workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ყველა დროის საუკეთესოთა პირამიდა – ვინ არის სათავეში

ყველა დროის საუკეთესოთა პირამიდა – ვინ არის სათავეში

აქამდე ვწერდი ჩემთვის სამი ხელშეუხებელი სიდიდე არსებობს და ძალიან არ მიყვარს მათი შედარება-მეთქი. რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება რაიმე ლოგიკას ჩაეჭიდო და ერთის უპირატესობა წარმოაჩინო მეორესთან მიმართებით. მეორის უპირატესობა მესამესთან და ასე დაუსრულებლად. 

არადა, პირამიდას ერთი თავი აქვს. 

ისე როგორც ილიადაში, ძალთა თანაფარდობა პირამიდისეულია. მხოლოდ აქილევსია თავში მოქცეული, ჰექტორს არ შეუძლია მისი დამარცხება, თუ თავად აქილევსი არ მოინდომებს ამას. რადგან ჰექტორი მეორეა, პირამიდის მიხედვით უნდა იყოს კიდევ ერთი მებრძოლი, რომელიც გვერდით ამოუდგება და ზუსტად ვიცით, რომ ეს მებრძოლი აიასია. იბრძვიან იქამდე სანამ მზე არ გადავა, მერე კი დაზავდებიან, გაცვლიან ძღვენს და დაიშლებიან. 

მათ ქვემოთ უნდა იყოს სამი მებრძოლი, მერე ოთხი და ა.შ. 

ჰოდა, დავიწყოთ ჩვენც პირამიდის მშენებლობა. 

საძირკველი – ექვსიანთა ლიგა 

რადგან პირამიდას ვაგებთ, მოდი არა შვიდ, არამედ ექვს საფეხურად დავყოთ. სულ 21 ფეხბურთელის შერჩევა მოგვიწევს და ყველაზე მეტი, ექვსი მათგანი, საძირკველში იქნება მოქცეული. 

მოდი შევჩერდეთ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც თავიანთი კლუბებისა და ნაკრებების სიმბოლოებად იქცნენ. 

პაოლო მალდინი – რობერტო ბაჯო – ინიესტა – ჩარლტონი – გერდ მიულერი – ვან ბასტენი

I. პირველი კანდიდატის შერჩევისას პაოლოს კონკურენტები იყვნენ ბობი მური, სერხიო რამოსი, ჯიაჩინტო ფაკეტი, ფრანკო ბარეზი და გაეტანო შირეა. რადგან სუბიექტური პირამიდა გვაქვს, არჩევანი პაოლო მალდინიზე შევაჩერე. უმაღლეს დონეზე ასე სტაბილურად არასდროს არცერთ მცველს არ უთამაშია. ჩემი აზრით, არა მცველობით, არამედ თავისი სიდიდით საფეხბურთო სამყაროში, ძალიან ახლოს არის მასთან სერხიო რამოსი, რომელიც უდიდეს მემკვიდრეობას ტოვებს, მაგრამ მალდინისთან შედარებით მაინც ოდნავ პატარა მეჩვენება. 

II. ბაჯოს ბევრი კონკურენტი ჰყავდა, ან მას მოვახვედრებდი, ან რომარიოს. მე რომარიო უფრო მიყვარს, მაგრამ ვერაფრით ვპატიობ ამ ბრაზილიურ ჭკუამხიარულობას, ეგეც ხომ ტრავმებს არ გაუტაჯავს რონალდოს მსგავსად, უბრალოდ აიღო და წყალში ჩაყარა ყველაფერი.

უმეტესად მაინც დელ პიეროზე უნდა ითქვას. ხშირად ვსაუბრობთ იმაზე რას წარმოადგენდა ბრაზილიელი რონალდო ტრავმამდე, და არასდროს გვისაუბრია რას წარმოადგენდა დელ პიერო ტრავმამდე. არ გვისაუბრია იმიტომ, რომ “ბარსაში” არასდროს უთამაშია, არც უფიქრია, აზრადაც არ მოსვლია, მეტისმეტად ერთგული იყო. “იუვენტუსში” ზიდანზე დიდი ავტორიტეტიც ჰქონდა, ბაჯო კიდე ყველგან ჩააჩოჩა, ნაკრებშიც და კლუბშიც. გახდა უდიდესი ლეგენდა, მაგრამ მაინც დატოვა კითხვა, – რა იქნებოდა რომ არა ტრავმა? დელ პიერომ 98-ში გაიწყვიტა ჯვარედინი იოგები, ადრეც აღგვინიშნავს, – ამ ტრავმის მერე, სპორტსმენი იგივე დონეზე ვეღარ ბრუნდება. ამიტომ, როგორც თავად ჩააჩოჩა ბაჯო, ისე ჩააჩოჩა ნაკრებში ტოტიმ, ათიანიც დაახია და სწორედ ის იქცა ნაკრების სახედ. 

მე კიდე ამ კონკურენციაში ბაჯო ვარჩიე. ჯერ ერთი 1994 წლის მუნდიალის გამო. მერე 1990 წლის მუნდიალის გამო. ბოლოს კი ოქროს ბურთის გამო. 

III. ინიესტას კონკურენტების მეტი რა ჰყავდა?! ჩავიც აქვე იყო, ლუკა მოდრიჩიც, რომელიც წარმოუდგენლად მდიდარ მემკვიდრეობას ტოვებს და სხვა საიტზე ალბათ აჯობებდა კიდეც ყველას, მაგრამ ჩვენთან ინიესტა მოხვდა სიაში. მხოლოდ მას შეეძლო მოედანზე ისეთი რამის გაკეთება, რის მერეც იტყოდი, – ამას მესიც ვერ მოიფიქრებდაო! 

IV. ჩარლტონის კონკურენტები იყვნენ წინა საუკუნის ლეგენდები. ზინდელარი, ლეონიდასი, ბევრნი არიან, რა გამოლევთ.. მაგრამ, სიტყვა ლეგენდა თუ ვინმეს უხდება, ეს პირველ რიგში სერ ბობი ჩარლტონია. ბიჭი, რომელიც გადარჩა! 

ახალგაზრდა ბობი ჩარლტონი მიუნხენის ტრაგედიას გადაურჩა. მან თავისივე თანაგუნდელები და უახლოესი მეგობრები დამარხა. მერე კი ძალა იპოვა იმისათვის, რომ თამაში გაეგრძელებინა, მანჩესტერის გადარჩენასა და აღზევებაში მიეღო მონაწილეობა, მოეგო ჩემპიონთა თასი, მსოფლიო ჩემპიონატი და ოქროს ბურთი. ჩემს სიაში ამ კაცის ადგილი ყოველთვის მოიძებნება. 

V. გერდ მიულერის მსგავსი ფორვარდი მსოფლიოს აღარ ჰყოლია. მისი სტილის კიბატონო, მაგრამ მისი დონის არა. ხანდახან ახსენებდნენ ხოლმე ფილიპო ინძაგის, თანდაყოლილი ალღოს გამო. ახსენებდნენ რამაზ შენგელიას, და ჩემი წარმოდგენით შენგელია უფრო ჰგავდა, ვიდრე ინძაგი, მაგრამ გერდ მიულერი მაინც ცაშია აჭრილი სათამაშო დონით. 

მაშინ გაცილებით ცოტას თამაშობდნენ. მეტი რომ ეთამაშათ გოლიც გაცილებით მეტი იქნებოდა, რადგან მიულერისთვის თამაში და გატანილი გოლი ერთი და იგივე რამ იყო. 

ეროვნულ ნაკრებში 62 შეხვედრა ჩაატარა და 68 გოლი გაიტანა. 

6 მატჩი ჩაატარა 1970 წლის მუნდიალზე და 10 გოლი გაიტანა. 

მოიგო 1972 წლის ევროპის ჩემპიონატი. მაშინ ევრო ოთხგუნდიანი ტურნირი იყო. მიულერმა ნახევარფინალშიც დუბლი შეასრულა და ფინალშიც. იმდენი რომ ეთამაშა, რამდენსაც ახლა თამაშობენ, სად იქნებოდა თავის რეკორდებით კაცმა არ იცის. ამის მერე 74 წლის მუნდილიც მოიგო. რა თქმა უნდა, ფინალშიც გაიტანა. აქ მხოლოდ ერთი კითხვა ისმის, – რატომ ასე ქვემოთ? რავიცი.. ასე გადავწყვიტე. 

VI. ვან ბასტენი გაცილებით წინაც შეიძლებოდა ყოფილიყო. ბოლოს და ბოლოს, ბევრის აზრით ყველა დროის საუკეთესო ცხრიანზეა საუბარი. ჩემს სიაში აქ აღმოჩნდა. მშვენიერ კომპანიაშია, არაფერი ექნება დასაძრახი. მარკო მთელი კარიერა ტრავმებით თამაშობდა და ბოლოს ვეღარ გაუძლო. 30 წლამდე შეეშვა თამაშს. საკლუბო დონეზე იფრინა, არც სანაკრებოზე დაუკლია და ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო გოლის ავტორიც გახლავთ. გახედოს მალდინის, ბაჯოს, ინიესტას, ჩარლტონს, მიულერს, – მგონი არ უნდა დაგვრჩეს ნაწყენი. 

მარკოს მთავარი კონკურენტი პორტუგალიელი ეუსებიო იყო. ეუსებიო ჩემს სიაში ვერ მოხვდა. დაწყების წინ ამას ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ რას ვიზამთ.. 

ხუთიანთა ლიგა – ხალხის სიხარული

მეორე საფეხურზე ის ხალხი გვყავს რომელთაც ყველაზე დიდი სიხარული მოჰქონდათ გულშემატკივრებისთვის. აქ დიდი კონკურენცია არ გვაქვს, რადგან ასეთი ფეხბურთელები ძალიან იშვიათად იბადებიან. ეს ვნების ხალხია. თავდავიწყების. და არასდროს განიხილებიან ყველა დროის საუკეთესოთა შორის, რადგან ძალიან მძიმე ხასიათი ჰქონდათ და ცხოვრების სხვა სიკეთეებსაც ეტანებოდნენ. ვერ იყვნენ, მაინცდამაინც მისაბაძი სპორტსმენები. 

გარინჩა – რონალდინიო – ჯორჯ ბესტი – მიხეილ მესხი – ჯუზეპე მეაცა 

როგორც ხედავთ, ორი ბრაზილიელია, ერთი ჩრდილოეთ ირლანდიელი, ერთი ქართველი და ერთიც იტალიელი. 

I. გარინჩა პელეზე მეტად უყვარდათო, – ასე ამბობენ, არ ვიცი დაეჯერება თუ არა. ასე ლეგენდებად მოდის ამბები და მერე აღმოვაჩენ ხოლმე რომ სულ ტყულია ყველაფერი, მაგრამ ეს მართალს ჰგავს. ფეხმოკლე კაცი ბრაზილიის მთავარ სიხარულად იქცა. 

II. რონალდინიო ჩვენი დროის ჯადოქარი იყო. ასეთი სანახაობრივი ფეხბურთი 21-ე საუკუნეში ალბათ არავის უთამაშია. მისი დამსახურებაა, რომ ფეხბურთმა მილიონობით მაყურებელი შეიძინა. ახლა ჩივიან, ფეხბურთი მაყურებელს კარგავსო, ეგრეა კი, რონალდინიოს მსგავსი აღარავინ არის მოედანზე.

III. ჯორჯ ბესტი თავის ირლანდიული სიგიჟეებით. ბრიტანეთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი გახლავთ. ჩარლტონზე მაღლა დააყენეს. სანამ გულზიდვამდე არ მიიყვანდა მცველებს მანამდე გოლი არ გაჰქონდა. ჩემი შემოსავლის უდიდესი ნაწილი სასმელში, ქალებში და მანქანებში დავხარჯე, დანარჩენი კიდე უბრალოდ გაიფლანგაო. ასეთი კაცი იყო. ბოლომდე დატკბა ცხოვრებით და ნაადრევად დაგვტოვა. 

“1969 წელს გადავწყვიტე ალკოჰოლზე და ქალებზე უარი მეთქვა, ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე ოცი წუთი იყო”, – ესეც მისი სიტყვებია. კარგი იუმორი და ცუდი ნებისყოფა. 

IV. მიხეილ მესხის აღსაწერად მოდი სლავა მეტრეველი დავიხმაროთ. თითქმის ტოლები იყვნენ, ორივე ევროპის ჩემპიონია, სლავას ევროპის ჩემპიონატის ფინალში გოლიც აქვს გატანილი. იყვნენ დინამოს ფრთები! მათი მეშვეობით დაფრინავდა ის დიდი გუნდი. 

ახლა წარმოიდგინეთ, რომ ერთ ფლანგზე თამაშობს სლავა მეტრეველი, უდიდესი ქართველი ფეხბურთელი, ხალხი კიდე ყველა თამაშზე დგება და ერთი ტრიბუნიდან მეორეზე გარბის, იმიტომ, რომ საპირისპირო ფლანგზე თამაშობს მიხეილ მესხი. ალბათ, საკმარისია აღსაწერად. მერე უკვე ნაცნობი ამბებია, უნგრელი ბავშვისგან ნასწავლი ფინტი, ბალახში თავით ჩარჭობილი მცველი, ბრაზილიაში შერქმეული “ქართელი გარინჩა”, (ორიგინალში რუსი დაწერეს) მაგრამ ჩვენ მაინც ვერაფერს გავიგებთ, რადგან ეს სულ სიხარულის ხალხია. ამათ რომ გაუგო, უნდა ნახო ეგ ყველაფერი. 

V. ჯუზეპე მეაცას ბალიშით ხატავდნენ გაზეთებში, პირველ ტაიმში დერბი ვერ ითამაშა იმიტომ, რომ კარგად მოლხენილს ჩაეძინა და თამაშზე დააგვიანა, მეორე ტაიმში კი ჰეთთრიქი შეასრულა. ჰეთთრიქი სიზმრად – როგორც დღემდე ეძახიან. 

ოთხიანთა ლიგა 

ოჰ, როგორ შემჭიდროვდა ეს ოხერი. 

I. პლატინით დავიწყოთ. მიშელ პლატინი იტალიის სერია ა-ს საუკეთესო ლეგიონერებს შორის მეორე ადგილს იკავებს. გადასარევი მოცემულობაა იმისათვის, რომ ზუსტი წარმოდგენა შეგვექმნას. მარადონაზე უკან და რონალდოზე წინ. ევროპის ჩემპიონატი მარტივად მოიგო, ხუთი მატჩი ჩაატარა და 9 გოლი შეაგდო. მანამდე კი მსოფლიო ჩემპიონატიც უნდა მოეგო, მაგრამ 1982 წლის ნახევარფინალში ისეთი ამბები დატრიალდა რომ ყველაფერი შეიცვალა. ნახევარფინალის ტოლფასი მატჩი იყო, თორემ მაშინ ჯგუფიდან გადიოდნენ პირდაპირ ფინალში. 

შუმახერი, ბატისტონი, დამატებითი დრო, სიცხიანი რუმინიგე, პენალტების სერია.. მოკლედ, გავარდა ჩვენი ძმა. 

ნატრობდა ყველა ბრაზილია – საფრანგეთის ფინალს და მივიღეთ გერმანია – იტალია. ვინ თუ არა, ამ ხალხმა იცის როგორ უნდა მოიგოს მატჩი უკეთეს გუნდთან. 

მიშელს სამი ოქროს ბურთი აქვს! კრუიფს გაუტოლდა. ვან ბასტენსაც აქვს, მაგრამ სამხრეთ ამერიკელებისთვის რომ მიეცათ დიეგო წაიღებდა ვან ბასტენის ერთ ბურთს უეჭველად და შეიძლება მეორეც წაეღო. აი პლატინი კი ყველა შემთხვევაში აიღებდა სამივეს. ამიტომ, მიშელის ოქროები უფრო ღირებულია. 

II. ოთხიანთა ლიგის მეორე წარმომადგენელია ალფრედო დი სტეფანო – ბევრის აზრით მსოფლიოს მესამე საუკეთესო ფეხბურთელი, პელესა და მარადონას შემდეგ, მცირეს აზრით კი ყველა დროის საუკეთესო. 

მიუხედავად ასეთი ამბიციური დახასიათებისა, მაინც გადამეტებული მგონია. ურთულესია გადაამეტო რამეს დი სტეფანოს შეფასებისას, მაგრამ ასე მგონია მაინც, რავიცი.. 

ძალიან გაუფუჭა საქმე სანაკრებო კარიერამ. სამ ნაკრებში ითამაშა, დიქტატორებმა თავის ჭკუაზე ატარეს და ვერ დატოვა ის სანაკრებო მემკვიდრეობა, რაც მისმა კონკურენტებმა. საკლუბოზე იცოცხლე. მასზე მაგარი არავინ ყოფილა. ხუთჯერ ზედიზედ მოიგო ჩემპიონთა თასი. ხელშეუხებელი იყო. მიუწვდომელი. თავისი ეპოქის მოვლენაა, უდავოდ. ჰოდა, მშვენიერ ოთხეულში ამოჰყო თავი. 

III. ოთხიანთა ლიგის მესამე წევრი ბრაზილიელი რონალდოა. ტალანტის მიხედვით სულ ზევით უნდა ყოფილიყო, ორიანებში მაინც, ყოველ შემთხვევაში, პრეტენზია მაინც უნდა ჰქონოდა, მაგრამ ძალიან ხანმოკლე იყო მისი დიდება. მიზეზებზე ბევრჯერ დაგვიწერია. მგონი, არ უნდა დაგვრჩეს ნაწყენი. 

IV. ოთხიანთა ლიგის ბოლო წევრი კაიზერ ფრანცია. ბევრის წერა არ არის საჭირო. ვინც იცის ფეხბურთი – იცის ბეკენბაუერიც. ძალიან მინდოდა კრუიფთან ერთად მიმეჩინა მისთვის ადგილი, მაგრამ არის ერთი კაცი, რომელმაც ლოგიკა დაგვირღვია და ჩემს პირამიდაშიც არეულობა შემოიტანა. 

სამიანთა ლიგა

რა ლოგიკაზე იყო საუბარი? საუბარია საფეხბურთო გონებაზე, ინტელექტსა და ელეგანტურობაზე. წესით და რიგით სამეული ასეთი უნდა ყოფილიყო – ზიდანი, კრუიფი, ბეკენბაუერი. სამივე უდიდესი ინტელექტისა და წარუშლელი ელეგანტურობის მქონე ფეხბურთელი იყო. დიადი ფეხბურთელები და მწვრთნელები. მხოლოდ მათ შეძლეს სტერეოტიპის დარღვევა რომ უდიდესი ფეხბურთელები კარგი მწვრთნელები ვერ ხდებიან. 

მაგრამ, რაღაც აირია და აი რატომ. 

სანამ დაგვტოვებდა, იოჰან კრუიფმა ბრძანა, კრიშტიანუ რონალდუ ერთადერთია, რომელსაც ყველა დროის საუკეთესოთა შორის განიხილავენ, უმეტესად ფიზიკური მონაცემების ხარჯზეო. რონალდუმ საერთოდ დაარღვია ყველანაერი ლოგიკა. ის რომ სამეულთა ლიგაში მოხვდა ესეც პატარა სასწაულია. ღმერთი ვერ მოკლა, მაგრამ დაჭრა რამდენჯერმე. ამიტომ მიყვარს მისი შედარება უფრო მეტად დიომედესთან, ვიდრე ჰექტორთან. დიომედესიც მეფეა, თან იმდენად შეპყრობილი რომ ღმერთს გაეკიდება მოსაკლავად, იცის, რომ ის უკვდავია და ვერ მოკლავს, მაგრამ მაინც მისდევს იმიტომ, რომ თავად სჯერა რომ ყველაფერი შესაძლებელია. 

დიომედესი არის კაცი, რომელმაც ღმერთი დაჭრა. რონალდუც გაოცებას იწვევს ჩემში თავისი მიღწევებით და რომ არა ამხელა პატივისცემა ნამდვილად არ დავარღვევდი გონისმიერ სამიანთა ლიგას. 

ღმერთები – ოლიმპო 

რას შეუძლია ორი მოქიშპე ღმერთი შეარიგოს? სიკვდილი ამთავრებს ყველაფერს, მაგრამ ესენი არ კვდებიან. ცოცხლობენ მუდამ. აბა რას შეუძლია მათი შერიგება? უბრალოდ ჩამოიყვანეთ ერთი საფეხურით დაბლა და შერიგდებიან. ჩვენ გვიანდელი ქიშპობა გვაქვს ნანახი, ვითომ შერიგება დიეგოს გადაცემაში და ყალბი სიცილი. ნამდვილი ბრძოლა კი მანამდე ყოფილა. 

პელე ამბობდა საუკეთესო არგენტინელი, რომელიც მინახავს დი სტეფანო იყო და ამ ჩამრგვალებულ კაცს ნუ მადარებთო. ამბობდა ამას როგორც უნიკალური ათლეტი. 

მარადონას კიდე ბევრი არაფერი მოაფიქრდა და პელეს სულ პედერასტი ეძახა. 

ვერ თმობდა პელე გვირგვინს იმიტომ, რომ იცოდა საუკეთესო იყო. 

ვერც მარადონა თმობდა რამეს, რადგან იცოდა, რომ ღმერთს სხვებზე მეტად უყვარდა და ყველაფერს პატიობდა. 

თავის ეპოქაში იმდენად გააქრეს ყველა კითხვა, რომ ვერც კი წარმოედგინათ სხვა რომელიმე ეპოქაში თუ ვინმე აჯობებდათ. სწორი ფიქრია. როცა ყველაზე მაგარი ხარ, გგონია, რომ ნებისმიერ ეპოქაში ნებისმიერს აჯობებ. რეალობას კი ვერასდროს გავიგებთ, ჯორდანის თქმისა არ იყოს, – არასდროს მითამაშია ბილ რასელთან, ჯერი უესტთან, ჩემბერლენთან და ოსკარ რობინსონთან, აბა მე რა ვიცი ყველა დროის საუკეთესო ვარ თუ არაო. 

კიდევ ვიტყვი, ლოგიკის მოძებნა ყოველთვის შეგვეძლება, მაგრამ ვარაუდებზე შორს ეს ლოგიკა მაინც არ წავა. 

ჩემს პირამიდაში კი მეორე საფეხურზე არიან. 

მწვერვალი 

რატომ დავწერდი ახლა ამას ამ გვერდზე, სათავეში რომ ლიონელ მესი არ იყოს. 

ან რა უნდა დავწერო ისეთი, რაც მესიზე ვინმემ არ იცის. 

ისევ იმავე აზრზე ვარ – მსოფლიო ჩემპიონობის მერე, ამ კაცის სახელი ცამდე გაიზარდა და გაიჭრა სადღაც დასაკარგავში. ისედაც ხომ აქვე იყო კენწეროში, მაგრამ ახლა უბრალოდ გაფრინდა! 

თან, არ აპირებს გაჩერებას, ნეტავ, რა ამოძრავებს ამ კაცს, რა ძალა, რა ენერგია, რა ხდება საერთოდ მის თავში.. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • basa7
    schedule 25 დეკ 2022, 23:58
    #5

    ბარეზი დამიკნინე რაღაც ძაან, როგორც ცენტრალური მცველი მალდინისაც აღემატებოდა და რამოსს ხო საერთოდ რა ესაქმება ბარეზისთან. მეტი ტიტული უკეთესობას არ ნიშნავს არანაირად

  • Albicelecte
    schedule 25 დეკ 2022, 21:00
    #4

    ფეოლას სტილი: შესანიშნავი სტატია;
    მადლობა ავტორს

  • nika 54
    schedule 25 დეკ 2022, 20:02
    #3

    მესხის თამაში კარგად მახსოვს, ისიც მახსოვს შესვენებაზე რო ხალხი დიაგონალ ფლანგზე გადადიოდა, მამაჩემიც მიხსნიდა რატომ გარბოდა ხალხი ტრიბუნებზე, იმ დროს ისიც ვთქვათ დინამო დასწრებით ვერ გამოირჩეოდა და მაყურებელსაც ყოველთვის ქონდათ ამის ფუფუნება. ერთადერთი რაც ყველაზე კარგად დამამახსოვრდა მოწყენილი მესხი მოედნის ცენტრში, მაშინაც კი როცა დინამო ყრუ დაცვაში იდგა ხოლმე.

  • ფეოლა
    schedule 25 დეკ 2022, 19:33
    #2

    Barca1980,
    აუჰ, მართალია, მეკარეები დაიჩაგრნენ. მეშვიდე საფეხურზე დამაფიქრეს.

  • Barca1980
    schedule 25 დეკ 2022, 18:28
    #1

    ისე იკითხება , თითქოს მონოსპექტაკლს ვუყურებდე სპორტის ნომერ პირველ სახეობაზე !!! კითხვის დაწყებისას წამიერად გაიელვა მესხის სახელმა ჩემს გონებაში და ჰოი საოცრებავ , ხუთიანებში არ აღმოვაჩინე . დასანანია რომ ძალიან ბევრი , ძალიან მაგარი ქართველი ფეხბურთელის თამაში არ გვაქვს ნანახი და მხოლოდ ისტორიას შემორჩა მათი სახელი , არადა მომავალი თაობები უნდა იზრდებოდნენ მათ მაგალითებზე . ყველა იმსახურებს იქ ყოფნას , ვინც კი სიაშია , ერთი მეკარის ადგილი არ დარჩა მაგ პირამიდაში .