მატჩისშემდგომი მიმოხილვა: კრუიფის აჩრდილი მონჟუიკზე

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: კრუიფის აჩრდილი მონჟუიკზე

  84-ე წუთზე ლორენტემ შეაგდო და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა, სიმეონემ ისე გაიხარა თითქოს გამარჯვების გოლი იყო, მისი გონება უკვე მადრიდშია, იცის რომ საკუთარ კედლებში უფრო ძლიერი იქნება, ფინალში მიმავალ გზაზე “ბარსას” ჯოჯოხეთს დაახვედრებენ, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მაინც ძალიან უცნაური სურათი იყო, რადგან ამ გოლამდე ისეთი გრძნობა მქონდა, რომ “ატლეტიკო” თამაშს ბოლომდე გამოეთიშა, “ბარსა” ყველაფერში ჯობნიდა და ისე ანადგურებდა როგორც ყველა დანარჩენს ლა ლიგაში, მერე კიდევ ასე ერთ წამში ყველაფერი შეიცვალა. რატომ? იმიტომ, რომ მატჩი სიგიჟით დაიწყო, საწყის ექვს წუთში “ატლეტიკო” უკვე 2:0-ს იგებდა, სათამაშო სურათი რამდენჯერმე შეიცვალა, ამ შეხვედრას დრამატურგიის თვალსაზრისით მხოლოდ “ბარსა” – “ბენფიკა” თუ შეედრებოდა მიმდინარე სეზონში, ხარისხის თვალსაზრისით კი ვერცერთი, ის რაც ვნახეთ ძალიან ლამაზი იყო, ის რაც ვიხილეთ სადღაც კრუიფის ოცნების გუნდიდან იღებს სათავეს, მერე რაიკაარდის, გვარდიოლას, ენრიკეს და სხვათა და სხვათა ხელში გამოვლენილა. 

ეს ბარსელონაა. 

ერთი შეცდომა და ყველაფერი თავდაყირა დგება – ეს უკვე “ატლეტიკოა”. გუნდი, რომელმაც იცის, რომ მეტოქე აუცილებლად შეცდება. სორლოტმა 93-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, კუნდეს ფეხი დაუცდა, არ ვიცი სხვა შემთხვევაში შეძლებდა თუ არა შეტევისათვის ხელის შეშლას, ალბათ მაინც ვერა. სორლოტს კი “მონჟუიკზე” მსგავსი რამ უკვე უკადრებია, ასე ერთი შეხებით, ბოლო წუთზე, მარტოს კარის წინ – 4:4. 

97 – ში იყო ერთი დიდი მატჩი, რომელსაც საუკეთესოდ თვლიდნენ “ბარსას” ისტორიაში, იქამდე სანამ პსჟ-თან სასწაულს იხილავდნენ. მაშინ თასის მეოთხედფინალში “ბარსამ” “ატლეტიკო” 5:4 დაამარცხა. იყო იქაც ქამბექები, იმედგაცრუებები და სასწაულები. თუმცა, ეგ განმეორებითი მატჩი იყო, ახლა კიდევ ყველაფერი წინ არის. 

პირველი ტაიმი – პირველი ქამბექი 

სასტარტო შემადგენლობის გაცნობისას ერთი რამ თავიდანვე ხაზგასასმელი იყო – ფერან ტორესმა დაიწყო ძირითადში. “ბარსამ” ისეთი ფეხბურთი ითამაშა მთელი შემტევი ხაზი ქებას იმსახურებს, მაგრამ არა ფერანი, როგორღაც მოახერხა და ამ საზღაპრეთშიც ცუდი კაცი გამოდგა. ორი ისეთი მომენტი გააფიჭა აუცილებლად გოლად რომ უნდა ექცია, თანაც, ისეთ მომენტებში, რომ არაფრით გაფუჭება არ შეიძლებოდა. პირველი მომენტი 0:2 ზე შეექმნა, რაფინიამ დიდებული პასით დატოვა ერთი-ერთზე, ფერანმა იმდენი ხანი დაუთმო დარტყმის მომზადებას რომ მეკარე ყველაფერს მიუხვდა, ასე თუ ემზადები დასარტყმელად ზუსტი მაინც უნდა იყო, მაგრამ ვერც უკიდურეს კუთხეში გაგზავნა და ვერც ძლიერად დაარტყა. აქ ვიფიქრე რომ მორჩა. “ატლეტიკოსთან”, რომელიც ორი ბურთით გიგებს, ამ ბურთს რომ გააფუჭებ, ფაქტობრივად განწირული ხარ, მაგრამ “ბარსაში” უფრო მაგარი ბიჭები თამაშობენ, კიდევ კარგი რომ თამაშობენ. 

ფერანს შეცდომის გამოსწორების შანსი მოგვიანებით მიეცა, მეტოქის მცველები შეცდნენ, ისევ ერთი-ერთზე დარჩა, მეკარეც მოატყუა, მაგრამ დარტყმა ისევ არ გამოუვიდა, ძალიან სუსტად გაგზავნა კარისკენ და რა თქმა უნდა, მცველებმა შეძლეს და გამოიტანეს. ბოლო დროს კარგი ფეხბურთი აჩვენა და შანსიც მიიღო, ახლა კიდევ აიღო ეს შანსი და თავზე გადაიხია. ისევ ის ბიჭია. არაფერი შეცვლილა. 

მე რომ ეკრანს მივიჯექი უკვე 0:1 იყო. ალვარესს გაუტანია. სიმეონეს ისე მოქოქილი გამოყავს გუნდი მოედანზე, პირველი წუთები ყოველთვის რთულია. სულ მცირე ხანში გრიზმანმა მეორეც გაიტანა. მისგან არ მწყენია. არ ჰგავდა იმ გრძნობას ვილას გოლმა, ან სუარესის გოლმა რომ მომგვარა. გრიზმანს ჩვენიანად არასდროს აღვიქვამდი, “ატლეტიკოსთვის” იყო დაბადებული. ბართომეუმ იშვილა მცირე ხნით და როგორც იქნა დაუბრუნეს პატრონს. 

აი მერე კი დაიწყო დიდი ამბები, რომელსაც ორი მთავარი შემოქმედი ჰყავდა, ერთი იყო ლამინე იამალი, ვარსკვლავბიჭუნა, ადამიანი საოცრება! ჩვენი ცაცია რონალდინიო! წაროდგენა არ მაქვს ამ ასაკში ასეთ ფეხბურთს როგორ თამაშობს. აქამდე ეს შეუძლებელი მეგონა, ახლა კი საკუთარი თვალით ვხედავ და მაინც ვერ ვიჯერებ. ფეხბურთი ესმის, თამაში ესმის, ბრაზილიური შეხება აქვს ბურთთან, საოცრად ჰგავს ნეიმარს, მაგრამ ისეთი პასის კულტურა აქვს, რომ რონალდინიოსაც გაგახსენებს. ეს რა ბედი აქვს “ბარსას”?! ეს რა ბიჭი მოუნათლავს მესის?! 

მეორე შემოქმედი ანდ… ვაჰ, აი, გავიფიქრე, იმას ვწერდი, პედრი იყო მეორე ჯადოქარი, ასე ახლოს ინიესტასთან ამ სეზონში ნამდვილად არ მისულა, ყველაზე მეტად იმით ჰგავს რასაც სახელი არა აქვს. ყველას ჰგონია, რომ ბურთს დაკარგავს, აი, სადაცაა წაართმევენ, ამ დროს კი მხოლოდ მან იცის რომ ეს არ მოხდება, ასე უკიდურეს კიდეებშია ჩვენი გონება, და ალბათ მხოლოდ ინიესტა ხვდება რა ხდება ამ დროს პედრის თავში, ჩვენ კი მხოლოდ ბურთს ვხედავთ და ფეხებს, აი ახლა, ახლა, ახლა.. ვერა, არა, გააკეთა! ისევ გააკეთა! ისევ დაიჭირა, მოიგდო ფეხში. 

რა ვიცი, დამთავრდა თამაში და მე ანგარიშზე არ მიფიქრია. ეს ფეხბურთი ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას. 

ანგარიში ასე შემცირდა, უკვე კარგად ნაცადი კომბინაციის შედეგად, კუნდემ ფლანგზე ჩაირბინა და იამალმა ტერფის გარეთა ნაწილით ბურთი შეაყოლა, ისე კარგად, ისე გემრიელად რომ გოლი უნდა მოჰყოლოდა ამ ამბავს, კუნდემ კარგად დააგორა და ზედ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან პედრიმ ანგარიში შეამცირა. 

მერე კიდევ ცოტა ჩრდილში მყოფი რაფინიაც გამოჩნდა, აბა როგორ იქნებოდა, მის გარეშე ამ სეზონში არაფერი ხდება. ორი კუთხური ჩააგდო შორეულ კუთხესთან და ორივეს გოლი მოჰყვა. დამუშავებული ყოფილა. პირველ ჯერზე კუბარსიმ შეაგდო მცველთან ორთაბრძოლაში. მეორე ჯერზე თავად დაბლოკა მეტოქის მცველი და სულ მარტო დარჩა ინიგო, რომელმაც “ბარსა” უკვე წინ გაიყვანა – ესეც ქამბექი პირველ ტაიმში. 

მერე რა იყო დარჩენილ დროში? რა იყო და გეგენპრესინგი იყო, ტიკი-ტაკა იყო, ისიც იყო და ესეც, გერმანულიც და “ბარსელონურიც”. ფლიკთან ასე გამოვიდა. ამ ყველაფერში კი მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა დე იონგს, რომელმაც მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. 

წაგებული ტაიმი 

გადახედავ ახლა მეორე ტაიმს და ვერ დაიჯერებ რომ “ბარსამ” ტაიმი წააგო. ისევ ისე გააგრძელა როგორც მეორე ტაიმი ჩაამთავრა, მაგრამ ბოლოსკენ ყველაფერი აირია. არადა, იყო შანსი 5:2, და 6:2 იც გამხდარიყო. იყო შანსი “ბარსას” თამაში მოეკლა. უნდა ითქვას მადრიდელთა შეტევებზეც, გრიზმანს კარგი შანსი ჰქონდა ტაიმის დასაწყისში ანგარიში გაეთანაბრებინა, მაგრამ შესნიმ აჯობა. ოთხი გაშვებული გოლის მიუხედავად არ ჰქონია ცუდი თამაში. იმ ბოლო დარტყმაზეც სორლოტი რომ შეატოვეს, კინაღამ გამოაძრო ბურთი. 

როგორც იქნა გავიდა ფერანი და გამოვიდა ლევანდოვსკი. მიიღო კიდეც ორი შანსი, დაუხატეს გარემარბებმა. ჯერ ლამინემ, მერე რაფინიამ, ერთი შეირგო, მეორე ვერა. იამალმა ფლანგზე დაჩაგრა მცველები, მთელი მატჩის განმავლობაში სისხლი გაუშრო, ბრწყინვალე თამაში ჰქონდა და საგოლე პასიც მიითვალა. ცუდია რომ გოლი ვერ შეაგდო, ერთი-ორი კარგი დარტყმა კი ჰქონდა. ლევანდოვსკის გოლში კიდევ მთავარი საქმე მან გააკეთა. 

აი, მეორე ეპიზოდი არანაკლებ ლამაზი იყო, რაფინიამ უკვე თავისათვის დამახასიათებელი ფინტით ჩამოიცილა მცველი, თან ისე მოატყუა რომ დატოვა ცენტრში, სივრცე მიიღო, დროული და ზუსტი პასიც გააკეთა, მაგრამ ლევანდოვსკიმ ეს მომენტი ვეღარ გამოიყენა. ეს ასაკია. ასეთი ათიდან ათი გაჰქონდა თავის დროზე. აი ეგ იყო. აქ უნდა მოეკლა თამაში. ვერ გაიტანა და გააცოცხლეს სიმეონეს “ატლეტიკო”. 

პირველი სერიის დასასრული. მეორე მარტის ბოლოსკენ გველოდება. მანამდე კი ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად გავერთობით. 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (9)

  • nika 54
    26 თებ 2025, 21:06

    ციტატა: me da barca
    ტორესი ძირითადს არ უნდა გააკარო, თუ გინდა, რომ რამე შედეგი მიიღო მისგან.


    ხო, ეგ მე-80 წუთზე უნდა შემოუშვა, მეტოქე რო დაღლილია და ვეღარ დარბის.

  • Rick Sanchez
    26 თებ 2025, 17:04

    გამაოგნებელია ჯერ კიდევ როგორ ვერ მოვიგეთ ეს მატჩი, უბრალოდ ამოუხსნელი ამბავია.

  • me da barca
    26 თებ 2025, 16:14

    ტორესი ძირითადს არ უნდა გააკარო, თუ გინდა, რომ რამე შედეგი მიიღო მისგან.

  • Pirat❤️💙
    26 თებ 2025, 11:01

    ციტატა: Mascerano
    ჩამშლელი და ფორვარდი თუარ მოიყვანეს სულ ლამაზი ფეხბურთით დავიმშვიდებთ თავს და ტიტულებს სხვები მოიგებენ.ესაა ჩვენი რეალობა.


    ფორვარდზე გეთანხმები საყრდენზე ბერნალი დაბრუნდება იმედი მაქვს ძველ ფორმას დაიბრუნებს

  • Mascerano
    26 თებ 2025, 10:26

    ჩამშლელი და ფორვარდი თუარ მოიყვანეს სულ ლამაზი ფეხბურთით დავიმშვიდებთ თავს და ტიტულებს სხვები მოიგებენ.ესაა ჩვენი რეალობა.

  • alwaysculerr
    26 თებ 2025, 10:21

    მაღალი კლასის ფორვარდია საჭირო, უნფა დაფასდეს პედრისა და იამალის ჯადოქრული (პოტენციური) ასისტები, რომლებსაც ლევანა და ყვერანი ასუხარებენ. ეს უკანასკნელი სკამიდან უფრო კარგად ერთვება თამაშში ვიდრე ძირითადიდან.

  • C.PC5
    26 თებ 2025, 10:00

    ყოველი წერტილით და მძიმით უზუსტესი აღწერაა ცალკე თამაშის და ცალკე ფეხბურთელების🙌

  • La Pulga10
    26 თებ 2025, 08:49

    პედრი საოცრებაა. პირველ თამაშში ატლეტიკოსთან ხო მოუკუკეს ამ კაცს,ხოდა ეხლაც ჩაუჯვეს გარჯაში. ტოპ 9 იანი გვჭირდება წყალივით.

  • Neymar
    26 თებ 2025, 04:19

    "ყველას ჰგონია, რომ ბურთს დაკარგავს, აი, სადაცაა წაართმევენ, ამ დროს კი მხოლოდ მან იცის რომ ეს არ მოხდება, ასე უკიდურეს კიდეებშია ჩვენი გონება, და ალბათ მხოლოდ ინიესტა ხვდება რა ხდება ამ დროს პედრის თავში, ჩვენ კი მხოლოდ ბურთს ვხედავთ და ფეხებს, აი ახლა, ახლა, ახლა.. ვერა, არა, გააკეთა! ისევ გააკეთა! ისევ დაიჭირა, მოიგდო ფეხში."

    ამაზე ზუსტი პედრის აღწერა არასდროს არსად არ მინახავს😄 ბრავო ფეოლა🙌🏻