workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უდო ლატეკი ანუ მწვრთნელი, რომელმაც ერთზე მეტი სეზონი გაძლო

უდო ლატეკი ანუ მწვრთნელი, რომელმაც ერთზე მეტი სეზონი გაძლო

1981 წლის ზაფხულში, შვილის ტრაგიკული სიკვდილიდან რამდენიმე თვის შემდეგ, უდო “ბარსას” მთავარ მწვრთნელად ინიშნება. გერმანელი სპეციალისტი იხსენებს, რომ სწორედ ამ ნაბიჯს უნდა ეხსნა იგი დეპრესიისგან: “მაშინ ერთადერთ რამეზე, ფეხბურთზე მსურდა ფიქრი”.

საცხოვრებლის მეცამეტედ შეცვლის შემდეგ, მეუღლემ აიძულა კიოლნში დასახლებულიყვნენ. “რევისტა ბარსას” რეპორტიორებსაც, სწორედ გოთიკური ტაძრის მდუმარების ქვეშ შეხვდა.

როდესაც ლატეკმა “ბარსელონა” ჩაიბარა, პრეზიდენტ ნუნიესის მმართველობის ხანაში, მწვრთნელის მეხუთედ შეცვლის ფაქტი დაფიქსირდა. არადა, იმ მომენტისთვის დონ ხოსეპს სულ რაღაც სამწლიანი სტაჟი ჰქონდა ბლაუგრანას მმართვისა. გუნდის დამრიგებლის პოსტზე აბსოლუტური ტურბულენტობის პერიოდში, ლატეკი პირველი სპეციალისტი შეიქნა, რომელსაც სეზონის თავიდან ბოლომდე ჩამთავრების საშუალება მისცეს.

“შემტევი ფეხბურთის თამაში მიყვარდა, მაგრამ მთავარი გამარჯვების მოპოვება იყო. ჯერ შედეგისთვის უნდა მიგეღწია, ხოლო შემდეგ თამაშის ხარისხზე გეზრუნა. “ბარსაში” დაუწერელი კანონი არსებობს, წააგე ორი-სამი მატჩი და შეგიძლია ქუდი დაიხური და წახვიდე”.

ლატეკი იმ მცირეთაგანი იყო, რომელმაც შუსტერი აათამაშა. ფიზიკურად ჩინებული კოლექტივი შეიკრა, რომელიც სიმონსის წინამძღოლობით, ლაღად და შემართებით თამაშობდა.

სანახაობრივი და ეფექტური ფეხბურთის წყალობით, ბლაუგრანა პრიმერას ლიდერობდა, მაგრამ კრიზისულმა სიტუაციამ თავისი როლი ითამაშა. “ფეხბურთელი რთული რაღაცაა, ყველას საკუთარი ინდივიდუალურობა ახასიათებს. როგორც ყოველთვის, სადღაც ერთი პატარა ჭანჭიკი აკლია, ზოგჯერ ორი, ზოგჯერაც მთელი დასტა. ფსიქოლოგია ყველაზე რთული რამაა და ამავდროულად სამწვრთნელო საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი”.

ლატეკი ხუნტის ნდობას კარგავდა, პრესის სიმპატიაც სადღაც გაქრა და ფეხბურთელებზე კონტროლიც ხელიდან გაუშვა. ისედაც მძიმე სიტუაცია, შუსტერის ტრავმამ კიდევ უფრო დაამძიმა. ამ ყველაფრის ოდიოზურ ფინალად კი, ფაქტიურად ჯიბეში ჩადებული ოქროს მედლების ხელიდან გაშვება იქცა. ზემოხსენებულ ფეხის დაცდენაზე დღეს არაერთი წიგნის დაწერა შეიძლება. მართალია, მას შემდეგ 30 წელი გავიდა, მაგრამ ლატეკი მაინც შეეცადა ახსნა მოეძებნა ყოველივესთვის: “ხუთქულიანი ჰანდიკაპი გვქონდა და ყველამ ჩემპიონობის აღნიშვნა დაიწყო, რომელიც ჯერ არ გვქონდა მოგებული. ლა ლიგა რომ ვერ მოვიგეთ, ამაში ბრალი ხუნტას მიუძღვის, რომელიც მთანგავდა”.

“ბარსელონაში” გერმანელის მოღვაწეობის არსს საკუთარი სახელი და გვარი აქვს: დიეგო მარადონა, რომელიც “ბარსელონამ” გერმანელის წყალობით შეიძინა. წლების შემდეგ, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ლატეკს სირთულეები არ აშინებდა. და სანამ ის პრობლემებს უმკლავდებოდა, ბლაუგრანამ მეორე თასების თასი მოიგო. ეს ლიეჟის “სტანდარტთან” დაძაბულ მატჩში, “ნოუ კამპზე” მოხდა. “მძიმე ორთაბრძოლა იყო, მაგრამ ჩვენ ჭადრაკს არ ვთამაშობდით, ეს ფეხბურთი იყო. მწვრთნელი ყოველთვის ძლიერი უნდა იყოს, ფეხბურთელმა მასში სისუსტე არ უნდა დაინახოს. შეგირდმა აკანკალებული თუ დაგინახა, შენი საქმე წასულია”, – ბრძანა ლატეკმა.

უდო ლატეკი ინჩასებს მხოლოდ იმ დაფით არ დამახსოვრებიათ, რომელზეც მატჩის მსვლელობისას სხვადასხვა მონახაზებს აკეთებდა. მას ფიზიკურად ჩინებულად მომზადებული გუნდი ჰყავდა. “ფიზმომზადების გარეშე არაფერი გამოვა. ძალა როგორც კი გამოგელევა, მაშინვე თვალები გეხუჭება და ტვინი გეთიშება. ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულია!”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward