მეორე ტაიმის დასაწყისში ბარსამ ერთი გოლი გაქვითა და ფეხბურთელები ცენტრისკენ გაიქცნენ, მაგრამ მსაჯმა ჩასტვინა და ძალიან დიდხანს გააჩერა თამაში, რადგან, VAR-ის კაბინაში ბჭობდნენ ეს გოლი იყო თუ არა, ქომაგმა ბევრი ვერაფერი გაიგო, მაგრამ უსტვენდა გამაყრუებლად და შეჰქონდა ეს ხმაური იმ კაბინაშიც, სადაც მილიმეტრებში ზომავდნენ მისაღებ გადაწყვეტილებას, ცხრაჯერ გაზომეს და გადაჭრეს როგორც იქნა, გადაჭრეს ისე, რომ “ატლეტიკოს” ყველაფერი დარჩა, ბარსას – არაფერი.
ისეთი მუხტი იყო ამ დროს გადამწყვეტი გოლის განხილვა გეგონებოდა, საიდან მოვიდა ეს დაძაბულობა? ფიქრმა მოიტანა, წინ ხომ განმეორებითი მატჩია და ბარსას ყველაფერი შეუძლია. ერთი გაქვითული გოლი დიდი საქმეა. წარმოუდგენლად ბევრ რამეს ცვლის, ამიტომ, გამაგრდა “ატლეტიკო”, ჩაირაზა, გადაკეტა ყველა კარი და უკვე მეორე ტაიმიდანვე დაიწყო ფიქრი განმეორებით შეხვედრაზე. ასეთი მუხტი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფებში იგრძნობა, სხვაგან არა. ვერ გაუძლეს ამ დაწოლას ბარსას ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, კასადო შოკში იყო, პირველივე ტაიმში შეცვალეს, ყვითელიც აიკიდა და ისე ისტერიულად გადაადგილდებოდა მოედანზე, რომ აუცილებლად გააგდებდნენ ფლიკს რომ არ შეეცვალა.
ბარსა განადგურდა. ახლა რევანშის ჯერია. გამოვა, არ გამოვა, ეგ სხვა ამბავია, არც არის მთავარი, რისი თავი აქვს ამ გუნდს, ეს უნდა ვნახოთ, თუნდაც მხოლოდ რეპეტიცია იყოს ჩემპიონთა ლიგისთვის, ეს ხომ უკვე საკმარისი იქნება, სულ ვიტამინებში წავა ეს მატჩიც და მომავალიც.
დანაკლისი და შეცდომები
ბარსა იდეალურად დაბალანსებული გუნდია. ფუნქციები ისეა გადანაწილებული აქაველთა არმია გეგონება, მაგრამ არსებობენ შეუცვლელი ფიგურები და ეს შეუცვლელები მოედანზე არ ყოფილან. ხუთი მთავარი ფიგურა გამოკვეთილია – პედრი (გუნდის ტვინი) რაფინია (გუნდის დრაივი, მამოძრავებელი ძალა) ლევანდოვსკი (გამოცდილება) იამალი (კრეატივი) დე იონგი (სიმშვიდე). ეს ხუთი მთავარი მნიშვნელია ბარსას თამაშში, რომელთაგან სამი მოვისაკლისეთ. ორი ტრავმების გამო, ერთიც ფლიკის გადაწყვეტილებით. იამალს თამაში არ წაუვიდა და იქნება რა თქმა უნდა მატჩები სადაც 18 წლის ბიჭი ბოლომდე კარგი ვერ იქნება, ხოლო, დე იონგის სიმშვიდე ასეთ თამაშში დიდად გამოსადეგი ვერ იყო.
ბევრჯერ გვითქვამს, რომ ფლიკი ხშირად აგებს პირველ ტაიმს. ამ სეზონში განსაკუთრებით. ეს კიდევ ასე შემთხვევით არ ხდება, ან საწყისი მოტივაციის ამბავია, ან ცუდად შერჩეული ტაქტიკის, ან, ცუდად შერჩეული შემადგენლობის. პრობლემა, რომელმაც გუნდი რიტმიდან ამოაგდო მარცხენა გარემარბის არყოფნა იყო, რაფინიასთან ერთად რაშფორდმაც ტრავმა მიიღო და ბარსა მარცხენა გარემარბის გარეშე დარჩა. ოლმო დადგა ფლანგზე, მაგრამ მისგან სარგებელი არ გვინახავს. აღმოჩნდა, რომ ეს მცდარი გადაწყვეტილება იყო. ვერც ოლმომ ივარგა და ფერანიც ჩაყლაპეს პირველ ტაიმში. საერთოდ, ბურთთან ახლოსაც არ ყოფილა.
მოედნის ცენტრში კი დე იონგი ფერმინის წყვილს მარკ კასადო დაემატა და საბოლოოდ ესეც შეცდომა აღმოჩნდა. ახლა მარტივია საუბარი, გუნდმა წააგო, განადგურდა და ყველა შეგვიძლია პროფესორის პოზიციიდან მატჩის განხილვა, მაგრამ შემადგენლობა თავიდანვე არ მომეწონა, რა დასამალია. იმიტომ, რომ ლიდერი არ ჩანდა. იმ ორ კაცს, რომ ლევანდოვსკისაც მიამატებ გუნდი ლიდერის გარეშე რჩება. აღარც ინიგო გვყავს და ფრენკი დე იონგი ლიდერის თვისებები არასდროს გამოირჩეოდა. რა ემართება გუნდს ლიდერის გარეშე? აი ეგ, რაც ვნახეთ.
ფლიკს თავისი ტაქტიკისთვის არ უღალატია, მაქსიმალურად მაღლა ამოწეული დაცვით ითამაშა და სხვაგან თუ გადარჩენილა აბა სიმეონესთან ამას როგორ გადაურჩებოდა. გაშიფრა ჩოლომ და საშინელ დღეში ჩააგდო. ასე ბარსას “ატლეტიკოსთან” ’89 წლის მერე არ წაუგია, მაშინ ბალთაზარმა შეაგდო ორი. ესე იგი, ბალთაზარის მერე ბარსა “ატლეტიკოსთან” ასე არ დამარცხებულა. თუმცა, კარგი გაკვეთილი უნდა იყოს.
მატჩის წინ ითქვა გაზონზე, ფლიკმა კრიტიკულად ისაუბრა და პირველი გოლი ხომ ეგრე გავიდა, პოლ რობინსონი დაემართა ჟოან გარსიას. ფეხბურთელმა თუ იცის, რომ გაზონი ასეთ მდგომარეობაში არასდრის კარის მიმართულებით არ უნდა გაუკეთოს ასეთი პასი მეკარეს, მაგრამ თავის მხრივ, მეკარეც კარის გვერდზე უნდა გაეხსნას, მოკლედ, მოიგონეს გოლი ჯიგრებმა, მაგრამ გოლამდეც ჰქონდა მომენტი “ატლეტიკოს”. თავიდანვე მაგრად დაიწყეს, მუხტის უმაღლეს წერტილში, იქამდე სანამ სიმეონეს სიტყვა გამოჰყვათ გასახდელიდან, შეინარჩუნეს ეს მუხტი ბოლომდე იმიტომ, რომ სიმეონე სკამიდანაც ბევრს ყვირის და ქომაგიც ბოლომდე ანთებულია.
როგორ ვთქვა დაცვამ არ ივარგა-მეთქი. თავს ხომ ვერავინ გადაახტება. უფრო ტაქტიკამ არ ივარგა. ფლიკს მგონი მაინც სჭირდება გეგმა ბ, დაცვაში სათამაშოდ. ეს ზედა ხაზი ყოველთვის არ მუშაობს, მაგრამ გერმანელი ჯიუტად ამბობს, რომ თავის სტილს არ უღალატებს.
იღბალი თუ სიმტკიცე?
მეორე ტაიმში ჰქონდა ბარსას მომენტები და ვერ გამოიყენეს. პირველ ტაიმშიც იყო რამდენიმე. ფერმინს სულ მცირე სამი შანსი ჰქონდა, ხარიხასაც გაარტყა ბურთი, ერთი-ერთზეც შეძვრა საჯარიმოში და მეკარემ აჯობა. ამის მერე კიდევ დაარტყა საჯარიმოს გარედან და ისევ მეკარე იყო მოწოდების სიმაღლეზე. ერთი გოლიც შეაგდეს, რომელიც არ ჩაითვალა, იყო ახლოს ფერან ტორესიც გოლთან, მაგრამ მცირედი დააკლდა და ამ დროს შეიძლებოდა გეფიქრა, რომ არ არის იღბალი ბარსას მხარეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძლიერებს უმართლებთ, შეუდრეკელ ხახლს უმართლებს და რაფინიას აქვს ეს სიმტკიცე ბარსაში, სხვას არავის. ეს ხალხი კიდევ შედრკა. მათ შორის, ფერმინიც. ბევრს აქტიურობდა, მაგრამ, მეორე ტაიმში თითქოს ფეხებიც აუკანკალდა. ორი ისეთი ცუდი პასი გააკეთა, როგორსაც მხოლოდ ის ფეხბურთელები აკეთებენ, რომელთაც მაღალი კლასი აქვთ, მაგრამ ნერვიულობა აკარგინებს კლასსაც და უნარსაც. ვერ გაუძლო ვერც მან. კასადოსი არ იყოს, ოღონდ, გაცილებით მეტი გაახერხა. იგივე შემიძლია ვთქვა ოლმოზეც.
ფრენკი იყო მშვიდი, როგორც ყოველთვის. თითქოს სულ ერთნაერია. სიმდიდრეა ფრენკი დე იონგი, ცუდად თამაშობს თუ კარგად, სიმშვიდეს არასდროს კარგავს და ასეთი კაცის ყოლა გუნდში დიდი ამბავია. ეს წაგება არა უშავს. სულ ვერ მოიგებს გუნდი. მგონია, რომ ჩემპიონთა ლიგის გზაზე, ბოლომდე გასასვლელად, ეს მატჩი მაგრად უნდა წაგვადგეს. ასეთ გაკვეთილს სხვაგან ვერსად მივიღებდით, ვერც “ბერნაბეუზე”. ეს “ენფილდივით” ბარიერია.
მეორე ტაიმში კიდევ უფრო მეტად ჩაიკეტა “ატლეტიკო” და ამოცანა შეასრულეს – გოლი არ გაუშვეს. “კამპ ნოუზე” ოთხბურთიანი უპირატესობით ჩავლენ. მე კიდევ ძალიან მომენატრა სავსე “კამპ ნოუ”, რომელიც გიბიძგებს მუდმივი შეტევისკენ, რომელიც გაჯერებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია. კიდევ ვიტყვი, არ მაინტერესებს გამოვა თუ არ გამოვა, უბრალოდ ამის ნახვა მინდა.
ორი სიტყვა მსაჯებზე
ვიცით რაცაა, ვინცაა, ეგ კაცი აცა-ბაცაა.
ვიცნობთ ესპანელ მსაჯებს. ახალი არაფერია. იყო ასეთი მატჩი “ატლეტიკოსთან” სადაც რონალდ კუმანი საწყის 20 წუთში გააძევეს, სადაც რომარიოს ორი 100% გოლი არ ჩაუთვალეს, სადაც სადავო გადაწყვეტილებებს ყოველთვის “ატლეტიკოს” სასარგებლოდ იღებდნენ, მაგრამ ბარსამ მაინც 5:3 მოიგო, და რომარიომ იმ ორ არჩათვლილ გოლს სამი მიამატა, ერთი საგოლე პასიც მიითვალა და პენალტიც აიკიდა.
კარგ “ბარსელონას” მსაჯები ვერასდროს აბრკოლებდნენ. დღეს არ იყო ბარსა კარგი.
წინ რა გველის
აღარ არის კალენდარი იავარდით მოფენილი. ჯერ “ჟირონა” გასვლაზე, მერე “ლევანტე” სახლში, მერე “ვილიარეალი” სახლში და მერე “ატლეტიკოსთან” რევანშის ჯერიც მოვა. სადაც წესით უნდა დაგვიბრუნდეს საჭირო ხალხი. აბა ვნახოთ რა გამოვა.
თვითონ ფლიკმა და ვიღაც-ვიღაცეებმა გუნდიდან არაფერი კომენტარი არ გააკეთეს?