ფეხბურთის ისტორიის ბოლო 15 წლის დიდი ნაგლეჯი, ადგა და წავიდა. წავიდა და იმდენი დატოვა, დათვლა გაგიჭირდება. კარგიც და ცუდიც, სამაგალითოც და უმაგალითოც.
თბილისში რომ ცივად ბნელოდა, მაშინ შევარდა მოედანზე თვალებდაელმებული და კბილებგადმოყრილი. ბავშვი იყო, მონსტრის პოტენციალით. და როდესაც ჰოლანდიაში იმის თვლა და გარკვევა დაიწყეს, როგორ მოახერხა ვიღაც ლუის ნაზარიო დე ლიმამ 57 მატჩში 54 ერთმანეთზე უკეთესი გოლის გატანა, მას კატალონიიდან დაავლეს დიდი კლანჭი და “კამპ ნოუზე” შეაგდეს.
როგორც სიბნელიდან გამოქცეული აგზნებული ხარი წითელს, ისე დასდევდა რონალდო ბურთს ესპანეთში და ზუსტად ასევე დასდევდნენ რონალდოს მცველები, ნახევარმცველები, ფორვარდები, მასაჟისტები, დირექტორები, მთელი გუნდები და თაობები. სულ ტყუილად. სტატისტიკაც ადასტურებს მისი დევნის ამაოებას: 49 მატჩში 47 გოლი. თან რა გოლები, რა თამაშები, რა ემოციები. პატარა ბრაზილიელი ბიჭი კატალონიის კერპი გახდა და.. მერე “ინტერში” წავიდა. სრული სისულელე იყო მაგრამ ასე მოხდა. რატომ? ეს კაი ბნელი ამბავია და ამ ბნელ ამბავში ყველაზე ხშირად ნაიკი და რონალდოს აგენტები ტივტივებდნენ უზარმაზარი მაყუთის გარემოში. ბნელი იყო და ბოლომდე ბნელი იქნება მსოფლიოს 1998 წლის ჩმპიონატის პარიზული ფინალის დილაც. იმ დილამ ყველაფერი აურია. იმ თამაშის მერე რონალდო ერთი მაგარი კაცის – ზიზუს ჩრდილში წამოწვა და იქ დიდხანს იკოტრიალა.
მოდისა და პრანჭვის ქალაქში ჩასული ფენომენი ერთ ჩვეულებრივ მაღალი დონის ფორვარდად და თმაშეღებილი ქერა ქალების მუსუსად იქცა. ეს ბრაზილიური ქრონიკული სენია და მას ვერც რონალდო მოერია: მისი ცხოვრების კორიდაზე ბურთი ქალებმა შეცვალეს. პარალელურად კი კიდევ ერთი, რონალდოს მუხლის ეპოპეა დაეწყო. ის კლინიკაში წვებოდა რაღაც დროით, მერე გამოდიოდა და სხვადასხვა ტიტულებს ხვეტავდა. მარტო, სხვების დაუხმარებლად. ერთ-ერთ გამოსვლაზე კი მსოფლიო თასიც შემოეხვეტა. ფენომენი გასივებული მუხლებით, ბურთთან და ქალებთან მიმართებაში მუდამ ერეგირებული.
შემოეხვეტა და ჰოლივუდის მადრიდულ ფილიალშიც ამოჰყო თავი და იმ კაცთან ერთად, ვის დიდ ჩრდილშიც ისვენებდა. ის იყო ბოლო გუნდი, სადაც ჩვენ ნამდვილი რონალდო ვნახეთ – ცოტა შენელებული, ცოტა მოპუტკუნებული, მაგრამ ნამდვილი. ძალიან დიდი ფეხბურთელი, რომელმაც ფიზიკური სისწრაფის ეფექტი გენიალურად შეცვალა აზროვნების სისწრაფის ეფექტით. ამ ტრანსფორმაციის პერიოდში რონალდომ თითქოს მარადიული გერდ მიულერი ჩააჩოჩა — გერმანიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე, თავისი მეთხუთმეტე ბურთი შეაგდო. სწორედ განასთან გატანილი ისტორიული გოლი იყო რონალდოს კარიერის ბოლო წერტილი. ამის მერე ბრუნდება “მილანში”, იქიდან წავიდა “კორინთიანსში”, სადაც ისე გასუქდა, მოედანზე სიარულიც უჭირდა. სასტუმროში ქალები აიყვანა, თუმცა კაცები აღმოჩნდნენ, მერე ისევ მუხლი ასტკივდა და იქნებ კიდევ ჰქონდა იმედი, ერთხელაც დავბრუნდებიო. მაგრამ ბოლოს მიხვდა, რომ წავიდა მისი დრო.
წავიდა კაცი, რომელზეც კიდევ დიდხანს ილაპარაკებენ. დიდხანს არა, ალბათ ყოველთვის. ის ამას ნამდვილად იმსახურებს. რაც ნამდვილი იყო, საუკეთესო იყო…