პსჟ-სა და “ბარსელონას” 9 ფეხბურთელი აკავშირებს

პსჟ-სა და “ბარსელონას” 9 ფეხბურთელი აკავშირებს

ბოლო 13 წლის განმავლობაში, 9 ფეხბურთელმა მოახერხა როგორც “პარი სენ ჟერმენის”, ასევე “ბარსელონას” მაისურით თამაში. მათ შორის არიან როგორც მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები, ასევე ნაკლებად ცნობილი მოთამაშეები.

მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-ს საკმაოდ მოკლე ისტორია აქვს (ეს კლუბი 1970 წელს დაარსდა), მასსა და “ბარსელონას” ერთმანეთთან 9 ფეხბურთელი აკავშირებს. პირველი შემთხვევა, როდესაც “პარი სენ ჟერმენში” ნათამაშები ფეხბურთელი “ბარსელონაში” გადავიდა, 2000 წელს დაფიქსირდა. რიშარ დუტრუელი პარიზული კლუბის კარს 1991-96 წლებში იცავდა. ამის შემდეგ, 4 წლის განმავლობაში, ის “სელტაში” თამაშობდა, ხოლო 2000-2002 წლებში, ფრანგი კიპერი “ბარსელონაში” ირიცხებოდა. ის ერთ-ერთი იშვიათი ფეხბურთელია მათ შორის, რომლებმაც ჯერ “პარი სენ ჟერმენში” ითამაშეს და შემდეგ “ბარსელონაში”. როგორც წესი, პირიქით ხდება ხოლმე.

იმავე პერიოდში, “ბარსელონადან” პსჟ-ში სამმა ფეხბურთელმა მიაშურა. 2001 წელს, მიკელ არტეტა კატალონიელებმა პარიზში გაანათხოვრეს. ერთი წლით ადრე, ესპანეთიდან საფრანგეთის დედაქალაქში ფრედერიკ დეუ გადაბარგდა, ხოლო 2003 წელს, “ბარსელონას” შემდეგ, “პარი სენ ჟერმენს” ხუან პაბლო სორინმა მიაშურა.

კიდევ 4 ფეხბურთელი, რომლებმაც ჯერ “ბარსელონაში” ითამაშეს და შემდეგ პსჟ-ში ლუდოვიკ ჟიული, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ტიაგო მოტა და მაქსველი არიან. უკანასკნელი 3 მათგანი ახლაც პარიზულ კლუბში ირიცხება.

 

რონალდინიო

2003 წლის ზაფხულში, რონალდინიო “ბარსელონაში” სწორედ “პარი სენ ჟერმენიდან” გადავიდა. მან პარიზულ კლუბში 2 სეზონი დაჰყო. ბრაზილიელი, რომელიც კატალონიური კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება, “ბარსაში” 5 წლის განმავლობაში ბრწყინავდა. ფრანკ რაიკაარდის ხელმძღვანელობით, მან ორ-ორჯერ ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი