მატჩისშემდგომი მიმოხილვა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა

ცუდია, რომ კრიშტიანუს არ უთამაშია, მასთან ერთად “ბარსას” ნამდვილი ტესტი ექნებოდა, ახლა კი მეტოქე საგრძნობლად დაიჩაგრა. “ბარსამ” “იუვე” ფაქტობრივად უშანსოდ დატოვა, მთავარ საფრთხეს “ოფსაიდში” ჩარჩენილი მორატა ქმნიდა. ორ შემთხვევაში მხოლოდ იმიტომ შექმნა მომენტი, რომ მცველები დარწმუნებულნი იყვნენ თავიანთ პოზიციაში, აი მესამე არჩათვლილი გოლი შეცდომას მოჰყვა, რომელსაც ქვემოთ მივუბრუნდებით.

დემბელემ გაიღვიძა

რონალდ კუმანმა სეზონის დაწყებიდან მოყოლებული, მარჯვენა შემტევის პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელი გამოსცადა: გრიზმანი, ტრინკაუ, პედრი და ახლა დემბელე. ყველაზე კარგი შთაბეჭდილება დემბელემ დატოვა, თუ სეზონის წინა ამხანაგურ შეხვედრებს არ ჩავთვლით. პირველ ტაიმში საუკეთესო იყო, როგორც კი დრიბლინგზე მიდიოდა, კარგად ჩანდა, რომ მეტოქე სისწრაფეში ვერ აყვებოდა. როგორც ჩანს, ნელ-ნელა ფორმაში შედის და ახლა მთავარია ჯანმრთელად იყოს.

როგორ ვთქვა გაუმართლა-მეთქი?! დემბელე და გამართლება აბსოლუტურად შეუთავსებელი ცნებებია, მაგრამ დარტყმის დროს ეგეთი ამბავი მოხდა, თუმცა, ვინც კარში არ ურტყამს, იმას არც არასდროს გაუმართლებს.

ყველაზე მეტად აღსანიშნავი არის ის, რომ დემბელე ბურთს გაუფრთხილდა, ასეთი რამ აქამდე ნანახი არ გვქონდა. ყოფილა თამაშები, სადაც საუკეთესო იყო, მაგრამ ბურთის გაფრთხილება “დამბოს” შემთხვევაში ზედმეტი ეგზოტიკაა! ამჯერად გაუფრთხილდა და მაქსიმალურად ცდილობდა შენარჩუნებას. მეორე ტაიმში ცოტა აურია. რადგან ასე ადრე შეცვალეს, ესე იგი ფიზიკურად ჯერ კიდევ არ არის მზად, თორემ შეცვლას ნამდვილად არ იმსახურებდა.

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომდევნო თამაშისთვის ძირითადში ყოფნა დაიმსახურა.

უიღბლობა?

რა იფიქრეთ, როცა გრიზმანმა ახლო მანძილიდან გაისროლა და ბურთი ძელს მოხვდა? არ გაუმართლა. ცოტა საკამათო თეორიაა, მაგრამ ყველაზე მეტად იმას არ უმართლებს, ვისაც საკუთარ თავში ეჭვი ეპარება. ამ თეორიას ვერასდროს ვერავინ დაამტკიცებს, მაგრამ ვარაუდის დონეზე არსებობს და პირადი გამოცდილებითაც ბევრს შეუძლია დადასტურება.

გრიზმანის მთავარი პრობლემა უკვე ფსიქოლოგიაა და არა ტაქტიკა. კუმანმა სპეციალურად მას მოარგო ტაქტიკური სქემა და მესისთან ერთად ათამაშა შეტევაში. გუნდი 4-4-2-ით იცავდა თავს, პირველ ტაიმში შეტევის დროს 4-3-3-ზე ეწყობოდნენ, მეორე ტაიმში კი 4-4-2-ით უტევდნენ, რადგან პედრიმაც ფლანგიდან დაიწყო შეტევა და არა ცენტრიდან. იყო ასეთი ექსპერიმენტები, მაგრამ გრიზმანს ეს არ შეხებია, მას სრული თავისუფლება ჰქონდა და იმ ზონაში მოქმედებდა, სადაც ყველაზე კარგად გრძნობს თავს.

მესისა და ანტუანის დუეტის ანგარიშზე ორი სახიფათო შეტევა იყო. ერთ შემთხვევაში მესიმ ააცილა გრიზმანის გადასარევი პასის შემდეგ, მეორე შემთხვევაში პირიქით, გრიზმანმა ააცილა, მესის პასის შემდეგ.

რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება გრიზმანის მშრალი სერია, მით უფრო დამძიმდება მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

საუკეთესოები

სამი ფავორიტი მყავს და მესითი დავიწყებ. ცუდი პირველი ტაიმი ჰქონდა. დამაგვირგვინებელ ფაზაში ჯერჯერობით მოიკოჭლებს, რაც უჩვეულო ამბავია. ცუდ ფიზიკურ ფორმაშია, რასაც კუმანიც აღნიშნავს, მაგრამ მაინც მოეძებნება ამ ყველაფერს ახსნა. ზაფხულის შემდეგ მესი ემოციურად გადაიწვა, ამას სუარესის ამბავიც დაემთხვა და დრო სჭირდება იმისთვის, რომ ფორმაში შევიდეს. ერთი დადებითი იმპულსი უკვე მიღებულია, ბართომეუ წავიდა და ხასიათი ოდნავ გამოუკეთდა, ახლა ტურიდან ტურამდე უნდა მოუმატოს და გოლებიც თავისით მოვა.

ფატის გარდა, კიდევ ერთი 17 წლის ოქროს ბიჭუნა გვყავს პედრის სახით. ამ შეხვედრაშიც გამოჩნდა, რომ მარჯვენა ფლანგზე მისი დაყენება არ შეიძლება. სამაგიეროდ ცენტრში და მარცხნივ მშვენივრად გამოიყურება. ბურთის კონტროლი, პასი, აზროვნება, მთავარია პროგრესი განაგრძოს და 20 წლის ასაკში უკვე ვარსკვლავი იქნება. რაც მთავარია, კუმანი ენდობა.

აუცილებლად უნდა ვახსენო ფრენკი დე იონგი. არაუხოს გასვლის შემდეგ კუმანს ორი ვარიანტი ჰქონდა, ან ბუსკეტსს უნდა ეთამაშა დაცვაში, ან დე იონგს, ჩემთვის მოულოდნელად ამ პოზიციაზე ფრენკი აღმოჩნდა და ერთ შეცდომას თუ არ ჩავთვლით, თავი არ შეურცხვენია. მეტოქე ხომ “იუვე” იყო და არა “ფერენცვაროში”, ამ პირობებში ნამდვილად ქება ეკუთვნის.

პიანიჩი და არტური

რონალდუ მესის დუელი არ შედგა. არც პიანიჩი არტურის დუელი შედგა მოედნის ცენტრში, რადგან ბრაზილიელი თამაშის მიწურულს გამოვიდა მოედანზე. ამ გადმოსახედიდან “ბარსას” სანანებელი არაფერი აქვს, არტური მომდევნო “გაფუჭებულ” ბრაზილიელს ემსგავსება, რომელმაც შანსი ვერ გამოიყენა.

პიანიჩი კი კარგი იყო, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში ძალიან სახიფათო ზონაში გააკეთა უზუსტო გადაცემა, რასაც მეტოქის მწვავე შეტევა და კარში დარტყმაც მოჰყვა.

ფატი

ანსუუუ! ანსუუუუუ! – იყვირა ბრეითუეიტმა და 17 წლის ტალანტი დათრგუნა! ფაქტობრივად აიძულა, რომ პასი გაეკეთებინა, რატომ ითხოვდა ბრეითუეიტი პასს ასეთ უდროო დროს და ცუდ პოზიციაში ეს ცალკე ამბავია, აი ფატი, რომ დამორჩილდა, ეს ღირს დაფიქრებად. ესეც ასაკის ამბავია, მაგრამ მაინც გასაკვირი ამბავი. თითქოს მკვლელის ინსტიქტი აქვს, კარის წინ ცივსისხლიანია, ერთი მოქნევა სჭირდებოდა გოლის გასატანად და ყვირილმა გადააფიქრებინა.

აჯობებდა სტადიონი სავსე ყოფილიყო და ბრეითუეიტის ხმა ტურინელ ტიფოზებს ჩაეყლაპათ.

ანსუ გამოვიდა და თერთმეტმეტრიანი მოიპოვა. დარღვევა ან იყო საჯარიმოში, ან არა. ამას ახლა აღარ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ყურადღებას იმაზე გავამახვილებ, რომ თავის სიტყვას ყოველთვის ამბობს, გუნდი ცუდად თამაშობს თუ კარგად.. თავად ცუდად თამაშობს თუ კარგად.. რაღაც ღირებულს ყოველთვის აკეთებს.

კუმანი

კუმანთან შედარებით პირლო ბავშვივით გამოიყურებოდა. ამაზე ტურინში იდარდონ. “ბარსას” კი ჩემი მოსაზრებით, მეტის გატანა მართებდა, ამხელა უპირატესობა გაცილებით მეტ გოლში უნდა ასახულიყო.

იმედი მაქვს “კამპ ნოუზე” რონალდუ იქნება და მცველებსაც უკეთესი ტესტი ექნებათ.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (381)

  • nika 54
    23 აპრ 2026, 15:16

    ფერანა და ლევანდოვსკი გასაგებია, მაგრამ ან კუნდე ან ის, დროს რო ცოტას აძლევენ და მეტი მინდაო რო იძახის, ხოო ბარდაგჯი. რა უნდა ვთქვა მაგას ძირითადზე როგორ აქვს პრეტენზია, ერთი წინსვლა არ ქონია, სულ უკან აწვდიდა ბურთს. კუნდე კი საერთოდ არც ვიცი რა ვთქვა დაბერდა თუ რა ეცა? მოედანზე ხარ პოდიუმზე ხო არა შე კაი კაცო, ყველა როგორ გასწრებს აჩქარდი რა ცოტათი მაინც, და ბურთს რო მიიღებ ეგება მიმოიხედო არავინ მოგეპაროს და წაგართვას ეგ ოხერი ბურთი, მითუმეტეს 1-0 ვიგებთ და ჩემპიონობის გადამწყვეტ პოზიციაზე ვართ. თქვენი არ ვიცი და მე ნერვები კი დამაგლიჯეს და არა მარტო მაგათ, ყველას რაღაცა ჭირდა, თითქოს დასვენებამ შეუშალა ხელიო. გავიდა ორი მოძრავი ფეხბურთელი და დაემსგავსნენ ატლეტიკოს მეორე შემადგენლობას.

    ციტატა: me da barca
    ხეტაფესთან, ამ არაგუნდთან შეიძლება დავკარგოთ ქულები, თანაც მეექვსე ადგილისთვის იბრძვიან.
    საერთოდ ყურების სურვილიც არ მაქვს, რადგან წინასწარ ვიცი სვარკა იქნება, თანაც იამალის გარეშე.


    ხეტაფესთან ისე თუ ითამაშეს როგორც გუშინ, დარწმუნებული იყავი წავაგებთ, მინიმუმ ფრეს გამოვკრათ ხელი.
    მაგათ გუშინ სტუმრად სოსიედადი დაამარცხეს, კოპას ახალი მფლობელი. ატლეტიკო რო იხმარეს ყველა პოზაში.