ჟორდი როურამ “ვალენსიას” პრესინგი და თამაშის მაღალი ტემპი საბოლოო ანგარიშის მთავარ გამომწვევ მიზეზად დაასახელა და ასევე აღიარა, რომ “ბარსელონას” მოთამაშეები ბოლო მატჩებში გადაღლილები არიან.
“ჩვენ ჩამოვედით 3 ქულის აღების სურვილით, თუმცა “ვალენსიასთან” თამაში ყოველთვის რთულია. ვფიქრობ, რომ საბოლოოდ ფრე სამართლიანი შედეგია” – განაცხადა როურამ მატჩის შემდეგ პრეს–კონფერენციაზე. მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ასევე დაამატა, რომ გუნდი ფიზიკური მომზადების კუთხით მადრიდის “რეალთან” გამართული მატჩის შემდეგ კარგად ვერ მოემზადა.
როურამ ჟურნალისტებს შეახსენა, რომ მეორე ტაიმში გუნდმა ორი თუ სამი კარგი მომენტი შექმნა, თუმცა მეტოქეც შეაქო: “ისინი ზემოთ თამაშობენ პრესინგს და არ გაცლიან თამაშს. მათი თამაშის ინტენსივობამ ჩვეული თამაშის საშუალება არ მოგვცა, მათ საჯარიმო ხაზთან მიახლოვება გვიჭირდა. ზუსტად ამიტომ ვერ შევქმენით ბევრი საგოლე მომენტი, ამასთანავე ფეხბურთელები დაღლილები იყვნენ“.
ვილანოვას თანაშემწემ ახსნა, თუ რატომ გამოვიდა მოედანზე უმეტესობა ის მოთამაშეები, რომლებიც “რეალთან” თამაშობდნენ: “ვიცოდით, თუ როგორი რთული შეხვედრა გველოდა, ამიტომ ოპტიმალური შემადგენლობა დავაყენეთ იმ მოთამაშეებით, რომლებიც რეგულარულად გამოდიან მოედანზე. ჩვენ მოსამზადებლად 4 დღე გვქონდა, ეს საკმარისია აღსადგენად. ამას გარდა წინ გრძელი კვირა გველოდება“.
ძირითად შემადგენლობაში იყო ვიქტორ ვალდესი, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა: “მისი მადლობელები უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენთვის საუკეთესო მეკარეა. დღეს მან აჩვენა, რომ ფანტასტიკურ დონეზე თამაშობს, მან “ვალენსიას” გამარჯვების გოლი წაართვა. სანამ გუნდშია ის გააგრძელებს დახმარებას” – განაცხადა მწვრთნელმა, რომელმაც მასკერანოს შეცვლა პირველ ტაიმში მიღებული ყვითელი ბარათით ახსნა.