ანდრეს ინიესტას შაბათს, ვარჯიშის შემდეგ ექიმებმა თამაშის უფლება მისცეს, რაც დერბის წინ სასიხარულო ინფორმაციაა. იმ დროს, როცა ფეხბურთელები მატჩისთვის ემზადებოდნენ დავიდ ვილია სიუტატ ესპორტივას დარბაზში ატარებდა აღდგენით სამუშაოებს.
ერთი დღე დასვენების შემდეგ დღეს დილით გუნდი შეუდგა მზადებას ხვალ, ”ესპანიოლთან” გასამართი მატჩისთვის. ანდრეს ინიესტამ, რომელმაც ”ოსპიტალეტთან” მატჩში მარცხენა ფეხის კუნთის ტრავმა მიიღო სრული ვარჯიში ჩაატარა თანაგუნდელებთან ერთად და ექიმებისგან თამაშის უფლება მიიღო.
პეპ გვარდიოლას განკარგულებაში პირველი გუნდის 19 ფეხბურთელი და ისააკ კუენკა იყო. სესიაზე მხოლოდ მძიმედ დაშავებულები, იბრაჰიმ აფელაი და დავიდ ვილია არ იმყოფებოდნენ.
პირველად მას შემდეგ, რაც დავიდ ვილიას ფეხზე ოპერაცია გაუკეთდა ის თანაგუნდელების მსგავსად სიუტატ ესპორტივაზე ვარჯიშობდა. ასტურიელი თავდამსმხელი მარცხენა ფეხის წვივის ძვალის მოტეხილობის შემდეგ აღდგენით სამუშაოებს ატარებს.
ხვალ დილით გუნდი ბოლო ვარჯიშს გამართავს ”ესპანიოლთან” გასამართ მატჩამდე.
რაფა მარკესი გუნდთან ერთად ვარჯიშობს
”ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, რაფაელ მარკესი, რომელიც გუშინ ”ბარსა ბ”-სთან ერთად ვარჯიშობდა დღეს ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად იღებდა სესიაში მონაწილეობას. მექსიკელი მცველი ამჟამად ”ნიუ იორკ რედ ბულსის” ღირსებას იცავს, თუმცა ამერიკის ჩემპიონატში გამოცხადებული შესვენების დროს მან ითხოვა, რომ ”ბარსასთან” ერთად ევარჯიშა, რაზეც თანხმობა მიიღო. მარკესი ფრანკ რაიკაარდის გუნდის შეუცვლელი წევრი იყო და პეპ გვარდიოლას მწვრთნელობისას პირველ 2 სეზონშიც იცავდა ”ბლაუგრანას” ღირსებას.