მთავარი არბიტრის სასტვენამდე, რომელიც “ბარსელონასა” და “მალაგას” დაპირისპირების დაწყების მაუწყებელი იქნება, ლიონელ მესი მოედანზე საკუთარ, მეოთხე “ოქროს ბურთს” წარადგენს.
ეს შემთხვევა ფეხბურთის ისტორიაში გამონაკლისი იქნება. ლეო არის ფეხბურთელი, რომელსაც ეს ჯილდო მეოთხედ ხვდა წილად. მან ზურგს უკან ჩამოიტოვა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან, იოჰან კრუიფი, მარკო ვან ბასტენი, მიშელ პლატინი, რომლებმაც ხსენებული ჯილდოს მოგება სამ-სამჯერ მოახერხეს. “ბარსელონასა” და “მალაგას” დაპირისპირება ოთხშაბათს, თბილისის დროით 00:30 საათზე დაიწყება და დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მესი მოედანზე საკუთარი “ოქროს ბურთით” გამოვა. კლუბი ამ მატჩზე დასასწრებ ბილეთებს ხელსაყრელ ფასად გაყიდის. ყველაზე იაფის შეძენა 9 ევროდ იქნება შესაძლებელი. ცხადია, ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ ამ ისტორიული მომენტის ნახვის შესაძლებლობა ყველას ჰქონდეს.