოვით.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 150, 250 ან 350 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი