Goal.com-ი ურთულეს ამოცანას შეეჭიდა და “ბარსელონას” ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეულის დასახელება გადაწყვიტა. ამ ამბავს მე პირადად ყოველთვის ვერიდებოდი, რადგან “ბარსაში” უდიდეს ვარსკვლავებს მოუყრიათ თავი და აღმოვაჩინე, რომ ჩემი კუმირებისთვისაც კი არ იძებნებოდა ადგილი, ამიტომ არასდროს მიცდია საუკეთესო თერთმეტეულის ჩამოთვლა. ახლა ვცდი, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც Goal.com-ის საუკეთესო 11-ს გაგაცნობთ.
მაშ ასე, ვინმე რიტაბრატა ბრანეჟეს მოსაზრება, “ბარსას” ყველა დროის საუკეთესოებზე.
მეკარე – ვიქტორ ვალდესი
12 წლიანი კარიერა “ბარსაში”, ექვსი ლა ლიგა, სამი ჩემპიონთა ლიგა, პეპთან ერთად მოგებული ექვსი ტიტული ერთ სეზონში. ის გუნდის განუყოფელი ნაწილი იყო. ყოველთვის ჰქონდა ნდობა გვარდიოლასგან, არასდროს ყოფილა ესპანეთის ნომერ პირველი მეკარე, (იგულისხმება ნაკრები) არც მეორე ყოფილა, როგორც წესი, მესამე კანდიდატი იყო, მაგრამ “ბარსასთვის” შეუცვლელი ფიგურა გამოდგა.
მარჯვენა მცველი – დანი ალვესი
ყველაზე მარტივი არჩევანი, დანი არა მხოლოდ “ბარსას”, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველია. კლუბისთვის ყველაფერი გაიღო და მძიმე დროს დაუბრუნდა კიდეც. არის ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელი და ამ ტიტულების უმრავლესობა სწორედ “ბარსაში” აქვს მოგებული.
კარგი მცველი იყო ფერერი, მაგრამ დანი ალვესს კონკურენციას ვერ გაუწევს.
ცენტრალური მცველი – კარლეს პუიოლი
დიდი კაპიტანი, რომელმაც ყველაზე დაბალი საფეხურებიდან დაიწყო. ისევე როგორც ოქროს თაობისა და “ლა მასიას” სხვა აღზრდილებმა, განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ კარლესის მიმართ ასეთ დიდ იმედებს არავინ ამყარებდა, თუმცა თავის პროფესიონალიზმითა და შეუპოვრობით ყველაფერს მიაღწია. ის იყო სამაგალითო ლიდერი და კაპიტანი, რომლის გარეშეც დიდი “ბარსა” ვერ შედგებოდა.
ცენტრალური მცველი – ჟერარ პიკე
პუიოლის განუყრელი პარტნიორი, როგორც კლუბში, ისე ნაკრებში, ამ დუეტმა ყველაფერი მოიგო, იდეალურად აბალანსებდნენ ერთმანეთს და “ბარსას” მისცეს ის, რაც ისტორიის განმავლობაში არასდროს ჰქონიათ, – საიმედო დაცვა. პიკე კლუბისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა.
მარცხენა მცველი – სერჟი ბარჟუანი
“ბარსას” კიდევ ერთი აღზრდილი, რომელიც ფანებს ძალიან უყვარდათ, საიმედო მარცხენა მცველი, კარგი დარტყმით და დრიბლინგით, კლუბს ბოლომდე პატიოსნად ემსახურა და ბოლოს “ატლეტიკოში” გადავიდა, თუმცა, ფანების მხრიდან ამას პროტესტი არ მოჰყოლია. მის მიმართ პატივისცემა არავის დაუკარგავს.
საყრდენი ნახევარმცველი – სერჟი ბუსკეტსი
“ბარსას” აღზრდილი, უერთგულესი და უჭკვიანესი ფეხბურთელი, თანამედროვე “ბარსელონას” ხერხემალი, რომლის შეცვლაც ფაქტობრივად შეუძლებელია. შესაძლოა, ისე არ ბრწყინავდა როგორც მისი პარტნიორები ნახევარდაცვის ცენტრში, მაგრამ, უდავოდ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენია.
შემტევი ნახევარმცველი – ჩავი
პასები, კონტროლი, ცოცხალი გონება “ბარსას” ცენტრში, მთელი კარიერა ერთ კლუბში, ნამდვილი ლეგენდა. ის “ბარსასთვის” შეუცვლელი ფიგურაა, თავის დროზე როი კინზე ამბობდნენ რომ ის იყო ფერგიუსონი მოედანზე, ჩავი კი იყო გვარდიოლა მოედანზე. კაცი, რომელსაც უზუსტესად გადმოჰქონდა პეპის იდეები ბრძოლის ველზე.
მეორე ნახევარმცველი – ანდრეს ინიესტა
ალბათ არ იყო რთული მისახვედრი. სადაც ჩავი, იქ ინიესტა. ერთი მეორის გარეშე რთული წარმოსადგენია. მათი დუეტის დაშლის შემდეგ “ბარსას” ჩემპიონთა ლიგა აღარ მოუგია. მართალია ბერლინში ჩავი აღარ იყო ძირითადის წევრი, მაგრამ მაინც გუნდში იყო. ანდრეს ინიესტას უმნიშვნელოვანესი გოლები აქვს გატანილი, გამოსაყოფია კლასიკოები და გადამწყვეტი გოლი “ჩელსისთან”, ლონდონში. ასეთი ფეხბურთელი ყველამ უნდა ინატროს.
მარჯვენა გარემარბი – იოჰან კრუიფი
მართალია ფეხბურთელობის დროს “ბარსაში” ეპოქა ვერ შექმნა, მაგრამ დიდი ცვლილებები სწორედ მისგან დაიწყო. განსაკუთრებით გამოსაყოფია “რეალის” განადგურება “ბერნაბეუზე” და “გოლი ფანტომი” “ატლეტიკოს” კარში. კრუიფს უკვე ჰქონდა სამჯერ ზედიზედ მოგებული ჩემპიონთა თასი და სამჯერ აღებული ოქროს ბურთი. მიუხედავად ამისა, ახალი გამოწვევების ძიება “ბარსაში” დაიწყო. შეეძლო დიდ “აიაქსში” დარჩენა და ვინ იცის კიდევ რამდენ ოქროს ბურთს აიღებდა, მაგრამ ახალი გზა იპოვა, ასეთი აზარტული მოთამაშის პოვნა ალბათ შეუძლებელია.
ცრუ ცხრიანი – ლიონელ მესი
ერთადერთი გარანტირებული ადგილი.
მარცხენა გარემარბი – რონალდინიო
ძალიან რთულია უდიდესი კულტურის მქონე კლუბში რაღაც ახალი მოიტანო, მაგრამ, რონალდინიომ ეს შეძლო. მან მოიტანა რაღაც ახალი, მან დააბრუნა სიხარული “კამპ ნოუზე”, თუმცა, მისი მოტანილი სიხარული იქამდე ნაგრძნობსაც აღემატებოდა. ეს იყო ახალი კულტურა “კამპ ნოუს” ძველ კედლებში.
სიხარული, სანახაობა, ჯადოქრობა.
უბრალოდ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ეს ფეხბურთელი არ უყვარს. დიეგო მარადონას შემდეგ გახდა მეორე ფეხბურთელი, რომელსაც “ბერნაბეუზე” ტაში დაუკრეს.
ასეთი 11 გამოუვიდა ამ პატიოსან კაცს და ბევრი პრეტენზია ნამდვილად ვერ მექნება. თუმცა, კომენტარებს დავურთავ და რაღაცებს მაინც შევცვლი. უფრო სწორად, ცვლილების მცდელობა მექნება და ვნახოთ რა გამოვა.
1. დავიწყოთ მეკარით. ვიქტორ ვალდესი იყო მეკარე, რომელმაც ამოსუნთქვის საშუალება მოგვცა. ბევრ თქვენგანს არ ემახსოვრება რა უბედურება გამოვიარეთ წინა წლებში, უბედურება, რომელსაც ერქვა დუტრუელი, ბონანო და ძმანი მისნი. გამოჩნდა ვალდესი და მივხვდით, რომ რეინაზე უკეთესი იყო. ჰქონდა რაღაც ქარიზმატული, ცოტა ვერ იყო დალაგებული. მოძრავი მეკარე იყო, ბევრს ლაპარაკობდა, როგორც ამბობენ ამ ბევრში, უმეტესად აბსოლუტური სიგიჟე იყო, და ძალიან მაგარი რეაქცია ჰქონდა. ბოლო წლებში კი ფეხით თამაში ვან დერ სარის დონეზე აიყვანა. ნიდერლანდელს იმიტომ გამოყოფენ, რომ პირველი იყო ვინც ლიბეროს ფუნქციები შეითავსა, თორემ, ვალდესის პირველი პასი ნამდვილად გადასარევი იყო.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ პარიზის გმირია, იმდენი მძიმე შეცდომა აქვს დაშვებული, რომ რთულია პირველობა ჩააბარო. მის გამო ტიტულები გვაქვს დაკარგული. ყველა გადამწყვეტ მატჩში უმძიმეს შეცდომას უშვებდა, რის გამოც მიგვიღია გოლები “არსენალისგან”, “რეალისგან”, (რამდენჯერმე) პსჟ-სგან, “ლივერპულისგან”, და ა.შ, ვინ დათვლის.. სხვა მეკარის გამო წაგებული ამდენი მნიშვნელოვანი მატჩი არ მახსენდება.
შესაბამისად ჩნდება კითხვა, – ვინ უნდა იყოს პირველი? 2-3 წლის წინ, ტერ შტეგენზე გავიწევდი. ალბათ, პერსპექტივის გამო. მაგრამ ახლა აღარ გამოვა, რადგან შტეგენი ვერ იქცა იმად, რასაც მისგან ველოდი. გასაგებია, რომ საშინელი დაცვა ჰყავს, ისიც გასაგებია, რომ ცენტრალურ მატჩებში იმდენი შეცდომა არ დაუშვია, რამდენიც ვალდესს და მის გამო ტიტულები ნამდვილად არ დაგვიკარგავს, მაგრამ, მისი კარიერიდან გამომდინარე ყველა დროის პირველი ნომერი ცოტა არ იყოს გადამეტებულია.
რთული არჩევანია და ჯანდაბას, დავეთანხმები ვალდესის პირველობას. მიუხედავად იმისა, რომ შტეგენის პოტენციალის ნახევარიც კი არ ჰქონია. ჯერჯერობით ასეა. შტეგენი რომ დაასრულებს “ბარსელონურ” კარიერას, მერე კიდევ ერთხელ გადავხედოთ.
სუბისარეტას რაც შეეხება, მე არ გამოვდგები მის შესაფასებლად. არა იმიტომ, რომ მისი თამაში არ მინახავს, არამედ იმიტომ, რომ საერთოდ არ ვფლობ არანაირ ინფორმაციას. ჩანაწერებით მეკარის შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია.
2. ვეთანხმები პატივცემულს კარლეს პუიოლზე და დანი ალვესზე. მართლაც რომ მარტივი არჩევანია, აი, დანარჩენი ორიდან ერთი ძალიან საეჭვოა, მეორე კი მსჯელობას მაინც იმსახურებს. დავიწყოთ ძალიან საეჭვო ამბით, რა სერჟი ბარჟუანი ჩემო ძმაო? არა, კარგი ფეხბურთელი იყო, კრუიფიც ენდობოდა, ვან გაალიც და ლორენცო სერა ფერერიც, მაგრამ მერწმუნეთ, რომ არც აბიდალის დონის ყოფილა და არც ჟორდი ალბას. იმასაც ვიტყვი, რომ არც ერთისა და არც მეორის მსგავსი სარგებელი არ მოუტანია. რამდენიმე კარგი გოლი აქვს გატანილი და განსაკუთრებით დაგვამახსოვრა თავი ფინტით, რომლითაც ჯენარო გატუზო გააბითურა, მერე ჩააწოდა და რივალდომ ჰეთთრიქი შეასრულა “სან სიროზე”. მაგარი იყო, თუმცა, არასაკმარისი იმისათვის, რომ კლუბის ყველა დროის საუკეთესო მარცხენა მცველად იწოდებოდეს.
აბიდალი იყო ძალიან კარგი. შეუცვლელი. გვახსოვს ბოლოს ცენტრშიც გადაინაცვლა და ძალიან კარგი მატჩები ჩაატარა. აბიდალს აქვს ყველაზე ამაღელვებელი ისტორია, როცა შეძლო და არა მხოლოდ მეტოქე, არამედ სიმსივნეც დაამარცხა, მერე დაბრუნდა და ფინალში თასი აღმართა. აქ პუიოლის ღირსეული საქციელიც სახსენებელია და ისიც რომ კაციშვილმა ვერ გაიგო ვისი ღვიძლი დაითრია აბიმ, მაგრამ ისტორია ნამდვილად ამაღელვებელია. გვახსოვს კლასიკოში გატანილი გოლი, გვახსოვს, რომ კარგი დუეტი შექმნა ფლანგზე ჯერ რონალდინიოსთან, (რომელიც აღარ იყო ფორმაში), მერე ანრისთან, ვილასთან.. პედრისთან.. აბი ძალიან კარგი იყო.
თუმცა, ჩემი ხმა ალბას.
მიუხედავად ყველაფრისა.
მიუხედავად სამარცხვინო ჩავარდნებისა.
ამდენი სარგებელი არცერთ მარცხენა მცველს “ბარსასთვის” არ მოუტანია. სტატისტიკით ვერც შეედრებიან. რაზეა საუბარი?!
ბარჟუანს რაც შეეხება, ჯოვანი ვან ბრონჰოსტიც კი მირჩევნია.
ახლა მეორე საკითხი, – პიკე თუ კუმანი? აი, ყველაზე რთული არჩევანი. კუმანზე ისე ბრაზობენ “ბარსას” ფანები ალბათ დაუფიქრებლად პიკეს იტყვიან, არადა, კარგად დასაფიქრებელი ამბავია. თუ ბალანსზე მიდგა საქმე, პიკე-პუიოლი უკეთესი დუეტია, განსხვავებული სტილის, ერთმანეთის შემავსებელი. თუმცა, თუ ინდივიდზე მიდგა საქმე, კუმანი უფრო წინ დადგება. ჯერ მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა დროის ყველაზე გამტანი მცველია. წარმოიდგინეთ რამხელა უპირატესობაა, როცა არა მხოლოდ შენი შემტევებიდან, არამედ შენი მცველისგანაც კი ასეთი საფრთხე მოდის. თამაშიდან თუ სტანდარტულებიდან.. არ აქვს მნიშვნელობა, კუმანი მეგოლე იყო.
ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირიც კი გახდა! მსგავსი სიგიჟე გინახავთ?
პირველი ლიგა მოაგებინა “ბარსას”! გადამწყვეტი გოლი შეაგდო “უემბლიზე”. კარგი, ბელეტიმაც შეაგდო გადამწყვეტი, მაგრამ კუმანმა დამატებით დროში გაისროლა, უკეთესი გოლიც იყო და უფრო დიდი ფიგურაც ბრძანდებოდა. დაცვაში კი პიკეს ნამდვილად არ ჩამორჩებოდა. თუმცა, ჟერარს ჰქონდა სამი უმაგრესი სეზონი. დაუვიწყარი სეზონი, რომლის გამოც დიდი წვლილი მიუძღვის ტიტულების მოხვეჭაში.
არ ვიცი.. ურთულესი არჩევანია. ისევ ბალანსის გამო, ალბათ პიკეს დავტოვებდი.
3. ნახევარდაცვაში ყველაფერი ნათელია, მოგვიტევოს ყველამ, მაგრამ აქ ცვლილებები არ მოსულა.
4. დასკვნით ნაწილში ერთი გარანტირებული კანდიდატი გვყავს, – ლიონელ მესი. აქ დავა არ მოსულა. დანარჩენ ორზე კი შეიძლება.
რატომ შეიძლება დავა იოჰან კრუიფზე, იმიტომ, რომ როცა გამოკითხვა ჩატარდა ვინ იყო “ბარსას” ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, ფანების სრულმა უმრავლესობამ დაასახელა ლადისლაო კუბალა. გამოკითხვა თუ სწორად მახსოვს, კლუბის 100 წლის იუბილეზე ჩატარდა, ანუ, 1999 წელს. შესაბამისად, თუ კუბალა იყო საუკეთესო, უეჭველად იმსახურებს ადგილს იმ ფეხბურთელებთან მიმართებით, რომელზე მაღლაც დააყენეს. კრუიფი კი სწორედ ასეთია.
რატომ კრუიფი და არა კუბალა? იმიტომ, რომ გაცილებით დიდი სახელია. შეუდარებლად დიდი. თუმცა, როგორც ფეხბურთელი “აიაქსში” უკეთესი იყო. მწვრთნელობის საქმე კი ცალკე განსახილველია. ლოგიკურად კუბალა უნდა იკავებდეს მის ადგილს, თუ “ბარსას” ფანებს ვენდობით. ვინ თუ არა ამ ხალხმა, იცის მათ თვალწინ ვინ უკეთ ითამაშა.
ცოტა პროვოკაციულად მოვიქცევი. მხოლოდ იმის გამო, რომ მესის უნივერსალიზმი მაძლევს ამის საშუალებას და მარჯვენა გარემარბად არ მხიბლავს არც კრუიფი და არც კუბალა. ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ ბალანსი მნიშვნელოვანია? ჯანდაბას, გადმოვწევ მესის მარჯვენა გარემარბად. ცხრიანზე კი ოთხი ფანტასტიკური ფეხბურთელის კანდიდატურა განიხილება, რომელთაგანაც კლუბის საუკეთესო ცხრიანი ჩემთვის ლუის სუარესია, მაგრამ, თუ იმით ვიმსჯელებთ კონკრეტულ მოცემულობაში ვინ რა გააკეთა, მაშინ რონალდოს დავაყენებდი იმ ერთი და დაუვიწყარი სეზონის გამო. რაც კი შეიძლებოდა, რომ ფეხბურთელს გაეკეთებინა, ყველაფერი გააკეთა. ამ პერიოდში რონი პელეს დონეზე თამაშობდა. გაიელვა და გაქრა. ალბათ ცოტა უნამუსობაც კია ერთი სეზონის გამო ყველა დროის საუკეთესოებში ჩასმა, მაგრამ მე ასე მოვიქცევი და თქვენ თუ გნებავთ ამოაგდეთ.
მარცხენა გარემარბის პოზიციაზე – რივალდო, სტოიჩკოვი, რონალდინიო, იოჰან კრუიფი, (კრუიფს უხდება ეს პოზიცია, რადგან იმ თავის ცნობილ ფინტს ყოველთვის მარცხენა ფლანგზე ასრულებდა).
რივალდო თამაშობდა მარცხენა გარემარბად და თამაშობდა ძალიან მაგრად. თუმცა, ჩემთვის მაინც ცენტრის კაცი იყო. მოდი ვთქვათ რომ ტაქტიკას შეეწირა, რივალდოც და მარადონაც. მეორე ფორვარდის პოზიცია ამ ტაქტიკაში არ გვაქვს. ათიანები კი გვყავს, მაგრამ ფლანგზე მოქმედი და მარცხენა ფლანგზე ცაცია კაცის დაყენება მოძველებული ამბავია.
მომიტევე ჩემო კუმირო!
ასე მოხდა ეს ამბავი.
დაჯექი სკამზე, დიეგოს გვერდით.
ყველაზე მეტად მაინც რონალდინიოს მოუხდა ეს პოზიცია. ბოლოს მაგრად გაგვიცრუა იმედები, მაგრამ რაც დატოვა ისიც გვეყო და ალბათ კიდევ დიდხანს გვეყოფა.
ასეთი გამოვიდა ჩემი XI
ვალდესი (ღმერთმა შემინდოს)
ალვესი, პუიოლი-პიკე, ალბა
ბუსკეტსი
ჩავი-ინიესტა
მესი-რონალდო-რონალდინიო
საკამათოა? რა თქმა უნდა. სხვაგვარად არ გამოდის.
მწვრთნელებს რაც შეეხებათ, – კრუიფი და პეპი.
basa7,
ბუსკეტსი შესამჩნევად ჯობია. ტოლობის ნიშანი ვერ დაიწერება.
ურთულესია საუკეთესოებისგან უფრო საუკეთესოს არჩევა, მესის ადგილი რო გარანტირებული აქვს ნებისმიერ წყობაში ამაში დავა არ შეიძლება. კიდევ ბუსკეტსი-ჩავი-ინიესტაც მგონია ასევე შეუცვლელია.
ვკითხულობ ამ კომენტარებს და ერთ კაცს არ გახსენებია გვარდიოლა:))))))) ეგ ომამდე ტანკისტი იყო ცნობისთვის:))))))))
ფეოლა,
პირობითად მარჯვნივ. ესეთი გუნდები როგორც წესი კარგი გუნდები არასდროსაა და არც მოეთხოვება. რამდენჯერმე მსოფლიო ნაკრები რომ გააკეთეს როგორც მახსოვს დიდი არაფერი იყო. პრინციპში გალაქტიკოს მაგალითიც საკმარისია
აბაა. დეკოს ადგილი რო ვერ მოინახება წარმოიდგინეთ რა ნახ დაცვა გვყავდა. ძალიან მაგარი ფეხბურთელების ბუკეტი იყო ბარსა
ამ ფორმაციით უკეთესს მართლა ვერ შეადგენდნენ, ვეთანხმები ყველანაირად, მერე კიდე ის ფაქტი მახარებს რომ ამ გუნდის საუკეთესო თერთმეტეულს რომ ადგენენ ისეთ ვარსკვლავებს ვერ უძებნიან ადგილს როგორებიც რონალდო, მარადონა, რივალდო და სურიკა არიან, აღარაფერს ვამბობ ანრისა და ეტოოზე, ვის მეტი ვის ნაკლები დრო აქვს გატარებული ბარსაში ცალკე საკითხია, მაგრამ როცა იყვნენ ისტორიაში შევიდა ის ხალხი ვინც ჩამოვთვალე და კიდევ შემიძლია გავაგრძელო და მართლა მაგარი შეგრძნებაა❤️🔵🔴
მხოლოდ ბარსას კიარა, ისტორიის საუკეთესო 11_საც კი ეთამაშება ეს ვარსკვლავთ გუნდი, მაგრამ დასანანია, რომ ბარსელონას თითქმის არცერთი ფორმაციის თიმში რივალდოს ადგილი არასდროს იძებნება
მაგარი გრძნობაა შენი საყვარელი გუნდის საუკეთესო 11 ეულს რომ ადგენ და იმდენ ლეგენდას აქვს ნათამაშები არ იცი ვინ დააყენო და ვინ არა
riva,
რივალდო რა პოზიციაზე? არც ცრუ ცხრიანი ყოფილა და არც მით უმეტეს მარჯვენა გარემარბი.
ტაქტიკას და ბალანსს თუ დავიკიდებთ კი, ჩემთვის ნომერ მეორეა. მესის მერე.
კაი პოსტია, მაგრამ ძირითადად ბოლო 20 წლეულზე დაფუძნებული
ერთი მთავარი ფეხბურთელი საერთოდ გამოგრჩა, შეიძლება ბუსკეტსი უკეთესია მაგრამ ბუსკეთს უფრო გაუმართლა ( გუნდში თუ ,,მწვრთნელში" ძნელი სათქმელია) არა ამასაც გაუმართლა თავიდან მაგრამ მერე არ გაუმართლა საერთოდ არცერთში:)))))))
არც კრუიფს (როგორც ფეხბურთელს) და არც მითუმეტეს რონალდოს ბარსასთვის იმდენი არ გაუკეთებიათ რაც რივალდოს. კუბალა მე არც მახსოვს არც მინახვს ამიტომ ვხიშტავ. შემტევი ტრიო: რივა-მესი-რონი
იმედა_ხავიესტა,
ეგ დაცვაში. შეტევაში ლიდერობა საერთოდ სულ სხვა ამბავია. უკნიდან ლიდერობა გაცილებით მარტივია.
ყველა დროის საუკეთესო ნახევარდაცვის ტრიო, არსებობენ და იარსებებენ ძალიან მაგარი ტრიოები მაგრამ ჩავი-ბუსკეტსი-ინიესტა ყოველთვის ნომერ პირველი იქნება!!
რივალდო გენიოსი იყო.
ეგეთი ლიდერი არ გვყოლია არასდროს.
კარლეს პუიოლი ბევრად უკეთესი ლიდერი იყო და მოტივატორი))
რივალდო გენიოსი იყო.
ეგეთი ლიდერი არ გვყოლია არასდროს.
კარლეს პუიოლი ბევრად უკეთესი ლიდერი იყო და მოტივატორი))
Griezzy7,
რივალდო გენიოსი იყო.
ეგეთი ლიდერი არ გვყოლია არასდროს.
ლუის სუარესი ? საუკეთესო 9 იანი ბოლო წლებსი ბარსაში ))
vitorborbafereira,
მე ტაქტიკას შევწირე : ) ფლანგზე უშნოდ არის 😃
რივალდო ხალხო 🤦🏻♂️🤦🏻♂️🤦🏻♂️