ბრეითუეიტი და დე იონგი ბარსელონაში, ინგლისური პერსპექტივიდან – რა ჯანდაბაა?!

ბრეითუეიტი და დე იონგი ბარსელონაში, ინგლისური პერსპექტივიდან – რა ჯანდაბაა?!

ძველი მეტოქეები ერთმანეთს დაემსგავსნენ ფეხბურთელების უნდობლობაში. „ნიუკასლსა“ და „მიდლსბროს“ ისტორიული მტრობა აკავშირებთ, მაგრამ გადაკვეთის წერტილიც აღმოაჩნდათ. მათი დაწუნებული ფორვარდები მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში აღმოჩნდნენ, ბრეითუეიტი და დე იონგი წარუმატებლობის სიმბოლოდ იქცნენ „სენტ ჯეიმს პარკსა“ და „რივერსაიდზე“, მაგრამ ახლა მიუნხენის „ბაიერნთან“ მოუწევთ თამაში, თანაც ჩემპიონთა ლიგაზე. მათ ანტუან გრიზმანი და ლიონელ მესი უნდა შეცვალონ. ბრეითუეიტი ტრავმირებული სუარესის ნაცვლად შეიძინეს, ხოლო დე იონგი ახლაღა გახდა „ბარსას“ წევრი.

ორივემ ერთად ინგლისურ ფეხბურთში 52 მატჩი ჩაატარა და მათ ანგარიშზე ცხრა გატანილი გოლია! კატასტროფული შედეგია, მაგრამ მარტინ ბრეითუეიტს მაინც გამოვარჩევთ, რადგან ამ ცხრა გატანილი გოლიდან ცხრავე მის ანგარიშზეა, დე იონგმა ბრწყინვალე ინგლისური კარიერა განვლო და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა! „ნიუკასლის“ ფანები დღემდე აბუჩად იგდებენ და ახლა მოუწევთ, რომ „ბარსას“ ფორმაში გადაცმული იხილონ, თუმცა, სანამ დე იონგი თავს დადებითად არ წარმოაჩენს, მანამდე ისევ მათი საყვარელი დაცინვის ობიექტი იქნება.

მას შემდეგ, რაც დე იონგმა ინგლისი დატოვა, საერთო ჯამში 149 გოლს მოუყარეს თავი. საერთოდ არ არის ცუდი შედეგი, იმის გათვალისწინებით თუ რა მძიმე პერიოდი გამოიარა. რა თქმა უნდა, კოვიდ პანდემიამ დიდი როლი ითამაშა ამ ფეხბურთელების ტრანსფერებში, მაგრამ მაინც.. რა ჯანდაბაა?! რა უნდათ ბრეითუეიტს და დე იონგს „ბარსელონაში?“

„ჩვენს გუნდს ჰქონია მძიმე პერიოდები და ჩავარდნილი ტრანსფერებიც გვახსოვს, მაგრამ დე იონგი მათ შორის ყველაზე ცუდი იყო. ვფიქრობ, რომ ის სწორი ფეხბურთელი იყო, სწორად შერჩეული კლუბისთვის, მაგრამ არასწორ დროს“, – ამბობს „ნიუკასლის“ ერთ-ერთი ფანი.

თუმცა, განსხვავებული მოსაზრება აქვს თავად დე იონგს, „ეს არ ყოფილა სწორი არჩევანი ჩემი სტილიდან გამომდინარე“. ერთ-ერთი მარცხის შემდეგ ინგლისურმა გამოცემამ მისი თამაში ასე შეაფასა, – „დე იონგს ისეთივე საგოლე ალღო აქვს, როგორც ფუმფულა სათამაშოს“. (ალბათ ადგილობრივი იუმორია – ავტ.) იმ დროისთვის დე იონგი უკვე იყო წარუმატებლობის, „გაფლოპებული“ ფეხბურთელის სიმბოლო.

დააბრუნეთ სტეფანი, ანდერსონი, კუქი, პინგელი, დააბრუნეთ ყველა, ეს ფეხბურთელები უფრო შესაფერისნი არიან „ნიუკასლისთვის“, ვიდრე ეს იხვის კვერცხი!“ – ასე ბრაზობდნენ ფანები.

არადა, „ნიუკასლის“ ფანები დე იონგს დიდხანს ელოდნენ, მათ ბოსებს ამ ბრწყინვალე ტრანსფერის განხორციელება ჯერ კიდევ მაშინ სურდათ, როცა ლუკი „ტვენტეში“ თამაშობდა, მაშინ ამის გაკეთება ვერ მოახერხეს, ჰოლანდიელი გერმანიაში გადავიდა და „ნიუკასლის“ ფანებიც ცრემლად დაიღვარნენ, ახალი ვან ნისტერლოი გამოეცალათ ხელიდან, რომელიც პრემიერლიგას დაიპყრობდა, შემდეგ როგორც იქნა ოცნება აიხდინეს და.. ერთი საგოლე პასი!

თუმცა, ისიც სათქმელია, რომ პოზიციურად დაიჩაგრა, როგორც ფორვარდი ისე იყიდეს და როგორც ნახევარცმველი ისე გამოიყენეს, ყველაზე ხშირად, სისეს უკან უწევდა თამაში. „ყველამ იცის, რომ თავდამსხმელი ვარ, მაგრამ მათ კაბაი გაყიდეს და მის ნაცვლად მე მათამაშებენ“, – თქვა ჰოლანდიელმა BBC-სთან ინტერვიუში.

ლუკს ფიზიკური მომზადებაც დაუწუნეს, როგორც სწრაფ-გამძლეობა, ისე ათლეტურობა, ნელა გადაადგილდებოდა, ორთაბრძოლებს ვერ იგებდა და ინგლისური სათამაშო ტემპისთვის აბსოლუტურად შეუთავსებლად მიიჩნიეს.

„რა თქმა უნდა, კაბაის შემცვლელად ფეხბურთელი უნდა მოეყვანათ, ლუკი სულ სხვა მიზნით იყიდეს, შემდეგ კაბაის შემცვლელი ვერ უპოვეს და დე იონგი გაწირეს“, – ამბობს ერთ-ერთი წყარო „ნიუკასლიდან“.

მისი თანაგუნდელები იხსენებენ, რომ ლუკს თვითდაჯერება აკლდა, არასდროს ჰქონია საკმარისი თვითრწმენა, მატჩების დროს კი იკარგებოდა და თამაში ისე მთავრდებოდა, საერთოდ ვერაფერს ქმნიდა.

საბოლოო ჯამში, ალან პარდიუმაც აღიარა, – „დე იონგს ვერ მივეცით სათანადო სივრცე თავის გამოსაჩენად“. ამან ფანებთან ურთიერთობა გაამწვავა, კაბაის წასვლის შემდეგ გუნდი უკან-უკან წავიდა და ფეხზე ვეღარ დადგა.

12 მატჩის განმავლობაში, (8 ძირითადი შემადგენლობიდან) დე იონგმა გულშემატკივარს თავი ვერაფრით დაამახსოვრა, მხოლოდ ერთი საგოლე პასი მიითვალა და შორიდან საზიზღრად ურტყამდა, ყოველ მის დარტყმას სტვენა მოჰყვებოდა. ამ ყველაფრის შემხედვარე გასაკვირი არ ყოფილა, რომ „ნიუკასლმა“ არ გამოისყიდა, თუნდაც 7 მილიონ ევროდ.

თავად ლუკს კი დარჩენა სურდა, რატომღაც. თავის ძმასაც კი უთხრა იქნებ „ნიუკასლში“ გადმოხვიდე ერთად რამეს გავაწყობთო, მაგრამ კლუბმა მისი გაშვება გადაწყვიტა. ხელფასი დაიკლო და პსვ-ში გადავიდა სადაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, შეიძლება ითქვას, რომ ბოლომდე გაიხსნა. 204 მატჩში 112 გოლი გაიტანა, რაც მშვენიერი მაჩვენებელია. შემდეგ იყო ასევე წარმატებული პერიოდი „სევილიაში“, სადაც 19 გოლი შეაგდო, მათ შორის ორი ევროპა ლიგის ფინალში, აი, ასე აღმოჩნდა ლუკი „ბარსელონაში“.

„ვწუხვარ, რომ „ნიუკასლი“ გოლის გარეშე დავტოვე, თავდამსხმელს ამით განსჯიან, ბუნებრივია, რომ კრიტიკა დავიმსახურე“, – დაღვრემილი იყო დე იონგი ინგლისის დატოვების შემდეგ, მაგრამ რაც მთავარია, საკუთარი თავი კვლავ იპოვა.

 „ვიცოდი, რომ დე იონგი თამაშს გამოასწორებდა, მაგრამ ვიფიქრებდი თუ არა იმას, რომ „ბარსელონაში“ გადავიდოდა? დამცინით?!“ – შოკშია „ნიუკასლის“ ყოფილი ფეხბურთელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

მოდი ვნახოთ მეფე

2019 წელს ბრეითუეიტი „მიდლსბროს“ ფანებს გულთბილად დაემშვიდობა, დიდი მადლობა გადაუხადა ფანებს, მწვრთნელს, თანაგუნდელებს, ყველას და ყველაფერს, სიყვარულს ბოლომდე გულით ვატარებო და წავიდა.

ხანდახან არ არის საჭირო თბილი სიტყვებით დამშვიდობება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფანებს არ უყვარხარ და პატივს არ გცემენ, ამ დროს ჯობია უთქმელად წახვიდე, მაგრამ მარტინმა თავი გამოიდო და სენტიმენტების ნიაღვარი მოაწყო, რასაც „მიდლსბროს“ ფანების ლოგიკური რეაქციაც მოჰყვა.

„ყოჩაღ მარტინ, ეს ყველაზე ეფექტური და შრომატევადი საქმე იყო, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში გააკეთე“, – ასე უპასუხა ერთ-ერთმა ფანმა მარტინ ბრეითუეიტს.

„ხანდახან ტრანსფერი არ გამოდის, ხანდახან ფორმაში არ ხარ, მესმის, ცხოვრება ასეთია, მაგრამ შენ ჩემს კლუბს სიცოცხლე მოპარე!“ – ესეც მეორე ფანი.

„არ მოგვენატრები მარტინ, ყველაზე ცუდი ტრანსფერი ბოლო 25 წლის მანძილზე, გთხოვ, აღარ დაბრუნდე!“ – გულნატკენი ფანის პასუხი.

როგორც კი გაირკვა, რომ მარტინი „ლეგანესში“ გადავიდა, ერთ-ერთმა ფანმა მიაძახა: „ამიერიდან, ნებისმიერ კლუბს ვუგულშემატკივრებ, რომელიც „ლეგანესის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

36 მატჩი ჩაატარა ჩემპიონშიპში და რვა გოლი გაიტანა. ვერავინ იფიქრებდა, რომ წლების შემდეგ მარტინს „ბარსელონა“ იყიდდა, ოთხწლიან კონტრაქტს გაუფორმებდა! თანაც, გავიხსენოთ, რომ დაახლოებით იმავე ფასად იყიდებოდა ერლინგ ჰოლანდი, მაგრამ „ბარსამ“ მარტინი ამჯობინა, ვითომ 3 თვით გამოკლებული სუარესის ნაცვლად მიიყვანეს გუნდში და 4 წლიანი კონტრაქტი დაუდეს, არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ გამოსასყიდ თანხად, 300 მილიონი ევრო ჩაწერეს, ვაიდა ვინმემ ხელი არ დასტაცოს და არ წაგვართვასო.

„ამან ძალიან გამაბრაზა, მეგონა, რომ დაგვცინეს, ეს კიდევ ერთელ ადასტურებს, რომ ოდნავ უკეთ მაინც შეეძლო თამაში და ამას არ აკეთებდა“, – ამბობს „მიდლსბროს“ ფანკლუბის წევრი.

ბრეითუეიტმა ინგლისში ჩასვლისთანავე ჟუნინიოსთან ერთად გადაიღო ფოტო, ათნომრიანი მაისურით, ბრაზილიელი „მიდლსბროს“ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა. (არ შეგეშალოთ ჟუნინიო პარნამბუკანოში, „მიდლსბროში“ თამაშობდა ჟუნინიო პაულისტა, ბრაზილიის ნაკრების წევრი, გიორგი ქინქლაძის „ბულკი“).

“მიდლსბროს“ ფანებს იმავე ემართებოდათ ამ კაცის ათნომრიან მაისურზე, რაც ჩვენ დაგვემართა, როცა ცხრა ნომრით დავინახეთ. ამიტომ, მარტივად აღსაქმელი ამბავია.

მარტინს ცუდად არ დაუწყია, შვიდ მატჩში სამი გოლი შეაგდო და არც სათამაშო ხარისხს უჩიოდა, მოედნის მიღმაც მარტივად გაიარა ადაპტაცია, ქალაქსაც შეეგუა, ამინდსაც და თითქოს არ იყო არანაერი პრობლემა, მაგრამ მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს, მის ნაცვლად ტონი პულისი აიყვანეს და ყველაფერი აირია. მარტინს თამაში აღარ სურდა, წასვლა ითხოვა და „ბორდოში“ წავიდა, მერე ისევ დაბრუნდა, მაგრამ საკუთარ თავს აღარ ჰგავდა.

„მარტინი კარგი ბიჭია, სარგებლის მოტანა შეუძლია, მაგრამ მე არ მჭირდება ფეხბურთელები, რომელთაც აქ თამაში არ სურთ“, – თქვა ტონი პულისმა.

„ის არ ყოფილა კლუბის ერთგული, არც თამაში უნდოდა, მყიდველი კი არ ჩანდა, რადგან თანხა ეძვირათ და გადახდა არავის სურდა“.

შემდეგ მარტინი „ლეგანსეში“ გაიქცა. „მიდლსბროში“ არასდროს დავბრუნდები, ეს ვერ წარმომიდგენია“, – თქვა დანიელმა და არც არის გასაკვირი ფანების კომენტარების შემდეგ. ტონი პულისზე კი ასეთი კომენტარი გააკეთა: „უცნაური სტილი აქვს, გრძელი პასებით უყვარს თამაში, დაარტყი და გაიქეცი, ეს მე არ მომწონს“.

თავის მხრივ არც პულისმა დაინდო, ხაზი გაუსვა მის მაღალ ხელფასს, პრემიერშიპის კვალობაზე ვარსკვლავური კონტრაქტი ჰქონდა, მაგრამ მარტინი გაჭირვებული ბიჭი არ არის და „მიდლსბროში“ ფულს არ გამოკიდებია.

The Athletic-ი ტონი პულისს დაუკავშირდა და თხოვა, რომ ბრეითუეიტის დღევანდელ მდგომარეობაზე კომენტარი გაეკეთებინა, მაგრამ ტონიმ მარტივად მოიცილა ყველა თავიდან, – „შორს ჩემგან ბრეითუეიტი“, – თქვა პულისმა და ადამა ტრაორეს მაგალითი მოიყვანა, რომელიც “მიდლსბროში“ ბოლომდე დაიხარჯა, კლუბმა მასში 18 მილიონი ევრო აიღო, თავადაც იხეირა და ფეხბურთელიც წინ წავიდა, ბრეითუეიტმა კი ირგვლივ ყველაფერი მოსპო, მაგრამ მაინც იმ კლუბში აღმოჩნდა, რომელშიც ადამა ოცნებობს დაბრუნებაზე.

წყარო – The Athletic

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (7)

  • nika 54
    11 სექ 2021, 17:01

    რავი დასცინეთ დე იონგს, კი აიღო მესის კარადა და აქეთ იქით შტეგენი და აგუერო უსხედან.
    თუმცა პაულინიოც მახსენდება, ასევე მივიღეთ და მერე რო გაყიდეს ხეირით გული დაგვწყდა.
    Стало известно, кто занял шкафчик Лионеля Месси в раздевалке «Барселоны» – экс-капитан «сине-гранатовых» в летнее трансферное окно ушел в «ПСЖ».
    По информации Sport.es, хранить вещи в бывшем шкафчике Месси будет голландский новичок «Барсы» Люк де Йонг. Форвард занял место между вратарем Марк-Андре тер Стегеном и нападающим Серхио Агуэро.

  • azulgerana
    11 სექ 2021, 15:16

    ციტატა: Fc Barca Batumi
    ბრაეთა არ ვიცი, მაგრამ ლუკი და მემფი კარგად აკენწლავს, ოღონდ ცენტრში დე იონგი და არავითარი ბუსი
    ბაიერნთან 4-3-3 ზე გადაგვივლიან, 4-3-1-2 ან 3-5-2
    ———————————————-
    4-3-1-2
    დეპაი-ლუკი
    კოუტინიო
    პედრი-დე იონგი-რობერტო
    ალბა-არაუხო-გარსია-დესტი/ან მინგესა
    შტეგო
    ———————————————-
    3-5-2
    დეპაი-ლუკი
    ალბა-პედრი-დე იონგი-რობერტო-დესტი
    უმტიტი-არაუხო-მინგესა
    შტეგო


    ესეთი ჭკვიანი კაცი სად კვდება სიღარიბეში

  • Don_Andresito
    10 სექ 2021, 23:01

    ციტატა: Andria
    ყველამ ვიცით რომ დროებითი ლუკმები არიან მარტინიც და დეიონგიც სეზონის ბოლოს წავლენ დეიონგი იჯარითაა და ამას არავინ გამოისყიდის და ბრაიტა წავა ხოდა რავი რათუნდა ამდენი გაგრძელება … 😄


    ერთი უმტიტი წავიდა და მეორე ბრაიტი წავა. სანამ კონტრაქტს არ ამოწურავს და ჩვენს ნერვებს, არსადაც არ წავა. თავი რაღაც გონია და ფიქრობს რო ბარსაზე ნაკლები გუნდი არ ეკუთნის. ამპარტავანი სი.რი. ქვესკნელია უკვე ესეთი სასტავის ყოლა, ბრაიტი დე იონგი სევილიის ვილიარეალის და ყველა საშუალო დონის გუნდის სკამს გახეხავდნენ. აქ კიდე ერთი მაინც უნდა იყოს ძირითადში და ორივესაც ხშირად მოუწევს. ფსკერია ეს უკვე რაც პრეზიდენტებმა მოიტანეს. მესი სწრაფად მოიშორა რო ამაზე ხმა არ ამოეღო. ფატისაც დაკარგავს ეს კაცი და მერე აქეთ კარგად მუშაობსო

  • M10 S9 D11
    10 სექ 2021, 21:08

    ნაგვის ბუნკერს დაემსგავსა ბარსელონა იმდენმა ნაგავმა ფეხბურთელმა მოიყარა თავი

  • Fc Barca Batumi
    10 სექ 2021, 20:27

    ბრაეთა არ ვიცი, მაგრამ ლუკი და მემფი კარგად აკენწლავს, ოღონდ ცენტრში დე იონგი და არავითარი ბუსი
    ბაიერნთან 4-3-3 ზე გადაგვივლიან, 4-3-1-2 ან 3-5-2
    ———————————————-
    4-3-1-2
    დეპაი-ლუკი
    კოუტინიო
    პედრი-დე იონგი-რობერტო
    ალბა-არაუხო-გარსია-დესტი/ან მინგესა
    შტეგო
    ———————————————-
    3-5-2
    დეპაი-ლუკი
    ალბა-პედრი-დე იონგი-რობერტო-დესტი
    უმტიტი-არაუხო-მინგესა
    შტეგო

  • Andria
    10 სექ 2021, 19:43

    ყველამ ვიცით რომ დროებითი ლუკმები არიან მარტინიც და დეიონგიც სეზონის ბოლოს წავლენ დეიონგი იჯარითაა და ამას არავინ გამოისყიდის და ბრაიტა წავა ხოდა რავი რათუნდა ამდენი გაგრძელება … 😄

  • cruyff9
    10 სექ 2021, 18:53

    ბედი მომე სანაგვეზე გადამაგდეო ამათზეა ნათქვამი