კამპ ნოუს ისტორია

კამპ ნოუს ისტორია

   “ბარსამ” სახლში დაბრუნება დააანონსა. აგვისტოში მოხდება ეს ამბავიო და თუ მართლაც ამ ვადებში დასრულდა საქმე, მაშინ, გახსნის ცერემონია გამპერის თასზე შედგება. ეს კიდევ შესაძლებლობაა, რა თქმა უნდა, “ინტერ მაიამი” უნდა მოიწვიონ და ლიონელ მესი გააცილონ ახალი “კამპ ნოუს” გახსნის ცერემონიაზე, ამაზე დიდებული სანახაობა რა იქნებოდა? უფრო მეტიც, რადგან ეს ამხანაგური მატჩია, მესის საშუალება უნდა მისცენ ერთი ტაიმი “ბარსას” მაისური მოირგოს. ერთხელ კიდევ, ბოლოჯერ, ლეო ასეთ გაცილებას იმსახურებს. 

მსგავსი გაცილებები ადრეც ყოფილა, მაგალითად, გამპერის თასზე “მილანი” მოიწვიეს და რონალდინიო გააცილეს, ჩაჰკიდა ხელი კარლეს პუიოლმა და “ბარსასთან” ერთად გადააღებინა სურათი. ასევე, საქველმოქმედო მატჩზე გააცილეს რონალდო და რომარიო, ეს კლუბის დაბადების დღეზე მოხდა, როცა “ბარსამ” ბრაზილიის ნაკრები მოიწვია 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად. აქ დაუკრეს ბოლოჯერ ტაში ბრაზილიელ ჯადოქრებს. აი, რივალდო არ გაუცილებიათ. 

მოკლედ, სცენარი ასეთია. მესი უნდა დაბრუნდეს. 

ახლა კი სტადიონის ისტორია მიმოვიხილოთ. 

სამი სახლი 

“ბარსას” სტადიონების ისტორია სამ უმნიშვნელოვანეს ეტაპად შეგვიძლია დავყოთ, დაარსების დღიდან სწრაფად იცვლიდნენ სათამაშო მოედანს. მეორე ეტაპზე მუდმივ სტადიონზე გადავიდნენ, ეს იყო “ლეს კორტსი”, ლუის სუარეს მირამონტესის საყვარელი არენა. ხოლო, მესამე ეტაპზე გადაწყვიტეს მსოფლიოს საუკეთესო სტადიონი აეშენებინათ. ძველი “ლეს კორტსი” 1922 წელს გაიხსნა და რამდენჯერმე მოხდა მისი რეკონსტრუქცია, დროთა განმავლობაში იზრდებოდა მაყურებელთა რაოდენობა და მმართველებიც იძულებულნი იყვნენ მათთვის ადგილები დაემატებინათ. ფანკლუბის რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა სამოქალაქო ომის შემდეგ, ერთი მხრივ იმიტომ, რომ ბარსელონაში სხვა კლუბებმა არსებობა შეწყვიტეს, მეორე მხრივ იმიტომ, რომ “ბარსა” გახდა კატალონიელების იდენტობის მთავარი იარაღი ფრანკოს ესპანეთში. ამატებდნენ და ამატებდნენ ადგილებს, მაგრამ რაღაც ეტაპზე მიხვდნენ, რომ ეს ნაგებობა მეტს ვეღარ აიტანდა, ასე რომ, ახალი სტადიონის იდეა გაჩნდა. 

ახალი სტადიონი 

ახალ სტადიონზე საუბარი აქტიურად 1948 წელს დაიწყო, დღემდე არსებობს მითი, რომ “კამპ ნოუს” აშენება კუბალას უკავშირდება, მაგრამ ეს არ არის მართალი, მაკეტი კუბალას გადმოსვლამდე არსებობდა. ლასლომ, შესაძლოა, მოვლენები დააჩქარა, რადგან მისი თამაშის ნახვის მსურველ მაყურებელს ვეღარ აუდიოდნენ. სწორედ ამიტომ, “კამპ ნოუს” მიმდებარედ მისი ძეგლი დგას. ეს სტადიონი ყველაზე მეტად მის სახელს უკავშირდება. 

1950 წელს პრეზიდენტმა აგუსტი გალობარტმა ლა მატერნიდადზე სტადიონისთვის ტერიტორია შეიძინა, ორი თვის შემდეგ კი ოფიციალურად მიიღო მშენებლობის დაწყების უფლება. 1951 წელს დიდი დავა-კამათი დაიწყო, ხომ არ შეეცვალათ სტადიონის ლოკაცია და “დიაგონალის” ტერიტორიაზე გადაეტანათ, დაიწყო მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან, მაგრამ უშედეგოდ, ამ ამბავს წერტილი დაუსვა არჩევნებმა, 1953 წლის ნოემბერში ფრანცესკ მირო-სანსი აირჩიეს და დავაც შეწყდა. ახალი პრეზიდენტი მშენებლობის სწრაფად დაწყების მომხრე იყო, 18 თებერვალს ოფისში მისვლისთანავე გასცა მშენებლობის დაწყების ბრძანება, იმ ტერიტორიაზე, რომელიც 1950 წელს განისაზღვრა, 28 მარტს 60’000 ქომაგის თვალწინ ჩაიყარა საფუძველი, მაშინდელი მმართველის ფელიპე აჩედო კოლუნასა და არქიმანდრიტ გრეგორიო მოდრეგოს ლოცვა-კურთხხევით. 

დიდი ხარჯი 

არქიტექტორები იყვნენ ფრანცესკ მიტიანს მირო (მირო-სანსის ბიძაშვილი) ჟოზეპ სოტერას მაური და ლორენცო გარსია ბარბონი. 1955 წლის 11 ივლისს კლუბმა მშენებლობა კომპანია INGAR SA-ს ჩააბარა, პასუხად მიიღო რომ ეს 66’620’000 პესეტა დაჯდებოდა და 18 თვეს გასტანდა. ასე ითქვა, თუმცა, გაუთვალისწინებელმა ხარჯმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, საბოლოოდ, მშენებლობა 288 მილიონი პესეტა დაჯდა, კლუბი მრავალი წლის განმავლობაში ისტუმრებდა ვალებს. 

ინაუგურაცია 

სტადიონის გახსნა 1957 წლის 24 სექტემბერს დაიგეგმა, შეიქმნა სპეციალური კომისია გახსნის ცერემონიის ორგანიზებისათვის. ეს საქმე ითავეს ალეიშ ბუშერეშმა და ნიკოლაუ კასაუსმა. ქალაქ ბარსელონის საბჭოში 21 სექტემბერს, “ესპანიოლის” აკადემიის წევრმა ხოსე მარია დე კოსიომ ცერემონია გახსნილად გამოაცხადა. იმავე თვეში “ლეს კორტსსა” და სპორტის სასახლეში დაიწყო შეჯიბრებები სხვადასხვა სახეობებში, რაც ასევე ცერემონიის ნაწილი იყო. ეს დღეები ისტორიაში შევიდა გამოჩენილი პოეტის სიტყვებითაც, ჟოზეპ საგრადამ ცერემონიის დღეებს მიუძღვნა ლექსი  – “აზულ გრანა”. ასევე, დაიწერა ჰიმნი ჟოზეპ ბადიას ტექსტითა და ადოლფო კაბანეს მუსიკით. ცერემონიას ესწრებოდა მთავარეპისკოპოსი, ორფეონ გრასიესის გუნდმა შეასრულა ჰენდელის “ალილუია” და აღმართეს ღვთისმშობლის ქანდაკება. ცერემონიას ესწრებოდნენ ქალაქის მნიშვნელოვანი სახეები – პოლიტიკოსები, სასულიერო პირები, განგსტერები და სპორტსმენები. საერთო ჯამში, 100’000-მდე ადამიანმა მიადევნა თვალყური, შემდეგ აღლუმით გაგრძელდა, ჰიმნი შესრულდა და გახსნითი მატჩიც ჩატარდა – “ბარსელონასა” და “ვარშავას” შორის. 

“ბარსა” ასეთი შემადგენლობით გავიდა მოედანზე – რამალეტსი, ოლივეირა, ბრუგე, სეგარა, ვერგესი, გენსანა, ბასორა, ვილავერდე, მარტინესი, კუბალა, ტეჩადა. მეორე ტაიმში გამოვიდნენ – გრასია, ფლოტადოსი, ბოში, ჰერმესი, რიბელესი, სამპედრო და ევარისტო. “ბარსამ” 4:2 მოიგო, მარტინესის, ტეჩადას, სამპედროსა და ევარისტოს გოლებით. მატჩის ბოლოს შესრულდა ცეკვა და გაუშვეს 10’000 მტრედი, ასე დაიწყო ახალი ერა ბარსელონაში. 

რატომ “კამპ ნოუ”? 

თავდაპირველად განიხილებოდა კლუბის დამაარსებლის სახელის მინიჭება, მაგრამ იმ დროს ეს წარმოუდგენელი იყო, რადგან ჟოან გამპერს ოთხი ცოდვა ამძიმებდა – იყო პროტესტანტი, იყო ემიგრანტი, იყო კატალანისტი და იყო თვითმკვლელი. მაშინდელი მმართვეობის პირობებში მისი სახელის დარქმევა სტადიონისთვის გამორიცხული იყო, ამიტომ, უბრალოდ ახალი სტადიონი, ესე იგი, “კამპ ნოუ” დაარქვეს. 

რეკონსტრუქცია 

გახსნის დროს „კამპ ნოუს“ ტევადობა 93,053 მაყურებელზე იყო გათვლილი (150,000-იან პროექტზე უარი ითქვა) მოედნის ზომები 107×72 მეტრი (ამჟამად 105×68 მეტრია, რაც უეფას მოთხოვნებს აკმაყოფილებს). მშენებლობაში გამოყენებული ძირითადი მასალები იყო რკინა და ბეტონი, ხოლო სტადიონმა 1957 წლიდან რამდენიმე რეკონსტრუქცია გაიარა.

უნდა გამოვარჩიოთ 1959 წელს განათების დამონტაჟება და 1976 წელს ელექტრონული ტაბლოს დამონტაჟება. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, რომელიც ესპანეთში გაიმართა “კამპ ნოუზე” მოეწყო VIP ზონა და პრესლოჟა. 

1982 წლის დამატება 

1982 წელს სტადიონის ტევადობა მესამე იარუსის დამატებით 22,150 ადგილით გაიზარდა, რამაც „კამპ ნოუს“ დაახლოებით 115,000 გულშემატკივრის დატევის შესაძლებლობა მისცა. “კამპ ნოუზე” შედგა მუნდიალის გახსნის ცერემონია და პირველი მატჩი. ორი წლის შემდეგ სტადიონზე კლუბის მუზეუმი გაიხსნა. 

1994 წელს დამატებითი სამუშაოები ჩატარდა, მოედანი 2.5 მეტრით დაბლა დაწიეს, რათა ქვედა მაყურებელთა ზონა გაეფართოვებინათ და კარის უკან ფეხზე მდგომი ადგილები დასაჯდომ ადგილებად გადაეკეთებინათ. 

საუკუნის ბოლოსთვის ფეხზე მდგომი ადგილები სრულად შეივსო სკამებით, რამაც სტადიონის ტევადობა ამჟამინდელ 99,000-მდე შეამცირა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • nika 54
    25 ივნ 2025, 18:31

    სასწაული ნაგებობა იყო, დილას შესული თითქმის შუადღემდე დავდიოდით სანამ არ დავიღალეთ. მუზეუმში ტიტულების თვალიერებას ხო ვერ მოვრჩით. ისე თბილისში მოგებული სუპერთასიც ვნახეთ. ლეოს ოქროს ბურთები უკვე 6 ცალი იყო 2019-ში.
    მუზეუმში ცალკე ოთახები იყო გამპერის და კრუიფის. გამპერის ბუცი რომელიც ხელით შეკერილს გავდა. სამლოცველოები გასახდელებთან ყველა ფეხბურთელს შეეძლო შესულიყო თამაშის წინ და ელოცა. ყველა რელიგიებისთვის თავისებურად მოწყობილები. მოკლედ სადღაც ზღაპარში გეგონებოდა თავი.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    25 ივნ 2025, 18:08

    სრულად როდის სრულდება სარემონტო სამუშაოები?