ჩავი ერნანდესი ლამინ იამალისა და მესის შესახებ საუბრობს

ჩავი ერნანდესი ლამინ იამალისა და მესის შესახებ საუბრობს

მოკლედ
"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ლამინ იამალსა და ლეო მესიზე ისაუბრა. მისი თქმით, ესპანელი ტალანტი ნამდვილი საჩუქარია, ხოლო არგენტინელი კაპიტანი - კონკურენტული ურჩხული. ჩავიმ ასევე აღნიშნა, რომ სამომავლოდ რომელიმე სანაკრებო გუნდის გაწვრთნა სურს.

“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ RNE-სთან ინტერვიუში ლამინ იამალი შეაქო. მან ახალგაზრდა ვარსკვლავს ესპანეთის ნაკრების “გამორჩეული ფეხბურთელი” უწოდა.

“ჩვენ ის 15 წლის ასაკში ვნახეთ. ეს ის პერიოდი იყო, როცა კლუბში ეკონომიკური თვალსაზრისით გვიჭირდა. ასეთ დროს ფსონი შინაურებზე უნდა გააკეთო. დავინახეთ, რომ ლამინი 15 წლის ასაკში სხვებისგან უკვე განსხვავდებოდა. აქედან გამომდინარე, ის პირველ გუნდში დავაწინაურეთ. როცა დავინახე, რომ მზად იყო (და ის პირველივე დღიდან მზად იყო), ვათამაშეთ. მას ყველაფერი ესმის და ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას იღებს. ის ესპანეთის ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელია. ის ნამდვილი საჩუქარია. მას ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ მსოფლიო ფეხბურთში საუკეთესო მოთამაშე გახდეს.”

ჩავიმ იამალისა და “ბარსელონას” სხვა ფეხბურთელების მიმართ ქება არ დაიშურა:

“ის გენიოსია, შესაძლოა ესპანეთის ისტორიაში ასეთი გამორჩეული მოთამაშე არც ყოფილა. და შეხედეთ, როგორ თამაშობს კუბარსიც. ფერმინის გამო გული მწყდება, მაგრამ იქ პედრია. ‘ბარსელონაში’ და ახლა უკვე ნაკრებშიც არის თაობა მომდევნო 10 ან 15 წლისთვის, რომლითაც ძალიან ვამაყობ, რადგან ჩვენი, როგორც ‘ბარსელონას’ სამწვრთნელო შტაბის წევრების პერიოდში, მათი ზრდა ვნახეთ.”

ესპანეთის ნაკრები და 2010 წლის მოგონებები

ესპანეთის ნაკრებთან ერთად 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულმა ტურნირის ფინალში ესპანეთის გასვლა და საფრანგეთის (2-0) დამარცხება გაანალიზა:

“ვფიქრობ, ეს ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის საუკეთესო მატჩი იყო. ეს ფეხბურთის ოდა გახლდათ. წლებია, არ მინახავს ასეთი სოლიდური გუნდი, ასეთი კარგი შეტევასა და დაცვაში. თანაც საფრანგეთის წინააღმდეგ, რომელიც იმ მომენტში ყველაზე ძლიერი იყო.”

ეს შედეგი მას სამხრეთ აფრიკის წარმატების გამეორების იმედს აძლევს:

“ახლა ამის დროა. მწვრთნელის, ფეხბურთელების, თაობის დამსახურებით. მათ ყველა დონეზე დიდი ასოებით დაწერილი გუნდი შექმნეს. გუნდში ბევრი ეგო არ არის. ის ძალიან ჰგავს ჩვენს 2010 წლის ესპანეთს. პოზიტიურად ვარ განწყობილი, რომ ეს მოხდება.”

ლეო მესი და მომავლის გეგმები

მან ასევე ისაუბრა ლიონელ მესისთან, არგენტინის კაპიტანსა მის ურთიერთობაზე:

“პირველ რიგში, მას მეგობრად მივიჩნევ, ძალიან კარგი პირადი ურთიერთობა გვაქვს. მერე კი უკვე სიტყვები აღარ მყოფნის მის აღსაწერად. ვეუბნები ხოლმე: ‘აღარ ვიცი, რა გითხრა’. სიტყვების გარეშე ვრჩებით ისეთი ადამიანის წინაშე, რომელსაც კონკურენციის გასაგრძელებლად ასეთი თავმდაბლობა აქვს, ის კონკურენტული ურჩხულია. და მან თავის გუნდში სულიერი ლიდერის როლი ძალიან კარგად მოირგო.”

მეორე მხრივ, ჩავიმ განაცხადა, რომ სამომავლოდ რომელიმე ნაკრების გაწვრთნა სურს:

“ოჯახური თვალსაზრისით ნაკრები კარგად მომერგებოდა. კლუბი ოჯახთან ერთად ამდენი დროის გატარების საშუალებას არ მომცემდა, მე კი პატარა ბავშვები მყავს. ამას ღიად ვამბობ, რომ ეს ვარიანტი მომერგებოდა. სურვილი მაქვს, როგორც მწვრთნელმა, მონაწილეობა მივიღო მსოფლიო ჩემპიონატზე, ევროპის ჩემპიონატზე, აფრიკის თასზე ან აზიის თასზე…”

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი