workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სამი ქულა ნაბახუსევზე

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სამი ქულა ნაბახუსევზე

ესეც ასე, დავბრუნდით!

სანაკრებო პაუზის მერე დაბრუნება ყოველთვის ნაბახუსევზე თამაშს წააგავს. თუმცა, საუკეთესო სანაკრებო პაუზა იყო, რაც კი ოდესმე ყოფილა ფეხბურთში, დაარსების დღიდან, დღემდე. ჩვენ უკვე უბრალო ფეხბურთის მოყვარულები აღარ ვართ, ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე გასული გუნდის ქომაგები ვართ. დიდი სანაკრებო ტურნირი გვაქვს წინ. 

ბევრ თქვენთაგანს არც ემახსოვრება. მაგალითად, ევრო 2000 ის წინ, ქართველ ფეხბურთელებს ეკითხებოდნენ ვის ქომაგობთო და ისინიც სხვადასხვა ნაკრებებს ასახელებდნენ, ვისაც სად ჰყავდა მეტი სანაცნობო. მაგალითად, შოთა ნიდერლანდებს ქომაგობდა, იმიტომ, რომ აიაქსელი იყო და ა.შ. 

წარმოგიდგენიათ? ქართველი ქომაგი კი არა, ქართველი ფეხბურთელებიც კი სხვა ნაკრებებს უჭერდნენ მხარს. ახლა კი ჩვენი გვაქვს საქომაგო. გერმანიაში, საქართველოში, მოედანზე თუ ტელევიზორთან. ყველაფერი წინ არის. უკვე იმხელაა ეს ფეხბურთი რომ შეგიძლია ჩაისუნთქო სუფთა ჰაერივით. 

დიდი ტურნირებიდან კიდე მარტივად ხვდებიან ფეხბურთელები გრანდებში. ეგ ოცნებაც წინ არის და რატომღაც მგონია რომ მალე ასრულდება, ქართველი ითამაშებს “ბარსელონაში”. ვინ, როგორ, როდის.. ეგ უკვე მომავლის კითხვებია. 

გარდა ამისა, ესპანეთის ნაკრებიც კარგი იყო პაუზაზე, 16 წლის იამალმა სხვა ხალხიც გააოცა, თანაც, “ბერნაბეუზე”. ტაშიც დაუკრეს. ჯერ 16 წლისაა და.. ტაში დაუკრეს “ბერნაბეუზე”. ზღაპრულად იწყება მისი ამბავი. რაღაც განსაკუთრებულს რომ ვადევნებთ თვალყურს ფაქტია. 

დავბრუნდით “მანჟუიკზე” 

სხვაობა ხუთი ქულაა “მადრიდთან”, სულ რაღაც ხუთი. თამაში აქვთ დარჩენილი, არც ისე იოლი. ქულებს კიდევ დაკარგავენ, თანაც, ჩემპიონთა ლიგაზე რევანში აქვთ გვარდიოლასთან ასაღები, მაგრამ პეპის ბიჭები არ იღლებიან მოგებით, ამ მწვრთნელთან სხვაგვარად არც გამოვა. 

რამდენიმე კვირის წინ ბოლომდე ხელი იყო ჩაქნეული ლა ლიგაზე, ახლა სანახევროდ შეჩერებულია ეს ჩაქნეული და ეგებ ამოვიქნიოთ კიდეც 3-4 ტურში. როგორც მინიმუმ იმის თქმა დანამდვილებით შეიძლება რომ “ბარსამ” დაცვაში თამაში საგრძნობლად გააუმჯობესა. ჩემპიონატში უკვე ხუთი ტურია გოლი არ გაუშვია, კუნდე კარგ ფორმაში შევიდა, კუბარსი იამალზე არანაკლებ ბრწყინავს, კანსელუმ თავიდანვე შეგვაყვარა თავი და არაუხო როგორც წესი, ისვენებს ხოლმე ცენტრალური მატჩების წინ. 

სეზონის მთავარი დავალება ექნება შესასრულებელი – კილიან მბაპეა დასაჭერი. აბა, ვის შეუძლია ამის გაკეთება თუ არა არაუხოს?! 

ჩავისა და ლუის ენრიკეს შეხვედრა კიდევ სულ სხვა ფურცელია და ცალკე არის მოსათხრობი. თანაგუნდელებიც იყვნენ, მერე კიდე ჩავიმ თავისი უკანასკნელი სეზონი “ბარსაში” სწორედ ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით ჩაატარა, ჩემპიონთა ლიგაც მოიგო და წავიდა. 

მას მერე “ბარსას” ლიგა აღარ მოუგია. 

დაგვიბრუნდნენ ესპანელი მსაჯებიც 

“ბარსამ” მოიგო და ამიტომ გვეცინება, აბა ვერ მოეგო რა დღეში ვიქნებოდით. მორიგი შედევრი შექმნეს ესპანელმა მსაჯებმა. VAR-იან, ალმებიანად, უყურეს უყურეს და მაინც ვერაფერი გაიგეს. მარტო ესპანეთში შეიძლება ასეთი გოლი გავიდეს, ცხრა თვალმა უყუროს VAR-ზე, და მაინც არ ჩაითვალოს. საოცარი ხალხია, თითქოს მთელ მსოფლიოს ტროლავენ. აბუჩად იგდებენ. მერე ადგა ეს დალოცვილი და “ლას პალმასს” მეკარე გაუგდო. ორივე მომენტი “ლას პალმასის” მცველებს ზურგსუკან გაკეთებული პასის შედეგად შეიქმნა. ბევრჯერ ვნახეთ ამ სეზონში რომ “ბარსას” გამოსდის ასეთ დროს თამაში, როცა მეტოქე ცენტრამდე ამოწეული დაცვით თამაშობს. 

იქმნება მომენტები არა იმდენად სისწრაფის, არამედ, სწორი პაუზებისა და პასის კულტურის ხარჯზე. თორემ, დიდი გამქცევი ვერ არის ლევანდოვსკი, ან თუნდაც რაფინია. ლამინე კი მაგაშიც მოუმატებს. 

ვერ ვიტყვი რომ ნახევარდაცვის ცენტრი შთამბეჭდავი იყო და ვერც იქნებოდა ვერანაირად – გიუნდოგანი, ფერმინი, სერჟი რობერტოს ტრიო ვერ ჟღერს ომახიანად. პაუზამდე ფერმინმა და რობერტომ ძალიან კარგი შეხვედრები ჩაატარეს და მათი დიდი დამსახურებაა, რომ “ბარსა” ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა, მაგრამ პარიზელებთან ამ ფეხბურთელებით ძალიან გაჭირდება. 

პედრის აპრილის მეორე ნახევარში ელიან, ფრენკი დე იონგს მაისში, გავის კიდევ მომდევნო სეზონში. 

სამი ქულა ჯიბეში 

ჩავიმ ტრიბუნიდან უყურა თამაშს. კიდევ ერთს შეხედავს ასე და მერე დაბრუნდება თავის ადგილზე. შეცვლები კი სწორ დროს გააკეთა. გოლი მაინც რაფინიამ შეაგდო, ჟოაუ ფელიქსმა სწორედ ჩავის მსგავსად გააკეთა ძალიან კარგი პასი, რაფინიაც დანი ალვესივით შევარდა საჯარიმოში და თავით ძალიან კარგი გოლი შეაგდო. 

უფრო მეტიც უნდა შეეგდო, მაგრამ ხან არ ჩაუთვალეს, ხანაც თავად ვერ შეირგო ვერაფერი. 

ფელიქსზე კიდევ აქ ვერ გავჩერდებით, პასი ისეთი გააკეთა სურვილი გაგიჩნდება რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმონ, მაგრამ ისეთი მომენტი გააფუჭა ხვდები რომ ბოლომდე მაინც ვერ ენდობი. თანაც, პირველად არ მომხდარა ეს ამბავი. ორი მეტრიდან ხარიხას გაარტყა. 

კონცენტრაციის ამბავია, ბურთიც მაღლა აუხტა დარტყმის წინ, ტანიც ზედმეტად უკან გადახარა და წაიშინა მერე ხელები თავში. 

ეგ არაფერი, მთავარია გუნდმა მოიგო.

შემდეგი მატჩი კი უკვე პარიზში გველის. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • Rick Sanchez
    schedule 31 მარ 2024, 23:39
    #8

    პსჟსთან ამ ნახევარდაცვით მართლა შანსი არ გვაქვს, ფერმინისთვის ბურთის დაჭერა ან განაწილება ძალიან უცხო ხილია. რობერტომ და ილქაიმ უნდა იყოჩაღონ.

  • nika 54
    schedule 31 მარ 2024, 16:45
    #7

    "იქმნება მომენტები არა იმდენად სისწრაფის, არამედ, სწორი პაუზებისა და პასის კულტურის ხარჯზე. თორემ, დიდი გამქცევი ვერ არის ლევანდოვსკი, ან თუნდაც რაფინია. ლამინე კი მაგაშიც მოუმატებს. "
    იწერებოდა ლევანდოვსკი დაისვენებსო და როკე იქნება ძირითადშიო. ეს ყველას მოეწონა, ჩავიმ კი მაინც ბებერი დასასვენებელი ლევანდოვსკი გამოუშვა და ეტყობოდა მართლა დაღლილი რო იყო. როკე იმავე დროში ერთ მომენტს ხო მაინც შექმნიდა, რატო იქცევა ეს კაცი(ჩავი) ასე ვერ ვხვდები.

  • Don_Andresito
    schedule 31 მარ 2024, 16:00
    #6

    ციტატა: cruyff9
    დღეს რეალმა წააგოს რა იქნება?👏🏻👏🏻ვალოდიას მასტერკლასი მინდა


    აბა როხას კითხე, პერესის ბოლ ბოი მსაჯუნას 😀 ახლა გადამწვეტი ეტაპია ლა ლიგაში და პერესიც კარგად ხვდება, ახლა ქულების კარგვა არ შეიძლება და არც დაკარგავენ. ან მარტივად მოიგებენ და ბილბაო ფეხებს გაშლის, ან მსაჯი იზამს საქმეს

  • Barca
    schedule 31 მარ 2024, 15:10
    #5

    როკე მეცოდება საერთოდ არ ათამაშრბენ

  • alwaysculerr
    schedule 31 მარ 2024, 15:05
    #4

    დე იონგი მაისშიო?! ხო იწერებოდა პსჟ-სთან მზად იქნებაო😀

  • JustBarcaLover
    schedule 31 მარ 2024, 14:39
    #3

    ციტატა: cruyff9
    დღეს რეალმა წააგოს რა იქნება?👏🏻👏🏻ვალოდიას მასტერკლასი მინდა


    რეალმა სულ რომ ვერაფერი ქნას მსაჯები მოაგებინებენ

  • cruyff9
    schedule 31 მარ 2024, 14:37
    #2

    დღეს რეალმა წააგოს რა იქნება?👏🏻👏🏻ვალოდიას მასტერკლასი მინდა

  • rivaldo80
    schedule 31 მარ 2024, 12:28
    #1

    ჩავის უყვარს როცა სკამიდან ვინნე ძლიერი შემოყავს და ამას ფელიში იდეალურად ასრულებს ხშირად.ფერმინმა უნდა ივარჯიშოს ბურთის მიღება და ეგრევე პასზე ბევრი წუნი აქვს.რაც არ უნდა ვიტანჯებოდეთ რაფინიას თამაშით საუკეთესო სტატისტიკა აქვს და ამ ეტაპზე გუნდისთვის ესა მთავარი.რავიცი გუნდი არ აგებს კაი ხანია მიუხედავად ამდენი ტრავმებისა იბრძვის ბოლომდე.