ფენომენი - ნამდვილი რონალდო

ფენომენი - ნამდვილი რონალდო

"ბარსას" და "ინტერს" ბევრი საერთო ნამდვილად არ აქვთ, მაგრამ რაღაცების გახსენება შეიძლება, რამდენიმე ფეხბურთელის ჩამოთვლა შეგვიძლია, რომელსაც ორივეგან უთამაშია, მათ შორის დიდი ვარსკვლავებიც არიან, მაგრამ ყველაზე დიდი საერთო რაც გვაქვს, დავიწყებული სიხარულია. 

ადრეც აღმინიშნავს, მსოფლიო ფეხბურთს ოთხი უდიდესი ტალანტი ჰყავდა, პირველი იყო პელე, ფეხბურთის მეფე, 17 წლისა უკვე მსოფლიო ჩემპიონი, კიდევ კარგი შემოგვრჩა ვიდეოკადრები რას სჩადის ეს არანორმალური 17 წლის ასაკში, რას კადრულობს მუნდიალის ფინალში და ფინალამდე მიმავალ გზაზე, სამი გოლი საფრანგეთის ნაკრების კარში! ფინალში კი მსგავსი გოლი არავის გაუტანია, და მეეჭვება ვინმემ ოდესმე ამ რანგის ტურნირის გადამწყვეტ მატჩში ასეთი გოლი შეაგდოს. მისი სისწრაფე, კოორდინაცია და ტექნიკა მართლაც გაოცებას იწვევს, ასეთი სიმძლავრე მაშინდელ ფეხბურთში წესით შეუძლებელიც კი უნდა ყოფილიყო. 

მეორე არის დიეგო მარადონა, ფეხბურთის ღმერთი, დიდი ბავშვი, რომელიც ვერ დაკაცდა, დარჩა ბავშვად მთელი ცხოვრება. ფეხბურთის მთავარი რევოლუციონერი, რომლის მსგავსად მსოფლიო ჩემპიონატზე არავის უთამაშია, და სამწუხაროდ მეეჭვება, რომ 86 წლის მსგავსი პერფორმანსი კიდევ ოდესმე ვიხილოთ. გარდა ამისა, შეუძლებლად მიმაჩნია, რომ ვინმემ ისეთ დონეზე ითამაშოს ოთხ მუნდიალზე, როგორც დიეგომ ითამაშა. წაშალა აბსოლუტურად ყველა ზღვარი და გახდა ნიცშეანური ზე-ადამიანი, დადგა სიკეთისა და ბოროტების მიღმა. 

მესამე არის ლიონელ მესი, ფეხბურთის მესია! დიონისური და აპოლონური კულტურის, ბრწყინვალე გონებისა და ღვთაებრივი ტალანტის იდეალური სინთეზი. ბედნიერებაა, რომ ჯერ კიდევ თამაშობს, ბედნიერებაა, რომ არის დიდი შანსი მისი დაბრუნების. თუმცა, მარადონასა და მესის შორის, იყო კიდევ ერთი უდიდესი ტალანტი, რომელიც ვერ რეალიზდა ისე, როგორც ჩამოთვლილი სამი მეფე. რონალდოს ტრავმები, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდ ტრაგედიად მიმაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთს სხვა დიდი ტრაგედიებიც ახსოვს, მათ შორის, შეწყვეტილი სიცოცხლეც კი უნახავს, ამიტომ, მიმძიმს და მერცხვინება ამის თქმა, მაგრამ "ფენომენალური" ნიჭის გაქრობა, მაინც ყველაზე სევდიან და ტრაგიკულ ამბად მიმაჩნია. 

აი, ეს გვაერთიანებს "ინტერთან". ნამდვილი რონალდო, მხოლოდ "ბარსას" და "ინტერის" ფანებმა ნახეს. ორივემ მხოლოდ ერთი სეზონით, თუ რატომ ერთით, ამაზე ქვემოთ დავწერ. პსვ-ში რონალდო ჯერ კიდევ კვებავდა თავის ნიჭს, "რეალში" კი ის აღარ იყო, რაც განვლილ წლებში, მიუხედავად ძალიან კარგი სადებიუტო სეზონისა. 

როგორც სანდრო მაცოლამ თქვა, კაცმა, რომელმაც რონალდოს "ფენომენი" უწოდა, - "ტრავმის მერე დაგვიბრუნდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ "ფენომენი" აღარ დაბრუნებულაო". დიდებული ნათქვამია. უზუსტესი შეფასება. 

რატომ ეს ოთხი ფეხბურთელი სხვებზე მაღლა? იმიტომ, რომ 17 წლის ასაკში თითოეულს ეტყობოდა რისი გამკეთებელიც იყო, თითოეულზე ამბობდნენ, რომ მსოფლიო ფეხბურთს შეძრავდნენ. აი, ამიტომ. კრუიფი, კრიშტიანუ, ზიდანი - სხვა ამბავია. ისინი ეტაპობრივად ადიოდნენ მწვერვალზე, კრუიფი ყველაზე სწრაფად, კრიშტიანუ 22-23 წლის ასაკში, ზიდანი კი ყველაზე გვიან. ერთმა უმეტესად მაშტაბური აზროვნების ხარჯზე შეძლო ამის გაკეთება, მეორემ ყველა იმ ნიჭის სრულყოფით რაც გააჩნდა, არაადამიანური შრომითა და საოცარი ფიზიკური მონაცემების წყალობით, მესამე კი გენიოსი გამოდგა, ელეგანტურობა მოსასხამი რომ იყოს, ზიზუს ექნებოდა ჰარი პოტერივით მოხვეული. 

რონალდინიო, გარინჩა, ჩვენი მესხი, ჯორჯ ბესტი.. სულ სხვა ამბავია. პუბლიკაზე მოთამაშეები, მათ გასახარებლად დაბადებულები. უდიდესი სიხარული აქვთ ხალხისთვის მოტანილი, მაგრამ ასეთ ფეხბურთელებს ყველა დროის საუკეთესოებში მოწინავე პოზიციაზე არასდროს ასახელებენ, არადა, ტალანტი ამათ რომ ჰქონდათ ეგეთი უნდა. მაშინ რაშია საქმე? საქმე ჩვენთვის შეუცნობელ კანონზომიერებაშია, ის ოთხი დაიბადა იმისათვის, რომ ამ ქვეყნად გამეფებულიყვნენ. ასე მგონია. 

თუმცა, ერთმა ვერ იმეფა. ან, იმეფა, მხოლოდ ორი წლით. 

საიდან იწყება რონალდოს ტრაგედია, ბევრს "ლეჩესთან" მატჩი გაახსენდება, ვიღაცას "ლაციოსთან", ვიღაცას ფინალის წინა ღამე და კრუნჩხვებში ჩავარდნილი საფეხბურთო მოვლენა. რეალურად, ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო, რონალდოს მუხლის პრობლემა ჯერ კიდევ ნიდერლანდებში ჰქონდა, სადებიუტო სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა, განმეორებითიც არანაკლებ მაგრად დაიწყო და სეზონის პირველი ნახევრის მიწურულს მუხლის მყესი გაიწყვიტა, რის გამოც მთელი დარჩენილი პერიოდი რეაბილიტაციას მოანდომა. 

ზაფხულში დაბრუნდა, ოლიმპიადაზე ითამაშა და ყველამ ნახა, რომ ეს ჯერ კიდევ ძველი რონალდოა, ასე რომ, "ბარსამ" გარისკა და რონალდო სარეკორდო თანხად იყიდა. მასთან ახლოსაც კი არავის უშვებდნენ, მაგრამ გასპარმა (ნუნიესის მარჯვენა ხელი) სასტუმროს მომსახურე პერსონალის ტანისამოსი მოირგო, რონალდოსთან შეიპარა და კონტრაქტზე მოაწერინა ხელი. ასე გახდა ჩვენიანი და კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა, ასე თვლის ჟოზე მოურინიუ, მაშინ, ბობი რობსონის თანაშემწე იყო, ასე თვლის ყველა ბარსელონელი და რთულია ეჭვი შეიტანო. სწორედ ამ დროს იწერებოდა, რომ მსოფლიოს მეორე პელე მოევლინა! 

ერთ წელში დაგვტოვა. გაიელვა ცაზე მოწყვეტილი ვარსკვლავივით, ჩავიფიქრეთ მისი დიდხანს დარჩენა, მაგრამ ვერ აგვისრულდა. წავიდა "ინტერში" და ჩაატარა კიდევ ერთი დაუვიწყარი სეზონი, სწორედ ეს ორი სეზონი, "ბარსაში" ჩატარებული პირველი და უკანასკნელი, "ინტერში" ჩატარებული სადებიუტო, იყო მისი მწვერვალი და ალბათ ამ ქვეყნად "ცხრიანის" ყველაზე მაღალი წერტილი, რაც ოდესმე ვინმეს უნახავს. 

მწვერვალს მიაღწია იმიტომ, რომ ამ ორ სეზონში რონალდოს არაფერი აწუხებდა. მერე კი დაიწყო... 

ორ დაუვიწყარ სეზონს მოჰყვა 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. ფავორიტი, რა თქმა უნდა, ბრაზილია იყო, ყველა ელოდა რონალდოს ოქროს და ისიც მშვენივრად მიუყვებოდა გზას ფინალამდე, მერე კი ის მოხდა... ფეხბურთის თეთრი ლაქა. შავი ბევრი ჰქონია, თეთრი ნაკლებად, რონალდოს ამბავი ყველაზე დიდი თეთრი ლაქაა სპორტის ისტორიაში, რადგან, დღემდე არავინ იცის ზუსტად ფინალის წინ როგორ დაკარგა გონება ხარივით ჯანმრთელმა ფეხბურთელმა. 

კარლოსი მასთან ერთად იყო ოთახში, ექიმებს უხმო, რონალდოს კრუნჩხვები ჰქონდა, ჩათვალეს, რომ ეპილეპსიური შეტევა იყო, სრული გამოკვლევა ვერ ჩაუტარდა, რადგან, მეორე დღეს ფინალი იყო ჩანიშნული. არაფრით არ შეიძლებოდა მისი მოედანზე გასვლა, მაგრამ თავად დაიჟინა და გავიდა. არაფერს არ ჰგავდა, თითქოს არც ყოფილიყოს მოედანზე. 

მაშინ ჯერ კიდევ ფინალამდე ასახელებდნენ მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელს, ჰოდა, რონალდო საუკეთესო გახდა. სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელიც რონალდო გახდა, (და არა ზიდანი), ევროტურნირიც რონალდომ მოიგო ფინალში ბრწყინვალე თამაშით და არა ზიდანმა, მაგრამ ზიზუმ, რომელსაც მთელი მუნდიალი არაფერი გაუკეთებია, მაინცდამაინც ფინალში გაიგიჟა თავი, საფრანგეთს მოაგებინა და ბევრისთვის მოულოდნელად ოქროს ბურთიც მან დაისაკუთრა. მხოლოდ იმიტომ, რომ ფინალში რონალდოს აჯობა. 

მერე კი მოხდა ყველაზე საინტერესო, რონალდო დაბრუნდა იტალიაში, სადაც ქვეყნის საუკეთესო ექიმებმა გასინჯეს, იტალიის ყველაზე პრესტიჟული კლინიკის მთავარმა კარდიოლოგმა კი თქვა, რომ ამ კაცმა გულის შეტევა გადაიტანა. ის, რაც ეპილეპსიური შეტევა ეგონათ, თურმე ინფარქტი ყოფილა.

გულის შეტევის შემდეგ ფეხბურთელი მოედანზე გავიდა და დღემდე ვერ გამიგია როგორ გადარჩა. 

ვიცით, რომ სპორტსმენებს 22 წლის ასაკში გულის შეტევა არ ემართებათ. ეს არის მთავარი თეთრი ლაქა, მთავარი კითხვა - რამ გამოიწვია ინფარქტი? მაშინვე დაიწერა მოწამლესო. ფინალი ხომ საფრანგეთში იყო, მეტოქეც ხომ საფრანგეთი იყო, მაგრამ, გამოკვლევებს არაფერი მსგავსი არ უჩვენებია, იმის დაჯერება კი ძალიან ჭირს, რომ ეს მხოლოდ სტრესმა გამოიწვია. 

აქ მორჩა. აქ უკვე დაღმასვლა იწყება. სწორედ ფინალიდან, და არა "ლეჩესთან" მატჩიდან. 

მომდევნო სეზონში რონალდოს მუდმივად აწუხებდა მუხლი. მაინც სჩადიოდა საოცრებებს, მაინც ფენომენალური იყო, მაგრამ სტაბილურობა დაკარგა და ისეთი გოლებიც ვეღარ გაჰქონდა, როგორიც ადრე. სეზონი უღიმღამო გამოდგა, რონალდოს მატჩების ნახევარი გაუცდა. 

მომდევნო სეზონის მეათე ტურში "ლეჩესთან" გატანა მოასწრო, მერე კი... უმძიმესი ტრავმა. მეათე ტურშივე დაასრულა სეზონი. მთელ მსოფლიოში გულშემატკივარმა მთავარი სიხარული დაკარგა. ბრაზილიელი მომდევნო სეზონის დეკემბრის დასაწყისში დაბრუნდა, აღნიშნა, რომ 20 წუთის სათამაშოდ მზად იყო, მოედანზე გამოსვლიდან ექვს წუთში ისეთი ტრავმა მიიღო, რომლის მერეც ფეხბურთის თამაშს ნორმალური ადამიანები ვეღარ აგრძელებენ. ასეთი გულისმომკვლელი სანახაობა მოედანზე უბრალოდ არასდროს მინახავს, ღვთისგან ბოძებული უდიდესი ტალანტის მქონე ფეხბურთელი ბალახზე ეგდო და საშინელი ტკივილისგან ტიროდა, მის მუხლს ფორმა ჰქონდა დაკარგული.

ოპერაციის შემდეგ რონალდოს მუხლი სამი ნომერი ფეხბურთის ბურთის ხელა იყო. 

იმ დღეს რაღაც ძალიან დიდი დასრულდა. 

მერე იყო დამოკიდებულება ალკოჰოლზე. ყოველ ღამე გამოღვიძება და კითხვა - ისევ შევძლებ ფეხბურთის თამაშს? რატომ დამემართა ეს მე? რატომ მაინცდამაინც მე? 

არ ვიცი სად იპოვა ამ კაცმა ძალა, არ ვიცი როგორ მოახერხა ამდენი, მაგრამ მოედანს დაუბრუნდა, მსოფლიო ჩემპიონიც გახდა და მადრიდში შესანიშნავი პერიოდი გაატარა. სხვა თუ არაფერი, რონალდოს მადრიდში მძიმე ტრავმა არასდროს მიუღია და ეს უკვე ძალიან კარგი ამბავია. 

"კამპ ნოუც" ყოველთვის ტაშით ხვდებოდა. თეთრად შემოსილ სხვა ფეხბურთელს ეს არ ღირსებია. 

მისი განახევრებული შესაძლებლობებიც კი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ჯერ კიდევ მსოფლიოს საუკეთესო ყოფილიყო. 

რონალდო ზედმეტად დიდი ფეხბურთელი იყო "ინტერისთვის". ასე მგონია. მაპატიონ "ინტერის" ფანებმა ან, თუ უნდათ ნუ მაპატიებენ, მაგრამ გულწრფელად ასე მგონია. 

ბოლოს კი ჩვენს მიერ მომზადებული ვიდეო, რომელიც ფენომენის ბარსელონურ და მილანურ კარიერას ეძღვნება. ცხრიანის ეტალონი, თამაშობს ასე! 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 14 ოქტომბერი 2022 21:13
    0
    ზიდანი მართლა იღბალაა-98 ში არაფერი გაუკეთებია, უხეშობისთვის წითელი აირტყა და ფინალამდე უმაგისოდ მივიდნენ, ფინალში კი მატჩის პირველივე ტაიმში ორი კუთხური და ორი თავური. ერთი მარჯვენა ფრთიდან მეორე მარცხნიდან. მატჩიც მანდ დამთავრდა. მესამე გოლი პეტიმ(ბარსაშიც ითამაშა) სწრაფი კონტრშეტევის დროს გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 12 ოქტომბერი 2022 23:20
    2
    ყველა დროის საუკეთესო ცენტრფორვარდი N9
    გულშემატკივარი [?]
    #3 12 ოქტომბერი 2022 19:51
    1
    ეს კაცი როგორ დაკარგესს
    Culé [?]
    #2 12 ოქტომბერი 2022 19:18
    3
    ზიდანი რო იღბალმიჯ..ია ჯერ კიდე 98 ში დამტკიცდა
    ფანი [?]
    #1 12 ოქტომბერი 2022 18:40
    5
    უდიდესი იყო და ძალიან ბევრის გადატანაც მოუხდა, მაგრამ მაინც უდიდესად დარჩა.
    ყველაზე მეტად მაინც რონალდინიოზე მწყდება გული მაგრამ იმან საკუთარ თავს გაუჩალიჩა, ეს კი სამყარომ დატანჯა, მაგრამ მაინც შეძლო წამოდგომა და თუნდაც ამიტომაცაა ერთ-ერთ უდიდესად საღიარებელი.
    ხოლო რონალდინიოს ბრაზილიური ბუნება რომ არა, ალბათ დღეს საუკეთესოობაზე კითხვაც არ დაისმებოდა, მიუხედავად მესისა ან პელე-მარადონასი, მაგრამ რას ვიზამთ, ძალიან ინტრიგნული სპორტია თავისი მოულოდნელობებით.