ჟერარდ პიკეს შემდეგ გადაცემა “#CampNouLive” სტუმარი ჩავი ერნანდესი იყო, სადაც მას გულშემატკივრები სოციალური ქსელების საშუალებით კითხვებს უსვამდნენ. საუბრის პირველ ნაწილში მან განაცხადა, რომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს: “ჩვენ ახლოს ვართ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან. ვიმედოვნებ, რომ “ბარსაში” თამაშს გავაგრძელებ. კლუბი ჩემით კმაყოფილია, ასევე ყველაფრით კმაყოფილი ვარ მეც“.
ფეხბურთელი, რომელსაც “ბარსას” რიგებში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული პირდაპირ ამბობს, თუ რა სურს: კარიერის “ბარსაში” დასრულება. მან დაამატა: “ვიმედოვნებ, რომ “ბარსას” რიგებში კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვითამაშებ. ფიზიკური კუთხით თავს შესანიშნავად ვგრძნობ. შევძელი და ტკივილებისგან სრულად გავთავისუფლდი. ამასთანავე “ბარსაც” ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კლუბში თამაში გავაგრძელო. ამას ვაკეთებ მეც. კარიერის აქ დასრულება ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა“.
ჩავიმ “ბარსაში” ჩატარებულ 647 შეხვედრაში ბევრი რამ ნახა. მიუხედავად ამისა მას სურს სიამოვნება მიიღოს კლუბის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილისგან. “იყო რთული მომენტები, თუმცა ეს არც ის მნიშვნელოვანია. ახლა ამ კლუბში თამაში მსურს და მალე მსურს კონტრაქტის გახანგრძლივება“.



