workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მხიარული სამი ქულა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მხიარული სამი ქულა

                        ბარსამ დაგეგმილი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში და ისევ პირველ ადგილზე დაასრულებს ამ ტურს. მშვენივრად ითამაშა და თუ ფლიკი რამით უკმაყოფილო უნდა ყოფილიყო, ეს მომენტების რეალიზების პროცენტული მაჩვენებელია. მინიმუმ ექვსი ბურთი იყო შესაგდები, ორჯერ მეტი, ვიდრე შეაგდეს. მატჩი კი მხიარული გამოვიდა, ბარსამ რა თქმა უნდა, ცენტრამდე ამოწეული დაცვით ითამაშა, მოულოდნელად “ელჩეც” მაღალი დაცვის ხაზით დახვდა, რაც დამღუპველია და ამ დროს რისი იმედი აქვთ ხოლმე გუნდებს არ ვიცი. პედრი ტრავმას მკურნალობს, მაგრამ ბარსას რიგებში მაინც არიან ფეხბურთელები, რომელთაც ასეთ დროს ერთი პასით შეუძლიათ მთელი დაცვა გაჭრან, მითუმეტეს, რომ სისწრაფე არ დაეწუნება არც რაფინიას და არც ლამინეს.

ძალიან სასაცილო მომენტი

არ იყო “ელჩე” ამისთვის მზად, საერთოდ არ ვიცი რისთვის იყო მზად. როცა მაღლა ამოწეული დაცვით თამაშობ ვალდებული ხარ ხაზი სწორად დაიცვა, გააკეთებს თუ არა ერთ ნაბიჯს წინ ცენტრალური მცველი, მის ხაზზე ყველა უნდა მიჰყვებოდეს. ამ დროს მატჩის დასაწყისშივე გაჭრა პასი დანი ოლმომ, გაიქცა იამალი და განმეორებაზე აღმოჩნდა, რომ “ელჩეს” მცველები დიაგონალზე იდგნენ. ამას მოხერხება უნდა. აქ უკვე ნათლად გამოჩნდა, რომ კიდევ ბევრი ასეთი პასი გავიდოდა, ესე იგი, გოლებსაც კიდევ ვნახავდით. მეორე რაც უცნაურად მეჩვენა სოტორესის თამაში იყო, რატომ გაიყინა ადგილზე “ელჩეს” მეკარე, (რომელმაც ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო მასპინძლების მხრიდან) თითქოს შეეძლო ბურთზე დასწრება, მაგრამ ადგილზე დარჩა და ლამინემაც მარტივად ჩამოიცილა, არც გოლის შეგდება გასჭირვებია და ასე გაიხსნა ანგარიში.

ბარსა მარტივად გადადიოდა დაცვიდან შეტევაში, უფრო სწორად, სულ შეტევაში იყო. ბევრ მომენტსაც ქმნიდა და ამ ბევრიდან ცოტამ მიაღწია მიზანს. ახლა უკვე მოგებულ მატჩს რომ აფასებ კიდე სხვა პერსპექტივა ჩანს, იმ მომენტში კი ბარსა დაისაჯა გამოუყენებელი მომენტების გამო, ვერ მოარტყა ოლმომ კარში, ორიდან ვერცერთხელ, კარგი მომენტები გაუშვა ხელიდან და ის იშვიათი შეტევაც გამოეპარათ, რომლის იმედიც ჰქონდა “ელჩეს”. სიღრმიდან შეირბინა როდრიგესმა, უკვე აკრეფილი ჰქონდა სისწრაფე, ესე იგი, ბარსას მცველები მას ვეღარ დაეწეოდნენ და არც თამაშგარე დაფიქსირდებოდა, მხოლოდ ზუსტი პასი იყო საჭირო და მიიღო ეს ზუსტი პასი, გაიქცა სწრაფად და ზუსტადაც დაარტყა – 1:1.

გაიფლანგა ეს დიდი უპირატესობა, მაგრამ ისეთი თამაში იყო, მიხვდებოდა კაცი, რომ ასე ვერ მორჩებოდა ეს მატჩი. მომენტი კიდევ ბევრი შეიქმნებოდა, გოლებიც გავიდოდა. პირველი ტაიმის მთავარი მომენტი რა თქმა უნდა, ფერან ტორესმა შექმნა, ასეთი რამ მხოლოდ მას შეიძლება დაემართოს. კარის წინ, ოთხ-ხუთ მეტრში მისდის ბურთი და ხარიხას გაარტყა, უსწრაფესად ახერხებს რეაგირებას და ხარიხიდან გადმოვარდნილს მხარს უშვერს დამატებაზე, მაგრამ ისევ ძელს ხვდება და გოლი არ გადის. თან ისე სწრაფად ხდება ეს ყველაფერი რომ მომენტის დასრულების მერე მხოლოდ გეცინება, მაგრამ აზრიც გაგიელვებს, რომ ახლა ეს უიღბლობა არ გაჰყვეს გუნდს და ეს უკვე დახატული მოგება წყალში არ ჩაიყაროს. არ ჩაიყარა, არა, კარგად დასრულად, კეთილად.

მეორე გოლიც კარგი შეაგდო ბარსამ. ჟოან გარსიამ დაიწყო ეგ ამბავი, მოიგდო ბურთი ხელში და სწრაფად დაიწყო შეტევა, დროული პასით, დე იონგმა გადალახა ცენტრი, გადააწოდა იამალს და აჩქარდა მეტოქის საჯარიმოსკენ, ვაჰ, ისეთი მესამეზე პასი დაიხატა, რაც უკვე ნანახი მაქვს, “არსენალთან” ფინალში, მართალია ის ფლანგიდან გაკეთდა, თანაც სულ საპირისპირო მხრიდან, მაგრამ მაინც. მაშინ ეტო’ომ მოიახლოვა მცველი და დაიძრა საჯარიმოსკენ, პასი ინიესტას გადააწოდა, ინიესტამ იპოვა “მესამე” კაცი, მცველების ხაზთან, ჰენრიკ ლარსონი, ამ შემთხვევაში დე იონგმა იამალს გადააწოდა და იამალმა იპოვა “მესამე” ფერან ტორესი, იქ ლარსონმა ერთი შეხებით გაიყვანა აჩქარებული ეტო’ო მეკარესთან პირისპირ, აქ კი ფერან ტორესმა ასევე ერთი შეხებით იკისრა ეს ამბავი. ყველაზე დიდი განსხვავება უკვე დასასრულშია, თორემ, კომბინაცია იდეალურად შესრულდა, აქაც და იქაც.

მოატყუა დე იონგმა მეკარე, აფორთხიალა, კარგი პაუზა აიღო და კარგი პასიც დატოვა უკან, გოლი ფერან ტორესმა შეაგდო. კარგია, რომ ამ შეხვედრაშივე გაიტანა.

ისევ კარიდან-კარში

გაგრძელდა ბარსას კომბინაციები მეორე ტაიმშიც, ისევ ძალიან მარტივად გადადიოდნენ მოედნის ცენტრს და არც ბოლო პასის გაკეთება ჭირდა. ერთადერთი რაც ბოლომდე კარგად ვერ სრულდებოდა შეტევის დასასრული იყო. ურტყეს ცხვირში მეკარეს, ასე ჯიუტად, დაუმიზნეს და ურახუნეს. ხან კიდევ მთლიანად კარს აცილებდნენ ხოლმე ბურთს. მეორე ტაიმში მარკუს რაშფორდი გამოვიდა, მონდომებით გამოვარდა მოედანზე, გაიყვანეს ერთი-ერთზე და ააცილა. შორიდან გაცილებით კარგად ურტყამს, ასეთ კარგ მომენტებს კი იშვიათად იყენებს.

თუმცა, გოლი მაინც შეაგდო. გოლი რომლის არ შეგდებაც არ შეიძლებოდა. ლამინე იამალმა დაიბრიყვა მეტოქე, ძალიან მარტივად გაისეირნა მარჯვენა ფლანგზე, კარის გასწვრივ გააკეთა პასი, რომლის ჩაჭრა მცველს სურდა და უარესი გამოუვიდა, გაუჩერა ბურთი რაშფორდს, რომელმაც მთელი ძალით ხია და შეგლიჯა კიდეც “ელჩეს” კარის ბადე. აჰა, ესეც ორბურთიანი უპირატესობა. ამოისუნთქა ფლიკმა, თორემ, არ აქვს მნიშვნელობა რამდენ მომენტს შექმნი, თუ გოლი არ შეაგდე სადღაც ფეხი დაგიცდება და დაკარგავ ამ მარტივად ასაღებ ქულებს.

ბოლოს კი ისევ მასტერკლასი ვიხილეთ ესპანელი მსაჯისგან. გარბის მთელი ბარსა გოლის შესაგდებად, ოთხი-ერთზე გარბიან და მსაჯი თამაშს ამთავრებს, აღშფოთდნენ “ბარსელონელები”, მაგრამ მსაჯი უხმობს ფეხბურთელებს და ეუბნება, რომ რა ვქნა ძმაო, აგერ დრო უკვე ამოიწურაო.

დახვრიტეთ!

წინ რა გველის

წინ გველის კოპა დელ რეი და “ალბასეტე”. “მადრიდის” განმგმირავი გუნდი, რომელიც ახლაც დიდ გულზე იქნება. ხომ წარმოგიდგენიათ მათ თავში რა ხდება? თუ ერთხელ შეძლეს, მეორედაც შეუძლიათ. ასე აგულიანებენ თავს და ვნახოთ რამდენს გაბედავენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • PET27REE
    schedule 02 თებ 2026, 18:01
    #9

    მომენტების რეალიზებაზე აშკარად პრობლემებია,ეგ თუ ვერ გამოსწორდა ძაან ცუდ დღეში არიან.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 02 თებ 2026, 07:34
    #8

    სანამ პედრი დაბრუნდება არ უნდა დაგვიცდეს ფეხი

  • Frenkie de Jong_
    schedule 01 თებ 2026, 18:16
    #7

    ციტატა: rivaldo80

    ციტატა: Frenkie de Jong_
    კერიკს დაბრუნება უნდა რაშფორდისო
    მიუხედავად იმისა რო 1-1 ზე დიანა გურსკაია მაინც ძალიან მომწონს რაშფორდი 😂


    დიანააა🤣🤣🤣🤣🤣🤣 რაშო სკამზე იდეალურია


    კი და რაც არ უნდა ვთქვათ ძან კაი სტატოსტიკა აქ

  • Just_Barca_Lover
    schedule 01 თებ 2026, 16:00
    #6

    Visca-barca, დეკუ მოსულ კაცს უკან აბრუნებს.

  • Visca-barca
    schedule 01 თებ 2026, 15:14
    #5

    🔴 ატლეტიკო მადრიდმა მოახერხა და ჩაშალა ლუკმენის ტრანსფერი ფენერში

    ⭕️ ლუკმენი კარიერას ატლეტიკო მადრიდში გააგრძელებს
    ესააა ალემანის პოლიტიკა კაცი უკვე ფენერში იყო და მაობრუნა და წამოიყვანე ატლეში აბა ჩვენი სპორტული დირექტორი დეკუ იგივე ბეყე უყურებს სხვებს ლუკმენი მაინც არეღირებოდა ძვირი რო ეყიდათ ფლანგზეც თამაშობს და ფორვარდადაც სამაგიეროდ ჩვენმა ბეყემ რათ გვინდა ფორვარდიო ბებერი ლევანა და ფერან ტორესი გვყავსო

  • nika 54
    schedule 01 თებ 2026, 14:57
    #4

    რაშფორდის პირველი გაფუჭებული მომენტის შემდეგ ვიფიქრე, რო დღეს არ იყო ეგ გამტანი. მაგრამ ბურთი მცველს რო აეჭრა და მარკუსმა დროულად გადმოდგა უკან ნაბიჯი ბურთის მისაღებად ერთი გავიფიქრე ესეც ააცილებს მეთქი და ამ დროს რო შევხედე კარამდე მეტრი იქნებოდა და იმის გაფიქრებაც მოვასწარი ასე ახლოდან ძელს როგორ მოარტყავს თქო და მართლაც ლამის ზედა ძელს უწია, მაგრამ მართლაც ძალიან ახლოს იყო და ბურთი ზედა ბადეს მაინც მოარტყა.

  • rivaldo80
    schedule 01 თებ 2026, 14:46
    #3

    ციტატა: Frenkie de Jong_
    კერიკს დაბრუნება უნდა რაშფორდისო
    მიუხედავად იმისა რო 1-1 ზე დიანა გურსკაია მაინც ძალიან მომწონს რაშფორდი 😂


    დიანააა🤣🤣🤣🤣🤣🤣 რაშო სკამზე იდეალურია

  • Rick Sanchez
    schedule 01 თებ 2026, 13:00
    #2

    ფორვარდი გვინდა

  • Frenkie de Jong_
    schedule 01 თებ 2026, 12:43
    #1

    კერიკს დაბრუნება უნდა რაშფორდისო
    მიუხედავად იმისა რო 1-1 ზე დიანა გურსკაია მაინც ძალიან მომწონს რაშფორდი 😂