"ბარსელონა" დანტეს თვალით

"ბარსელონა" დანტეს თვალით

არც კი ვიცი, რა დავწერო, ან როგორ დავწერო. ახლა რომ ტაქტიკურ ანალიზს შევუდგე, ვეჭვობ ბევრ ადამიანს გავაღიზიანებ კიდეც, ამიტომ ზედმეტი ჩაღრმავებების გარეშე, მსუბუქი ირონიით მიმოვიხილავ ყველაფერს.

თუმცა, ვისაც არც სიმსუბუქის ნერვი აქვს, შეუძლია კითხვა შეწყვიტოს.

უარეს "ბარსას" მოვსწრებივარ, ბევრად ცუდი შემადგენლობით, მაგრამ ასეთ უსულგულოს, არასოდეს.

კაპიტნები ამბობდნენ გულშემატკივართან შერცხვენილები ვართ, ისინი მხარს გვიჭერენ, ჩვენ კი რომისა და ლივერპულის ტრაგედია ვაჩუქეთო. ეგ რა არის?! თურმე, უკეთეს საჩუქარს გვიმზადებდნენ.

მესი კი მართალი აღმოჩნდა, გამოვარდა 3 თვით ადრე და თქვა, რომ ასეთი თამაშით მოგების შანსი არ გვაქვსო. ამას რა მოჰყვა ყველას გვახსოვს, ლამანჩელმა თავი გამოიდო, მესის არ ვეთანხმები, მემგონი მშვენიერ ფორმაში ვართ და ლიგის მოგების გადასარევი შესაძლებლობა გვაქვსო.

აქ ერთ რამეშია განსხვავება, მესის ჩემპიონთა ლიგაზე კოლოსალური გამოცდილება აქვს, კიკეს კი არანაირი გამოცდილება არ აქვს. თუმცა, ახლა უკვე აქვს. ახლა უკვე იცის რას ნიშნავს, როცა საუკეთესო ფორმაში მყოფ "ბაიერნს" ეთამაშები.

მე კი რა ვქნა, აღარ ვიცი, ვერაფერს გულს ვერ ვუდებ, სულ ჩემ საყვარელ და გაფარჩაკებულ გუნდზე მეფიქრება. "ბაიერნთან" თამაში, უკვე მერამდენე გამოფხიზლება იყო - "უსიერ ტყეში, ამ ცხოვრების ნახევარგზაზე, ანაზდეულად გამოვფხიზლდი გზადაკარგული."

საუკუნეების წინ, დანტემ დასტაცა ხელი ვირგილიუსს და ჯოჯოხეთში გაიყოლა, მეც მჭირდება ერთი მეგზური და ვინ უნდა იყოს ეს, თუ არა იოჰან კრუიფი?!  მე და იოჰანი, საფეხურებად გავივლით ჯოჯოხეთს, მოგეხსენებათ, დანტეს მიხედვით ცხრა სარტყელია გასავლელი, ჰოდა მოგვყევით.

ჯოჯოხეთის ბჭესთან გვხვდება კარგად ნაცნობი წარწერა:
"თქვენ აქ მოსულნო, იმედები დატოვეთ ყველა".

ქება პირველი

ჯოჯოხეთის სულ ზედა სარტყელში, შემოგვხვდნენ გუნდის ვეტერანები, დიდი დამსახურებითა და უამრავი ტიტულით, ირგუნეს ჩვენგან დიდი სიყვარული, მაგრამ სირცხვილით წასვლა არ აცდებათ, მათ ხომ არა ერთი დაუვიწყარი წაგება გვაჩუქეს?!

ისე გამოვიდნენ მოედანზე, თითქოს ეს კლუბი და მისი დიდებული ისტორია, არაფერს ნიშნავდეს. თავიანთი ნამოღვაწარი, ერთიანად წყალში ჩაყარეს.

ქება მეორე

მერვე სარტყელში ერიკ აბიდალი იტანჯება, ფეხბურთელი, რომელიც მთელმა "კამპ ნოუმ" გულში ჩაიკრა, ფეხბურთელი, რომელსაც კაპიტნის სამკლაური მოარგეს მკლავზე, იმისათვის, რომ თასი აღემართა, კარლესი მოიქცა ასე დიდებულად, აბიდალმა კი იმ ხალხის შეთავაზება მიიღო, ვინც კარლეს პუიოლი, სუბისარეტასთან ერთად, გუნდიდან მიაბრძანა, შემდეგ კი ერიკმა ფეხბურთელებს ზურგი აქცია და იმ კაცის მხარი დაიჭირა, ვინც ნელ-ნელა გვანადგურებს.

ქება მესამე

მეშვიდე სარტყელში იტანჯება რობერტ ფერნანდესი, რომელმაც თავის "გენიალურ" იდეებს 500 მილიონი შესწირა. "ბარსელონა" ჩვეულებრივ კლუბად აქცია და ისეთი ტრანსფერები გააკეთა, რომ დიდებული ტრიოც კი ვერაფერს გახდა. დაგვაკარგინა დანი ალვესი, მოგვაჩეჩა საშუალო დონის ფეხბურთელები, ხელიდან გაუშვა კილიან მბაპე, (ანუ ხელიდან გაუშვა მომავალი ეპოქა) და წასვლის წინ, საკონტროლო გასროლად, ერნესტო ვალვერდე დაგვაყოლა, რომელიც სხვათა შორის, უკვე შველას გვთხოვს მეექსვე სარტყელიდან.

ქება მეოთხე

აქ იტანჯება ერნესტო ვალვერდე, რომლის ერთადერთი სიკეთე, არის ის, რომ დიდებულ პოეტს, ბესიკ ხარანაულს ჩამოჰგავს. თუმცა, როგორც ხვდებით, ეს მისი დამსახურება სულაც არ არის, უბრალოდ, ბუნებამ ასე ინება.

კაცი, რომელმაც იცოდა, რომ არაფერი ესაქმებოდა "ბარსელონაში", იმ ხედვითა და ფილოსოფიით, რაც გააჩნია, მაგრამ მაინც ამაყად შემოაბიჯა, იყო მშრომელი და პროფესიონალი, კარგი ურთიერთობა ჰქონდა ფეხბურთელებთან, მაგრამ ჯერ რომში, შემდეგ კი ლივერპულში, ინფარქტი დაგვმართა.

ქება მეხუთე

გადავინაცვლეთ მე და კრუიფმა მეხუთე სარტყელში, აქ სანდრო როსელი დაგვხვდა, ტანჯულობს საწყალი, ყველაფერი ხომ მისგან დაიწყო? დახარბდა სიმდიდრეს და კლუბიც გარია, გასვარა ტალახში, დაუკარგა პრესტიჟი და დიდად აზარალა, სწორედ მის გამო წავიდა გუნდიდან პეპ გვარდიოლა და სწორედ მან ჩამოაცილა კლუბს ყველაზე კარგი მრჩეველი, ჩვენი განუყრელი მეგზური - იოჰან კრუიფი.

ქება მეექსვე

კიკე სეტიენი ვიშვიშებს ედერ სარაბიასთან ერთად, დონ კიხოტ ლამანჩელი და სანჩო პანსა, ეს ხუმრობით, თორემ რა უნდათ დონ კიხოტსა და სანჩოს, ჯოჯოხეთში?! არც არაფერი, სამოთხის კანდიდატები არიან, როგორც ჩანს, ძალიან ცუდად შემირჩევია მათთვის მეტსახელები.

ფერმერები კი მეოთხე სარტყელში იტანჯებიან. კიკე არის კაცი, რომელმაც დიდებისმოყვარეობას ვერ სძლია და თავის პროვინციალური სიჯიუტით ყველაფერზე თვალი დახუჭა. გაერთო ოცნებებში და რატომღაც წარმოიდგინა, რომ ყველაფრის მოგება შეეძლო, მალევე ნახა, რომ არ შეუძლია, მაგრამ თავის მოტყუება განაგრძო და გუნდი კატასტროფამდე მიიყვანა, მაინც არ ჰყოფნის იმის თავმოყვარეობა, რომ ადგეს და წავიდეს, ხელს კვლავ სხვისკენ იშვერს და საკუთარ დანაშაულს ვერ ხედავს.

ქება მეშვიდე

მესამე სარტყელში იტანჯება ბრაზილიელი "ცირკაჩი", რომელიც გულში ჩავიკარით და დიდი სიყვარულით აღვზარდეთ, მერე კი გვიღალატა, დიდი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, წავიდა იქ, სადაც დიდი ფულია. რომ დარჩენილიყო 500 მილიონს არ გავისროდით მის შემცვლელებში, ვიფიქრებდით ნახევარდაცვაზე და რომელიმე ტრანსფერს მაინც მოარტყამდნენ ისე, რომ კონკურენტუნარიანი გუნდი გვყოლოდა, მაგრამ ნეი წავიდა და ჩვენი კოშმარიც დაიწყო.

ქება მერვე

აქ იტანჯება ჟოზეპ მარია ბართომეუ, განხორციელებული სიმსივნე, ჩანერგილი უბედურება, რომელმაც უდიადესი მისია იკისრა და კარიერის ბოლოს სამეცნიერო კრებულს გამოსცემს - "როგორ გავანადგუროთ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი"?! დავალება იდეალურად შეასრულა, გუნდს ნელ-ნელა საძირკველი გამოაცალა, თან ისეთ ფინანსურ კოლაფსამდე მიიიყვანა, რომ მისი წასვლის შემდეგაც გაჭირდება ჭაობიდან ამოსვლა.

აი სანამ პირველ სარტყელს მივადგებოდით, იოჰანი გამიგიჟდა, ამას რა უნდა მეორე სარტყელში, ბართომეუ თუ მეორეშია, პირველ სარტყელში ვინღა გველოდებაო?!

მეც ეს მაინტერესებდა და გავწიეთ პირველი სარტყელისაკენ, სადაც დანტეს გადმოცემით, მოღალატეებს, სამთავიანი ლუციფერი, სამი ხახით ხრავს, ჩვენი წყარო, Mundo Deportivo კი გვამცნობს, რომ თავად ფლორენტინო პერესია რქებით წარმოდგენილი.  

ქება მეცხრე

აქ დაგვხვდნენ "ბარსას" კატალონელი ფანები, რომლებმაც ზუსტად იცოდნენ, რომ თუ სანდრო როსელს აირჩევდნენ, პეპ გვარდიოლა დიდხანს არ გაჩერდებოდა, იცოდნენ, რომ ჩვენი ძმა იოჰანი, კლუბს ჩამოსცილდებოდა, მაგრამ ყველაფერი სასწორზე შეაგდეს.

მერე კი აირჩიეს ბართომეუ, იმ კაცის მარჯვენა ხელი, რომელმაც კლუბის დაქცევა დაიწყო და ხუთი წლის განმავლობაში უყურეს, მსოფლიოს საუკეთესო კლუბს როგორ ანადგურებდა, უყურეს მშვიდად, უყურეს მოთმინებით, ისე თითქოს "ბარსა" მათთვის არაფერს ნიშნავდეს, აიტანეს ერთი სირცხვილი, მეორე, მესამე.. დაკარგეს თავმოყვარეობა, დაკარგეს ისტორია და დაკარგეს დევიზი - "ბარსა აღარ არის მეტი, ვიდრე კლუბი, "ბარსა" უკვე უბრალოდ კლუბია".

იოჰანმა შეიცოდა ფანები და მითხრა, რომ პირველ სარტყელში აუცილებლად ბართომეუ უნდა იყოსო.

ჯანდაბას შენი თავი იოჰან, იყოს ბართომეუ.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    გულშემატკივარი [?]
    16 აგვისტო 2020 01:42
    6
    ბრავო ავტორს!
    ძალიან მომეწონა სტატია,ბარსას რაც შეეხება,ჩემი აზრით შემდეგი სეზონიდან ნთავარი მწვრთნელი და გაახგაზრდავებააა გუნდის ყველა პოზიციაზე ახალაგღდების გამწესებაა და ამ წელს თუ არა შემდეგ წელს
    ისევ დომინანტები ვიქნებით.
    გულშემატკივარი [?]
    15 აგვისტო 2020 22:51
    1
    პიზ.ეც რა ტსლ სტატია მოიხოდა საღოლ
    დანტეს არ შორდებოდა შიში ვითა რთული გზის გავლა ვერ შევძლოო ეგრეა ეხლა ამათ საქმე
    წევრი [?]
    15 აგვისტო 2020 22:19
    3
    მადლობა ავტორს საინტერესო სტატიისთვის,ყველაფერში გეთანხმებით გარდა ერთისა.ქება მეშვიდე ცოტა სხვაგვარად წარმომიდგენია.ცირკაჩი დიდებულმა პრეზიდენტმა გაყიდა.ბიუჯეტში ფული არ ჰქონდა,222 მილიონი ჩაიჯიბა და მერე ისიც შეჭამა.შარშან ბარსას ბიუჯეტში 40 მილიონი იყო.ასე რომ სანამ ბარმალეი არ წავა საშველი არ არის.
    და კიდევ ერთი ნეიმარი წასვლის დღიდან ითხოვს დაბრუნებას ცოტა უცნაურად არ გეჩვენებათ?
    ფანი [?]
    15 აგვისტო 2020 20:18
    4
    ყოჩაღ მაგარი ხარ
    --------------------
    BARCELONA IS MY LIFE
    გულშემატკივარი [?]
    15 აგვისტო 2020 20:01
    13
    სიხარულით რომ დორბლი გადმოსდის ზოგიერთ მადრიდისტას,თუ არამადრიდისტას... ბოღმაზე დაფუძნებული სიხარულით რომ გამოხატავთ ცინიზმს უდიდიდესი და უდიადესი კლუბის მიმართ,გირჩევთ თავი შეიკავოთ მსგავსი არასოლიდარული პოზიციისგან... შემთხვევით ხომ არავის დაავიწყდა,რომ ბარსა ერთდადერთი გუნდია მსოფლიოს ისტორიაში ვისაც ტრიპლეტი 2-ჯერ აქვს მოგებული,შემთხვევით ხომ არ დაგავიწყდათ რომ ამ დიდი გუნდის მაისური მსოფლიოს 2 უდიადეს ფეხბურთელს ჰქონდათ მორგებული-მარადონასა და მესის, სულ ეს რო ეყოფა მთელი მსოფლიოს კლუბების ფეხბურთელებს აი ეგ გუნდია ბარსა... ბარსა კიდევ იცით რომელი გუნდია,თავისი ფილოსოფიით საფეხბურთო რევოლუცია რომ მოაწყო ეპოქის,რომელიც ნებისმიერ გუნდს,ვინც არ უნდა ყოფილიყო ის,ლამაზი ფეხბურთითა და სანახაობით ჩაგრავდა,ეს ის გუნდია რომელმაც თქვენს ბოღმაზე დაფუძნებულ სიხარულს ანგარიშებით 6-2; 5-0 ; 5-1 ; 4-0 გადაურა და კიდევაც ბევრჯერ გადაუვლის,ეს ის გუნდია რომელმაც, ფულით აშენებულ პსჟ-ს არანორმალური ქამბექი შესთავაზა,როგორიც თქვენ არც კი დაგესიზმრებათ,ეს ის გუნდია,რომლის შემადგენლობის სრული უმრავლესობა არნახული საფეხბურთო გუნდის ესპანეთის ნაკრების ღერძი იყო (7 ფეხბურთელი/11) 2010 წელს და რომლის ლიდერებმაც მსოფლიო ჩემპიონობა აზეიმის ესპანეთის ნაკრებს... ეს ის გუნდია,რომლის წაგებით თუ მოგებით გამოწვეული ემოცია,სხვა ყველა ემოციაზე დიადია,რომელიც სხვა კლუბებს არც კი განუცდიათ,ეს ის კლუბია რომლის ფერებიც სისხლი მვაქვს გაჯენილი,ეს კლუბზე მეტია-ბარსა... გაუმარჯოს ბარსას,ვისკა ბარსა... ვაღიარებთ რომ წავიქეცით და სიცილი-ხარხარითა და ცინიზმით ამაზე მითითება საჭირო აღარაა,უბრალოდ დრო გავა და თქვენ იხილავთ ბევრად ძლიერ,მონსტრ,დიად ბარსას,რომელიც თქვენს ბოღმას საბოლოოდ გააცალმტვერებს,რომელიც პირღიას დაგტოვებთ და თქვენს საყვარელ გუნდებს უბრალოდ გაგინადგურებთ... ბოღმიანთა გესლი არ სწყდება მესის მიმართაც-ფეხბურთელი,რომლის წაქცევაც ძალიან ბევრს უხარია,მაგრამ დამიჯერეთ ბევრად უფრო მრავალრიცხოვანია მესის გულშემატკივართა ერთობა,რომელიც მესის-მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უდიდეს ფეხბურთელს მხარს უჭერს,ბოღმით და გესლით სავსე ხალხნო,შეგახსენებთ რომ მესი ერთადერთია ფეხბურთის ისტორიაში ვისაც 6 ოქროს ბურთი და ოქროს ბუცი აქვს მოგებული,ვინც სულ მალე პელეს გოლების რეკორდს გათელავს,ერთი კლუბის მაისურით... ვისაც ერთი კალენდალური წლის მანძილზე 93 გოლი აქვს გატანილი,რაოდენობა რომელიც არათუ თქვენს საყვარელ ფეხბურთელს არამედ კლუბსაც კი შეიძლება რომ არ დაესიზმროს,მესი ფეხბურთელია რომელიც,მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია ნამყოფი,ფეხბურთელია,რომლის წინააღმდეგაც თამაში ბევრს შეშინებია და კიდევ შეეშინდება... და უბრალოდ,მისი თამაში ყველას აღაფრთოვანებს,გარდა ბოღმით გამსკდარი,თითიდან გამოწოვილ მიზეზებზე დაყრდნობილი ადამიანებისა,რომლებიც ვითომდა ამ უდიდესს აკნინებთ... არათუ სტატისტიკა,უბრალოდ მისი თამაში ყველა დროის ყველაზე სანახაობრივია,ყველაზე ლამაზია,ყველაზე ამაღელვებელია და არ არის ის კაცი,რომელიც საჯარიმოში დგას და სხვის მოწდოდებულს ბურთს ელის (თუმცა ესეც მაღალი კლასია)... დრო გავა და თქვენ გვიხილავთ უფრო ძლიერებს და ჩვენ თქვენს ჩავარდნაზე სიცილს არ დავიწყებთ,უბრალოდ გავაგრძელებთ კიდევ უფრო გაძლიერებას,რომ ყველას ვინც ჩვენს საყვარელ კლუბს და ემოციებს ასე დასცინის კიდევ უფრო გადავუაროთ და გაგაცალმტვეროთ...ვისკა ბარს!
    --------------------
    "ლიონელ მესი ჩვენი თამაშის მოცარტია. დანარჩენები? ისინი ბანჯოზე უკრავენ," - როი ჰადსონი
    ,,მინდა, რომ რეალი მარცხდებოდეს. მარცხდებოდეს ყოველთვის!" -პიკე
    ფანი [?]
    15 აგვისტო 2020 19:54
    3
    სტატიის კითხვა რო დავიწყე ეგრევე მივხვდი ავტორის ვინაობას.ფეოლას თავისი სტილი აქვს,თან ძაან მაგარი სტილი.ყველა სტატიიდან ჩანს რომ განათლებული პიროვნებაა.❤💙
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    15 აგვისტო 2020 19:27
    4
    ეხლა წავიკითხე თურმე აბიდალის დაჟინებული ინიციატივით მოუყვანიათ სეტიენი.ბართომეუს სხვა მწვრთნელის მოყვანა სურდა.

    პირველი აბიდალია გასაშვები.რა დონის აზროვნება და ინტელექტი უნდა ქონდეს ადამიანს რომ ბარსელონას მწვრთნელად სეტიენი დანიშნო.ყველა გასაშვებია.
    ეს ის სეტიენია რომლის ბეტისი რენმა უშანსოდ გამოაგდო ევროპა ლიგიდან.
    Culé [?]
    15 აგვისტო 2020 19:26
    1
    ყოჩაღ. 👍
    რედაქტორი [?]
    15 აგვისტო 2020 19:22
    5
    საუკეთესოთა შორის საუკეთესო მწერალი ხარ!! 🥰 😍
    ფანი [?]
    15 აგვისტო 2020 19:12
    2
    კარგიაა
    გულშემატკივარი [?]
    15 აგვისტო 2020 19:06
    6
    ფეოლას სტატიების კითხვა ერთი სიამოვნებაა 🙏 ❤️