“ბარსელონასა” და “ხეტაფეს” შორის გამართული შეხვედრის სანახავად “კამპ ნოუზე” თავი 85610-მა ადამიანმა მოიყარა, რაც ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, “ბარსელონასთვის”, მე-3 შედეგია. ამაზე მეტი მაყურებელი სტადიონზე მხოლოდ “რეალთან” და “ატლეტიკოსთან” მივიდა.
ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, “კამპ ნოუზე” ყველაზე მეტი, 96589 ადამიანი “ელ კლასიკოზე” საყურებლად მივიდა. მე-2 ადგილზეა მადრიდის “ატლეტიკო”, რომლის “ბარსელონასთან” წაგებას თვალი 86637-მა ადამიანმა მიადევნა.
მიუხედავად იმისა, რომ “ხეტაფესთან” მატჩი უჩვეულო დროს გაიმართა (ადგილობრივი დროით შუადღის 12 საათი), “ბარსელონას” საგულშემატკივროდ მაინც ბევრი ქომაგი მივიდა. სულ, “კამპ ნოუზე”, თავი 85610-მა ადამიანმა მოიყარა. აქედან 27528-მა გულშემატკივარმა ბილეთი შეიძინა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. დანარჩენი ადგილები სეზონური აბონემენტების მფლობელებმა შეავსეს.
ჩინური ახალი წელი
“ბარსელონასა” და “ხეტაფეს” შორის გამართული თამაში ჩინურ ახალ წელს დაემთხვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, გუნდების კაპიტნები მოედანზე პატარა ბავშვებთან ერთად გამოვიდნენ, რომელთა მაისურებზე გაკეთებული წარწერაც ჩინური ახალი წლის მილოცვა იყო. გარდა ამისა, “კამპ ნოუზე” დამონტაჟებულ მონიტორზე აჩვენეს Barca Toon-ის ახალი ეპიზოდი, რომელიც სწორედ ჩინურ ახალ წელს ეძღვნება და რომელსაც ჩიაო სა (ჩინურად “პატარა “ბარსა”) ჰქვია.