ხორვატი შედის ბარში – ავტორი ივან რაკიტიჩი

ხორვატი შედის ბარში – ავტორი ივან რაკიტიჩი

სანამ ნიკოს “ბარსას” ფორმას ჩამოამხობენ, მანამდე რაღაცები გავიხსენოთ, “ბარსა” ისვენებს და ჩვენც დავისვენოთ კარგი წერილებით. ამჯერად ივან რაკიტიჩს მოვუსმინოთ. 

სტილი დაცულია!

“კარგი ამბავი მაქვს ჰოლივუდისთვის, რომანტიკული კომედიაა, ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული, ყველაფერი ასე იწყება – ხორვატი შედის ბარში.. 

2011 წელი იყო, სულ რაღაც 21 წლისა ვარ, ესპანეთში საღამოს ათ საათზე ჩავედი, აქამდე გერმანიაში ვთამაშობდი “შალკეს” შემადგენლობაში, ოთხი წელი იქ გავატარე და ახლა “სევილიას” სურდა ჩემი შეძენა, მომდევნო დილით უნდა მომეგვარებინა, მხოლოდ სამედიცინო შემოწმება და ხელმოწერა იყო დარჩენილი. ჩემი უფროსი ძმა დეიანი გამომყვა, სასტუმროში წავიხემსეთ და არ ვიცი რატომ, მაგრამ ავნერვიულდი, დეიანს ვუთხარი წამო რა, ერთი გადავკრათ და მერე წავუძინოთ-მეთქი. ამ სიტყვებმა ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. იმიტომ, რომ ქალი, რომელიც სასტუმროს ბარში მუშაობდა იყო.. ვაჰ.. ამ ამბავზე რომ ფილმს გადაიღებენ აქ შენელებული კადრი და რომანტიკული მუსიკა დაგვჭირდება, იცით რა ლამაზი იყო? არ იცით. 

ჩემს თავს ვუთხარი – კარგი ყოფილა სევილია, მომწონს ეს ადგილი. 

მაგრამ “ჰოლას” მეტი ვერაფერი ვუთხარი, ესპანური საერთოდ არ ვიცოდი. ვსაუბრობდი გერმანულად, ინგლისურად, იტალიურად, ფრანგულად და სერბო-ხორვატულად, მაგრამ ამის დედა ვატირე, ესპანური საერთოდ არ ვიცოდი. 

ვსხედვართ მე და დეიანი და ამ დროს სულ სხვა ევროპული კლუბიდან ურეკავენ, გაიგეს, რომ სევილიაში ჩამოვედით და შესთავაზეს, აგერ ძმაო თვითმფრინავს გამოვუშვებთ სულ რაღაც წუთებში ჩამოხვალთ და გავაფორმოთ კონტრაქტიო. “სევილიასთან” ხელი ჯერ არაფერზე მომიწერია, შემეძლო ბოლო წამს ყველაფერი შემეცვალა, ესპანეთში გადმოსვლა ისედაც დიდი რისკი იყო, ახალი ქვეყანაა, ახალი ენა, ორი სიტყვაც არ ვიცი და არავის ვიცნობ, და რომელ კლუბს სურდა “სევილიასთვის” თავში წამოერტყა? მოდი ეს საიდუმლოდ დავტოვოთ. 

დეიანმა მკითხა – აბა, რა გინდა ძმაო ცხოვრებაში? 

მეც ვუპასუხე – იცი რა, “სევილიას” პრეზიდენტს უკვე მივეცი სიტყვა და ჩემი სიტყვა უფრო მეტია, ვიდრე ქაღალდზე ხელმოწერა, – მერე კიდევ ბარისკენ გავახედე – ხედავ იმ ოფიციანტს? მე “სევილიაში” ვითამაშებ და იმ გოგოს ცოლად მოვიყვან. 

დეიანს გაეცინა, კარგი როგორც გინდაო.. ეგონა ვღადაობდი. 

ამ დროს ეს ღვთაებრივი გოგო მოვიდა და გვკითხა ხომ არ დაასრულეთო, დეიანს ვუთხარი მოდი რა კიდე დავლიოთ-მეთქი. მომდევნო დღეს “სევილიასთან” კონტრაქტი გავაფორმე და ამ სასტუმროში კიდევ სამი თვით დავრჩი, სანამ სახლს მოვძებნიდი. ყოველ დილით ყავას და ფორთოხლის წვენს ვსვამდი, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს გოგო მენახა. ამ დროის განმავლობაში გავიგე, რომ რაკელი ერქვა, ინგლისური არ იცოდა, მე ესპანური არ ვიცოდი, ჰოდა, ყოველ დღე.. ბუენოს დიას რაკელ! უნ კაფე ი უნ ფანტა ნარანჯა, შენი ჭირიმე. 

აბა როგორ აგიხსნათ, ხანდახან შეხვდები ვიღაცას და რაღაც განსაკუთრებულს გრძნობ, ყოველთვის როცა ვხედავდი რაღაც ფეთქდებოდა ჩემში, კვირიდან კვირამდე, ესპანურის სწავლაც დავიწყე, თუ სადმე ვიჭედებოდი ხელებით ვცდილობდი აზრის გადმოცემას. მე მაიმუნივით ვიქნევდი ხელებს, ის იცინოდა, მგონი რაღაც გამოვიდა, ის ჯეინი, მე ტარზანი. ღმერთო, რამდენ ყავას ვსვამდი.. 

ოცჯერ ან ოცდაათჯერ მაინც ვთხოვე სადმე გავსულიყავით, ყოველ ჯერზე უარი მითხრა, სამსახურიო, ისაო, ესაო.. სამი თვის მერე სახლში გადავედი და სიხარულის ნაცვლად დიდი სევდა იყო ჩემთან, რადგან მეგონა ვეღარ ვნახავდი. მაგრამ არ დავნებდი, ყოველ დილით ისევ მივდიოდი და ყავას ვსვამდი. თუ იმ დღეს არ მუშაობდა სწრაფად ვტოვებდი იქაორობას, თუ მუშაობდა ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. აი მერე დავამხეცე ესპანური და რაღაცებს ვლაპარაკობდით კიდეც, სულ ესპანურ არხებს ვუყურებდი და ესპანურ რადიოს ვუსმენდი, სწავლაში მაგრად დამეხმარა, თან გამიმართლა, ბალკანელებს უცხო ენის შესწავლის ნიჭი აქვთ. ერთ დღესაც რაკელმა მითხრა რატომ ამბობს უარს შეხვედრაზე – “შენ ფეხბურთელი ხარ, მომდევნო წელს შეიძლება სხვა ქვეყანაში წახვიდე, ასე რომ, არა, მადლობა”. აზზე ხართ? რა ჭკვიანია. 

ამ დროს ვიფიქრე, იქნებ ახლა ამას ჰგონია, რომ ჩავიჯვამ სადებიუტო სეზონში და ეგრევე პანჩურით გამაგდებენ-თქო. ამაზე დიდი მოტივაცია რად მინდოდა, ცხოველივით ვვარჯიშობდი, რომ თავი დამემკვიდრებინა და “სევილიას” შეუცვლელი წევრი გავმხდარიყავი, მერე იქნებ შეხვედრაზეც დამეთანხმებინა. შვიდი თვე წამართვა ბრძოლამ, მერე ღმერთმაც გადმომხედა, 20 აგვისტოს გზავნილი მომივიდა – “ბარშია თავის დასთან ერთად, სხვამს, არ მუშაობს”, – ვისგან მომივიდა ეს გზავნილი? მოდი საიდუმლოდ დავტოვოთ. უკვე მთელმა ქალაქმა იცოდა, რომ ამ გოგოზე ვგიჟდებოდი. 

ჩემ ძმაკაცთან ერთად დავაწექით სასტუმროში, რაკელს გვერდზე მივუჯექი და ვუთხარი – “აი, ახლა ხომ არ მუშაობ, შეგვიძლია ერთად ვისადილოთ”. 

მოულოდნელობამ ჩემს სასარგებლოდ იმუშავა, თქვა არ ვიციო, შეიძლებაო.. “შეიძლება” უკვე პროგრესია. 

ამან სიმტკიცე შემმატა – “შეიძლება არა, მე აქედან წამსვლელი არა ვარ, ჩვენი ამბავი დღეს უნდა დაიწყოს”, ყველანი ავდექით და ერთად წავედით გასართობად. 

მომდევნო დღეს ლანჩზე შევხვდით და მას მერე სულ ერთად ვართ. უკვე ორი გოგონაც გვყავს. ეს ცხოვრებაში ყველაზე რთული ბრძოლა იყო, იმაზე რთული, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის მოგება. ამდენი არასდროს მიწვალია ძმებო. 

 

დღემდე ვიცინი რაკელის ოჯახის გაცნობას რომ ვიხსენებ, თავდაჯერებული მივედი, მე ხომ უკვე ვიცოდი ესპანური, მაგრამ იმდენი ადამიანი დამხვდა და ყველა ისე სწრაფად ლაპარაკობდა მაინც ვერაფერი გავიგე. თანაც, სევილიური აქცენტით, მე აშკარად სხვა ესპანური მასწავლეს. მამამისი რაღაცას მეღადავებოდა და მხარში მირტყამდა, დღემდე არ ვიცი რა ჯანდაბას ამბობდა, მაგრამ ზრდილობის გამო ცხენივით ვიკრიჭებოდი, მერე მიხვდა, რომ ვერაფერი გავიგე და მითხრა – “არა უშავს, ორ-სამ თვეში ყველაფერს გაიგებო”. 

სევილიაში თბილი ხალხი ცხოვრობს, ოჯახის მოყვარული, ჩემს ცოლს ფეხბურთი საერთოდ არ უყვარს, მეგონა მისი ოჯახიც ასეთი იქნებოდა, მაგრამ “სევილიას” დიდი ქომაგები აღმოჩდნენ. რაკელის ბაბუა აღარ იყო ცოცხალი, როცა მას შევხვდი, მაგრამ მის შესახებ ბევრს მიყვებოდნენ, საავადმყოფოში გაატარა ბოლო დღეები, ტანსაცმელი გახადეს და სპეციალური  ტანისამოსი მოარგეს, ყველაფერი გამოართვეს, მაგრამ საათს ვერაფერი მოუხერხეს, არ დათმო მოხუცმა, ეს სევილიური საათი იყო. კლუბის ლოგოთი. “ეს ჩემთან დარჩება, ბოლო წუთამდე, თუ იმ ქვეყნად მაქვს გზა, ჩემი კლუბის ნაწილსაც თან გავიყოლებო”. ასეთი კაცი ყოფილა. 

მგონია, რომ ხალხს საერთოდ არ ესმის ფეხბურთს რა გავლენა აქვს ადამიანზე, ინტერვიუებშიც ყოველთვის გეკითხებიან მწვრთენელებზე, ტაქტიკაზე, მაგრამ არასდროს გეკითხებიან რა ხდება მოედნის მიღმა, ეს ხომ ყველაზე მნიშვნელოვანია. ჯერ შვეიცარიაში ვითამაშე, მერე გერმანიაში, მომწონდა, მაგრამ ყოველთვის მაკლდა რაღაც. რაც რაკელს შევხვდი გავაცნობიერე რომ ცხოვრებაში უკვე მქონდა რაღაც ისეთი, რისთვისაც შემეძლო მაქსიმუმი გამეღო, ამან უკეთეს სპორტსმენად მაქცია, 2013 წელს “სევილიას” მეორე უცხოელი კაპიტანი გავხდი, პირველი დიეგო მარადონა იყო. ეს უდიდესი სიხარული იყო ჩემთვის, თითქოს ჩემი მეუღლის ბაბუისგანაც მივიღე მილოცვა, ვგრძნობდი, რომ სადღაც სხვა სამყაროში მაგრად გაიხარა. 

ვამაყობდი ჩემი ოჯახის გამოც, ხორვატიაში დავიბადე, მაგრამ ჩემი ოჯახი ომის დაწყების მერე შვეიცარიაში გადაცხოვრდა, პატარა ბავშვით ომში რთულია ყოფნა, გავიზარდე დავარცხნილ შვეიცარიაში და ვგიჟდებოდი პროსინეჩკიზე, ის ჩემი გმირი იყო, ჩემიც და მთელი ხორვატიისაც. ითამაშა “რეალში”, “ბარსელონაში” და “სევილიაში”. შვეიცარიაში პრობლემები არ გვქონია, მაგრამ სახლში დაბრუნება გვსურდა, ეს კიდევ რთული გამოდგა, მახსოვს შვიდი წლის ვიყავი ხორვატია რომ ვნახე და დამამახსოვრდა, ბებიის და ბაბუის სანახავად ჩავედით, ვიყავი მაშინ ხორვატი? რა ვიცი აბა, იდენტობას პროსინეჩკი და ხორვატიის ნაკრები მინარჩუნებდა. 

 

მახსოვს შვეიცარიული სკოლიდან სახლში დავბრუნდი და დედას ვუთხარი – ჯანდაბა, კიდევ რამდენი ხანი მომიწევს აქ სიარული? მე თამაში მინდა. მან კი მიპასუხა – სულ რაღაც ცხრა წელი. ბევრი ჩანდა, მაგრამ არ შევეპუე და ვუთხარი – კარგი, იყოს ცხრა წელი, მაგრამ იცოდე, რომ ერთ დღესაც არ გადავაცილებ. 

ასეც მოხდა, 17 წლისა გავხდი და “ბაზელში” ჩავირიცხე. ჩემი ოცნება მიზნად იქცა, მე პროსინეჩკის გზა უნდა გამევლო, ესპანეთში უნდა მეთამაშა დიდი ფეხბურთი. 2014 წელს “ბარსას” ინტერესის შესახებ შევიტყვე, ვერ დავიჯერე, აბა როგორი მოსასმენია? ჩემი ცოლის ოჯახს სურდა დავრჩენილიყავი, მაგრამ ისიც ესმოდათ, რომ ასეთ შეთავაზებაზე უარს არ ამბობენ, მსოფლიოს ყველაზე დიდი კლუბი მხოლოდ ერთ შანსს გაძლევს. ურთულესი გადასაწყვეტი იყო და საბოლოოდ “ბარსა” ავირჩიე, უამრავი მიზეზის გამო. 

“კარგი, წარმატებებს გისურვებ, მაგრამ ჩამოხვალ სევილიაში და.. შენს თავს დააბრალე”, – ასე შეხვდა ჩემს გადაწყვეტილებას სიმამრი. 

ყველა ოცნებობს “ბარსაში” თამაშზე, მახსოვს პრეზენტაციაზე რომ მივედი გასახდელში ბუცები დამახვედრეს, დამბურძგლა, ვფიქრობდი – ეს უბრალო ბუცები არ არის, ეს “ბარსას” ბუცებია”. ყველა ფეხბურთელი ოცნებობს ტიტულებზე, მაგრამ ამ კლუბის წევრად ყოფნა სულ სხვა ამბავია, ყველა გრანდს პატივს ვცემ, მაგრამ “ბარსა” სხვა განზომილებაა. ეს ქალაქი, ეს ხალხი, ეს კლუბი. როგორც გამთამაშებელი ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ვითამაშე, მესისთან ერთად, ჩემი გუნდელი იყო, დედასვფიცავარ! დამიჯერეთ, თქვენ ყველაფერი არ გინახავთ, ვარჯიშებზე ხანდახან ისეთ რამეს აკეთებდა, რაც თამაშზე არასდროს მინახავს, ყოველ დღე გვაგიჟებდა, თუმცა, მხოლოდ ის არ იყო, აქ იყვნენ ნეიმარი, ჩავი, სუარესი, ინიესტა, პიკე. დიდ მანქანას ჰგავდა, ერთ ღილაკს აჭერ და ყველამ იცის რა უნდა აკეთოს. ერთია ტელევიზორში უყურო, ან მათ წინააღმდეგ ითამაშო, და მეორეა ყველაფერს ყოველ დღე საკუთარი თვალით ხედავდე. თუ ამ “ბარსათი” ვერ იკაიფე, ესე იგი, ფეხბურთით საერთოდ ვერ კაიფობ. 

 

ბარსელონაში გაიკვირვეს ჩემი კარგი ესპანური, ეს ჩემი ცოლის დამსახურებაა, ტარზანიდან “სევილიას” კაპიტნობამდე მივედი, მერე კიდევ ისტორიაში უდიადესი კლუბის წევრი გავხვდი. ჩემს გოგონებს ყველაფერთან შეგუება სჭირდებათ, ან ჩემსავით შეიშლებიან ფეხბურთზე, ან დედას დაემსგავსებიან და არც კი შეხედავენ ბურთს, ბარსელონაში ყოფნის დროს სადღაც შუაში იყვნენ, გზაგასაყარზე. 

მათ სულ სურდათ რომ გოლი გამეტანა, საგოლე პასი? არა, გოლი სურდათ, მე კიდევ ვუხსნიდი, რომ როცა მესი, ნეიმარი და სუარესი გყავს გუნდში გოლის შეგდება რთულია, მაგრამ გოგოებს რას გააგებინებ?! მერე მესის დაველაპარაკე, ერთი-ორი გოლი მეც გამატანინეთ-მეთქი. კარგი დრო იყო. 

კარგია ოჯახთან ერთად”.

პატივისცემით, 

თქვენი ივან რაკიტიჩი

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (21)

  • me da barca
    23 ივნ 2025, 16:37

    ციტატა: Frenkie de Jong_
    ვარჯიშები როდიდან იწყება?


    13 ივლისიდან