workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კაპიტანი ბასკეთიდან

კაპიტანი ბასკეთიდან

 კალენდარი გადატვირთულია და მომდევნო სამ ტურში ორ ბასკურ გუნდთან გველის შეხვედრა. იმ ფეხბურთელზე უნდა ვისაუბრო, რომელიც ბასკების ერთ ნახევარს ძალიან უყვარდა, ხოლო მეორეს სძულდა.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩავი ერნანდესმა კითხვაც კი არ დატოვა, თუ ვინ არის „ბარსას“ ისტორიაში საუკეთესო 6 ნომერი, 90-ანების გამორჩეული კაპიტანი ცოტა არ იყოს მივივიწყეთ, არადა ბაკერო არ არის ის კაცი, რომელსაც ჩრდილში უნდა ვტოვებდეთ.

ამიტომ, გავიხსენოთ ორი სიტყვით.

ხოსე მარი ბაკერო „სოსიედადის“ ოქროს ხანის წარმომადგენელია, სულ რაღაც 18 წლის იყო როცა მთავარ გუნდში ჩაირიცხა და მოულოდნელად ძირითადშიც დაიმკვიდრა ადგილი. სადებიუტო სეზონში ლა ლიგის ეგიდით 27 შეხვედრა ჩაატარა, „სოსიედადმა“ კი ჩემპიონატი მოიგო.  

დასაწყისიც ასეთი უნდა.

ერთ ტრიუმფს მომდევნო სეზონში მეორეც მიაყოლა, თუმცა თამაშების უმრავლესობა ტრავმების გამო გაუცდა. შემდეგ „სოსიედადმა“ ჩვენი კიდევ ერთი ლეგენდა, ჩიკი ბეგირისტაინი დაიმატა და კვლავ განაგრძობდა მაღალ დონეზე გამოსვლას, იქამდე სანამ „ბარსელონაში“ დიდი ცვლილებები არ დაიწყო და ახლად დანიშნულმა იოჰან კრუიფმა ბაკსების ყიდვა არ მოითხოვა.

პირველი რაც ბაკეროზე ადამიანს უნდა ახსენდებოდეს, ერთი ძალიან რთული შეხვედრაა, რომლის მსგავსი „ბარსას“ ფანებს 21-ე საუკუნეშიც გვინახავს.

ჩემპიონთა ლიგას სახელი ერთხელ შეეცვალა, მაგრამ ფორმატი ბევრჯერ შეცვლია. 1991-92 წლების სეზონში, იმ სეზონში, როცა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტიტული ისტორიაში პირველად მოვიგეთ, მეტად უცნაური ფორმატი იყო დადგენილი, ტურნირი იწყებოდა საფლეიოფო თამაშებით, მერე ინაცვლებდნენ ჯგუფურ ეტაპზე და ჯგუფის გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში ხვდებოდნენ.

პირველ საფლეიოფო ეტაპზე „ჰანზას“ ბარიერი მარტივად დავძლიეთ, აი მეორე ეტაპზე კი „კაიზერსლაუტერნთან“ ლეგენდარული ორმატჩიანი დაპირისპირებაც შედგა. პირველი მატჩი 2:0 მოვიგეთ, მეორეში კი არაფერი გამოგვდიოდა. არის ასეთი თამაშები, როცა ერთ გუნდს ყველაფერი გამოსდის, მეორეს კი არაფერი. თავად იოჰან კრუიფმაც კი ვერ შეცვალა მატჩის მიმდინარეობა.

ჯერ ერთი გაგვიტანეს, მერე მეორე მიაყოლეს, ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა, მერე მესამეც გაგვიტანეს და ისე ჩანდა, რომ ჩვენთვის საოცნებო ტურნირიდან ისევ უნდა გავვარდნილიყავით, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა „ჩელსისთან“ 2009 წელს. თამაშის დასრულებამდე წამებით ადრე, კუმანის ჩაწოდების შემდეგ, ხოსე-მარი ბაკერომ თავით გაიტანა და ჯგუფურ ეტაპზე გადავინაცვლეთ.

გარდა იმისა, რომ თამაშის ხასიათი ერთი-ერთში ჰგავდა „ჩელსი“ – „ბარსელონას“ დაპირისპირებას, აღსანიშნავია, რომ სათადარიგოთა სკამზე მყოფი პეპ გვარდიოლა ზუსტად ისე გარბის გოლის აღსანიშნავად, როგორც „ჩელსისთან“ გაიქცა, ზუსტად იმ ფლანგზე,  კუთხურის ალამთან და დანარჩენი ფეხბურთელებიც ზუსტად ისე ზეიმობენ, კაცი რომ ვერ გაიგებს გოლი ვინ გაიტანა.

თამაშის შემდეგ გერმანულმა მედიამ „კაიზერის“ მცველები მიწასთან გაასწორა, როცა მთელი თამაში ყველაფერს იდეალურად აკეთებ, იმ პატარა კაცს თავით გოლი არ უნდა გაეტანაო. – ასეთი დასკვნა გამოიტანეს. მცველებს შეუტიეს და ისიც დაწერეს, სირცხვილით მოედანზე როგორღა უნდა დაბრუნდნენო?!

გერმანელები ყოველთვის გამოირჩეოდნენ პირდაპირობით და სიმკაცრითაც, მაგრამ ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს, ხოსე მარი ბაკერო, მიუხედავად მისი ტანმორჩილობისა, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, ამ კომპონენტში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. ხოლო „ბარსელონას“ ისტორიაში, რომ საუკეთესო იყო ამაზე დავაც არ ღირს. ჰყოლია „ბარსას“ სტივ არჩიბალდი და გარი ლინეკერი, რომელთაც პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება ჰქონდათ, მაგრამ ბაკეროს თავით თამაშში ვერ შეედრებოდნენ, გვახსოვს კარლეს პუიოლი, პატრიკ კლუივერტი, ჰენრიკ ლარსონი, მაგრამ ახლოსაც ვერ მივიდოდნენ, ასევე გვყოლია მაღალი ფეხბურთელები, ლორან ბლანი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, გვყავს ჟერარ პიკე, ალბათ კიდევ ბევრი გვარის გახსენება შეიძლება, მაგრამ ამ კომპონენტში ბაკერო საუკეთესო იყო.

უცნაურია, ერთეული შემთხვევები თუ იქნება, როცა მოედნის ცენტრში მოთამაშე ნახევარცმველი, თავით ასე კარგად თამაშობს. საქმე ის არის, რომ ბაკერო კარიერას როგორც ფორვარდი ისე იწყებდა, ზუსტად ამ ნიჭის გამო ათამაშებდნენ ფორვარდად, თავით გატანა ნებისმიერ სიტუაციაში შეეძლო, შემდეგ კი სხვა პლუსები გამოავლინა და მოედნის სიღრმეში დახიეს. ასე იქცა ფორვარდი უნივერსალად და ნახევარდაცვის თითქმის ყველა პოზიციაზე ითამაშა.

ძალიან ცნობილი ამბავია კრუიფსა და მარკო ვან ბასტენს შორის დადებული სანაძლეო, მოგეხსენებათ იოჰანს უყვარდა სანაძლეოები, ხოლო მარკო ის კაცი იყო, რომელიც თვლიდა, რომ თავით თამაშში მთავარი სიმაღლე იყო. თავად მაღალი იყო და თავით ბევრსაც იტანდა, იოჰანს კი მიაჩნდა, რომ მთავარი მომენტის გრძნობა და პოზიციის სწორად შერჩევა იყო. იოჰანმა მცველის ფუნქციები შეითავსა და მარკოს სტატიკურ მდგომარეობაში გაუწია წინააღმდეგობა, ვან ბასტენმა 10-დან მხოლოდ სამჯერ გაიტანა.

კრუიფს თავისი მოსაზრების განსამტკიცებლად, „ბარსას“ და „რეალის“ ფეხბურთელები მოჰყავდა. ხოსე მარი ბაკერო და უგო სანჩესი. ორივე მათგანის სიმაღლე 1.75 იყო, მიუხედავად ამისა, საჯარიმოში მაღალი ჩაწოდების დროს, მათზე სახიფათო არავინ ყოფილა.  

მართალია Mundo Deportivo-ს ძველი ფირი კარგი ხარისხით ვერ გამოირჩევა, მაგრამ ბაკეროს განსაკუთრებულ უნარზე წარმოდგენის შესაქმნელად გამოდგება. 

მიუხედავად ტანმორჩილობისა, არ ჰგავდა არც ჩავის და არც ინიესტას. „ბარსელონა“ მის დროსაც დომინანტი გუნდი იყო, მაგრამ ბურთის დაჭერა, კონტროლი და შეტევის ორგანიზება მეტწილად გვარდიოლასა და მიქაელ ლაუდრუპს ევალებოდათ. ბაკერო გაცილებით განსხვავებული სტილის ფეხბურთელი იყო, გამოირჩეოდა ბრძოლისუნარიანობით, ძალიან ძლიერი იყო დასწრებაზე, ძლიერი იყო ართმევაზე, მისი განსაკუთრებული თვისების შესახებ უკვე ვისაუბრეთ და შორიდან დარტყმაც მშვენივრად გამოსდიოდა. უფრო ბრიტანელს წააგავდა, თუმცა ესპანური ტექნიკაც ახასიათებდა. ალბათ სწორედ ეს არის ბასკური სტილი – ბრიტანული ბრძოლისუნარიანობისა და ესპანური ტექნიკის სინთეზი.  

ერთი სიტყვით, ხოსე მარი ბაკერო, ჩვენი ნახევარდაცვის კარლეს პუიოლი იყო. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მალევე გადააბარეს კაპიტნის სამკლაური და 1993-დან 1996 წლამდე გვიკაპიტნა. ერთი წლის შემდეგ კი კარიერა დაასრულა.

ამჟამად ბაკერო „ლა მასიაშია“ დასაქმებული.

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • ბასქუ10
    schedule 05 იან 2021, 22:15

    ძაან მაგარი სტატიაა, ყოჩაღ, ძალიან საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხი იყო

  • BEQA BARCA
    schedule 05 იან 2021, 21:26

    სააღოლ ავტორ მაგარი სტატიააა❤❤

  • me da barca
    schedule 05 იან 2021, 21:11

    ბარსამანიას Bakero სადაა, რომ არ ჩანს? barca-6

  • C.PC5
    schedule 05 იან 2021, 18:18

    ხოდა როგორც ეგ მუშაობს ჩვენს სტაფში მასე უნდა დააბრუნონ პუიოლიც❤️. ფეოლა❤️

  • Clever liar
    schedule 05 იან 2021, 17:21

    საღოლ ფეოლა. მგელი ხარ მგელი და მგელზე უფრო მგელი :)))