მცირე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟორდი კრუიფი სულ მალე მუშაობას შეუდგება. ჟორდიზე ვერ ვიტყვით, რომ დიდად მოთხოვნადი სპეციალისტია, მისი მთავარი უპირატესობა იოჰან კრუიფის შვილობაა.
ფეხბურთელიც იყო, მწვრთნელიც და დირექტორთა საბჭოშიც იკავებდა ხოლმე სხვადასხვა პოზიციას, მაგრამ გამიჭირდება იმის თქმა, რომელ ამპლუაში უფრო წარმატებული გამოდგა.
მწვრთნელის რანგში კვიპროსში უმუშავია, ვერ ვიტყვი, რომ თემურ ქეცბაიაზე მაღალი დონის მწვრთნელია, თემურის პირველი ფორმაციის “ანართოსისი” ბევრად კარგი გუნდი იყო, ვიდრე კრუიფის “ლარნაკა”.
დირექტორის პოზიციას რაც შეეხება, ბევრი მაქებარი ჰყავს, პირველ რიგში ჩავი ერნანდესი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ დიდ კლუბებში ჯერჯერობით არ უმუშავია, მიუხედავად ამისა, ჩავი, ლაპორტა, პუიოლი და სხვა ბარსელონელები აქტიურად კურირებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ხედვები “ბარსელონასთან” ძალიან ახლოს არის.
მარტივი ცხოვრება ნამდვილად არ ჰქონია, როგორც არ უნდა გამოეჩინა თავი, კმაყოფილი მაინც არავი იყო, რადგან გინდა თუ არა, დიდი კრუიფისთვის უნდა შეგედარებინა, ხოდა ვერ დააღწია ჟორდიმ ჩრდილს თავი. მამულს კი ურჩევნია, რომ შვილი სჯობდეს მამას, მაგრამ ყოველთვის არ გამოდის ეგ საქმე.
ფეხბურთელის რანგში “ბარსელონაში” უთამაშია, დიდი კრუიფის ხელმძღვანელობით 11 გოლიც გაუტანია, მაგრამ წამყვანი ფეხბურთელი არასდროს ყოფილა. ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა “მანჩესტერის” წინააღმდეგ ჩაატარა, “ბარსამ” 4:0 იმარჯვა, პირველი გოლის დროს სწორედ მან წამოიწყო შეტევა დრიბლინგით, საბოლოოდ კი სტოიჩკოვს გაატანინა. რა თქმა უნდა, ფერგიუსონი რომარიოსა და სტოიჩკოვის დუეტით უფრო მოიხიბლა, მაგრამ მათი ყიდვა არ შეეძლო, ამიტომ, ჟორდი კრუიფი შეიძინა, მას მერე, რაც იოჰანი მწვრთნელობას შეეშვა. კლუბიდან ორივე კრუიფი ერთად წავიდა.
ვერც “მანჩესტერში” მოიკიდა ფეხი, თავიდან თითქოს კარგად დაიწყო, მაგრამ მერე ტრავმებმა შეაწუხა და “ფერგის ბარტყებმაც” შეავიწროვეს. ჟორდის ადგილი იქ აღარ იყო, ჯერ “სელტაში” გაანათხოვრეს, შემდეგ კი “ალავესში” აღმოჩნდა, აქ კი ჩემთვის პირადად ყველაზე დასამახსოვრებელი რამ მოხდა, რაც ჟორდის შეეხება.
ჟორდის “ალავესი” უეფას თასის ფინალში აღმოჩნდა, მეორე ნახევარფინალურ წყვილში “ლივერპულმა” “ბარსელონა” დაამარცხა. “ბარსა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა და ისე გადაინაცვლა მეორეხარისხოვან ტურნირზე. თავიდანვე ნათელი იყო, რომ “ბარსას” და “ლივერპულს” ნაადრევი ფინალი ჰქონდათ, მეორე წყვილში “ალავესმა” “კაიზერსლაუტენრი” გაანადგურა და ფინალში მშვიდად გავიდა.
ჟორდი კრუიფმა “ბარსაშიც” მოასწრო თამაში და “მანჩესტერ იუნაიტედშიც”, ამიტომ ფინალში “ლივერპულის” დამარცხება მისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იქნებოდა.
ფინალის წინ აზრი ჰკითხეს იოჰან კრუიფსაც. მან კი ყოველგვარი ემოციების გარეშე თქვა, რომ “ლივერპული” დამაჯერებლად მოიგებდა. ამან ჟორდი ძალიან გაანაწყენა, მამისგან მცირე მხარდაჭერაც კი ვერ იგრძნო. იოჰანი მას ისე უყურებდა, როგორც ფეხბურთელს და არა ისე, როგორც შვილს, ეს პროფესიონალური დამოკიდებულებაა, მაგრამ ჟორდის, როგორც ჩანს, გული ძალიან დაწყდა. ამიტომ ფინალში მის მაისურზე “კრუიფი” აღარ ეწერა, უბრალოდ ჟორდი დაიწერა.
შეცდა “მფრინავი ჰოლანდიელი”, ვერც ის და ვერც ვერავინ გამოიცნობდა, რომ უეფას თასის ისტორიაში საუკეთესო ფინალი შედგებოდა. როგორც წესი, “ლივერპულია” ცნობილი “ქამბექებით”, მაგრამ იმ თამაშში “ალავესმა” მოატრიალა მატჩი, თანაც ორჯერ, ჯერ 3:1-დან 3:3 გახადა, შემდეგ კი, როცა 3:4-ს მარცხდებოდა, ბოლო წუთებზე ჟორდიმ გაათანაბრა, ტაბლოზეც ისე დაწერეს, როგორც მას სურდა, ასე სცადა მამის ჩრდილიდან გამოსვლა და კონკრეტულად იმ მატჩში გამოვიდა კიდეც, როგორც იქნა, რაღაც მნიშვნელოვანი თავისით გააკეთა, მამისგან დამოუკიდებლად.
დამატებით დროში ბებერმა მაკალისტერმა ისე უშნოდ ჩააწოდა, რომ ყველაფერი ავტოგოლით დასრულდა. “ლივერპულმა” ბრძოლაში მოიგო, ეგ მატჩი ავტოგოლით არ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ფეხბურთში თავს და ბოლოს ვერაფერს გაუგებ, მით უმეტეს, მაშინ ვერ გაუგებდი, რადგან “ოქროს გოლის” წესი მოქმედებდა. ამ ყოვლად გაუმართლებელ წესს ბევრი მაგარი მატჩი წაურთმევია ჩვენთვის და ისიც ასე დამთავრდა – ავტოგოლით.
ასეთი ხასიათის კაცია ბატონი ჟორდი და ამჯერადაც თავდაუზოგავად ეცდება, რომ “ბარსაში”დატოვოს თავის კვალი, რაიმე ისეთი გააკეთოს. რის მერეც სახელით გაიხსენებენ და არა გვარით.

ფეხბურთში რო არ უბრწყინია ესაა ფაქტი.
დაიქცა სახლი!!! რა უნდა ამას კლუბში, მარტო მამისშვილობა არაა საკმარისი. ეგრე "ჯობნიან" ხოლმე მამებს, მაგრამ მერე რის ჭამასაც უმატებენ, აღარ დავწერ აქ!!!
იმედია წარმატებით იმუშავებს
GRIEZMAN✓™,
ეგ გარდაუვალი ამბავია, მესის და კრუიფის მსგავსი მონსტრები როცა გყავს, მაგის გარეშე არ გამოვა.
წარმატებები! იმედია აქამდე რა პროფესიებიც ქონდა და ვერცერთში ვერ მოიკიდა ნორმალურად ფეხი იმაზე კარგად იმუშავებს ბარსაში!
whaaat
ნეიმარი მესის ჩრდილში იყო, ახლა ჟორდია იოჰანის ჩრდილში
GRIEZMAN✓™,
whaaat
რით არ დამთავრდა ბარსაში ამ ჩრდილების ეპოქა