ესპანური ფეხბურთის დომინაციის წელი გამოდგა. საერთოდ, ეს საუკუნე ჯერჯერობით ესპანურ ფეხბურთს ეკუთვნის, როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე, აბსოლუტურად ყველა რანგში. ამ წელს კი ევროპის ჩემპიონობას ოლიმპიური ოქროც მიამატეს და სამი “ბარსელონელიც” დასაჩუქრდა – ფერმინ ლოპესი, პაუ კუბარსი და ერიკ გარსია.
ესპანეთის ნაკრებმა ფინალში მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა, ძალიან სანახაობრივი მატჩი გამოდგა, კარგი დრამატურგიით, ძირითადი დრო 3:3 დასრულდა, დამატებითში კი ესპანეთმა კიდევ ორი შეაგდო. ასე დატოვეს ტიერი ანრი ვერცხლით ხელში.
სამივე “ბარსელონელს” კარგი ჩემპიონატი გამოუვიდა, მაგრამ ფერმინი მაინც საუკეთესო იყო, ექვსი გოლი შეაგდო ოლიმპიადაზე, რაც რეკორდია ესპანეთის ოლიმპიურ ნაკრებში. აღსანიშნია, რომ ფერმინ ლოპესი და ალექს ბაენა ევროპის ჩემპიონატზეც იყვნენ წასულები და თამაშიც მოუწიათ, თუმცა, მცირე დრო მიიღეს და ოლიმპიელებს შეუერთდნენ, ასე რომ, ერთ წელში ორი სანაკრებო ოქრო მოიგეს, ეს კი მხოლოდ ალბერტ რასტმა შეძლო 1984 წელს, საფრანგეთის ნაკრებთან ერთად.
ახლა კი ისტორიას გადავხედოთ და ვნახოთ რამდენ “ბარსელონელს” მოუგია ოქრო, სხვადასხვა პერიოდში.
დიდი ურუგვაის “ბარსელონელი” ფორვარდი – 1924 – 1928
ურუგვაის ნაკრები ერთ დროს მსოფლიოს აზანზარებდა – ხმამაღალი ნათქვამი არ გეგონოთ, მაშინ, ოლიმპიადა გაცილებით პრესტიჟული იყო, ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატი, რადგან გაცილებით მეტი და უფრო ძლიერი გუნდები იღებდნენ მონაწილეობას, თუმცა, ურუგვაის არც მუნდიალზე შეურცხვენია თავი – ჯერ ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, მერე კი 1950 წელს “მარაკანას ტრაგედია” დაატრიალა. აი, ეგ იყო ამათი ბოლო გასროლა.
მანამდე კი ოლიმპიადა მოიგეს ორჯერ, რაც დიდი ამბავია – 1924 (პარიზი) და 1928 (ამსტერდამი) წლებში.
1924 წლის ნაკრებში თამაშობდა ფორვარდი ჰექტორ სკარონე.
- პირველ რაუნდში იუგოსლავიას გაუტანა – ურუგვაიმ 7:0 მოიგო;
- მეორე რაუნდში ამერიკას გაუტანა – ურუგვაიმ 3:0 მოიგო;
- მეოთხედფინალში საფრანგეთს დუბლი შეუსრულა – ურუგვაიმ 5:1 მოიგო;
- ნახევარფინალში ნიდერლანდებს გაუტანა – ურუგვაიმ 2:1 მოიგო;
- აი, ფინალში აღარ გაუტანია, ურუგვაიმ შვეიცარია 3:0 დაამარცხა და ოქროს მედალიც მოიპოვა;
ჰექტორმა “ბარსაში” მხოლოდ ერთი სეზონი – 1925/26 წლებში ითამაშა. ჩაატარა 20 შეხვედრა და გაიტანა 21 გოლი. აი, ასეთი კაცი იყო მრისხანე ურუგვაელი.
ზედიზედ მოიგო მეორე ოლიმპიადაც:
პირველ რაუნდში ნიდერლანდებს გაუტანა – ურუგვაიმ 2:0 მოიგო;
მეოთხედფინალში არ გაუტანია – ურუგვაიმ გერმანია 4:1 დაამარცხა;
ნახევარფინალში იტალიას გაუტანა – ურუგვაიმ 3:2 მოიგო;
ფინალის პირველი მატჩი 1:1 დასრულდა, პენალტებს მაშინ არ არტყამდნენ, დაინიშნა გადათამაშება სადაც სკარონემ გადამწყვეტი გოლი შეაგდო და ურუგვაიმ არგენტინა 2:1 დაამარცხა;
გავიდა ორი წელი და იმ დროის საუკეთესო საფეხბურთო ქვეყანამ ისტორიაში პირველ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა – სკარონემ მუნდიალიც მოიგო.
“ბარსას” უნგრელები – 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიადა
ახსოვს ისტორიას რამდენიმე “ოცნების გუნდი”, მათ შორის, ავსტრიის, უნგრეთის, ნიდერლანდების და ა.შ. დღეს ნიდერლანდებმა ასე თუ ისე, შეინარჩუნა მდიდარი საფეხბურთო კულტურა, ავსტრია-უნგრეთი კი ვეღარ მძვინვარებს საფეხბურთო რუკაზე. დიდი უნგრეთის მთავარი ვარსკვლავი “მადრიდს” ერგო, ფერენც პუშკაშის სახით. არანაკლები შეხვდა “ბარსას”, მაგრამ ლაზლო კუბალას ნაკრებში ფაქტობრივად არ უთამაშია პოლიტიკურ მიზეზთა გამო, სამაგიეროდ, “ბარსას” წევრები იყვნენ უნგრეთის ნაკრების ლიდერები – სანდორ კოშიჩი და ზოლტან შიბორი.
როგორც მოსალოდნელი იყო უნგრეთმა ყველას გადაუარა – იტალიას 3:0 მოუგო პირველ რაუნდში, თურქეთს 7:1 მეოთხედფინალში, შვედეთს 6:0 ნახევარფინალში, და იუგოსლავიას 2:0 ფინალში. კოშიჩმა ოთხ შეხვედრაში ექვსი გოლის გატანა შეძლო. ფინალი შიბორისა და პუშკაშის გოლებით მოიგეს.
მოგეხსენებათ ორ წელში მუნდიალი ჩატარდა და უნგრეთი მთავარი ფავორიტი იყო, მერე კი მოხდა ის, რასაც მოგვიანებით “ბერნის სასწაული” უწოდეს. გავიხსენოთ ორი სიტყვით:
- უნგრეთმა ჯგუფში კორეას 9:0 მოუგო, კოშიჩმა ჰეთთრიქი შეასრულა;
- დასავლეთ გერმანიას 8:3 მოუგეს, კოშიჩმა პოკერი შეასრულა;
- მეოთხედფინალში ბრაზილიას 4:2 მოუგეს, კოშიჩმა დუბლი შეასრულა;
- ნახევარფინალში ურუგვაის 4:2 მოუგეს, კოშიჩმა აქაც დუბლი შეასრულა;
ოთხ მატჩში 11 გოლი შეაგდო!
ფინალში უნგრელები შეხვდნენ იმ დასავლეთ გერმანიას, რომელსაც ჯგუფში 8:3 გადაურბინეს. ოლიმპიადის ფინალის მსგავსად აქაც შიბორმა და პუშკაშმა შეაგდეს გოლები, მეექვსე და მერვე წუთებზე, უნგრეთი 2:0 დაწინაურდა და მერე მოხდა ის, რამაც საფეხბურთო ისტორია ერთიანად შეცვალა. ყველამ მიივიწყა კოშიჩის გვარი, აღარც შიბორი ახსოვთ, პუშკაში შემორჩა, მაგრამ ეგეც “მადრიდის” წყალობით, გერმანიის ნაკრები ყველაზე კონკურენტუნარიანი ევროპული ნაკრებია, უნგრული ზღაპარი კი დასრულდა.
უნგრეთის ნაკრებმა კიდევ ორჯერ მოიგო ოლიმპიადა – 1964 და 1968 წლებში, მაგრამ ეს უკვე აღარ იყო “ოცნების გუნდი” და აღარც ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირი იყო ისეთი პრესტიჟული როგორც წინა წლებში.
ესპანეთის პირველი ოქრო – 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიადა
1992 წელს ოლიმპიურ თამაშებს ბარსელონამ უმასპინძლა. მთავარი ვარსკვლავი მაიკლ ჯორდანი იყო და ამერიკამ ისეთი გუნდი ჩაიყვანა, დიდი ალბათობით 2024 წლის ოლიმპიურ გუნდს ნაწილებად დაშლიდნენ. მთელი ყურადღება კალათბურთმა წაიღო, მაგრამ არც ფეხბურთს უჭირდა რამე. რა თქმა უნდა, ესპანეთის ნაკრებში მასპინძლებს უნდა ეთამაშათ და მაშინ მოქმედი ფეხბურთელებიდან ორი იყო ასეთი – პეპ გვარდიოლა და ალბერტ ფერერი.
სხვადასხვა დროს “ბარსას” ფეხბურთელთაგან კი იყვნენ – ლუის ენრიკე, ანტონიო პინილია, ფრანცისკო ვესა, აბელარდო ფერნანდესი და ალფონსო პერესი.
- გახსნითი მატჩი ესპანეთმა კოლუმბიას 4:0 მოუგო, გვარდიოლამ ანგარიში გახსნა, ლუის ენრიკემ კი წერტილი დასვა;
- ჯგუფის მეორე მატჩი 2:0 მოიგეს ეგვიპტესთან;
- მესამე მატჩი ასევე 2:0 კატართან – ერთი გოლი ალფონსო პერესმა შეაგდო;
- მეოთხედფინალში კიკოს გოლით 1:0 დაამარცხეს იტალია;
- ნახევარფინალში 2:0 დაამარცხეს განა – ერთი გოლი აბელარდომ შეაგდო;
- ფინალში, “კამპ ნოუზე”, 3:2 დაამარცხეს პოლონეთის ნაკრები, აბელარდომ აქაც შეძლო ერთი გოლის შეგდება; ესპანეთმა 95’000 ქომაგის თვალწინ იზეიმა ჩემპიონობა.
მოულოდნელი ოქროს თაობა – 1996 წლის ატლანტის ოლიმპიადა
ნამდვილად ოქროს თაობა ჰყავდა ნიგერიის ნაკრებს, მაგრამ “ოცნების გუნდი” მათთვის არავის უწოდებია. სასწაული ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ აფრიკის კონტინენტის პირობაზე გადასარევი გუნდი იყო. “ბარსას” მაისური თავის დროზე ამუნიკეს მოურგია, რომლის გვარიც მხოლოდ ერთი რამის გამო მახსოვს, რივალდომ საოცარი გოლი შეაგდო “ოვიედოსთან”, იმ მატჩში ჰეთთრიქი შეასრულა, მაგრამ ეს ერთი თავისებურად გაისროლა შორიდან, მერე ყველა შემოიკრიბა ცენტრში, ფორმები გაიხადეს და შიდა მაისურზე ყველას ამუნიკე ეწერა, ასე დაუჭირეს მხარი ნიგერიელს, რომელიც ტრავმას მკურნალობდა.
ეგ იყო და ეგ, მე სხვა ამ გვარისგან არაფერი მახსოვს.
ისე კი, სხვა ნიგერიელები უფრო შემორჩნენ ისტორიას – ბაბაიარო, ბაბანგიდა, კანუ, ოლისე, ვესტი, რა თქმა უნდა, ჯეი-ჯეი ოკოჩა. ამათ ნამდვილად შეეძლოთ ფეხბურთის თამაში.
1996 წელს კი მოულოდნელად გახდნენ ოქროს მედალოსნები, არადა, მთელი მსოფლიო ბრაზილიის ტრიუმფს წინასწარმეტყველებდა. ნიგერია სწორედ ბრაზილიის ნაკრებთან მოხვდა ჯგუფში. ბრაზილიის შემადგენლობაში კი ორი რონალდო თამაშობდა, ამიტომ, “ფენომენომ” მაისურზე რონალდინიო დაიწერა – ესეც, მოგვიანებით სულ სხვა ისტორიას დაედო საფუძვლად.
სამმა გუნდმა დააგროვა 6 ქულა – პირველზე ბრაზილია გავიდა, მეორეზე ნიგერია, მესამეზე იაპონია. ბურთების სხვაობით ასე მოხდა და იაპონია ჩატოვეს.
- ბრაზილიამ ნიგერია 1:0 დაამარცხა ჯგუფში, ისე ერთი “ფენომენომ” გაიტანა.
- მეოთხედფინალში ნიგერიამ მექსიკა დაამარცხა 2:0;
- ბრაზილიამ განა 4:2 – რონალდომ დუბლი შეასრულა;
- და ასე მივიღეთ ტურნირის მთავარი მატჩი ნახევარფინალში – ბრაზილია vs ნიგერია;
საოცარი მატჩი გამოდგა, რომლის გმირად ნვანკო კანუ იქცა, ჯერ 90-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში – 3:3, მერე კი დამატებით დროში შეაგდო გადამწყვეტი გოლი და ნიგერია ფინალში გაიყვანა.
და, აი აქ მოვედით ამ “ბარსელონელ” კაცთან. ნიგერიამ ფინალში არგენტინა დაამარცხა, კლაუდიო ლოპესისა და კრესპოს არგენტინა. გადამწყვეტი გოლი ბოლო წუთზე სწორედ ამუნიკემ გაიტანა – 3:2 ნიგერიის სასარგებლოდ.
აფრიკული ოლიმპოს გაგრძელება – 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადა
ამ დროისთვის სამუ ეტო’ო “მადრიდიდან” განათხოვრებული “მალიორკაში” თამაშობდა. სულ რაღაც 19 წლისა იყო და ყველამ იცოდა, რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებდა. ხელისშემშლელი მხოლოდ მისი ხასიათი იყო, ამას კი ლუის არაგონესმა კარგად მიხედა, როგორღაც გამოაწრთო ამ თავხედი ბავშვისგან კაცი.
2000 წლის ოლიმპიადაზე ეტო’ო მთავარი ვარსკვლავი ნამდვილად არ ყოფილა, კამერუნს ამ დროს მბომა ლიდერობდა, ოთხი გოლიც შეაგდო ამ ტურნირზე, ეტო’ომ მხოლოდ ერთი გაიტანა და ისიც ფინალში. ესპანეთი – კამერუნი 2:2 დასრულდა, ოთხიდან სამი გოლი “ბარსელონელებმა” შეყარეს – ეტო’ომ, ჩავიმ და გაბრიმ.
მატჩი პენალტებამდე მივიდა სადაც კამერუნი გამოდგა უკეთესი.
მოდი ისიც ვთქვათ, რომ კამერუნმა მეოთხედფინალში რონალდინიოს ბრაზილიის ნაკრები გამოთიშა ასპარეზობას. თავს ვერ დავდებ, მაგრამ ალბათ აქ გადაიკვეთნენ პირველად მომავალში მომაკვდინებელი დუოს შემქმნელები – რონი და ეტო’ო.
არგენტინული ტალღა – 2004 წლის ათენისა და 2008 წლის პეკინის ოლიმპიადები
2004 წელს ათენის ოლიმპიადა არგენტინამ დამაჯერებლად მოიგო. მთავარი ვარსკვლავი კარლოს ტევესი იყო, რომელიც გახდა კიდეც ბომბარიდი 5 გატანილი გოლით. “ბარსას” ორმა ფეხბურთელმა დაიმსახურა ოქროს მედალი – ხავიერ სავიოლამ, (ერთი გოლი შეაგდო ტურნირზე) და ხავიერ მაშერანომ.
არ დაგიმალავთ და 2008 წლის პეკინის (ბეიჯინგის) ოლიმპიადა უფრო კარგად მახსენდება, ამ დროს ხომ ლიონელ მესიმ გადაწყვიტა ოლიმპიადის მოგება. ახლა სულ სხვაგვარად ჩანს ბევრი რამ, მათ შორის, მესისა და დი მარიას პარტნიორობა. აგერ, აქედან დაიწყეს და მერე კი ვნახეთ სადამდე მივიდნენ. მოიგეს აბსოლუტურად ყველაფერი და მიმდინარე წელს წრეზეც კი წავიდნენ.
მთავარი კი მაინც გზაა – ის დაბრკოლებები, რისი გადალახვაც მოუწიათ.
2008 წელს მეორედ მოიგო ოქრო ხავიერ მაშერანომ და პირველად კუნ აგუერომ. კინაღამ დამავიწყდა, რომ აგუეროც “ბარსელონელია”.
- მესიმ ერთი გოლი ჯგუფში შეაგდო კოტ’დიუვართან, (2:1);
- ერთიც მეოთხედფინალში ნიდერლანდებთან – არგენტინამ 2:1 მოიგო;
- ძალიან საინტერესო იყო ნახევარფინალში მესი – რონალდინიოს დაპირისპირება – არგენტინამ 3:0 მოიგო. მსოფლიოს ახალი მეფე ეზრდებოდა, რონალდინიომ კი ნაადრევად დაიწყო დაღმასვლა და ახალი სეზონის დაწყებამდე დატოვა “ბარსა”.
- ფინალში არგენტინამ 1:0 დაამარცხა ნიგერია – გოლი ანხელ დი მარიამ გაიტანა, ამის მერე კი ყველა ფინალში შეაგდო.
ეს ყველაფერი კი პეპის ლოცვა-კურთხევით მოხდა. “ბარსას” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან უწევდა სეზონის დაწყება, გვარდიოლამ ნაადრევად შეკრიბა გუნდი, მესიმ კი ოლიმპიადაზე წასვლა ითხოვა. იყო ბევრი დავა ამაზე და პეპმა გადაწყვიტა ლეოსთვის თავისუფლება მიეცა – მოგვიანებით თქვა, რომ ამ გადაწყვეტილების გამო ასმაგად მიიღო სარგებელი.
ბრაზილიური დუბლი – 2016 წლის რიოსა და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადები
რთული დასაჯერებელია, მაგრამ ბრაზილიას არასდროს ჰქონია ოლიმპიადა მოგებული, ჰოდა, სად უნდა მოეგოთ რიოს გარდა?! ასე გატეხეს ნავსი, მიიღეს სასურველი, რაშიც “ბარსას” ფეხბურთელებმაც” შეიტანეს წვლილი. ოთხი წლის შემდეგ კი მეორე ოლიმპიური ოქროც მიაყოლეს.
2016 – ში ოქრო მოიგეს ნეიმარმა და რაფინიამ, (ალკანტარამ). ნეიმარმა ოთხი გოლი შეაგდო ტურნირზე, თუმცა, ბომბარდირობისთვის არ ეყო. ბრაზილიამ ფინალში გერმანია დაამარცხა. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. გოლი ნეიმარმა შეაგდო. თერთმეტმეტრიანებში გადამწყვეტი დარტყმა ისევ ნეიმარმა შეასრულა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.
2020-ში, ტოკიოს ოლიმპიადაც ბრაზილიამ მოიგო. უხუცესმა დანი ალვესმა და მალკომმა. ფინალში ესპანეთის ნაკრები დაამარცხეს, მატჩი დამატებით დროში გადავიდა, სადაც გადამწყვეტი გოლი სწორედ მალკომის ანგარიშზეა. სამწუხაროდ, “ბარსაში” დიდად წარმატებული არ ყოფილა, არც სხვაგან, ეს გოლი იყო მისი კარიერის პიკი.
ესეც ასე,
2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე უკვე ითქვა. ისღა დაგვრჩენია მომდევნო ტურნირს დაველოდოთ.







არვიცი რატომ, მაგრამ მესის მოწინააღმდეგეები ყოველთვის ამბობდნენ, რომ ოლიმპიადა სანაკრებო ტიტულად არ ითვლებაო.