workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჯაბულანი – უმართავი ტყავის სფერო

ჯაბულანი – უმართავი ტყავის სფერო

ჯაბულანი კომპანია “ადიდასმა” სპეციალურად სამხრეთ აფრიკაში გასამართი მუნდიალისთვის შექმნა. რაც შეეხება უშუალოდ ბურთის სახელწოდებას, ზულუსური წარმომავლობა აქვს, რომელიც სამხრეთ აფრიკის 11 ოფიციალური ენიდან ერთ-ერთია და მასზე ქვეყნის მოსახლეობის არც მეტი, არც ნაკლები, 25 % საუბრობს. ზულუს ენიდან სიტყვა-სიტყვით თუ გადმოვთარგმნით, “ჯაბულანი” “ზეიმსა” და “სიხარულს” ნიშნავს.

ახალი ბურთის სახელწოდების შერჩევისას, მსოფლიო ფეხბურთის მამებმა, ერთგავარად პატივისცემა გამოხატეს იმ გულშემატკივრების მიმართ, რომლებიც თავთავიანთ ნაკრებებს ქომაგობენ 2010 წლის მუნდუალზე, ჯაბულანი ახალი ტექნოლოგიით, რვა სფეროსებრი სამგანზომილებიანი პანელისგან შედგება, რომლებიც ეთილენვინილაცეტატისა (მსუბუქი და დრეკადი მასალა, რომელსაც კარგი ამორტიზირებადი თვისებები გააჩნია. გამჭვირვალობითა და ელასტიურობით, დაბალ ტემპერატურაზე პოლიეთილენს ბევრად სჯობია) და თერმოპოლიურეტანისგან (პრიალა სინთეტიკური ტყავი) შედგება.

ბურთის ზედაპირი ნაღარებითაა ტექსტუირებული, ადიდასის მიერ შექმნილი ეს ტექნოლოგია, GripnGroove-ის სახელწოდებითაა ცნობილი და ბურთის აეროდონამიკის გასაუმჯობესებლადაა შემუშავებული. ბურთის შექმნისას, დიდი ბრიტანეთის, ლაფბოროს უნივერსიტეტის მკვლევარებთან ერთად ჩატარებული გამოკვლევების მონაცემები იქნა გამოყენებული. ჯაბულანი ფიფას ყველა იმ სტანდარტს შეესაბამება, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის ბურთებს წარედგინება.

ამ ბურთის შემქმნელმა კომპანიამ, “ადიდასმა”, ფეხბურთელების აზრიც გაითვალისწინა, რომლებიც წინა მუნდიალის ბურთზე, Adidas Europass-ზე ამბობდნენ, ეს ტყავის სფერო ჰაერში ძალიან უცნაური ტრაექტორიით მოძრაობსო.

ჯაბულანიში გამოყენებული 11 სხვადასხვა ფერი, მსოფლიოს მეთერთმეტე ჩემპიონატს ანსახიერებს, რომელიც “ადიდასის” მიერ წარმოებული ბურთებით იმართება. ეს ფერები ასევე თითოეული გუნდის 11 ფეხბურთელთან, სამხრეთ აფრიკის 11 ოფიციალურ ენასა და 11 გაერთიანებასთან ასოცირდება, რომლებიც ამ ქვეყანას, ეთნიკურად ერთ-ერთ ყველაზე უფრო მრავალფეროვნად წარმოაჩენს აფრიკის კონტინენტზე.

თეთრ ფონზე დატანილი ოთხი სამკუთხა ელემენტი ბურთს განუმეორებელ ელფერს სძენს, რაც მთავარია აფრიკულ სტილშია ყველაფერი გადაწყვეტილი. იოჰანესბურგის სტადიონის მსგავსად, სამხრეთ აფრიკის სიმშვენიერეს ბურთის ცალკეული ელემენტებიც ასახავენ.

ჯაბულანი - უმართავი ტყავის სფერო

მუნდიალამდე ჯაბულანი რამდენიმე წამყვანი ევროპული კლუბის ფეხბურთელებმა დააგემოვნეს, კერძოდ “რეალის”, “ჩელსისა” და “ბაიერნის” მოთამაშეებმა. გერმანიის ნაკრების კაპიტანმა, მიხაელ ბალაკმა ბრძანა, ბურთი სწორედ ისე მოძრაობს, როგორც მე მინდაო.
ინგლისის ეროვნული გუნდის ლიდერმა, ფრენკ ლამპარდმა ბურთის დარტყმის სიზუსტე აღნიშნა, ბრაზილიელი ნახევარმცველი კაკა კი, ბურთის ბუცთან კონტაქტით დარჩა კმაყოფილი. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ამ ფეხბურთელს, კომპანია “ადიდასთან” აკავშირებს კონტრაქტი.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს 2009 წლის საკლუბო ჩემპიონატზე სწორედ ჯაბულანით თამაშობდნენ და მაშინ ამ ბურთით უკმაყოფილო არავინ დარჩენილა. თუმცა, მუნდიალამდე ტყავის სფეროს კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ. განსაკუთრებით, მეკარეები წუწუნებდნენ. ვიქტორ ვალდესი: “შეშინებული ვარ ამ ბურთით, მისი ტრაექტორიის განსაზღვრა ძალიან ძნელია”.

იკერ კასილიასმა ჯაბულანიზე ბრძანა, ეს ბურთი მეკარეების დაცინვააო. ჯანლუიჯი ბუფონი კი უფრო შორს წავიდა და განაცხადა, ადიდასმა მსოფლიო ფეხბურთის სირცხვილი შექმნაო. ლუიშ ფაბიანო: “ამ ბურთს ვიღაც მართავს”. მოკლედ, “იდეალური ბურთი” ყველასთვის მოულოდნელად “ყალბ ბურთად” იქცა, სწორედ ასე დაახასიათა ადიდასის სიამაყე “ინტერისა” და ბრაზილიის ნაკრების კარის დარაჯმა, ჟულიო სეზარმა.

ეს პოლემიკა ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ დააგვირგვინა, რომელმაც მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ბრძანა, ჯაბულანი ყველაზე ცუდი ბურთია, რაცკი ოდესმე მინახავსო.

ყველა გასაოცარი კი ის არის, რომ ფეხბურთელები ბურთის ფრენის ტრაექტორიას უჩივიან, რაც ჯაბულანის მთავარ პლუსად ითვლებოდა. პრაქტიკაში გამოჩნდა, რომ ბურთი, აბსოლუტურად უმართავია და ჰაერში თავის ნებაზე დაფრინავს.

P.S. სტატიის წაკითხვის შემდეგ, ბევრმა გამოთქვა აზრი, რომ ბურთის უცნაური ტრაექტორიით ფრენის მიზეზი მცირე წონაა, რაც მცდარი მოსაზრებაა. ფიფას სტანდარტით, ბურთი 420-445 გრამს უნდა იწონიდეს. ჯაბულანი კი 440 გრამია (+/- 0.2 გრ)

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward