მაგია სალვადორიდან – როგორ ჩაიშალა გონსალესის ტრანსფერი

მაგია სალვადორიდან – როგორ ჩაიშალა გონსალესის ტრანსფერი

    არ ვიცი რატომ, მაგრამ ბოლო დროს ეს კაცი იმაზე აქტუალური გახდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა, ხომ არ წაგვექცა-მეთქი, გადავამოწმე, ჯანზეა, ფეხზე დგას და ისე ვეღარ დარბის როგორც ახალგაზრდობისას, მაგრამ ისევ ისე უბერავს, როგორც უწინ. ასეთი კაცია. გაფრენილი აქვს. ეგეთი კაცი კიდევ ხალხს განსაკუთრებით უყვარს. გავიხსენებ, თქვენც გაგახსენებთ და ვინც პირველად გაიგო იმას გავაცნობთ ხორხე ალბერტო გონსალეს ბარილიას, იგივე El Magico, ან, როგორც ყველაზე ხშირად ეძახდნენ მაგიკო გონსალესი. 

ფეხბურთის ირვინ ჯონსონი. მთავარი ჯადოქარი გარინჩას მერე, რონალდინიოს გამოჩენამდე. ამაზე მაგარი ბევრი ყოფილა, მაგრამ პუბლიკას მასზე კარგად ცოტა თუ გრძნობდა. ელ სალვადორელი იყო, აბა იქ ფეხბურთი რა იციან, ამ კაცმა კიდევ იმდენი ქნა, რომ თავისი ნაკრები ’82 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა და მაგრადაც შერცხვა, პირველი მატჩი უნგრეთთან 1:10 წააგეს. მოხერხება ხომ უნდოდა?! არადა, ეს ის უნგრეთი არ იყო ვინმე ასე გაენადგურებინა. მომდევნო შეხვედრებში რაღაცას დაემსგავსნენ, ბელგიასთან 0:1 წააგეს, არგენტინასთან 0:2. აბა ის რა იყო კაცო… 

’82 წლის მუნდიალი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, დახუნძლული ვარსკვლავებით, ამ უამრავ ვარსკვლავში კიდევ მიუხედავად სალვადორის საშინელი თამაშისა, მაინც გამოარჩიეს ხორხე გონსალესი და დადგა კიდეც რიგი მის შესაძენად, მაგრამ რატომღაც “კადისი” აირჩია. ალბათ ჰქონდა მიზეზი, რადგან “მაგიკო” ადგილის შერჩევისას კარიერაზე არ ფიქრობდა, თავში მხოლოდ ღამის კლუბები, ქალები, ზღვა და სასმელი უტრიალებდა, თუმცა, ზომიერად სვამდა, ალკოჰოლიკი არასდროს ყოფილა. ასეთი ნიჭიერი ხალხი, “სიამოვნების ხალხი” ხომ ყოველთვის ასეთია. ვინ თუ არა “ბარსას” ქომაგებმა გადასარევად იციან ეს ყველაფერი, მეტწილად ბრაზილიელების გადამკიდე. 

ცხოვრებაშიც იმპროვიზატორი იყო, მოედნის მსგავსად, არაფერს გეგმავდა, ყველაფერს სპონტანურად აკეთებდა, ამის გამო ბევრ ხიფათს გადაჰყრია, ამის გამო კარიერა ვერასდროს დაალაგა, მაგრამ სახელი მაინც დატოვა. ვერ ვიტყვი, რომ ყველას კარგად ახსოვს, აგერ მე სულ არ მახსოვდა სანამ ლაპორტამ არ გამახსენა. ღამის ცხოვრების გამო “კადისში” მთვარეულიც შეარქვეს, ვერ გადაფარა მისი პირვანდელი მეტსახელი, უფრო მაინც ჯადოქარი იყო, ვიდრე მთვარეული. პრეზიდენტს ნერვები კი დააგლიჯა, სამაგიეროდ, სტადიონი ყოველთვის სავსე იყო, მის სანახავად მთელი ქალაქი დადიოდა, მეტი ფული შემოდიოდა და სხვა რა უნდა სურდეს კლუბის მფლობელს?! 

 

“კადისში” ორი სეზონი დაჰყო, ’82-დან ’84-წლამდე, ესე იგი, ზუსტად ის ორი სეზონი, რომელიც მარადონამ გაატარა “ბარსელონაში”. თავად კი გაჰქონდა გოლები, ორივე სეზონში 14 გოლი შეაგდო, გოლების გარდა ათასი სიგიჟე დაგვიტოვა, მისი გუნდი ლა ლიგიდან გავარდა, ხალხს ფეხებზე ეკიდა, სანამ “მაგია” ჩვენთან არის სადაც გინდათ იქ ვითამაშებთო, მაგრამ მცირე ხანში ცუდი ამბავი შეიტყვეს, გონსალესი “ბარსელონას” გაჰყვა ამერიკულ ტურნეში. ოფიციალური მატჩები ჯერ კიდევ ტარდებოდა, ამიტომ, ვინც “ბარსელონელებისგან” “ბილბაოსთან” იჩხუბა და დისკვალიფიკაცია მისცეს, ტურნეში მხოლოდ ისინი წავიდნენ, დაემატნენ ფეხბურთელები ბე გუნდიდან და წავიდა მათთან ერთად “მაგიკო” გონსალესიც. რაც მთავარია, დიეგო იყო ტურნეში. იმ ჩხუბში ხომ მთავარი როლი ჰქონდა?! 

არაფერი მსგავსი ცხოვრებაში არ მინახავს, – უთხრა დიეგომ ჟურნალისტებს პირველი ვარჯიშის შემდეგ, – ეს ტექნიკა საიდან მოიტანა? ჩემზე კარგი დრიბლინგი აქვს”. რას გულისხმობდა დიეგო? პირველ რიგში, ლა კოლა დე ვაკას, ასე უწოდებენ ფინტს, რომელიც ჩვენ რომარიოს შესრულებით ვიცით, ოღონდ, “მაგიკო” ამას ჰაერში აკეთებდა, მიწაზე დაუშვებლად. შეუძლებელია? მისთვის არა. 

 

ამერიკაში ტრანსატლანტიკური თასი გათამაშდა. ნიუ იორკ “კოსმოსში” ნეესკენსი თამაშობდა, “უდინეზე” ზიკოს გამო მიიწვიეს, “ბარსელონა” კი რა თქმა უნდა, მარადონას ხათრით. პირველი შეხვედრა “ბარსამ” ნიუ იორკთან წააგო, 3:5. პირველად აქ ითამაშეს მარადონამ და გონსალესმა, ალბათ უკვე ფიქრობდნენ მომდევნო სეზონზე და შეუჩერებელ დუეტზე. ოღონდ, ვინ იცის ამ დროს რა ხდებოდა დიეგოს თავში, მას ხომ უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა წასვლა, ან იქნებ “მაგიკოს” ხათრით დარჩენილიყო “ბარსაში”, ის ხომ მუდმივად ამაზე სწუხდა – ლამაზი ფეხბურთის თამაში აქ არავის სურს, ცხოველებივით გვარბენინებენო. “მაგიკო” კიდევ მისიანი იყო, მის ენაზე საუბრობდა, ბურთის ენაზე. 

“ბარსა” ტორონტოში აღარ წავიდა, თავდაპირველად 60’000 დოლარს დაჰპირდნენ, მერე კი 20’000 შესთავაზეს, ამაზე უარი ითქვა და პირდაპირ სასტუმროში მიბრუნდნენ. იქ კიდევ შუა ღამით სახანძრო სიგნალი ჩაირთო, ვინ ჩართავდა შუა ღამით სიგნალს? ვის მოუვიდოდა ეს თავში? რა თქმა უნდა, დიეგოს. გაერთო ცოტა. მთელი სასტუმრო გარეთ გავარდა, მარადონაც კი გარეთ გავარდა სიცილ-სიცილით, ყველა გარეთ არის “მაგიკოს” გარდა, ყველა ნერვიულობს, ყველა პანიკაშია, ხომ არ დაიწვა ეს ჩემისა?! ერთ-ერთი მწვრთნელი გაგზავნეს მის ნომერში და მანაც ნახა რომ “მაგიკოს” ტკბილად ეძინა, ოღონდ მარტო არა, რამდენიმე კომპანიონთან ერთად. 

“ბარსამ” მწვრთნელად ვენეიბლზი მოიწვია, იამანაც დაახეთქა ლათინოსები არ მჭირდებაო, ჯერ მარადონა წავიდა, მერე “მაგიკო” დააბრუნეს “კადისში”, გასპარმა ტერის უგო სანჩესი ურჩია, მაგრამ ტერიმ თქვა უგო არა, მე ბრიტანელები მჭირდებაო და ასე შეიცვალა “ბარსა”. გონსალესი ჯერ “ვალიადოლიდში” გაანათხოვრეს ერთი წლით, მერე ისევ “კადისში” დაბრუნდა, საბოლოოდ, “კადისი” იყო მისი ცხოვრების გუნდი. ასე გამოდგა. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ – ვენეიბლზის “ბარსამ” პირველივე წელს მოიგო ლა ლიგა, პირველ ტურში “მადრიდი” გაანადგურეს და სტივ არჩიბალდმაც შეაგდო თავისი გოლი, თუმცა, ლა ლიგის ბომბარდირი მაინც უგო სანჩესი გახდა. 

წლების მერე ისევ აქტუალური იყო “მაგიკოსა” და “ბარსელონას” გადაკვეთა. ასე იხსენებს “კადისის” მწვრთნელი დავიდ ვიდალი – “კრუიფი “ბარსაში” დაინიშნა მწვრთნელად და მაშინვე ვურჩიე გონსალესი გადაეყვანა, უკვე საცოდაობა იყო ამ კაცის ყურება, წესით გრანდში უნდა ეთამაშა, ის კიდევ “კადისში” ერთობოდა, იოჰანს ვუთხარი: ის შენზე უკეთესია, აუცილებლად უნდა წაიყვანო. კარლეს რეშაკს ამ შედარებაზე ეცინებოდა, ალბათ ის აბრკოლებდა საქმეს, მაგრამ კრუიფი “მაგიკოს” ნიჭს ყოველთვის აღიარებდა”. 

“პრობლემური იყო თუ არა? რა თქმა უნდა, ძალიან თავქარიანი იყო, მისთვის თვალყურის დევნება მე დამევალა, წყობიდან გამოვყავდი, მაგრამ მოედანზე სასაყვედურო არაფერი მქონდა. ერთი უცნაურობა კი სჭირდა, ნებისმიერ ადგილზე შეიძლებოდა ჩასძინებოდა, ამ დროს ვხვდებოდი, რომ ენერგიას ყოველთვის ბოლომდე ხარჯავდა, მოედანზეც და მის მიღმაც, ერთხელ “ატლეტიკო” – “კადისის” მატჩის შესვენებაზე საკაცეზე ჩაეძინა, წარმოგიდგენიათ?! მისი გამოღვიძება კი ნამდვილი გამოწვევა იყო, ყურთან რომ ბარაბანზე დაგერტყა მაინც ვერ გააღვიძებდი”. 

არა და არ გამოვიდა ეს ამბავი. არადა, სალვადორელი ზუსტად ისეთი ფეხბურთელი იყო, რომელსაც “ბარსაში” უნდა ეთამაშა. რონალდინიო იყო რონალდინიომდე. ალბათ, უფრო უდისციპლინოც. 2022 წელს ჟოან ლაპორტამ 11 ნომრიანი მაისურა გადასცა. სიბერეში მაინც ხვდა პატივი “ბარსას” მაისურა მოერგო. ამ წელს “მაგიკოს” ლა ლიგაში გამოჩენის 40 წლის იუბილე აღნიშნეს. 

https://x.com/FCBarcelona/status/1568962692165025794?s=20     

ვიდალი იხსენებს – “თავქარიანი, მაგრამ საოცრად თავმდაბალი და კეთილი ადამიანი იყო, თან დიდი ქველმოქმედი. ოღონდ, ის ფონდებს არ ურიცხავდა ფულს, ამას ორგანიზება სჭირდება, ამ კაცს კიდევ მაგის კეთებას ყველაფერი ერჩივნა, უბრალოდ, ქუჩაში ვინც კი თხოვდა ფულს ყველას აძლევდა, ხანდახან ათას პესეტასაც, ასე აზროვნებდა, კაცი თუ გთხოვს უნდა დაეხმარო, უარის თქმა არ შეიძლება. მისი მაგიაც ამაში იყო”. 
 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • nika 54
    14 დეკ 2025, 18:01

    ჩვენ ხო დიდ ფეხბურთელებში ბედი არა გვაქვს, ვერც მარადონა შევირგეთ და ვერც რონალდო, ეგ კი არა დი სტეფანო ჩამოვიყვანეთ არგენტინიდან და მადრიდმა უფლება არ მისცა ბარსელონაში ეთამაშა, მერე ხელი რო ჩავიქნიეთ რეალში მიიყვანეს და მსოფლიო ლეგენდა გახდა. 8 ჯერ მოაგებინა რეალს ლიგა, მაშინდელი ჩემპიონთა თასი, აქედან 5-ჯერ ზედიზედ.

  • walker599
    12 დეკ 2025, 22:19

    აუ კალაფიორი რა მაგარია, ვაბოდებ მაგ ბიჭზე არც ვანდევენი და შლოტერბეკი ეგ კაცი მოიყვანონ

  • C.PC5
    12 დეკ 2025, 20:13

    კარგი სტატიაა, საერთოდ არ მქონდა ამ კაცის სახელი აქამდე გაგონილი, ახლა მეცოდინება რო პედრის გარდა სხვა მაგარი გონსალესიც ყოფილა smile ისე საინტერესოა ბარსაში კაი ვერ დაიწყო თამაში მწვრთნელის გამო მარა სხვა გრანდებს რატო არ უნდოდათ? ვიდეოში რაც ჩანს დიდ გუნდში ვარსკვლავს გამოიყვანდნენ ამისგან მინიმუმ.

  • Frenkie de Jong_
    12 დეკ 2025, 17:23

    ნახეთ?
    ნიუკასლის მფლობელი შეიხი როა ეგ იძახის 16 მილიარდდად ვიყიდი ბარსასო
    ნუ მგონი ძაან ჭორია მაგრამ არ იქნებოდა ცუდი. ვალებიდანაც გამოგვიყვანდნენ

    ქარიმ ბენზემა იმის შესახებ, თუ რა აკლია რეალს:

    „მათ მხოლოდ კავშირი აკლიათ – მბაპეს, ვინისიუსს, ბელინგემსა და როდრიგოს შორის.

    თითოეულმა მოთამაშემ უნდა იცოდეს, რა უნდა გააკეთოს მოედანზე. ბელინგემმა უნდა გაიგოს, რომ ის არის ფლეიმეიკერი და არა გოლების გამტანი. მბაპე არის გოლების გამტანი და არა ფლეიმეიკერი. ვინისიუსი არ არის მცველი, ნახევარმცველი, ის არის მარცხენა ფლანგელი.

    როდესაც თითოეულმა იცის, რა უნდა გააკეთოს მოედანზე, სულ ესაა. რადგან აქ ჩვენ ვკამათობთ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებზე, რომლებიც ერთ გუნდში არიან.

    ჩაბი ალონსო სინამდვილეში ვერაფერს გააკეთებს, მას წარმოუდგენელი სახელები "ჰყავს", ამიტომ ეს სახელები მოედანზე უნდა გამოაჩინოს.

    რთულია. თითოეულ მოთამაშეს თავისი ეგო აქვს. ამ ვარსკვლავებმა საკუთარ თავს უნდა უთხრან, რომ თითოეულ მათგანს შეუძლია გუნდს რაღაც მოუტანოს და ყველაზე მეტად მათ უნდა აცნობონ ეს ერთმანეთს.

    პრობლემა ის არის, როდესაც არ ეთანხმები იმას, რომ შენ წინ არის ბიჭი, რომელიც შენზე მეტ გოლს იტანს. ეს პრობლემები მაშინ ჩნდება, როდესაც ბევრი ვარსკვლავი გყავს ერთად.

    თუ შენი თანაგუნდელი შენზე უკეთესია, ეს უნდა მიიღო. რადგან ამ თანაგუნდელს სხვები მაინც სჭირდება, მას ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთება არ შეუძლია.

    რეალში კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ გამოცდილი ვეტერანები აღარ არიან. კაცი, რომელიც კილიან მბაპესთან, ბელინგემთან, ვინისთან მივა და ეტყვის, რა ხდება არასწორად.

    რეალში ყველა ვარსკვლავს სურს, რომ საუკეთესო იყოს, ამიტომ ეს რთულია."

    იდეაში როდის თქვა ლარორტამ აწევს მბაპე სიტუაციასო მართალია

    და მაინც როგორც ტრენერი ჩაბი თუ ჩავი ?
    რომელი უფრო ცუდია?