ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე – მე და ბარსა, მე და ბარსა

ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე – მე და ბარსა, მე და ბარსა

   სანამ რივალდო ჩემთვის ღმერთკაცი გახდებოდა, მანამდე თავად ვიყავი რივალდო. ბავშვობაში კარგი ფორმის შოვნა არ იყო მარტივი, ამიტომ ვიღაცებს ვიბრალებდით ხოლმე, მაგალითად, ერთ-ერთი ჩემი უბნელი ამბობდა რომარიო ვარო, მეორე იბრალებდა ბაჯო ვარო, და რადგან ცაცია ვიყავი ჩემმა უფროსმა ძმამ რივალდოობა შემომთავაზა და ასე გავხდი რივალდო, ოღონდ წარმოდგენა არ მქონდა ეს კაცი ვინ იყო.

ფორმის ტარება, რა თქმა უნდა, სჯობდა, ფორმა გაცვია და თუ არ გაგხადეს ჯავშანივით გაქვს ზურგზე ღმერთკაცის გვარი, მაგრამ, როცა ფორმა არ გაქვს და უბრალოდ იბრალებ ღმერთკაცობას ნებისმიერს შეუძლია შეგეცილოს.

ჩვენი საფეხბურთო მოედანი ორ ავტოფარეხს შორის იყო გადაჭიმული, ერთი კარი შედარებით დიდი იყო, მეორე პატარა, კარის არჩევისას უკვე იცოდი მოიგებდი თუ წააგებდი. იმ დღეს ცალ კარში ვიყავით მხოლოდ მე და ჩემი ძმა, ბატონმა გურჩიანმა მოასრიალა თავისი ტოიოტა, იმ დროს უცხო ფირმის ყველა მანქანა ფერარის ტოლფასი იყო, გურჩიანმა იაპონჩიკები დააბოლა ჩვენს ქვეყანაში გიჟდებიან ტოიოტაზეო და ასე გახდა ტოიოტას ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. სანამ ავტოფარეხში, ესე იგი, ჩემ კარში მანქანას შეაყენებდა, გვთხოვა – რამდენიც გინდათ ითამაშეთ, ოღონდ აგერ ამ ნათურას არ გაარტყათ თორემ ღამე მანქანას ვეღარ დავაყენებო.

არა რა უნდა გავარტყათ, მანდ ბურთს რა უნდა?!  გავუშვით მშვიდად გურჩიანი. 

ამ დროს მოხდა ის, რაც წესით არ უნდა მომხდარიყო. ჩემმა ძმამ დაიჩემა რივალდო ვარო! მე ვარ-მეთქი შევუბრუნე, შენ როგორ ხარ კარში დგახარო, მოკლედ, შერჩა იმას რივალდოობა და მე ოლივერ კანად გადავიქეცი. რივალდოობა კი მარტივი საქმე არ არის, თუ რივალდო ხარ მარცხენა უნდა დაარტყა, თუ მარცხენას ვერ იყენებ რივალდოობას კარგავ და მაქსიმუმ ჯალმინია ყოფილიყავი.

გააქანა ცაცია და.. დაამსხვრია! ზუსტად ის ნათურა დაფშვნა, რომელზეც გურჩიანმა გაგვაფრთხილა, თუ გინდა, ყირაზე გადადით, ოღონდ ამას არ მოარტყათო. ეგრე მოხდა. რა უნდა გვექნა?! რა უნდა გვეთქვა გურჩიანისთვის?! – ბატონო ირაკლი, თქვენ რომ გაგვაფრთხილეთ ნათურას არ მოარტყათო, ზუსტად მაგას მოვარტყით, ძალით არ გვინდოდა, დედასვფიცავარ!

არ დაგვიჯერებდა. შანსი არ იყო.

გამოცვლით კიდე ვერ გამოვცვლიდით, ჯერ ერთი, ვერ ვწვდებოდით, მერე ნატეხი იყო ჩარჩენილი. შემრცხვა. ასე უთქმელად რომ წავსულიყავით უეჭველად იტყოდა ძალით დალეწეს ამ განდონა ბავშვებმაო, აბსოლუტურად გამოუვალი მდგომარეობა იყო და ამ დროს ჩემ ძმას გაუნათდა! ხშირად ხდებოდა ხოლმე ასე, გამოუვალი მდგომარეობის ჟამს გენიალური აზრები მოსდიოდა თავში, სულ სხვა გაქანების აზროვნება ჰქონდა ბავშვობიდან, ჰოდა ჯერ თვალები გაუბრწყინდა და მერე შემომძახა:

– ბიჭო.. ნაყინი ხომ არ გვეჭამა?

ნაყინს გავატანე ჩემი პირველი სირცხვილი. იმის მერე რივალდო მხოლოდ მე ვიყავი. როცა ჰეფესტოს შედუღაბებული ჯავშანივით მოვირგე ამ კაცის სახელი მხოლოდ მერეღა ვნახე ვინ ვიყავი, “მანჩესტერთან” ვნახე “კამპ ნოუზე”, ყველაზე მაგრად მისი ბოლო დარტყმა დამამახსოვრდა, რომელიც გოლად ვერ იქცა, არადა, იმ მატჩში რაც დაარტყა ყველაფერი გოლად აქცია და ყველა პასი გენიალური იყო. “ბარსას” მოგება სჭირდებოდა, ანგარიში უკვე 3:3-ია და ბოლო წუთებზე “ხისფეხამ” გაისროლა! სადღაც 30-35 მეტრიდან, თვალს ძლივს გააყოლებდი.. ხარიხა შეაზანზარა, მე მგონი რომ შმეიხელმაც წაჰკრა თითები, იმის მერე თავიდან არ ამომდის. გასულიყო ეგ გოლი და ფინალამდე ვივლიდით, ფინალი კი “კამპ ნოუზე” ჩატარდა. მართლაც ზღაპრული ფინალი.

მომდევნო წელს შვიდიანმაც დახატა, უკვე ორი სუპერგმირი მყავდა, ორივე ფლანგზე, ერთი მარცხნივ, მეორე მარჯვნივ. არანაკლებ მიყვარდა, არანაკლებ ვაღმერთებდი და ერთ დღესაც მითხრეს, რომ “რეალში” გადავიდა. გავიღვიძე თუ არა ეგრევე მაჯახა მამაჩემმა, თითქოს ჩემი ბრალი ყოფილიყოს. ძალიან პატარა ვიყავი იმისათვის, რომ ამ ჩათლახობაში გამოვრკვეულიყავი, ჩემი ბავშვობის არც თუ ისე მცირე ნაწილი სულ სხვა გზით წავიდა და არ ვიცოდი რატომ, მაგრამ ვიცოდი, რომ მადრიდი არ ვარგა, მანდ ზღვარია და გადაკვეთა არ შეიძლება. ისევ ჩემმა გენიალურმა ძმამ მიხსნა დაღუპვისაგან:

– ბიჭო, შეაგინე ფიგუს! 

სხვა რა გზა მქონდა, შევაგინე! მაინც ჯაშუშად აღვიქვამდი, სხვაგვარად ვერ წარმომედგინა, მერე კი საღამოს ხუთწუთიან მიმოხილვაში ვნახე როგორ გაგვიტანა გოლი “ბერნაბეუზე”, როგორ გაიქცა სიხარულით გოლის აღსანიშნავად და უძველესი წყევლის შესახებ რაღაც გავიგე ამ ქვეყანაზე – ეს ღალატია.

მწარედ ვუყურე. თვალცრემლიანმა. სატანაც ერთ დროს ანგელოზი იყო, ლუიშ. 

ასე გახდა რივალდო ლეგენდების ლეგენდა! ჩვენი ცაცია ძმა! უნდა იცოდეთ რომ ლეო მესი ცაციებს სულ სხვაგვარად უყვართ. მარტო ფეხში არ არის საქმე, ცაციების ტვინის ნახევარსფეროებიც სულ სხვაგვარად მუშაობს. რივალდოც ეგრე გვიყვარდა.

მორიგი მატჩის მოლოდინში ვიყავი, “ბარსას” ფანობა ოჯახური ტრადიციაა, მამაჩემისგან მოდის. მერე ჩემი გენიალური ძმისგან და მერე მე მერგო მემკვიდრეობად. უცნაური დღე იყო, მამა მოვიდა და თითქოს ციოდა, უცნაურად იქცეოდა, დღეს თამაშია-მეთქი შევახსენე და არაფერი უპასუხია, მანდ მივხვდი, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე. მერე დედამ სასწრაფოო და მამამ არაო, ხომ იცით ძველი თაობის ჯუჯღუნა ხალხი, ექიმი რომ სისუსტის ნიშანი ჰგონიათ, ჰოდა, ეგ ამბავი იყო. არადა, ცუდად იყო საქმე. დედამ მამას ძმაკაცს დაურეკა, ის კიდე ერთადერთი კაცი იყო, ვისაც მამაჩემის დათანხმება შეეძლო და ასე წაიყვანეს. თურმე გული იყო. მაშინ გავიგე რომ ეს რაღაც რო ფეთქავს ჩვენში ხანდახან სკდება ხოლმე.

დავრჩით მარტო მე და ჩემი გენიალური ძმა. ისევ გამოუვალი მდგომარეობა იყო, მაგრამ ამჯერად ვერაფერიც ვერ მოიფიქრა. მე კი ვუყურებდი რაღაცის მოლოდინში, იქნებ ისევ გადამარჩინოს-მეთქი. ოჯახის ახლობლები მოვიდნენ და თავისთან წაგვიყვანეს. ყველა ოჯახს თავის ტრადიცია აქვს, იმ ოჯახში ფეხბურთი არ ყოფილა ტრადიცია. მანქანები უფრო ევასებოდათ და “სასწრაფო”. იყო ასეთი სერიალი ექიმებზე, რუსთავი 2-ზე გადიოდა, ჯორჯ კლუნი თეთრი ხალათით, კაცობის დეფინიცია!

არავის მოსვლია თავში აზრად, რომ “სასწრაფოს” ყურება ვერ იყო დიდად კარგი აზრი მაშინ, როცა მამაჩემი გულის შეტევით გააქანეს საავადმყოფოში. ტრადიცია იყო, ვერაფერს ვიზამდით. მერე ალბათ იმიტომ რომ დასტრესილები ვიყავით მოგვცეს უფლება ფეხბურთისთვის გვეყურებინა, ყველამ დაიძინა და დაგვტოვეს მე და ჩემი გენიალური ძაან საკაიფო ტელევიზორთან, “ბარსა” “ლიდსს” ესტუმრა, დაიწყო თამაში და ნაბოზარმა ბოიერმა საოცარი ჯარიმა გაგვიტანა.

ისედაც ნახევრად მკვდარი ვარ, ცხოვრებაში ერთი გაგაქვს და ისიც ახლა, შე არასწორო!

მერე მხოლოდ ობოლაძის ხმა მახსოვს, ახალგაზრდა პოლ რობინსონს “მკვდარი ბურთები” აუღია, აქაც სიკვდილი ბიჭო, გინდა არ გინდა, ყველაფერი სიკვდილზე მაფიქრებდა, არადა, რთულია, იმ ასაკში სიკვდილზე ფიქრი. თვალის ქუთუთოებს ვებრძოდი, ვერ ვერეოდი, მეძინებოდა, დროც იწურებოდა, აქაც ვაგებდით, აქაც ვმარცხდებოდით, მარტო დარჩენილები ამ საკაიფო ტელევიზორთან და ამ დროს გამოხტა ჩემი ღმერთკაცი! ჩემი ძმაკაცი! რივალდომ ისევ შეაგდო, ზედ სასტვენის წინ, ისევ გაიტანა, ისევ გადაგვარჩინა, ცოცხლები ვართ, გადავრჩით! შენი დედა ვატირე ლი ბოიერ! შენიც პოლ რობინსონ!

ღრიალით გავაღვიძეთ ტრადიციული ოჯახი. ძილის წინ კი ვიცოდი, რომ რაღაცა იქნებოდა, ვიღაც მაინც გვიშველიდა ბოლო წუთზე. მამას გული გაუჩერდა, 1-2 წუთით გავიდა იმ სამყაროში და მერე ისევ მობრუნდა, მართალია, დამწვარი სისხლძარღვების ხარჯზე, მაგრამ მაინც.

საბოლოოდ, ჯგუფში ჩავრჩით და უეფას თასზე გადავინაცვლეთ. შევჩენკოს დაბრალდა ეგ ამბავი, თითქოს ბოლო ტურში “ლიდსთან” ძალით გააცუდა პენალტი და ჩაგვტოვა. არ ვიცი, რა ვიცი..

იარა “ბარსამ” ნახევარფინალამდე და იქ დავღვარე პირველი ცრემლი საფეხბურთო მატჩის გამო. იმდენს ვერ ვხვდებოდი, რომ დიდად ტრაგიკული არ იყო უეფას თასის წაგება. უბრალოდ ისე ახლოს იყო ფინალთან, რომ მაგრად მატირეს. შენ რაგითხარი პატრიკ კლუივერტ!

აქაც რივალდოს გასროლა მახსოვს “ენფილდზე”, უფ, რა მაგრად მოსცხო, ესეც 35-38 მეტრიდან, ესეც არ გავიდა. საერთოდ, გოლი ვერ შევაგდეთ ვერცერთ მატჩში და “ლივერპული” გავუშვით ფინალში “ალავესთან”, ისიც ზღაპრული ფინალი გამოდგა. მე ჟორდის თამაში მომეწონა და მამამ მითხრა, შენ მამამისი არ გინახავსო და ზუსტად ამ დროს გვიჩვენეს ტრიბუნაზე იოჰან კრუიფი, მფრინავი ნიდერლანდელი. მაშინ შვილთან წაიკამათა და იმანაც მაისურზე გვარის ნაცვლად სახელი დაიწერა, სცადა მამის ჩრდილიდან თავის დაღწევა, მაგრამ აბა რას გახდებოდა?! 

საწვალებელი წლები იყო, მაგრამ “ბარსას” ვერ მივატოვებდით, რივალდოს ბოლო მატჩიც ისე ვნახე, რომ საერთოდ ვერ გავიგე ბოლო რომ იყო. ვერც მე, ვერც თავად, ვერც ფანებმა, საჩემპიოთალიგო “კლასიკოს” წინ ფეხი იტკინა და მოედნიდან მაინც არ გავიდა, კლუბს სჭირდებოდა, ვერ მიატოვა, ეგეთი კაცი იყო, შეუპოვარი. მაინც გაიტანა, ისევ ბოლო წუთზე და ტრავმა ისე გაიმიზეზა, რომ “კლასიკოებიც” გამაზა და “ბარსელონაც” დაასრულა.

ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. როგორც თქვენ მესის წასვლა ვერ წარმოგედგინათ, ისე ვერ ვიფიქრებდი, რომ რივალდო დაგვტოვებდა. ვან გაალმა გაუშვა და აქაც ავიჭერი. ჩემი ძმაკაცი დააპაშოლეს. ეს ხომ ფიგუს ამბავი არ იყო, თავად კლუბმა ჰკრა ხელი ამ საოცარ კაცს და ძალიან გავბრაზდი ყველაზე და ყველაფერზე, მაგრამ დაიწყო სეზონი და აღმოვაჩინე, რომ ისევ “ბარსას” ფანი ვარ, გაუბედურებული და გაფარჩაკებული კლუბის, მათ თამაშებზე გული სულ სხვაგვარად ძგერდა, “მილანი” კი ვერ გახდა ჩემი გუნდი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს წარმოადგენდა, მიუხედავად იმისა, რომ რივალდო იქ აღმოჩნდა და ლიგაც მოიგეს.

ჩემი დაცემული გუნდი მირჩევნია!

ასე გაქრა ღმერთკაცი ჩვენგან. ძიუკ ფლინდთან და გრენდაიზერთან ერთად. თურმე, ყველაფერს აქვს ბოლო ამქვეყნად.

რასაც ბოლო აქვს, იმას დასაწყისიც აქვს ხოლმე. ბორჯომში ვისვენებდი, ბიძაჩემს ჭადრაკს ვეთამაშებოდი, ჩემი გენიალური ძმა გვერდზე გაახედებდა რომ სვლაში მომეტყუებინა და ამ დროს ახალი ტრანსფერი დავლანდეთ საინფორმაციოში, რონალდინიო იდგა ფანების წინ და ბურთს კენწლიდა, იღრიჭებოდა თავის სტილში და ზურგზე მაგიური ათიანი ეწერა!

აააეეეეეეე!!!! – შევძახეთ და ასე დაიწყო გამოცოცხლება!

ცრემლიც იყო. მხოლოდ სიცილი არ ყოფილა. ჩემი მეორე და ჯერჯერობით უკანასკნელი ცრემლი საფეხბურთო მატჩისთვის “ჩელსისთან” გასვლაზე დაიღვარა. დაიწყო შოკით, გაგრძელდა ზღაპრით და დასრულდა უსამართლოდ!

წლების შემდეგ კოლინამ აღიარა, შეცდომა დავუშვი, ტერის გოლი არ უნდა ჩამეთვალაო, მაგრამ, წლების მერე ვიღას სჭირდება, აიღე ეგ ბოდიში და აი იქ წაიღე! აღარ ვიყავი პატარა, მაგრამ მატირეს, მაინც მატირეს. და წარმოიდგინეთ, ამის მერე რა სასიამოვნო იყო მოურინიოს სახეში გარტყმული ხუთი თითი და “სტემფორდ ბრიჯზე” ინიესტას წივილ-კივილი! იქ ბარსელონელები, აქ თბილისში კი ჩვენ ვღრიალებდით, მე, გენიალური და რაგნარა. არაადამიანური ხმით ვღრიალებდით და როცა დედამ ჩვენი გაჩუმება განიძრახა, მამამ ჩვეული სიმშვიდით უთხრა, – გაეშვი, იყვირონ.

ესეც შურისძიება ლონდონში, პირდაპირ კოვზით გულ-მკერდის არეში!

აღარ იყო ჩვენთან რონალდინიო, მაგრამ მისი ათნომრიანი ეკიდა ჩემი ოთახის კედელზე. გენიალურის ნაჩუქარია. პატარა ჩოჩქოლის შედეგად დიდი ჩოჩქოლი ატყდა და ჩემი მარცხენა ფეხი გახვრიტეს. სისხლი ასხამდა შადრევანივით, მაგრამ გადავრჩი ზეციერის წყალობით და საავადმყოფოში მიგდებულს “ბარსას” ფორმა ჩამახუტეს. ფეხზე წამოდგომის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მარცხენა ფეხში ბურთს საერთოდ ვეღარ ვგრძნობდი, ექიმებს კიდე არ ესმით ეს ამბავი, ეუბნები ბურთს ვერ ვგრძნობო და იმათ ჰგონიათ, რომ შეხებას ვერ გრძნობ, გირტყამს ჩაქუჩს გიჟივით და გეუბნება ყველაფერი რიგზეაო.

იმდენი შენი ბაბო გავათხოვე!

ჩემი ბურთთან შეხება იყო მსგავსი ჟეფრენისა! და ოპერაციის მერე ბურთს ვგრძნობდი, როგორც მენთეშა! შესაძლოა, დიდი სხვაობა არც იყოს.

როცა თამაშს ანებებ თავს, მერე უფრო დიდი ფანი ხდები. ეგრეა. საკუთარ კარიერაზე აღარ ფიქრობ და ბოლომდე ფანი ხარ. “ბარსაში” კი ვეებერთელა დიაპაზონის თეთრი დათვი გამოჩნდა, ისიც ცაცია, სულ სხვა გაქანების ღმერთი! არესიც ღმერთია და აპოლონიც, მაგრამ არესი აპოლონთან შედარებით სოფო ბედიას ქმარია.

ასე იყო მესიც. სულ სხვა რანგის ავენტინური ტრიადიდან გახლდათ!

დაიწყო და დაიწყო.. ღარიბი “ბარსას” ფანობა დავიწყე და რაღაც სიგიჟეში ამოვყავი თავი. თითქოს მოულოდნელად გავმდიდრდი, გვარდიოლას მოსვლა ლატერეის მოგების ტოლფასი იყო – გადავფკიკეთ და მოვიგეთ პეპი!

რაღაცას ვცოდვილობდით ჩვენთვის, მოვიდა ეს ხალხი და ყველა დროის საუკეთესო გუნდი შემოგვაპარეს. ბიჭოოო… ჩემი გენიალურიც ვერ მოიფიქრებდა!

მაგრამ, ცხოვრება ხომ იცით.. არეულ-დარეული რამეა. რაიან გიგზივით დაქრის, ზიგზაგებით, ხან აქეთ, ხან იქეთ.

ატყდა ისევ რაღაც ჩოჩქოლი და ამჯერად მე მომიწია გადახვეწა. სადმე უნდა დავთესილიყავი და გამიშვეს მეუფის რეზიდენციაში, რომელიც ახლა მიტროპოლიტია და ვიღაცებს ლანძღავს ხოლმე ტელევიზიიდან.

არ იყო ცუდი ადგილი, აკვარიუმი ჰქონდა, საშხაპე იყო, კარგი საჭმელი, მაგრამ ტელევიზორი არ ყოფილა. თითქოს აღარც მაინტერესებდა, რთული წარმოსადგენია, მაგრამ, დგება ეგეთი დღეებიც, არავინ და არაფერი რომ აღარ გინდა. დილით ექვსზე ეკლესიის ზარი დავრეკე და რაღაც გავტეხე. მერე შემოსილებს ვეხმარებოდი, კიბეებიც შევღებე და რაღაც ლაპარაკს მოვკარი ყური, თურმე, იმ დღეს ყოფილა მატჩი, განმეორებითი მატჩი, ძაღლურად წაგებულის მერე “კამპ ნოუზე” “ინტერი” უნდა ჩამოსულიყო. აუჰ.. კი ვარ დამნაშავე, კი ვარ ცუდი კაცი, მაგრამ, “ბარსას” ყურებას მაინც ვიმსახურებ! ოღონდ სად ჯანდაბაში უნდა ვუყურო?!

ვიცოდი, რომ ჩემი ბავშვობის ძმაკაცი “ხისფეხა” ძალიან დიდ მანძილს გადიოდა ვარჯიშზე მისასვლელად და იმავე მანძილს გადიოდა სახლისკენ. ჰოდა, იმან თუ შეძლო, მეც შევძლებდი. იქვე, რამდენიმე კილომეტრში სოფლად უტკბილესი ხალხი მეგულებოდა, უეჭველად მიმიღებდნენ, ხელს ნაღდად არ მკრავდნენ, ავდექი და დილით გავედი ფეხით, ჩემი ჭკუით არავის ყურადღება არ უნდა მიმექცია, წასვლის წინ შემოსილმა მითხრა გაგიფრენიაო, ჩვენს შორის გაფრენილის-მეთქი მივაძახე და წავედი..

რვა საათი მივლია, მაგრამ მივედი და შუქი არ დამხვდა. ისტერიული სიცილი ამიტყდა. ნახევრად მიცნო უტკბილესმა ხალხმა, დაიწყეს მასპინძლობა, დაღლილი იქნებიო, გამოალაგეს ყველაფერი, იქვე ერთი ბებო იწვა, ძალიან ძალიან მოხუცებული, ვიღაცას ელაპარაკებოდა ჭერში, შემაშინა, მაგრამ მხოლოდ “ბარსაზე” მეფიქრებოდა, შუქი არ იყო და წარმოსახვაში ვხლართავდი რაღაცებს, ალვესი გარბის, მესი აწიოკებს, სწრაფი გოლი იხატება, ვმაიმუნობ რაღაცებს და მოვიდა ეს დალოცვილი და პირველად ამ დროს შევყვირე, ბებოს მაინც არაფერი გაუგია, ისევ ჭერში ჰქონდა საქმე, მაგრამ ირგვლივ სახლებში შუქები რომ აინთო დავინახე, უკვე კაი ხნის დაწყებული იყო პირველი ტაიმი, გავიგე, რომ მოტაც გაუგდიათ, მერე სეზარმა მესის უნამუსოდ აუღო და თითქოს ისეთი თამაში იყო, რომ ფრედ უნდა დასრულებულიყო.

ბოლოს მეც გადავირიე. ალბათ თქვენც გადაირიეთ. ჯერ პიკემ გაიტანა, მერე ბოიანმა გაიტანა და მეორე გოლზე ისეთი ღრიალი ავტეხე მთელმა სოფელმა გაანათა! მერე კი დამადუმეს. ისევ უსამართლოდ. ეგეც გოლი იყო, მაგრამ VAR-ი არ იყო. წაგვართვეს. დაგვახიეს. წავაგეთ. ვერ წავედით “ბერნაბეუზე”. ვერ დავწერეთ კიდევ ერთი ისტორია. არადა, დიდებული იქნებოდა.

ვერ დავიძინე. რა დამაძინებდა. გამთენიისას წავედი ისევ შემოსილებისკენ, ჭიშკართან შავებში ჩაცმული ხალხი შემომხვდა, სახეს იკაწრავდნენ, მომისამძიმრეს, გამომაშტერეს, თურმე, ჩემს წივილ-კივილზე ეგონათ რომ ბებო გავიდა მარილზე. არადა, ჯანზე იყო, ჭერში აგვარებდა საქმეებს. ვიღაც რომ კვდება თურმე წაიკივლებენ ხოლმე. მე რა ვიცოდი.

მერე ისევ მოგებისა იყო, “ბარსამანიაზე” შემოვარდნები, კომენტარების ნახვები, ხითხითი და აღნიშვნა დიდი გამარჯვებების. ისევ გიგზივით ზიგზაგზე, მაგრამ მაინც წინ.

ბილეთი მქონდა დასათრევი, “ბარსა” ყოველდღე ხომ არ ჩამოდის შენს ქალაში, თანაც, ოფიციალურ მატჩში, თანაც ფინალის სათამაშოდ, ნეიმარი არ იყო, მაგრამ, ნეიმარი ჯანდაბაში წასულა! მესი იყო და სუარესი, თუნდაც არ ყოფილიყვნენ, “ბარსა” იყო ჩემს ქალაქში!

“პეტრო” უეფაში მუშაობდა და მატჩის ერთ-ერთი დელეგატიც იყო, ჰოდა, ასე შემხვდა ბილეთი, წესით, ვიღაც ბერძენის უნდა ყოფილიყო, VIP ბილეთებს გვარებიც აწერია და ამას ვიღაც ბერძენის გვარი ეწერა, ის კაცი კიდე ვერ ჩამოვიდა, გაახაროს ღმერთმა! მოვთავსდი ლოჟაში, გვერდზე ვალერა მეჯდა, ფოტო გადავიღოთ-მეთქი ვერ ვაკადრე, დაე იფიქროს რომ მეც ვიღაც მნიშვნელოვანი ტიპი ვარ. მესის ხელის გულზე ვხედავდი და გოლის მერე რომ გამოიქცა ერთი ხელის გაწვდენაზე იყო. გავგიჟდით მე და გაზაევი!

“პეტრო” რამდენიმე წლის წინ ტრაგიკულად დაიღუპა. მისი ნაჩუქარი ბილეთი კი დღემდე შენახული მაქვს. ისედაც რჩება მეხსიერებას, მაგრამ, შეხედავ ბილეთს და გაგიხარდება.

მერე ის საოცარი მატჩიც მოვიდა.

მამამ მითხრა, ჩვენი აწმყო მომავლისთვის წარსულია, რაღაც უეჭველად უნდა იყოს გასახსენებელი ისეთი რომ ახსნა ვერ მოუძებნონო, აი, გახედავ ახლა წარსულს და უამრავ ეგეთ თამაშს გაიხსენებ, ესე იგი, აწმყოში უნდა მოხდეს, რომ მომავალშიც გაიხსენონო, ჰოდა, “ბარსა” მოიგებს პსჟ-სთანო.

ვაჰ, მეთქი, ვერაფერი გავიგე, მარა მჯერა!

ჰოდა, მოვიგეთ.

თქვენი არ ვიცი, ეგ მატჩი ბევრ ფინალს მირჩევნია. ტიტულსაც და დანარჩენებსაც.

ფანტასტიკა!

ასე მომყვება “ბარსა” ყველგან. ისე გამომყვა, რომ მამა მოხუცდა. თავის დრო დალია. არ უყვარდა პოლიტიკაზე რომ ვწერდი. როგორც წესი, იმ მაიმუნებს ვამასხარავებდი თავი რომ პოლიტიკოსებად მოაქვთ, ძალიან მწარე ადგილზე ვაჭერდი წიხლს და მამას არ მოსწონდა. ფეხბურთზე წერეო. იმ საქმეს გაეშვიო, ჰოდა, დაგვატყდა თავზე პანდემიის ჩაკეტილობა და შემოვაბიჯე ამ სივრცეში. დავიწყე ფეხბურთზე წერა და კი გავუხვევ ხოლმე უხერხულად სხვა თემებში, მაგრამ, მგონი მაინც ფეხბურთზე ვწერ. 

სულ მცირე ხანში აღმოვაჩინე რომ ჩემთან ერთად “ბარსამანიაზე” წერა დაიწყო მამაჩემის ძმაკაცის შვილმა, თქვენ მას იცნობთ როგორც Joseph K, ასე, “კაფკიანურად”, როგორც, ჯესი პინკმენი იტყოდა. აი, იმ ძმაკაცის შვილია, მამა რომ საავადმყოფოში წაყვანაზე დაითანხმა, ერთადერთი კაცი, რომელსაც მისი დათანხმება შეეძლო. იოზეფ კ, სულ პატარა მახსოვს, მასთან სტუმრად რომ მივდიოდი სულ რაღაც 3-4 წლისა იყო, სათამაშო თოფი ჰქონდა, ლიფტში შევუშვებდი და პირველ სართულზე დავუშვებდი, კარი იღებოდა, იოზეფი სათამაშო თოფით ხალხს ხოცავდა და მერე ისევ ამომყავდა მაღლა. წესით უნდა ეტირა, მაგრამ არ ტიროდა, ერთობოდა. ამდენი წლის მერე “ბარსამ” შეგვახვედრა.

ვერ მოვასწარი ამ ამბის მამასთვის მოყოლა. ძაან მოულოდნელად წავიდა ჩვენგან. მეგონა, რომ სულ ჩვენთან იქნებოდა. ისეთივე ბავშვური მიამიტურობით, როგორც ღმერთკაცების მუდმივად დარჩენას ველოდი. ყველაფერს აქვს ბოლო.

რაღაც მხრივ “ბარსამანიამ” გადამატანინა ეს ამბავი. შემოხვალ და კარგად ხარ. 

ცოტა უჩვეულოა ფეხბურთის მარტო ყურება. ცოტა კი არა, მაგრად უჩვეულოა. მერე მესიც წავიდა. მამას არ უნახავს მესი როგორ წავიდა. მაგრად ეწყინებოდა, მისი თაობის ხალხს მესი განსაკუთრებით უყვარს. არ ვიცი რატომ.

გენიალურს კი ვუთხარი მესის ბოლო ფორმა ჩამომიტანე-მეთქი. ლეოს “კამპ ნოუს” შესასვლელთან დარჩენას ხუთი კაცი ეხვეწებოდა და იმ ხუთიდან ერთ-ერთი გენიალური იყო. შესთავაზებდა კიდეც იდეებს როგორ და რანაირად უნდა დარჩენილიყო, მაგრამ, აბა ვინ მოუსმენდა, ეგ მე ვიცი, რომ გენიალურია, თორემ, იმათ რა იციან.

როგორც სჩვევია ხოლმე, ისე მოიქცა, ფორმა ვთხოვე და პირბადე ჩამომიტანა. ჰოდა, “ბარსას” პირბადიანი კაცი რომ შეგხვდებათ ქუჩაში, იცოდეთ, რომ ეგ კაცი მე ვარ.

ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის დნება,

ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე – მე და ბარსა, მე და ბარსა

პ.ს: ფოტო ეკუთვნის გენიალურს. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (17)

  • giomost
    07 დეკ 2021, 02:14

    საოცარი სტატიაა. ზუსტად იგივე შეგრძნებები მქონდა. ჩემი პირველი კატალონიელი ძმაც რივალდო იყო. დანარჩენი განვითარებაც გუშინდელივით მახსოვს. ვამაყობ რომ ბარსას ფანი ვარ.

  • Tyler Durden
    04 დეკ 2021, 12:52

    ემოციური ხალხისთვის ასეთი ამბების კითხვა არ შეიძლება. არადა ვერც ვტირი, სამსახურის კომპიუტერით ვწერ კომენტარს და ყელში მაწვება, თვალებშიც და ვერ (არ) ვტირი. მადლობა მეგობარო ამ ამბის ასე გაზიარებისთვის. არმიყვარს ავტობიოგრაფიები მაგრამ ყველა წასაკითხი მიყვარს რაც ემოციების ზღვას მოიტანს. ყოველ მესამე დღეს შემოვდივარ (სამსახურის კომპიუტერით) და აქ სიახლეების კითხვა ერთ-ერთი მიზეზია რისგამოც აქ მოსვლა მიხარია. ბედნიერებას გისურვებ.

  • Barcaman1988
    03 დეკ 2021, 10:48

    შეგიძლია წიგნიც გამოსცე ან ფილმი გადაიღო❤❤❤

  • levanoza
    02 დეკ 2021, 23:44

    მაგრად ვისიამოვნე, საღოლ ფეოლა!

  • Tsitsi
    02 დეკ 2021, 22:40

    სიტყვებს ვერ ვპოულობ!!!!!!!!!!! საოცრება ხარ

  • nika 54
    02 დეკ 2021, 19:29

    კარგი იყო, როგორც ფეოლას ყველა საკითხავი.

  • cruyff9
    02 დეკ 2021, 19:04

    შემოგევლე ძმაო!!ბრავო👏👏სხვა არაფრის თქმა არ შემილია!!

  • basa7
    02 დეკ 2021, 17:39

    დიდებული წასაკითხი იყო. და გენიალური არ არის ამ საიტზე? თუ არის და რა ქვია?:))))))

  • BEQA BARCA
    02 დეკ 2021, 17:25

    ესეთი სტატია ბევრ წიგნსაც ჯობია. და კაი ხანია წიგნისგან არ მიმიღია ესეთი სიამოვნება როგორც ამ სტატიის კითხვისას. ❤🥰

  • C.PC5
    02 დეკ 2021, 17:08

    "მაგრამ დაიწყო სეზონი და აღმოვაჩინე, რომ ისევ „ბარსას“ ფანი ვარ, გაუბედურებული და გაფარჩაკებული კლუბის, მათ თამაშებზე გული სულ სხვაგვარად ძგერდა, „მილანი“ კი ვერ გახდა ჩემი გუნდი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს წარმოადგენდა, მიუხედავად იმისა, რომ რივალდო იქ აღმოჩნდა და ლიგაც მოიგეს."
    ეს გამოვცადე ზუსტად ამ სეზონის დაწყების წინ, მაგრამ ერთი განსხვავებით, უკვე ვიცოდი რო პსჟ-ს თამაშების ყურებას არ მოვინდომებდი ბარსა რო საერთოდ მესამე დივიზიონში წასულიყო❤️✊ ფეოლა სიტყვები ზედმეტია, შედევრებს კიდევ ერთი შედევრი მიემატა❤️

  • iniesta
    02 დეკ 2021, 16:35

    ვისიამოვნე,მადლობა შენ მეგობარო

  • EL MAESTRO 6
    02 დეკ 2021, 15:54

    ნებისმიერ წიგნს სჯობია ასეთი სტატიების კითხვა❤❤

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    02 დეკ 2021, 15:41

    ყველა თანამედროვე მწერალს ჯობიხარ ფეოლა!❤️❤️

  • Andria
    02 დეკ 2021, 15:14

    ბევრი რომარ ვწერო მარტივად ვიტყვი დამაჟრიალა ❤️‍🔥
    რაც არ უნდა მოხდეს ყველგან ყოველთვის ბარსა იქნება ჩვენი დასაწყისი და დასასრული

  • riva
    02 დეკ 2021, 14:58

    ფეოლა ❤ როგორ ველოდები ყველა შენს სტატიას.

    მეც ერთი იმათგანი ვარ ვისთვისაც ბარსა რივალდოდან იწყება. ვინც ვანგაალს და ფიგუს ვაგინებდით და ბარსა ვალენსიაზე ყველაფერს ვამტვრევდით. ხო ის ლიდსი ძალიან ახალგაზრდა და სიმპათიური გუნდი იყო… ის ლივერპული კიდევ გოლს არ უშვებდა…

  • Barca1980
    02 დეკ 2021, 14:47

    ერთი გუნდის სიყვარულში , ჩატეული მთელი ცხოვრება . საოცარი ისტორია , სიყვარულითა და ტკივილით გაჯერებული , თუმცა ცხოვრებაც სწორედ მასეთია . არ ვიცი სხვა გუნდის გულშემატკივრები რას განიცდიან , თუმცა მგონია რომ ბარსელონას გულშემატკივარი სხვანაირია , ესთეტია შინაგანად და სწორედ მაგიტომაც ქომაგობს ამ გუნდს . მასე გააგრძელე წერა და ერთ დღეს , მჯერა მრავალგვერდიან წიგნსაც დაწერ , ცხოვრებაზე სადაც ფეხბურთსა და ამ გუნდს ძალიან დიდი ადგილი უკავია . ღმერთმა ხელი მოგიმართოს .

  • Norman Bates
    02 დეკ 2021, 14:12

    ბარსამანიას მესი ხარ