დღეს, ”ბარსელონას” ყოფილმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ ”ბაიერნის” მწვრთნელის პოსტზე პირველი პრეს-კონფერენცია გამართა.
გუარდიოლას გარდა ჟურნალისტების კითხვებს პასუხს სცემდნენ ”ბაიერნის” სპორტული დირექტორი, მატიას ზამერი, დირექტორი კარლ-ჰაინც რუმინეგე და კლუბის პრეზიდენტი, ული ჰიონესი.
”დილა მშვიდობისა, ქალბატონებო და ბატონებო. დღეს აქ ყოფნა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, უზომოდ ბედნიერი ვარ.” – ასე დაიწყო გუარდიოლამ საკუთარი პრეს-კონფერენცია და რაც მთავარია, მან ეს ყველაფერი გერმანულ ენაზე წარმოთქვა, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჟურნალისტებზე. რა თქმა უნდა პეპის პირველმა კონფერენციამ არ ჩაიარა ”ბარსელონას” გარეშე…
”ბარსაში” გატარებული დრო უბრალოდ ფანტასტიური იყო, თუმცა მე ახალი გამოწვევების მოყვარული ვარ. მზად ვარ ამ ურთულეს სამუშაოს შევუდგე. მე დიდებულ კლუბში მოვედი, სადაც მუდამ ტიტულებს ითხოვენ და შესაბამისად, ფსიქოლოგიური წნეხიც ძალიან დიდია, თუმცა მე ვიცი თუ რაზე მივდივარ. ზუსტად ამიტომ ვარ მე მწვრთნელი” – განაგრძო გუარდიოლამ. ესპანელმა სპეციალისტმა 24 ივლისს ”ბაიერნსა” და ”ბარსას” შორის გასამართ ამხანაგურ მატჩზეც ისაუბრა: ”არ ვიცი თუ რა გრძნობა დამეუფლება, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს მატჩი ჩემთვის განსაკუთრებული იქნება, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ: ახლა, მე აქ ვარ, ხოლო ”ბარსა” – წარსულში. ცოტა არ იყოს ვნერვიულობ.”
”ბაიერნსა” და ”ბარსელონას” შორის გამართული ჩემპიონთა ლიგის შეხვედრების შემდეგ ბევრ სპეციალისტს აინტერესებდა, თუ რას ფიქრობდა ამ ყველაფერზე გუარდიოლა. მაშინ პეპი თავს იკავებდა კომენტარისგან, თუმცა პრეს-კონფერენციაზე მან არ დამალა თუ რას ფიქრობდა: ”არამგონია, რომ გუნდების ძალებს შორის სხვაობა 7:0-ს შეესაბამება, თუმცა ”ბაიერნის” უპირატესობა აშკარა იყო. ამაში ლომის წვლილი იუპ ჰაინკესსაც მიუძღოდა. თამაშის სტილი? მე შემტევი ფეხბურთის ფილოსოფიას მივსდევ, ასე რომ არ არის რთული გამოსაცნობი თუ როგორ ვითამაშებთ შემდეგ სეზონში.” – განაცხადა პეპმა.
გუარდიოლას ოფიციალური დებიუტი ”ბაიერნთან” ერთად 27 ივლისს შედგება, სადაც პრინციპულ მეტოქეს, დორტმუნდის ”ბორუსიას” გერმანიის სუპერთასის ეგიდით დაუპირისპირდება.
”ბაიერნმა” გუარდიოლა წარადგინა
გახდი ვოლტის კურიერი!
დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.