პლაჟიდან კამპ ნოუზე – პედრის კანარული იდენტობა

პლაჟიდან კამპ ნოუზე – პედრის კანარული იდენტობა

 The Guardian-მა პედრის სტატია მიუძღვნა, რომელსაც მცირედი ცვლილებით გთავაზობთ. 

თუ სუფთა ტალანტზე ვსაუბრობთ, მაშინ ის მსოფლიოში საუკეთესოა“, – თქვა ჩავი ერნანდესმა. არც ლუის ენრიკემ დააკლო, წარმოუდგენელი და უნიკალური უწოდა, თქვა რომ არავისგან უნახავს ის, რასაც ეს ბიჭი აკეთებს. აქვე უნდა ითქვას, რომ განსაკუთრებით აღსანიშნავია, როცა ჩავი და ენრიკე ამბობენ ამას, რადგან, ორივე მათგანს ფეხბურთელობისა და მწვრთნელობის დროს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთან უმუშავიათ, ჯადოქრებთან, ლიდერებთან, განსაკუთრებული ქარიზმის მქონე ფეხბურთელებთან და ა.შ, მაგრამ პედრიმ მოახერხა და ორივე ამგვარად აალაპარაკა.

ქებად იღვრებოდა ლოპეტეგიც. „განსაკუთრებულია, ასეთები ძალიან იშვიათად ჩნდებიან“, – თქვა მან. თავად პედრი კი მოკრძალებულია, – „ფეხბურთი საუკეთესო საშუალებაა სიამოვნების მისაღებად“, – აი, ასე. მას მხოლოდ თამაში სურს. ასეთი ქებისთვის კი ცოტა ადრეა. ჯერ ყველაფერი ახლა იწყება. წარსულზე თვალის გადავლებით მარტივად დავინახავთ, რომ „ოქროს ბიჭუნას“ ტიტული ბევრს არაფერს ნიშნავს.

ჯერ მკრეხელურადაც კი ჟღერს პედრის ინიესტასთან შედარება, თუმცა, ვის თუ არა, ჩავის აქვს უფლება, რომ ეს შედარება გააკეთოს. „უდიდესი ტალანტი, რომელიც ოდესმე მინახავს“, – ასე იხსენებს ჩავი საუკეთესო პარტნიორს და მხოლოდ ტალანტის თვალსაზრისით პედრისაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.

თავის მხრივ, ლუის ენრიკე უკვე ასრულებდა „ბარსელონურ“ კარიერას, როცა ანდრესი გამოჩნდა პირველ გუნდში. ახლა პედრის ენდო ბოლომდე ევროპის ჩემპიონატზე და იმედიც არ გაცრუებია, – „ასეთი რამ არასდროს მინახავს, მათ შორის არც ანდრესისგან“, – თქვა ენრიკემ, მორიგი წარმატებული მატჩის შემდეგ. ხმამაღლა კი ჟღერს, მაგრამ ავანსი ასეთია. თამასა ძალიან მაღალია.

პედრის არ უყვარს ხმამაღალი სიტყვები და ქება-დიდება, როგორც წესი, ამას არ უსმენს ხოლმე. სიმშვიდეს ინარჩუნებს და თავდახრილი განაგრძობს შრომას. ალბათ უკვე სასაცილოც კია, მაგრამ ამ ყველაფრითაც ინიესტას ჰგავს.

ინიესტა ყოველთვის კარგი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ისეთი მშვიდი იყო, ყველაფერს უმარტივესად აკეთებდა, მათ შორის ისეთ რაღაცებს, რასაც სხვები თავშიც ვერ გაივლებდნენ. როგორ იცილებდა მეტოქეს, როგორ ასრულებდა გადაცემებს.. ეს ყველაფერი ჩემზე ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა“, – ამბობს პედრი.

ტენერიფელია, გაიზარდა როგორც ინიესტას თავგადაკლული ქომაგი. მამამისი მეკარე იყო და მესამე დივიზიონში თამაშობდა, კარიერის დასრულების შემდეგ საოჯახო რესტორანს ჩაუდგა სათავეში. ფერნანდოს რესტორანს ხშირად სტუმრობენ სერფერები, ოკეანისგან დაღლილები სანაპიროსკენ რომ მიიწევენ. ფერნანდოს რესტორანი ამავე დროს „ბარსელონას“ ფანკლუბია, რომელიც 1994 წელს მისმა ბაბუამ დააარსა. პატარა პედრი ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ შეხვდა ჟოან ლაპორტას, მაშინ „ბარსაში“ თამაშზე ოცნებობდა და ინიესტას მსგავსად სურდა თმის შეჭრა. პირველი ამოცანა შეასრულა, მეორე ვერა.

მცირე ხნის წინ წიგნიც კი გამოიცა იმის შესახებ თუ როგორ თამაშობენ კანარის კუნძულებზე ფეხბურთს. ფაქტია, რომ საკუთარი სტილი და იდენტობა გააჩნიათ. კუნძულიდან არიან დავიდ სილვა და ვალერონი. ორი გამორჩეული ტექნიკისა და ინტელექტის მქონე ფეხბურთელი. აქვთ ერთი დიდი საერთო მახასიათებელი აღნიშნულ ფეხბურთელებსა და პედრის, ეს არის პაუზის უნარი, ის რაც უმაღლეს დონეზე ჰქონდა აყვანილი ანდრეს ინიესტას.  მათზე ამბობდნენ რომ სისწრაფე აკლდათ, მაგრამ წიგნში ვკითხულობთ, – „ეს არ არის სისწრაფის ნაკლებობა, ეს არის პაუზა, რომელსაც რუტინა მოულოდნელობაში გადაჰყავს“, – ნამდვილად ასეა. პედრი ამის ნათელი მაგალითია.

ჯერ კიდევ 13 წლის იყო, როცა მისი ხმა გაისმა. არა მხოლოდ საფეხბურთო კონტექსტში. პედრიმ მონაწილეობა მიიღო კამპანიაში Adidas Run for the Oceans, – კამპანია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარეობდა. 

ფეხბურთელები პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან, რადგან ხალხი მათ უსმენს, კუნძულებზე ოკეანე ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ჩვენი ცხოვრებაა, ამის გარეშე ვერ ვიცხოვრებთ, ამიტომ ხელი უნდა შევუწყოთ ნაკლები პლასტმასის გამოყენებას, თუ ამას ჩვენ არ გავაკეთებთ, აბა ვინ გააკეთებს?“ – ასეთი იყო პედრის გამოსვლა. (ცოტათი ალბათ ქართულ ვირუსულ ვიდეოსაც წააგავს. „კარგი უნდა ვაკეთოთ ყველამ, თორე, ცუდი თუ ვაკეთეთ.. ჰეჰ..“, – ხუმრობა გვერდზე გადავდოთ, პედრის მართლაც დასაფასებელი მიზნები ამოძრავებს. მისთვის ის ფასეულობებია მნიშვნელოვანი, რომელიც საფეხბურთო სამყაროში სამწუხაროდ იშვიათია.)

„არ ვიტყვი, რომ ეს კანარის მოდელია, მაგრამ აქ ძალიან გამოკვეთილი იდენტობაა, მარტივად შეგიძლია თქვა ვინ არის კუნძულელი და ვინ არა, საკმარისია ბურთთან ერთად ნახო საქმეში, სანაპიროზე თამაშს სულ სხვა უპირატესობები მოაქვს, ქუჩა კი ცოტა სხვა სამყაროა“.

ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ჯერ კიდევ გუშინ ძმასთან და მამასთან ერთად თამაშობდა პლაჟზე ფეხბურთს, მერე კი უდიდესი პროგრესი იყო, ისეთი რომ თვალის გაყოლებასაც ვერ მოასწრებდი. სხვადასხვა კლუბებში დაიწუნეს, მაგრამ „ლას პალმასმა“ აიყვანა, პეპე მელმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი 16 წლისას ანდო. „ბარსამ“ მალევე გაიფორმა და ერთი სეზონის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე ამოყო თავი, არც არავინ შემცდარა, პედრი ოქროს ბიჭუნა გახდა.

2020/21 წლების სეზონში 73 მატჩი ჩაატარა! მათ შორის, ცხრა იყო ისეთი, რომელიც 90 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა. გასულ სეზონში ტრავმამ შეუშალა ხელი, მაგრამ მაინც ისეთ მაღალ დონეზე ითამაშა, რომ კლუბის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. „თამაში ძალიან მიყვარს, მსოფლიო ჩემპიონატსაც ველი, ერთი სული მაქვს როდის ვითამაშებ, მაგრამ იმ მარათონული სეზონის შემდეგ მივხვდი, რომ დასვენება საჭიროა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, სეზონის ბოლოს ძალიან დავიღალე“.

გასულ სეზონში, 12 თამაშიდან, რომელიც პედრიმ ჩაატარა „ბარსას“ არცერთი არ წაუგია. ჩავის ის ძალიან მოსწონს, ამბობს, რომ ზუსტად ის ფეხბურთელია, რომელიც კლუბს სჭირდება, – „იდეალურად მოქმედებს დროსა და სივრცეში, ორივე ფეხით თამაშობს, პოზიციურად ძალიან ძლიერია და ტემპს იდეალურად აკონტროლებს, ის არის ფეხბურთელი, რომელიც ჩვენ გვჭირდება“.

12 მატჩი საკმარისი გამოდგა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლის გასატანად, „სევილიას“ ფეხბურთელები დაეცნენ, „კამპ ნოუ“ კი ფეხზე წამოდგა, აქ გამოჩნდა ცნობილი კანარების პაუზა, გამოჩნდა თურქეთშიც, ორივე გოლი ფანტასტიური გამოვიდა.

ამ დროს ფიქრის დრო ნამდვილად არ არის, ეს ყველაფერი ბუნებრივად ხდება, ინტუიციის დონეზე, ვცდილობ ისე ვითამაშო, როგორც ბავშვობაში, პაუზა ყოველთვის სწორ დროს გამომდიოდა“.

ჩავი ცდილობს ის გვასწავლოს, რასაც თავად აკეთებდა მოედანზე. კარგად იცის რას აკეთებს და თითოეულ ფეხბურთელს დეტალურად უხსნის რას მოითხოვს მიასგან. ცდილობს, რომ თამაში რაც შეიძლება დიდი დოზით იყოს მოწინააღმდეგის ნახევარზე, მოქმედება კი მხოლოდ ბურთთან ერთად, ეს ძალიან მომწონს, სხვაგვარად ძალიან გამიჭირდებოდა. ფეხბურთი თითქოს რობოტების თამაში გახდა, ძალიან ძალისმიერი, მაგრამ ჯერ კიდევ არიან ფეხბურთელები, რომლებიც გონებით თამაშობენ, მე კი პირველ რიგში სიამოვნებისთვის ვთამაშობ, ასეთი იყო ინიესტა და ამჟამად ასეთია სერხიო ბუსკეტსი, ნებისმიერ დროს შემიძლია ვენდო”, – ამბობს პედრი.  

მსგავსებას ინიესტასთან ხედავს “მანჩესტერ სიტის” ერთ-ერთი მწვრთნელიც, რომელსაც სილვასა და ვალერონთან უმუშავია. 

ვერ ვიტყვი, რომ ანდრესს ერთი შეხებით თამაში უყვარდა, პირიქით, ბურთს იქამდე იჩერებდა ფეხში სანამ მოწინააღმდეგეს წყობიდან არ გამოიყვანდა, ეს ქვეცნობიერის დონეზე ჰქონდა, ამას ალბათ ვერასდროს ისწავლი თუ თანდაყოლილად არ გაქვს, პედრიში კი იგივე მახასიათებლებს ვხედავ, – ამბობს ჟუანმა ლილო, პეპ გვარდიოლას ასისტენტი. 

რას უნდა ველოდოთ მისგან მომდევნო სეზონებში? რაღაც ისეთს რაც ჩავლილ 12 მატჩში ვნახეთ, ოღონდ უნდა ველოდოთ უფრო ხშირად, უფრო დიდი დოზით და სტაბილურად. ეს უკვე იქნება გარანტია იმისა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება და შესაძლოა, ის გამონაკლისიც შეიქმნას, რომელიც ოქროს ბიჭუნადან ოქროს ბურთის ჯილდოსკენ გაიწევს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (5)

  • nika 54
    20 ივნ 2022, 14:58

    იმედია ინიესტას ხასიათის ყველაზე სუსტი მხარე არ აღმოაჩნდება, ძალიან მგრძნობიარეა. როცა სოსიედადის ფეხბურთელი და მისი ბავშვობის მეგობარი დანი ხარკე გარდაიცვალა, რომელსაც მერე მუნდიალის ფინალში გატანილი გოლი მიუძღვნა, ანდრესს ფეხბურთისთვის თავის დანებებაც კი უნდოდა ისე განიცდიდა. მასზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში "მოულოდნელი გმირი" ანდრესის ოჯახის წევრები ყვებიან როგორ მძიმედ გადაიტანა ის ამბავი. ერთი მომენტი თავის მოკვლაზეც ფიქრობდაო, ფსიქოლოგთანაც დადიოდა კაი ხნის განმავლობაში.

  • La Pulga10
    20 ივნ 2022, 00:45

    სიმართლე,რომ ვთქვა ამის მეიმედება ყველაზე მეტად ბარსაში და ყველაზე მეტადაც მომწონს,შემდეგ უკვე არაუხოა.ეს ორი ფეხბურთელი ვიცი,რომ უმაღლეს დონეს მიაღწევს სწორად თუ წავიდა საქმე და პედრი მართლა შეიძლება მსოფლიოში საუკეთესო გახდეს.

  • EL MAESTRO 6
    19 ივნ 2022, 23:13

    მართლაც უდიდესი ტალანტი არის პედრი და მითუმეტეს ჩავის ხელში აქვს ძალიან დიდი პროგრესი, თითქოს რაც აკლდა ყველაფერი შეივსო, იმედია მეტ ტრამვას აღარ მიიღებს, თუნდაც მაგიტოა ბერნანდოს მოყვანა საჭირო რომ ეს ბავშვები არ გადაიწვან ამდენი თამაშისგან, წარმატებები პედრი❤

  • DesmondHume
    19 ივნ 2022, 23:09

    უდიდესი იქნება კარიერის ბოლოს, 20+ საკლუბო ტიტულს მინიმუმ ველოდები პედრის აქტივში. იქვე სანაკრებოები და პირადი ტიტულები.

  • nikusha
    19 ივნ 2022, 22:31

    ეს რა ოქროს ბიჭუნა გვყავს! ეს რა ოქრო ვიყიდეთ!