თავი XV. პროფესიონალი პირადი მცველები
არსებობენ ფეხბურთელები, რომელთა მხარდამხარ თამაშისას, იმდენად თავდაჯერებული ხარ, რომ თუ დაგჭირდა მთებსაც კი გადააბრუნებ. მოედანზე სარისკო გადაწყვეტილებების მიღება არ გიჭირს, რადგან იცი, რომ ის სადღაც შენს უკანაა, გაზღვევს და გკარნახობს, როგორც ნამდვილი პირადი მცველი. პირველი ადამიანი ვისაც საფეხბურთო თვალსაზრისით სიცოცხლეს ვანდობდი, ფილლიპ კოკუა. ეს ის ფეხბურთელია, რომელსაც კარიერის განმავლობაში მწვანე მინდორზე ყველაზე უკეთ ვუგებდი. როდესაც პეპი წავიდა, მისი მოვალეობების შესრულება მოედანზე მხარდამხარ გვიწევდა, ნახევარდაცვის ცენტრში ძლიერი მუშტი შევკარით.
კლუბის ისტორიაში კოკუ ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური ფეხბურთელია. სისწრაფე, მეორე სართულზე თამაში, ტაქტიკური განსწავლა, სათამაშო კლასი – მას ყველაფერი აქვს. ფილიპი კარგი მასწავლებელი დაკაპიტანია, ყველასთვის სამაგალითოა. მოედანზე უბრალოდ შეუცვლელი იყო. ბევრს მკარნახობდა – “თუ გაგრძელებას ვერ პოულობ, ბურთი სხვას დაუტოვე”, “ცენტრში ბურთის დაკარგვისას ზონები დააზღვიე”. სასარგებლო რჩევებს იძლეოდა. მის მხარდამხარ ბურთაობის, ბევრი რამ ვისწავლე, ამ ადამიანს ხომ სათამაშო სიბრძნე ახასიათებდა.

თანაგუნდელების გამხნევებაც კარგად გამოსდიოდა და შექებაც. როდესაც შემაქებდა ხოლმე, მოედანზე დავფრინავდი, ეს არცაა გასაკვირი, ამ ადამიანით ხომ აღფრთოვანებული ვიყავი. მის გვერდით მაგარ ბიჭად გრძნობდი თავს.
დღემდე ვერ გამიგია რატომ არ გაუგრძელეს კონტრაქტი, რადგან ვთვლი, რომ სულ მცირე კიდევ ორი სეზონი შეეძლო სარგებლის მოტანა. ამასთანავე, ფილიპი ახლადშეძენილი ლეგიონერებისთვის სამაგალითო ფეხბურთელი შეიძლებოდა გამხდარიყო, რომელმაც უმოკლეს დროში შეძლო გუნდთან ადაპტაცია, ენა ისწავლა, კულეს სულისკვეთებით გაიმსჭვალა და ბლაუგრანას ერთ-ერთი კაპიტნის წოდებაც კი მიიღო. სამწუხაროა, რომ კოკუმ და “ბარსამ” ხელი ხელს არ დაჰკრეს, რადგან ასე რომ მომხდარიყო, ორივე მხარე მოგებული დარჩებოდა.
ამჟამად, ჩემს “სიცოცხლის მზღვეველს” რაფა მარკესი ჰქვია – შესანიშნავი ტაქტიკური განსწავლა, გამოცდილება და თამაშის კითხვა – უნიკალური ფეხბურთელია. ასეთი პირველი პასის მქონე ცენტრალური მცველი ცხოვრებაში არ მინახავს. ამ კომპონენტში ბადალი არ ჰყავს. ფრანკ დე ბური თუ გაუწევდა კონკურენციას, ჯადოსნური მარცხენა ფეხით.
როდესაც მარკესი გუნდში მოვიდა, მის შესახებ ცოტა რამ ვიცოდი. გაგებული მქონდა, რომ “მონაკოდან” გადმოდიოდა და მეტი არაფერი. მალე მივხვდი, რომ კლუბმა უნიკალური თვისებების ნაზავი შეიძინა: გამჭოლი გადაცემები, ბურთის ფლანგზე გადატანა, რის შემდეგაც რონალდინიო მეტოქე გუნდის ლატერალთან ერთი-ერთზე რჩებოდა, თავით საუცხოო თამაში და მეტოქის საჯარიმოში ბურთის ჩაკიდება, რაც მხოლოდ რაფას შეეძლო.

როცა მარკესი მოედანზეა, ბურთის კონტროლზე არ ვღელავ. ბლაუგრანასთვის მარკესი ნამდვილი განძია. ამ მხრივ, ჟერარ პიკე აღმოჩენად იქცა ჩემთვის. არ მეგონა ასეთი კარგი პირველი პასი თუ ჰქონდა და ბურთს ასე საუცხოოდ თუ ფლობდა. გუნდთან მისი ადაპტაცია სწრაფად მიდის. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ “ბარსელონას” წარმატებულ ასპარეზობაში ჟერარის წვლილი შთამბეჭდავია.
ამ ზაფხულს მარკესის თამაშს ბევრი იხილავდა, ხომ იცით როგორც ხდება ხოლმე, რამე თუ არ გამოგდის, მთელი მსოფლიო გიპირისპირდება. ასეა თუ ისე, არამგონია სატრანსფერო ბაზარზე მისი ღირსეული შემცვლელის პოვნა შევძლოთ.
თუმცა, მოდით, ვიოცნებოთ. ერთი სისუსტე მაქვს, მას ხაბი ალონსო ჰქვია. მოედანზე ყველაფერს არაჩვეულებრივად აკეთებს. თხემით-ტერფამდე ლურჯ-შინდისფერია. აღფრთოვანებული ვარ მისი ტექნიკური შესაძლებლობებით, ფიზმომზადებით და მოძრაობით… ეს ხომ წმინდა წყლის “ბარსას” სტილია!
მის მხარდამხარ თამაში ერთი სიამოვნებაა. როდესაც ხაბი მოედანზეა, თამამად შეგიძლია მეტოქის საჯარიმოსკენ აიწიო, რადგან იცი რომ ზურგი საიმედოდაა დაცული. დღესდღეისობით, ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე ასეთი კომფორტის გარანტიას იძლევიან, თითზე ჩამოსათვლელნი არიან. ერთხელ სმს-იც კი გავუგზავნე, ჩემპიონთა ლიგაზე “რეალის” წინააღმდეგ “ბერნაბეუზე” ბრწყინვალედ ჩატარებული მატჩი მივულოცე. შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ “ბლანკოსთან” შეხვედრები დამატებით მოტივაციას სძენს.
ვიცი, რომ ხაბის “ბარსელონა” მოსწონს. ეს დიდწილად მამამისის, პერიკოს დამსახურებაა, რომელიც წლების მანძილზე ბლაუგრანას ღირსებას იცავდა. ასეთი გამოთქმა არსებობს, ვაშლი, ვაშლის ხესთან ახლოს ვარდებაო. ყოველი სანაკრებო შეკრების დროს ვახსენებ “ბარსასთან” ნათესაურ კავშირს. დარწმუნებული ვარ, ისიც ფიქრობს ლურჯ-შინდისფერი მაისურის მორგებაზე, მხოლოდ მცირე იმპულსის მიცემაა საჭირო!
გაგრძელება იქნება…