ამ სეზონში ჩვენ ვნახეთ ორ-ორი ელ კლასიკო სამ სხვადასხვა ტურნირზე და ახლა არის შანსი იმისა, რომ პრინციპული მეტოქეების გზები ჩემპიონთა ლიგაზე გადაიკვეთოს. მეოთხედფინალების კენჭისყრა პარასკევს გაიმართება, თბილისის დროით 15:00.
შეგახსენებთ, რომ უეფას ახალი წესი აქვს. ამიერიდან ორგანიზატორებს კენჭისყრის ჩატარება ნახევარფინალშიც მოუწევთ, რადგან წინასწარ არ იქნება ცნობილი თუ რომელი წყვილები დაჯგუფდებიან ერთად. ფეხბურთის კრიტიკოსები ამ ცვლილებას წესებში დადებითად აფასებენ. ამ მომენტში მეოთხედფინალის საგზური ექვსმა გუნდმა მოიპოვა, ესენი არიან: ”რეალ მადრიდი”, ”ბარსელონა”, ”გალათასარაი”, ”ბორუსია დორტმუნდი”, ”იუვენტუსი” და ”პსჟ”.
პირველად ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არის შანსი იმისა, რომ არცერთი ინგლისური კლუბი არ მიიღებს მონაწილეობას მეოთხედფინალურ ეტაპზე. ერთადერთი გუნდი, რომელიც ინგლისელების ღირსებას იცავს ეს არის ”არსენალი”, რომელიც პირველ შეხვედრაში, ლონდონში უშანსოდ დამარცხდა ”ბაიერნთან” ანგარიშით 1-3.
მეოთხედფინალის პირველი მატჩები 2 და 3 აპრილს გაიმართება, ხოლო განმეორებითები იგივე თვის 9 და 10 რიცხვებში.