კარგი სანაკრებო პაუზა გამოვიდა. „ბარსას“ ლიდერებმა მაღალი შეფასებები დაიმსახურეს და სერიოზული დაზიანებაც არავის მიუღია. მესიზე ისიც კი დაიწერა, რომ მისი როლი შეიცვალა, ახლა პირიქით არის, ნაკრებში თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს, „ბარსაში“ კი უხასიათოდ არისო. ცოტა გადამეტებული შეფასებაა, ნაჩქარევიც, მაგრამ ფაქტია, რომ არგენტინის ნაკრები დიდი ხანია ასე ერთიანი არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელების სათამაშო დონე ალბათ საშუალო ევროპულს უტოლდება, მესისთან ერთად გამარჯვებას მაინც ახერხებენ. ყველაზე მეტად 90 წლის ნაკრებს ჰგავს. არც ის ნაკრები გამოირჩეოდა დიდად სანახაობრივი ფეხბურთით, პირიქით, ძალიან დაცვითი, ხისტი და უხეში გუნდი იყო, მაგრამ დიეგოსთან ერთად მაინც იარეს ფინალამდე.
ლეო კი ნამდვილი ლიდერია. მოედანზეც და მის მიღმაც. აქ ერთი პრობლემაა, მესი გადაღლილია, კუმანიც პრაგმატული მწვრთნელია, ამიტომ დიდი შანსია მისი დასვენება გადაწყვიტოს, მით უმეტეს, რომ კალენდარი გადატვირთულია და წინ დიდი თამაშები გველის, მაგრამ რამდენადაც მესის ვიცნობთ, ის უარს იტყვის დასვენებაზე. ურჩევნია მოედანზე ისეირნოს და ძალების დაზოგვით გაიმარჯვოს, ვიდრე სკამზე იჯდეს. ასე იყო ყოველთვის, მაგრამ მემგონი უნდა ხვდებოდეს, რომ აღარ არის პატარა ბიჭი და ცოტა დასვენება მასაც სჭირდება.
კოუტინიო
ძალიან კარგი შეფასება ჰქონდა ფილიპე კოუტინიოს. არ ვიცი საბოლოოდ რა დონეს მიაღწევს და რა მაჩვენებელს დადებს, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, კოუტინიო თვითრწმენას იბრუნებს, ეს ურთულესი ამბავია, მაგრამ ბრაზილიელი ძლიერი მენტალობის აღმოჩნდა. მიუხედავად ამდენი წარუმატებლობისა, გაურკვევლობისა და კლუბიდან-კლუბში წანწალისა, მაინც მოახერხა კონცენტრირება და პროგრესი სახეზეა. თავის დროზე, ლუის სუარესმა ერთი კარგი რჩევა მისცა – „დაივიწყე, რომ კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ხარ, ეს არაფერს ნიშნავს, ყოველ დღე უნდა იშრომო წარმატებისთვის.“ – მხოლოდ ახლაღა ეტყობა კოუტინიოს, რომ ეს რჩევა გაითვალისწინა. მისი პროგრესი არც ფეხბურთელებს გამორჩენიათ და მატჩის შემდგომ საქებარი სიტყვები არ დაიშურეს.
ფატი
დიდად თავი არ გამოუჩენია ანსუ ფატის. ლუის ენრიკე კვლავ ენდო და საკმარისი სათამაშო დრო მისცა, მაგრამ წინა თამაშების მსგავსად წარმატებული ვერ გამოდგა. ეს მოსალოდნელიც იყო. ამ ასაკში სტაბილურობის მიღწევა ძალიან რთულია. ადრეც აღვნიშნეთ, რომ მისთვის ყველაზე რთული პერიოდი ახლა იწყება, სანამ არ იცნობდნენ ხელ-ფეხი გახსნილი ჰქონდა, ახლა კი მისი თითოეული მოძრაობა შესწავლილი აქვთ, ამიტომ პროგრესის გზაზე, ამ ბარიერის გადალახვა მოუწევს.
დე იონგი
აქეს და ადიდეს ფრენკი დე იონგი. იტალიელებმა საუკეთესო უწოდეს, ბევრს პირლო გაახსენა და ფრენკის მსგავსი ფეხბურთელი ინატრეს. „სევილიასთან“ ჩაგდებული თამაშის შემდეგ ჰოლანდიელს სწორედ ასეთი თამაში სჭირდებოდა. თუმცა, მაინც აღსანიშნავია, რომ ნაკრებში ჯერჯერობით უკეთ გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ კუმანი და შროიდერი მოვიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე მისი როლი შეიცვალა, მაინც ნაკრებში უკეთესია. იმედი დავიტოვოთ, რომ „კამპ ნოუზეც“ ვიხილავთ ფრენკის საუკეთესო ვერსიას. მით უმეტეს, რომ „კლასიკო“ ახლოვდება, იმ მატჩში კი მისი უნარები, შესაძლოა გადამწყვეტიც კი გამოდგეს.
გრიზმანი
ბოლოსთვის ანტუანი შემოვინახე, ისიც კარგი იყო. ერთ-ერთი საუკეთესო. თამაშის შემსეგ ასეთი რამ თქვა – „დეშამმა იცის რა პოზიციაზე უნდა მათამაშოს“ – მოხერხებაც ამას ჰქვია, დეშამი ახსენა, მაგრამ კომენტარი კუმანს ეკუთვნის. თითქოს დიდიე შეაქო, რეალურად კი კუმანი გააკრიტიკა.
ამ კომენტარის შემდეგაც ბევრი დაიწერა, ისევ დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ გრიზმანი გარემარბად არ უნდა თამაშობდეს. ჩვენ კი მატჩის ანალიზის შედეგად უკვე ვნახეთ, რომ უმეტეს შემთხვევებში, გრიზმანი მოედნის ცენტრში იყო. მის უკმაყოფილებას ის იწვევს, რომ თავად არ წყვეტს როგორ იმოძრაოს, მთელი შემტევი ხაზი ლიონელ მესის გადაადგილებას არის აყოლილი, რაც ბუნებრივი მოვლენაა, ყველგან და ყოველთვის ასე იქნება, როცა მესია მინდორზე.
როცა მესი ფლანგზე მოისურვებს გადასვლას, გრიზმანი ცენტრშია. როცა ათიანზე მოისურვებს თამაშს გრიზმანი ცხრიანის პოზიციას ავსებს, კოუტინიო კი მარცხნივ ინაცვლებს, ესეც კარგად გამოჩნდა „სევილიასთან“ ანალიზის შედეგად. შეიძლება ითქვას, რომ გრიზმანს ზუსტად ის პრობლემა აქვს, რაც კოუტინიოს ჰქონდა პირველ სეზონში, ჯერ ვერ მიხვდა, რომ აღარ ექნება ისეთი თავისუფლება, როგორიც „ატლეტიკოში“ ან ნაკრებში ჰქონდა, აქ ყველაფერი მესის გარშემო ბრუნავს, ამიტომ თავის როლი უნდა შეასრულოს, ეს არის და ეს.
პრობლემას, შესაძლოა იწვევს ისიც, რომ გრიზმანს უკან მუშაობა უწევს, ვალდებულია შეტევაში ჩართულ მცველს გაჰყვეს, ეს კი ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მაშინ როცა პოზიციებს მუდმივად იცვლი.
მოკლედ ასეთი ამბავია, გრიზმანმა კუმანს კბილი გაკრა, „ქერა ბულდოგი“ კი ასეთებს არ არის მიჩვეული. ვნახოთ რა მოხდება.
რა ქნან, სჭირდებათ უკვე – უჭირს ორივე გუნდს. მარა დასვენება აუცილებელია კი
რავი მესიც 17 ის არიყო რომ ათამაშებდნენ თუ საუკუნეში 1 ხელ იყო ძირითადში აქედან უნდა მიეჩვიოს სიძნელეებს მერე არ გაუჭირდება…
ჯარში როდესაც მიდიხარ ჯობს ზამთარში წახვიდე და სიცივიდანვე შეეჩვიო გაძლებას ვიდრე ზაფხულში მიეჩვიო და მერე სიცივემ დაგაგდოს აემ შედარებას მოვიყვან მე
აქ მარტო ფიზიკურობაზე და გაძლებაზე არაა საუბარი კაი დგას ხო ძირითადში შეუცვლელად უკვე რამდენი თამაშია ბოლო თამაშები ვერ ითამაშა ზუსტად იმიტომ რო გადაიღალა და ამის ფონზე ნელა-ნელა კრიტიკა წამოვიდა ეხლა კიდე რო გადააბმევინონ ძირითადში თამაშები უფრო და უფრო ამოვარდენა ფორმიდან და კრიტიკაც მეტი წამოვა და შეიძლება ფსიქოლოგიურად გატყდეს ამ ასაკში ფსიქოლოგიურად მდგრადობაც აუცილებელია პროგრესისთვის
რა ქნან, სჭირდებათ უკვე – უჭირს ორივე გუნდს. მარა დასვენება აუცილებელია კი
მეც კიდე გავიმეორებ ფატი კაი ბიჭია მაგრამ ასე არ გამოვა, ჯერ კუმანმა გაუმუდმა ძირითადი მერე ენრიკემ, ცოტახან დასვენება არ აწყენს თორე ბავშვია მაინც გადაიწვება ამხელა დატვირთვა მის კუნთებს კაის არ მოუტანს