workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

   გრძელდება მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ხანდახან შევავლებ ხოლმე თვალს, აინტერესებს ადამიანს ევროპული კლუბები როგორ ითამაშებენ მაგალითად ბრაზილიელებთან, ან არგენტინელებთან. ეს ინტერესი ყოველთვის დიდი იყო, მაგრამ ორგანიზება ჭირდა. 

სწორედ ამ ინტერესის გამო, “კამპ ნოუზე” მაშინდელი მსოფლიოს საუკეთესო კლუბი “სანტოსი” მოუწვევიათ და უთამაშია ჩვენს საფეხბურთო კათედრალში ფეხბურთის მეფეს. “კამპ ნოუზე” სამჯერ მოხდა ეს ამბავი, ისე კი, “ბარსას” წინააღმდეგ ოთხჯერ აქვს პელეს ნათამაშები. 

მოდი აბა ვნახოთ სად და როგორ ითამაშა. 

მოვლენა 

1959 წლის 28 ივნისს ბარსელონას “სანტოსი” ეწვია. რა წელია მაინც ესა? ეს არის დრო, როცა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ალფრედო დი სტეფანო ითვლება, “ბარსაში” კუბალა ბრწყინავს და ბრაზილიაში როგორც ამბობენ მოვლენა გამოჩნდა, რადგან გასულ წელს სულ რაღაც 17 წლისამ ბრწყინვალე ფეხბურთი ითამაშა და მოიგო კიდეც მსოფლიო ჩემპიონატი. თანაც, ფინალში ისეთი გოლი შეაგდო, რომელთან მიახლოვებულიც კი არ გასულა მას მერე მუნდიალის ფინალებში. 

“კამპ ნოუს” 18 წლის ასაკში ესტუმრა, სურდათ მისი ხილვა ყველგან, სურდათ მისი შეძენაც, როგორც “ბარსას” ისე “მადრიდის” ბოსებს, მაგრამ პელე “სანტოსის” ერთგული დარჩა. თამაშობდა ბრაზილიელი ევარისტო “ბარსაში” და თამაშობდა ბრაზილიელი დიდი “მადრიდში”, უკვე შესაძლებელი იყო ეს ტრანსფერები, მაგრამ პელემ არაო, არსად წამსვლელი არა ვარო. 

ჩამოვიდა 18 წლის მოვლენა, მომავალი მეფე და “ბარსელონას” 5:1 მოუგეს. არადა, ეს ძლიერი “ბარსელონაა”, თავისი უნგრელებით, ეულოჯიო მარტინესებით და ლუის სუარესით. მაინც, “სანტოსი” ბერვრად მაღლა იდგა. ასე აღმოჩნდა. 

შეხვედრას 85’000 ადამიანი დაესწრო. პელემ ორი გოლი შეაგდო და მატჩის მერე პირობაც დადო, მომავალ წელს აუცილებლად დავბრუნდებითო. 

 

პირობა პირობაა 

შეასრულეს სიტყვა ბრაზილიელებმა და მომავალ წელსაც ესტუმრნენ “ბარსელონას”, შეხვედრა 2 ივლისს გაიმართა და მეტად სანახაობრივიც გამოდგა. “ბარსას” რევანში ჰქონდა ასაღები და ისე დაიწყეს ბრაზილიელებს თავ-ბედი აწყევლინეს, პირველი ტაიმი 4:0 მოიგეს. თუმცა, მეორეში “სანტოსი” გამოფხიზლდა და 3 გოლი გაქვითეს. მატჩი “ბარსას” გამარჯვებით 4:3 დასრულდა. პელემ ერთი გოლის შეგდება შეძლო. ასე გახურდა სეზონის წინ “ბარსა”და მერე მაგრადაც შეუბერეს ჩემპიონთა თასზე, სადაც ხუთგზის გამარჯვებული “რეალი” გამოთიშეს ასპარეზობას, ეს კიდევ პირველად მოხდა ისტორიაში, მანამდე “რეალის” გაგდებას ვერავინ ახერხებდა. “ბარსამ” ფინალამდე იარა და ძალიან უიღბლოდ “ბენფიკასთან” 2:3 დამარცხდა. არადა, მართლაც ვარსკვლავური გუნდი  იყო. 

პელე ორ წელში ჩილეში ჩავა მსოფლიო ჩემპიონატზე და მაგრადაც დაიწყებს, მაგრამ ტრავმას მიიღებს და ნაადრევად მოუწევს ჩემპიონატის დასრულება. სანამ პელე ისვენებდა, მანამდე გარინჩამ აიწყვიტა და ბრაზილიას მეორე მსოფლიო ჩემპიონობა მოუტანა. პელემ სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოინელა, რომ ამ ტრიუმფში მხოლოდ მცირედი წვლილი ჰქონდა შეტანილი, საწყისი ეტაპის ხარჯზე. 

სად არის პელე 

მესამედ 1963 წელს ითამაშა “სანტოსმა” “ბარსასთან”, ამჯერად კატალონიელებმა ულაპარაკოდ მოიგეს – 2:0. დამაჯერებლად. იწერება, რომ პელე ვეღარ იყო ისეთი, როგორიც წინა წლებში. მოსაწყენი მატჩი იყოო, არადა, ამ დროს პელე ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, მართალია ტრავმებმა შეაწუხა, მაგრამ ისევ აზანზარებს მსოფლიოს. 1962 წელს ჩემპიონთა თასის გამარჯვებულ “ბენფიკას”, ლიბერტადორესის თასის გამარჯვებული “სანტოსი” შეხვდა, პირველი მატჩი “მარაკანაზე” “სანტოსმა” 3:2 მოიგო, პელემ დუბლი შეასრულა. მათ შორის, გამარჯვების გოლი შეაგდო 85-ე წუთზე. მეორე მატჩი ლისაბონში გაიმართა, “სანტოსმა” ამჯერად 5:2 მოიგო, პელემ ჰეთთრიქი შეასრულა. 

1963 წელსაც შეარყიეს მსოფლიო, “სანტოსი” ამჯერად ჩემპიონთა თასის გამარჯვებულ “მილანს” შეხვდა, პირველი მატჩი “სან სიროზე” გაიმართა და “მილანმა” 4:2 მოიგო, პელემ დუბლი შეასრულა. მომდევნო შეხვედრებში პელეს ტრავმის გამო არ უთამაშია, “მარაკანაზე” “სანტოსმა” 4:2 მოიგო, გადამწყვეტ შეხვედრაში კი – 1:0. 

აი, ასეთი გუნდი იყო “სანტოსი” და ასეთი ფეხბურთელი იყო პელე. ამ ტრავმების გამო იყო კატალონიურ პრესაში რომ დაიწერა, ეს ის პელე აღარ არის წინა წლებში რომ ვნახეთო, მაგრამ ჯანმრთელი პელე ისევ მსოფლიოში საუკეთესო იყო და იმ დროისთვის ყველა დროის საუკეთესოც. კითხვაც კი არ ისმებოდა საკმაოდ დიდხანს, იქამდე სანამ “პატარა” არგენტინელები არ გამოჩნდნენ, “ბარსელონას” არგენტინელები. 

 

პელე და კრუიფი 

ბოლოს “ბარსას” წინააღმდეგ 1975 წელს ითამაშა, უკვე ვეტერანმა. კადისის ტურნირზე პელე უკვე მეფეა, ო რეი, სამგზის მსოფლიო ჩემპიონი. სულ ცოტაც და ამერიკისკენ გასწევს. მსოფლიოს კი ახალი გმირი ჰყავს იოჰან კრუიფის სახით. “ბარსამ” პელეს ხელში ჩაგდება ვერ შეძლო, მაგრამ მომდევნო დეკადის საუკეთესო ფეხბურთელი, იოჰან კრუიფი მოიხელთა და მრავალწლიანი პაუზის მერე პირველად იზეიმა ლა ლიგის ჩემპიონობა. აი, კრუიფს უკვე წაგებული აქვს მუნდიალის ფინალი და როგორც აღმოჩნდა, ეს მისი პირველი და ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი ყოფილა. “ბარსამ” კადისის ტურნირზე 4:1 დაამარცხა “სანტოსი”. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • me da barca
    schedule 25 ივნ 2025, 21:34
    #4

    გაიგე ეხლა სანტოსის ერთგული დარჩა თუ ევროპის შეეშინდა. ფაქტია ევროპაში ისე ვერ ინავარდებდა როგორც ბრაზილიაში.

  • nika 54
    schedule 24 ივნ 2025, 15:35
    #3

    მე მაინც მგონია, ვერ გაბედა არა მარტო ბარსაში საერთოდ ევროპაში ჩამოსვლა. ის პირველივე მუნდიალზე 1958-ში სადაც მართლა გმირი გახდა, ბრაზილიაში დაბრუნებული ეროვნულ გმირად აღიარეს, ფეხბურთის მეფედ უწოდეს და "სანტოსის" ყოველ მოგებულ მატჩში მითუმეტეს თუ გოლი გაქონდა მოედნიდან ხელში ამოყვანილი გამოყავდათ და თავზე გვირგვინს ადგამდნენ, არსებობს დოკუმენტური კადრები. ის მართლაც მეფედ გრძნობდა თავს და წარმოდგენაც არ უნდოდა რა მოხდებოდა თუ ევროპაში იმ დონეს ვეღარ დადებდა რასაც ბრაზილიის ჩემპიონატში აჩვენებდა. მოკლედ ვერ გამოვიდა კომფორტის ზონიდან. და ვერც გაამტყუნებ, ქართველებს აქვთ კარგი გამოთქმა ასეთ შემთხვევაზე: მიუჩვეველ ლხინს მიჩვეული ჭირი გერჩიოსო. და ამანაც არ გარისკა. კარგად ახსოვდა ევროპელებთან შეხვედრებში მიღებული აუარება ტრამვები.

  • jack slater
    schedule 24 ივნ 2025, 08:07
    #2

    ციტატა: პენდრაგონი
    უდიდესი იყო პელე, ალბათ მესის შემდეგ მეორე, მსოფლიო ისტორიაში

    უდიადესი დიეგო იყო,რა პელე რის პელე.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 23 ივნ 2025, 23:57
    #1

    უდიდესი იყო პელე, ალბათ მესის შემდეგ მეორე, მსოფლიო ისტორიაში