ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა ჯიბეშია!
ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ პირდაპირმა კონკურენტებმა ქულები დაკარგეს, “ბარსას” კი ერთი მატჩი კვლავ მარაგში აქვს. ჩემპიონობა აღარ გამოვა, მაგრამ, სეზონის მიმდინარეობას თუ გავითვალისწინებთ, მეორე ადგილიც არ იქნება ურიგო შედეგი, საკმარისია გავიხსენოთ სად ვიმყოფებოდით ნახევარი სეზონის შემდეგ.
“სოსიედადთან” გასვლაზე თამაში ყოველთვის რთულია, ბოლო წლებში კარგი სერიის მიუხედავად. კარგი მატჩი გამოვიდა, ვნახეთ მაღალი ტემპი, ბევრი ბრძოლა, ბევრი მომენტი და ერთი გოლი. ერთი გოლის მატჩი გამოვიდა, არადა, თამაში თითქოს გვკარნახობდა, რომ მეტიც უნდა გასულიყო.
თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ გამარჯვების მთავარი ფაქტორი, “ბარსას” ძირითადი შემადგენლობის სამი მცველი დაუბრუნდა, შესაბამისად დაიბრუნა ის თავდაჯერება და სიმყარე, რომელიც მოგებათა სერიისას შეიმჩნეოდა, თუმცა, მატჩის ბოლოს ისე მოხდა, რომ ამ ოთხი მცველიდან ისევ მხოლოდ ალბა დარჩა მოედანზე და ისიც სულ რაღაცას იტკიებდა და კოჭლობდა. ამიტომ, მთავარი ბურჯების გასვლის შემდეგ, “ბარსა” გაძლებაზე იყო და კარგია რომ ბოლომდე გაძლო. ესეც საქმეა.
დაცვას ყოველთვის სჭირდება ლიდერი. კარგია ის, რომ პიკეც, არაუხოც და ალვესიც გამოირჩევიან ლიდერის თვისებებით, ცუდია ის, რომ მათგან ხან ერთი გვაკლია, ხან ყველა ერთად. ალბას ბევრი კარგი თვისება აქვს, მაგრამ ლიდერობა მისი საქმე ნამდვილად არ არის. ასაკზე აღარც ღირს ლაპარაკი, ეს ძველი პრობლემაა და სასწრაფოდ გამოსასწორებელი.
მათ უკან ტერ შტეგენი იდგა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. გარდა მისი სეივებისა, მეტოქემ რამდენჯერმე დაგვინდო, წინა მატჩისა არ იყოს, ძალიან ახლო მანძილიდან ვერ ახერხებდნენ გოლის შეგდებას, ამჯერად იღბალი მხარეზე აღმოჩნდა.
ცვლილებები
შესაძლოა, ჩავის სხვა გეგმებიც ჰქონდა, მაგრამ ტრავმებმა ყველაფერი არია, ამიტომ, გარდა მცველებისა მხოლოდ ობამეიანგისა და ლუკ დე იონგის ცვლილება ვიხილეთ. ობაზე რა უნდა ვთქვათ?! წინა მატჩებთან შედარებით არაუშავდა, გოლიც შეაგდო და მომენტებიც შექმნა, სეზონის ბოლოს დეპაის ალბათ რამდენიმე ბურთით მოიტოვებს.
არ გვინახავს ადამა ტრაორე, ასეთ მოკლე ხანში ასეთი რეგრესი იშვიათი სანახავია, როგორც ჩანს ადამა ბოლომდე გატყდა, დანებდა დემბელეს, ბრძოლა შეწყვიტა და ახლა ალბათ ეჭვიც აღარ ეპარება იმაში, რომ კლუბში აღარ გააჩერებენ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ “ბარსას” მარჯვენა გარემარბის პოვნა მოუწევს, რადგან, დემბელეს მომავალი გაურკვეველია და გარკვეული რომც იყოს, მისი ნდობა მაინც არ შეიძლება, არც მისი და არც მისი აგენტის. როდის რა დაარტყამთ თავში კაცი ვერ გაიგებს.
მატჩის ერთადერთ გოლს რაც შეეხება, ძალიან კარგ შეტევას მოჰყვა, საერთოდ იშვიათია კარგი მომენტის გაცუდების მერე, მეორე ფაზაში გაგიმართლოს, როგორც წესი, თუ 100%-იან მომენტს გაუშვებ ხელიდან დაცვა სწრაფად დგება მწყობრში, მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს და თავსაც უკეთ იცავს, მაგრამ ამჯერად სულ სხვაგვარად მოხდა, ეს კი პირველ რიგში გავის დამსახურებაა, ამ ბიჭის გოლი იყო. კარლეს პუიოლივით წამოეპარა მეტოქეს, ბურთი აართვა და იდეალური გადაცემაც შეასრულა, ფერანის პასი და ობას გოლი, – 1:0, საკმარისია.
გავის სეზონის ბოლომდე მოუწევს თამაში პედრის ტრავმის გამო, სათამაშო დრო ვიტამინებივით წაადგება. კარგი მატჩი ჰქონდა საგოლე პასის ავტორ ფერან ტორესს, ასევე ფრენკი დე იონგს და სერჟი ბუსკეტსს, ბოლო მატჩებში ბუსკეტსი ერთ-ერთი საუკეთესოა. იმ წაგებულებშიც საუკეთესო იყო. ექვსი ტური და ერთი თვეა დარჩენილი სეზონის დასასრულამდე, უკვე ვიცით, რომ ტიტული არ იქნება, სეზონის წინ ისიც ვიცოდით, რომ მძიმე წელი იქნებოდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს პირველი სეზონი იყო ლიონელ მესის გარეშე. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ მესის უფრო დააკლდა “ბარსა”, ვიდრე “ბარსას” მესი. თუმცა, დანაკლისი ორივე შემთხვევაში ძალიან დიდია.
ცოტა უხალისოა მეორე ადგილისთვის ბრძოლა, ასეთი რეალობაა, დღეს მეორე, ხვალ პირველი, შენების პროცესში რამდენიმე აგური დადებულია, ამ სეზონის მიხედვით ამის თქმა ნამდვილად შეგვიძლია. არც ის არის დასავიწყებელი, რომ ჩავი სულ რამდენიმე თვის წინ მოვიდა, ერთი ეგ არის, რომ მადა ჭამაში მოდის და ტიტულებიც სწრაფად მოგვინდა, საწყენი კი ის იყო, რომ ევროპა ლიგის ძალიან რეალური შანსიც იყო, მაგრამ, ეგ არაფერი, არ გვიხდება ეგ თასი, სულ სხვა თასები გვიხდება.
შემდეგი მატჩი “რაიოსთან”.
ცოტა მოსაწყენი ფინიშისკენ ანსუ ფატი გაგვახალისებდა. იმედია ჯანმრთელი დაბრუნდება. სიჩქარე არ ღირს.
კარგია რო რაიოსთანაც და მალიორკასთანაც სახლში გიწევს თამაში. იმედია ექვს ქულას ავიღებთ. და მიზანს მაქსიმალურად მივუახლოვდებით.
უმტოზეც დაწერეთ რამე როდის ბრუნდება დაახლოებით?
ნუ რაც მთავარია, ჩემპიონობა წამწარდა რეალს; სახლში 0:4 კლასიკოზე ვერაა სასიამოვნო და ასეთი ტიტული ტრიუმფად ვერ ჩაითვლება; რაც ძალიან მახარებს;
რეალის ჩემპიონობა მაინც ასე გამოიყურება: აი თასს რომ ასწევ და შიგ რომ ღვინის მაგივრად თხლე გისხია