ჩავი ერნანდესის გზა

ჩავი ერნანდესის გზა

მცირე ხნის წინ, ჩავი ერნანდესმა “ბარსელონურ” კარიერაზე ისაუბრა და ორი ეპიზოდი გამოყო, 2003 და 2014 წელი, მისთვის ეს თარიღები ყველაზე მძიმე აღმოჩნდა.

ციტატა ინტერვიუდან:  “2003 წელს “ბარსელონას სიმსივნე” ვიყავი, 2014 წელს კი “ბებერი და არაფრისთვის გამოსადეგი”.

მასზე უკეთ აბა ვის ეცოდინება რა და როგორ იყო?!

დებიუტი ვან გაალის ხელში

დებიუტი ვან გაალის მწვრთნელობისას შედგა. თავიდანვე გამოჩნდა, რომ ბურთის კონტროლში ბადალი არ ჰყავდა, პასის კულტურა ძალიან მაღალ დონეზე ჰქონდა განვითარებული და აზროვნებითაც გამოირჩეოდა. იდეალური მასალა იყო განვითარებისათვის, მინუსად კი მისი აღნაგობა მიიჩნეოდა, “ბარსას” ნახევარდაცვის ცენტრში ტანმორჩილ ფეხბურთელს ჩავიმდეც უთამაშია, მაგრამ ხოსე მარი ბაკერო არც ასეთი დაბალი ყოფილა და არც ასეთი გამხდარი, ორთაბრძოლებშიც ძლიერი იყო, პრესინგშიც და სიმაღლის მიუხედავად თავითაც კარგად თამაშობდა. აი ჩავის თავით თამაში საერთოდ არ შეეძლო, არც განსაკუთრებული ნახტომი ჰქონია და ჯერ კიდევ “ლა მასიაში” აღნიშნეს, რომ ქუსლებზე დარბოდა. ამან მის სისწრაფეს დაღი დაასვა, ძალიან რთულია იმის გახსენება, როგორ აჩქარდა რომელიმე თამაშში ჩავი ერნანდესი და მანძილი დროის უმოკლეს მონაკვეთში მოიგო. ასეთ რამეს მის კარერაში ადგილი საერთოდ არ ჰქონია.

ხანდახან ნაკლი სხვა უპირატესობის წარმოჩენაში გეხმარება, ეს განსაკუთრებით მოაზროვნე და ინტელექტუალ ადამიანებს ახასიათებთ. ნაკლის დაფარვას სხვა უნარით ცდილობენ და ისე ავითარებენ, რომ სრულყოფამდე აჰყავთ.

მარტივად რომ ვთქვათ და დიდ იოჰანს დავესესხოთ, ფეხბურთში მთავარი დრო და სივრცეა. დროსა და სივრცეში კი ის მეფობს, ვინც ყველაზე სწრაფად აზროვნებს და ყველაზე კარგი პასის კულტურა აქვს.

მიუხედავად პოზიციებში სხვაობისა, მაინც პეპ გვარდიოლას შემცვლელად განიხილავდნენ, რადგან მოედანზე თითქმის იდენტურ სამუშაოს ასრულებდნენ. ტემპისა და შეტევის მიმართულების ცვლილება სწორედ მათი დახმარებით ხდებოდა. ჩავის ადრეული წლებიდანვე მიეცა თამაშის საშუალება, რადგან გვარდიოლა კარიერის მიწურულს ხშირად ტრავმიანობდა. იყო კონფლიქტიც, სურვილი, რომ სხვა ქვეყანაში ეთამაშა, მაგრამ პეპს ისიც აღუნიშნავს, რომ “ბარსაში” დარჩენით ჩავის განვითარებას ხელს შეუშლიდა, ამიტომ მშვიდად წავიდა.

ვან გაალის ხელში ჩავი დიდი შედეგიანობით ვერ გამოირჩეოდა, სამაგიეროდ გადამწყვეტ როლს თამაშობდა ბურთის მოპოვებასა და კონტროლში. ძალიან კარგი სანახავი იყო პატარა ჩავი “ბაიერნისა” და “იუნაიტედის” წინააღმდეგ, როგორ ცდილობდა ცენტრის აღებას ისეთი გიგანტების პირისპირ, როგორებიც როი კინი და შტეფან ეფენბერგი იყვნენ.

რაღაც გამოვიდა, რაღაც ვერა. სამაგიეროდ, უდიდესი გამოცდილება შეიძინა.

ვან გაალის ბოლო სეზონში ძალიან ახლოს მივედით ფინალამდე, ნახევარფინალში “ვალენსიას” შევხვდით, ფავორიტად მივიჩნეოდით, მაგრამ გავნადგურდით, ცენტრი მთლიანად დავკარგეთ.

ჩავის იმ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

შავ-ბნელი პერიოდი

ჰოლანდიელის შემდეგ მთავარი მწვრთნელი ფერერი გახდა, კარგი კაცი იყო, კეთილი ბაბუას შთაბეჭდილებას ტოვებდა, ყველა თამაშის მერე მეგონა, რომ რივალდოსთან ავტოგრაფის სათხოვნელად მივიდოდა, ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსა” ჯგუფში ჩარჩა, გაბრაზებულებმა შევჩენკოს დავაბრალეთ, ვითომ ძალით გააფუჭა თერთმეტმეტრიანი “ლიდსთან” და ჯგუფში ჩაგვტოვეს, მაგრამ რეალურად ძალიან სუსტი გუნდი ვიყავით. ჯგუფის პირველი სამი თამაშიდან ორში დავმარცხდით, ჩავის ამ სამიდან არცერთ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

უეფას თასზე კი ნახევარფინალამდე ვიარეთ და “ლივერპულთან” კლუივერტის სისულელის გამო წავაგეთ. ჩავის ტრავმის გამო არ უთამაშია.

ამ პერიოდში, ჩავი ის ფეხბურთელი იყო, რომელიც ყველაზე ნაკლებად ჩანდა და ყველაზე მეტს მუშაობდა. ფაქტობრივად ორი კაცის საქმეს აკეთებდა და ძალიან დაუფასებელი ფეხბურთელი იყო.

2002 წელი რივალდოს ბოლო სეზონი გამოდგა. მუდმივად ტრავმა ჰქონდა და ვერ გაწია ისეთი ლიდერობა, როგორიც სჩვეოდა. ამიტომ, ჩავი შეუცვლელ ფიგურად იქცა. ლა ლიგა ტრადიციულად ჩავაგდეთ, ჩემპიონთა ლიგაზე კი ისევ მივედით ნახევარფინალამდე და ისევ ესპანურ გუნდს, მადრიდის “რეალს” გადავეყარეთ.

“რეალი” გვჯობდა. ლა ლიგაში ორივე მატჩში გვაჯობეს, გასვლაზე 2:0 მოგვიგეს, სახლში კი ბევრი ვერაფერი დავუპირისპირეთ. თამაშის დაწყებამდე გულშემატკივარმა კარის ძელზე ხელბორკილებით თავი მიიბა და ყველაზე დიდი სანახაობა სწორედ ეს გამოდგა. სანამ გასაღები მოარგეს და ძელიდან მოხსნეს, დაძაბულობა მატულობდა. რივალდომ ტკივილგამაყუჩებლებით ითამაშა, ძლივს ძანძალებდა მოედანზე, ყველა მომენტში ეტყობოდა, რომ ფეხი საშინლად ტკიოდა, თითქმის ყველა ჯარიმა ჩავის დაუთმო, ტრავმირებული ფეხი შორიდან დარტყმის საშუალებას არ მისცემდა. ამიტომ, ჩავიმ იკისრა ჯარიმების შესრულება და ხიფათს მხოლოდ ამით ვქმნიდით. ვაგებდით 0-1-ს და ვერ ვხვდებოდი რა უნდა მომხდარიყო, რომ გაგვეთანაბრებინა, დაარტყა ჩავიმ შორიდან, სეზარს (რომელიც კონკრეტულად იმ სეზონში კასილიასს ამჯობინეს) ბურთი ხელიდან გაუვარდა და გადავრჩით! ქულა ავიღეთ, არ შევრცხვით.

სამაგიეროდ შევრცხვით ნახევარფინალში. აქ უკვე აღარც ტრავმირებული რივალდო გვყავდა და აღარც ჩავი. მათ გარეშე კი “ბარსა” არაფერს არ ჰგავდა. ისე მოხდა, რომ გადამწყვეტ შეხვედრებში ყოველთვის გვაკლდა ჩავი და ყოველთვის ვაგებდით.

ფინალამდე იყო გადამწყვეტი პასი “პანათინაიკოსთან” და 28-ე პასი “ლივერპულთან”.

ყველაზე მძიმე სეზონი ჩავისთვის

აი, ასე მივუახლოვდით იმ სეზონს, რომელზე ჩავიმ თქვა, სიმსივნე ვიყავიო. რატომ მოხდა ასე? იმიტომ, რომ მისგან ყველაზე მეტს ელოდნენ, რივალდო გუნდიდან წავიდა, ახალი ლიდერი იყო საჭირო და ჩავი მიიჩნიეს ამ ლიდერად, რადგან ვერც რიკელმემ გაამართლა და ვერც მენდიეტამ. ჩავი დაბრუნებული ვან გაალის ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელი იყო. ალბათ კლუივერტის მერე, ყველაზე მეტად სწორედ ჩავის ენდობოდა.

საშინელი სეზონი გამოდგა. მეექვსეზე გავედით, პარალელურად მოსისხლე მტრებმა მსოფლიო ჩემპიონი რონალდო დაიმატეს, ის ბრაზილიელი, რომელიც არავის ეგონა, რომ ფეხბურთში დაბრუნდებოდა, ჩვენი თაობისთვის ყველაზე დიდი ლეგენდა იყო, უცბად დაბრუნდა, მუნდიალი მოიგო, იმედი გვქონდა, რომ დაგვიბრუნდებოდა ძველი სიყვარულის ხათრით, მაგრამ არც კი უფიქრია ამაზე, რადგან “ბარსა” მაჩანჩალა გუნდი იყო, “რეალი” კი მსოფლიო ვარსკვლავების ნაკრები.

ყველას ეგონა, რომ “რეალი” გადაგვივლიდა. პირველ მატჩში, რომელიც “კამპ ნოუზე” შედგა, რონალდოს დაბრუნება ვერ ვიხილეთ, რატომღაც “კლასიკოს” კორეასთან თამაში ამჯობინა, ვერც მაშინ გაიგეს რაში იყო საქმე და ვერც მოგვიანებით.

0:0 – არაფერი განსაკუთრებული.

მეორე წრეში რონალდომ გაგვიტანა, მაგრამ გავათანაბრეთ და მაინც არ დავმარცხდით, ყველაზე კატასტროფული სეზონის ფონზეც კი, არცერთი “კლასიკო” არ წაგვიგია. მხოლოდ ეს გვქონდა სასიხარულო.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ამჯერად გადამწყვეტ შეხვედრაში გვყავდა ჩავი ერნანდესი, “იუვენტუსთან” საუკეთესო იყო, ძალიან მაგარი გოლიც შეაგდო და დამატებით დროში გადაგვისროლა, კაცნაკლულ “იუვესთან”, მაგრამ წავაგეთ და გავვარდით. თამაშის მერე ჩავიზე აუგი არავის დასცდენია, თუმცა სეზონის შეფასებისას ამბობდნენ, რომ მისგან ლიდერი ვერ დადგებოდა.

რაიკაარდის ეპოქა

მეორე წრეში “ბარსა” იდეალურად დაკომპლექტდა, პირველი წრე ახალი ტაქტიკის და ბირთვის ძიების პროცესს შეეწირა, აი შემდეგ კი ვნახეთ მონატრებული ფეხბურთიც და მონატრებული შედეგიც. საჩემპიონო მარათონში ჩავებით და სულ ცოტა დაგვაკლდა, თუმცა ყველა ხვდებოდა, რომ ახალი ფორმაციის “ბარსა” წარმატებული პროექტი იქნებოდა. მეორე წრეში ჩავის ედგარ დავიდსი ამოუყენეს გვერდში და ასეთი კარგი დუეტი იშვიათად მინახავს, მოგვიანებით ბევრად უკეთესი ვნახეთ, მაგრამ ესეც კარგი იყო. ზუსტად ის სიხისტე და აგრესია მოგვცა ედგარმა, რომელიც ძალიან გვაკლდა, მარცხენა ფლანგს რონალდინიოსთან ერთად მაქსიმალურად აკონტროლებდა, ცენტრში კი ჩავი იდეალურად აკეთებდა თავის საქმეს.

რონის და დავიდსის გარეშე პირველი კლასიკო წავაგეთ, მეორე წრეში კი შური ვიძიეთ. რონალდინიოს პირველი სეზონი განსაკუთრებული მოვლენა იყო, ჩემპიონთა ლიგაზე არ გვითამაშია და იმხელა კვალი ვერ დატოვა, როგორც მომდევნო წლებში, მაგრამ მისი პირველი სეზონი, შესაძლოა საუკეთესოც კი იყო “ბარსელონაში”. “ბერნაბეუზეც” ძალიან მაგრად ითამაშა, დავიდსმა და ჩავიმ “რეალის” ვარსკვლავებს არაფერი დაუთმეს, 86-ე წუთზე რონიმ ლაუდრუპის სტილში გადაკიდა ბურთი საჯარიმოში და ჩავიმ გადამწვეტი გოლი შეაგდო. ასეთი კარგი “ბარსა” იქამდე არასდროს მენახა.

მომდევნო სეზონში ჩემპიონობა დავიბრუნეთ, 5 წლიანი პაუზის შემდეგ! დავიდსი გუნდიდან წავიდა, მაგრამ დეკუ მოვიდა და მშვენიერი ტანდები შექმნა ჩავისთან. თუმცა, იმდენად დომინანტი გამთამაშებელი იყო, რომ ჩავი კვლავ ჩრდილში რჩებოდა, დეკუ იყო მთავარი კაცი შეტევის ცენტრში, ხოლო ჩავი უბრალოდ ბურთის დამჭერის როლში გვევლინებოდა. ამ დროს ჩანდა, რომ გაცილებით მეტი შეეძლო და რაიკაარდის მიმართ უკმაყოფილება არც დაუმალავს, რიგ შემთხვევებში ძალიან უკნიდან ათამაშებდა. თითქოს მის შემტევ პოტენციალში ეჭვი ეპარებოდა.

ბევრი კარგი პასი იყო, მაგრამ “მილანთან” სახლში, საგოლე პასი სამულე ეტო’ოზე, განსაკუთრებით მიყვარს. თითქოს პასთან ერთად, ისიც უკარნახა, როგორ უნდა დაერტყა. ეს არის ცოდნისა და აზროვნების სინთეზი, როცა თანაგუნდელს ზუსტად იმ უპირატესობის გამოვლინების საშუალებას აძლევ, რაშიც ძლიერია.

მომდევნო სეზონი ტრიუმფალური გამოდგა “ბარსასთვის” და უიღბლო ჩავისთვის. ერნანდესმა მძიმე ტრავმა მიიღო და მთელი მეორე წრე გამოტოვა, ტრავმა ფინალის წინ აღიდგინა და სათადარიგოთა შორის მოხვდა, თუმცა თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.

“ბარსას” ერთი მხრივ გაუმართლა, სეზონის წინ მარკ ვან ბომელი შეიძინეს. შესაბამისად, ამ პოზიციაზე პრობლემა არ შექმნილა. ამ ტრანსფერის განხორციელებისთანავე, ჟოზე მოურინიო ჩავის დაუკავშირდა და “ჩელსიში” გადასვლა შესთავაზა, ხომ ხედავ შენ პოზიციაზე ვან ბომელი მოიყვანეს და შეიზღუდებიო. ჩავიმ კი ინტერვიუში განაცხადა, არ ვიცი რატომ იწერება ჩემს აბარგებაზე, საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ და არა მგონია თამაშის პრობლემა შემექმნასო.

რაიკაარდთან ისევ ვერ იყო საქმე კარგად, ძალიან დიდი პოტენციალი ნიავდებოდა ზედმეტი შეზღუდვებით, არავინ იცოდა ჩავი რა ძალას წარმოადგენდა, ეს იცოდა მხოლოდ და მხოლოდ ჩავი ერნანდესმა და იმ კაცმა, რომელსაც ინგლისში მელოტი ფროიდის სახელით იცნობენ.

რაიკაარდის ბოლო ორი სეზონი

ჩავი სულ უფრო ხშირად ხვდებოდა საყრდენის პოზიციაზე. გარდა იმისა, რომ დეკუ ხელშეუხებელი იყო, ანდრეს ინიესტამაც დაიმკვიდრა თავი და ჩავი კიდევ უფრო მეტად შეიზღუდა. სწორედ ეს სეზონი იყო, როცა გუნდში ესპანურ-ბრაზილიური ბანაკები გაჩნდა, მათ შორის შუამავლის როლს კარლეს პუიოლი თამაშობდა, თუმცა საერთო სურათი ამან ვერ შეცვალა. სეზონი ჩავარდა! ლა ლიგა ბოლოს წინა ტურის, ბოლო წუთებზე დავთმეთ. უმწარესი ფინალი გამოვიდა. “ბარსა” უკეთესი გუნდი იყო, მაგრამ ზერელე დამოკიდებულების გამო, უამრავი ქულა გაიფლანგა.

ჩემი უაღრესად სუბიექტური აზრით, ჩავი ლიდერად რაიკაარდის ბოლო სეზონში ჩამოყალიბდა, ამის გამომწვევი მიზეზი კი ქაოსი გახდა. ქაოსი კიბეა, როგორც Littlefinger-მა დაგვიტოვა ანდერძად, ქაოსს ახალი შესაძლებლობები მოაქვს, მაშინ, როცა სამუელ ეტო’ოს და რონალდინიოს უმწვავესი კონფლიქტი ჰქონდათ და ორივემ მძიმე ტრავმა მიიღო, ტიერი ანრის პირველი სეზონი ჩაუვარდა, ლიონელ მესის კი ქრონიკული ტრავმები აწუხებდა, ესპანურმა ბანაკმა იმძლავრა და ლიდერობა თავის თავზე აიღო. რომ არა ჩავისა და ინიესტას ბრწყინვალე დუეტი, ნახევარფინალამდეც ვერ მივიდოდით და შესაძლოა, ოთხეულშიც ვერ შევსულიყავით.

ნახევარფინალში ცენტრი ჩვენებმა აიღეს. ჩავი იყო მოედნის ბატონ-პატრონი, მაგრამ იმ რიჟა კაცმა ერთი გაისროლა და ყველაფერი დაგვიმთავრა. კარგი სანახავი იყო ჩავი-სქოულზის დაპირისპირება “კამპ ნოუზე”, პოლი პერსონალურად მეურვეობდა, ცდილობდა, რომ მოტრიალების საშუალება არ მიეცა, ერთ ეპიზოდში კი ის მოხდა, რაც ჩავის შემთხვევაში არასდროს ხდებოდა, პასი გაკეთდა, ჩავიმ ბურთი გაატარა და სქოულზი ყველაფრის მიღმა აღმოჩნდა. ჩავი ის ფეხბურთელია, რომელიც ყოველთვის ბურთის სწრაფად მიღებას ამჯობინებდა, მაგრამ სქოულზთან დაპირისპირების დროს, განსხვავებულად მოიქცა და ამან გაჭრა. როგორც ჩანს, თამაშის წინ დეტალური ანალიზის დროს, ვერ გაითვალისწინეს, რომ ჩავი გამოსავალს ყოველთვის პოულობდა, პირველ რიგში სწორედ მისი ნათელი გონების დამსახურებით.

სეზონი ჩავარდა, მაგრამ ჩავი-ინიესტას დუეტი სამომავლო წარმატების გარანტია იყო. ეს ევროპის ჩემპიონატზეც გამოჩნდა, სადაც ორივემ ბრწყინვალედ ითამაშა და ჩემპიონობაც იზეიმეს. ამ ტურნირის მერე, გვარდიოლას ერთი წამითაც აღარ შეყოვნებულა, დეკუს გაშვება ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეიძლებოდა.

პეპი მოვიდა

მხოლოდ ერთი მატჩი საყრდენის პოზიციაზე! მოვიდა კაცი, რომელმაც ზუსტად იცოდა ჩავი ერნანდესის შესაძლებლობების შესახებ და სარეკორდო საგოლე გადაცემებიც დაიდო. (რომელიც მესიმ მოხსნა წინა სეზონში).

გარდა საგოლე პასებისა, იყო სრული დომინაცია მოედნის ცენტრში, ტიკი-ტაკა და ნახევარდაცვაში ყველა დროის საუკეთესო დუეტის ჩამოყალიბება. ფინტები, პასები, გოლები, ყველაფერი! ჩავის პოტენციალი ბოლომდე ვიხილეთ!

ამ დროს მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი იყო და რაღაც მომენტებში, ალბათ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელიც.

გვარდიოლას ხელში მოიგო ორი ჩემპიონთა ლიგა, რომლებიც ბევრად ღირებული გამოდგა, 2005/06 წლების ოქროსთან შედარებით, რადგან ბევრად დიდი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში.

2010-ში ლიგას ვერ შევწვდით, მაგრამ ჩავის მაინც საუკეთესოდ გაახსენდება ეს პერიოდი, “ბარსელონელებმა” ხომ მუნდიალი მოიგეს?! აჟიტირებულმა ერნანდესმა შეჰყვირა ესპანეთსაც გაუმარჯოსო და სახლში ამის გამო ბოდიში მოახდევინეს.

მერე ისევ ჩემპიონთა ლიგა მიაყოლა. საოცარი წლები იყო. განსაკუთრებით ესპანელებისთვის. აი ამის მერე გაჩნდა ისევ უნდობლობის ნაპერწკალი, გუნდში ფაბრეგასი მოვიდა, “ბარსას” აღზრდილი ვარსკვლავი, ალბათ ჩავიმ იგივე იგრძნო, რაც გვარდიოლამ თავის დროზე, მაგრამ ამ კაცს რომ უკან დახევა არ სჩვევია, მისმა კარიერამ არაერთხელ გვანახა.

კიდევ ერთხელ ვნახეთ – ჩავის შეცვლა შეუძლებელი იყო.

ფაბრეგასმა კი მარტივად ახსნა ყველაფერი – “ძალიან რთულია ისე მარტივად თამაში, როგორც “ბარსა” თამაშობს.” – “ბარსა” თქვა, მაგრამ ჩავი იგულისხმა, ასე მგონია. ფაბრეს ჩავისთან შედარაბებით მძიმე ტვირთი ავკიდეთ და ვერ გაუძლო. გატყდა.

ამის შემდეგ ისევ მოიგეს ევროპის ჩემპიონატი, წელი არ გასულა კატალონელებისთვის დიდი ტურნირის გარეშე.

ეპოქა აიღეს და ჯიბეში ჩაიდეს.

ტიტო-ტატა

ტიტოს ხელში ბევრი არაფერი შეცვლილა, გვარდიოლას ასლი იყო და ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მერე მოხდა ის, რაც მოხდა. ტიტო ავად გახდა და ყველაფერი აირ-დაირია. გუნდი დემორალიზდა, მაგრამ ლა ლიგის მოგება მაინც მოვახერხეთ.

ტატა მარტინო კი საერთოდ არ თამაშობდა ისეთ ფეხბურთს, როგორსაც გვარდიოლა. საერთოდ დიდი მოულოდნელობა იყო მისი მწვრთნელად დანიშვნა. კრუიფიც ირონიულად გამოეხმაურა და ის სიგიჟეც დაიწერა, მესის მამის ძმაკაცია და მაგიტომ დანიშნესო.

არაფრით გამორჩეული სეზონი არ ყოფილა, ჩავის საქმე კი დასასრულისკენ მიდიოდა. ვეღარ ვახერხებდით ისეთ დომინირებას, როგორც ადრე. ეს აღარ იყო ის ფეხბურთელი, რომელიც ორი კაცის საქმეს აკეთებდა.

დასასრული

აი, მივედით ჩავის ბოლო სეზონამდე, იმ სეზონამდე, რომელზეც თქვა, ბებერი და არაფრად გამოსადეგი ვიყავიო. უცნაური ამბავი იყო, რაკიტიჩი ვიყიდეთ მის შემცვლელად და ისე გამოდგა, რომ ბურთის კონტროლის თვალსაზრისით იმის ნახევარს ვერ აკეთებდა, რასაც ჩავი. როცა ერნანდესი იყო მოედანზე, ბურთის ფლობა ძალიან მაღალ პოცენტებზე ადიოდა, მის გარეშე კი თამაშის ხასიათი იცვლებოდა. მიუხედავად ამისა, რაკიტიჩს უფრო მეტი ენერგია ჰქონდა, უფრო მეტს მუშაობდა დაცვაში, უფრო აგრესიული იყო, უფრო სწრაფად გადაადგილდებოდა და თანამედროვე ფეხბურთიც ეს არის.

დრონი მეფობენ.

ადრე თუ გვიან ყველასთვის დგება წასვლის დრო.

ზამთარში სკამზე გადაინაცვლა, “ბარსამ” თამაში გამოასწორა და პირველი ადგილი დაიბრუნა, როგორც ამბობენ სწორედ ჩავისთან საუბრის შემდეგ, მესიმ სუარესს ცენტრი დაუთმო და დიდებული ტრიოც დაიბადა.

ჩავის ავტორიტეტმა ასე იმუშავა. მომდევნო წლებში კი ძალიან მოგვაკლდა ეს ავტორიტეტი, რადგან მისი წასვლის შემდეგ, ლიგა აღარ მოგვიგია.

უკანასკნელად ბერლინში ვიზეიმეთ, ჩავისთან ერთად. ბოლოს გამოვიდა, მაგრამ ოქრო არავისზე ნაკლებად არ დაუმსახურებია.

ასეთი იყო ჩავის ისტორია.

არ ვიცი როდის, ადრე თუ გვიან, აუცილებლად ჩაიბარებს “ბარსას” და ზუსტად ვიცი, რომ ისევე დაინახავს პოტენციალს სხვა ფეხბურთელებში, როგორც გვარდიოლა ხედავდა მასში.

მისი ბრწყინვალე გონება კი არსად დაიკარგება.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (10)

  • ფეოლა
    27 დეკ 2020, 10:33

    iniesta,
    ვიდეო მასალა თუ ვიშოვე სიამოვნებით.

  • iniesta
    27 დეკ 2020, 02:22

    ფეოლა,ბრავო დასაფასებელია შენი ასეთი შრომა,საინტერესო იქნებოდა შენგან ხავის,როგორც მწვრთნელის და მისი გუნდის ტაქტიკური ანალიზი

  • me da barca
    27 დეკ 2020, 01:17

    ჩავის ადგილზე ტრიალი, რომ ბურთი არ დაეკარგა მაგარი იყო.

  • Albicelecte
    26 დეკ 2020, 21:24

    სტატია ძალიან კარგია, ფეოლას სტილი ეტყობა barca-5
    ჩავი კარგი ღვინოსავით იყო, 25-26 წლის შემდეგ უფრო აშკარად გამოჩნდა როგორც გენიალური შუახაზელი, მერე რაც დრო გადიოდა, მით უფრო უკეთესი ხდებოდა

  • ROUCH
    26 დეკ 2020, 19:59

    საღოლ ავტორ, აი ნახეთ გვარდიოლა მიხვდა დარჩენით ჩავის განვითარებას შეაფერხებდაო და წავიდა, ხავი მიხვდა ზედმეტი იყო და წავიდა, ეს ღორი პიკე ბუსკეცი რით ვერ მიხვდნენ რო წავიდნენ და ახალგაზრდების განვითარებას ხელი არ შეუშალონ, რაკიტიჩიც სანამ ძაღლივით არ გააგდეს თითონ არ აპირებდა წასვლას

  • BARCELONA FOREVER
    26 დეკ 2020, 19:11

    ძან მაგარი სტატიაა მადლობა ავტორს ჩავი კი განუმეორებელია ნამდვილი მაესტრო ნეტა ეს და ინი გვყავდეს ეხა

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    26 დეკ 2020, 18:37

    ჩემი ერთი ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელი რომელსაც ძალიან ვაფასებ და დიდ პატივს ვცემ.ძალიან მინდა ბარსელონას მწვრთნელად მოვიდეს მე პირადად ❤️❤️❤️.

  • Iniesta. And messi
    26 დეკ 2020, 18:17

    მაესტრო 👏👏👏👍👍👍❤❤❤

  • BEQA BARCA
    26 დეკ 2020, 17:25

    მაგარი სტატიაა სააღოოლლ..!!👍👍👌👌

  • AGU3RO
    26 დეკ 2020, 16:29

    მაგრად მიყვაარს <3