workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა-გრანადა: მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-გრანადა: მატჩისწინა მიმოხილვა

დღეს, ლა ლიგის მე-5 ტურში, “ბარსელონა” “გრანადას” უმასპინძლებს.

“ბაიერნთან” წაგებული თამაშის შემდეგ, კატალონიელებს გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაციის კარგი შესაძლებლობა აქვთ, თანაც, “გრანადა” ახალ სეზონს არცისე კარგ ფორმაში შეხვდა. ამასთან, წინა სეზონში, “კამპ ნოუზე” “გრანადამ” უმნიშვნელოვანესი სამი ქულა წაგვართვა, მოგების შემთხვევაში, ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე, “ბარსელონა” ლა ლიგის პირველ პოზიციაზე გადავიდოდა.

ამ ტურში მადრიდის “ატლეტიკომ” შინ, “ბილბაოს” წინააღმდეგ, ორი ქულა დაკარგა. “რეალმა” კი მატჩის მიწურულს “მესტალიაზე” ორი გოლის გატანა შეძლო და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა.

ერთი სიტყვით, “ბარსას” დღევანდელი თამაშის დიდი ანგარიშით მოგების არაერთი მიზეზი აქვს.

სათამაშო ფორმა

უკვე მერამდენედ, რონალდ კუმანმა მორიგი მნიშვნელოვანი მატჩი წააგო. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, “ბაიერნთან” სასურველი შედეგის მიღწევას არც არავინ ელოდა, თუმცა გუნდის მიერ ნაჩვენებმა თამაშმა. განსაკუთრებით შეტევაში, გულშემატკივრებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

მატჩის შემდეგ, კუმანმა თქვა, რომ ფატი, დემბელე და აგუერო არ გვყავდა და შეტევაში მეტი არ შეგვიძლიაო. ანსუს დაბრუნებით გუნდს ნამდვილად დიდი ძალა შეემატება, თუმცა თუ კუმანი მომავალ გეგმებს დემბელესა და აგუეროზე აწყობს, ფეხბურთელებზე, რომლებიც სეზონის უმეტეს ნაწილს ლაზარეთში ატარებენ, საქმე არცისე კარგად ყოფილა.

სავარაუდოდ, ტრავმირებული პედრის ნაცვლად, ნახევარდაცვაში სერჟი რობერტოს ვიხილავთ. დაცვის მარჯვენა ფლანგზე სერჟინიო დესტი დაბრუნდება, რომელმაც ნაკრებში მიღებული ტრავმა სრულად მოიშუშა. “ბაიერნთან” მიღებულმა სტვენამ რობერტოზე ძალიან იმოქმედა. იმედია, ეს კრიტიკა მისთვის მოტივაციის წყარო გახდება. 

მეტოქე

სამწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, “გრანადა” გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო მარტინესმა დატოვა. მარტინესის მოღვაწეობა ანდალუსიური კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული იყო. მან გუნდი პრიმერა დივიზიონში დააწინაურა, ლა ლიგის პირველივე სეზონში კი “გრანადამ” ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა. გუნდმა ტურნირის მეოთხედფინალს მიაღწია, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედთან” დამარცხდა. სეზონის ბოლოს, მარტინესმა პოსტი საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.

ასევე, გასულ ზაფხულში “გრანადა” გუნდის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ფეხბურთელმა, რობერტო სოლდადომ, დატოვა.

ახალი პერიოდი “გრანადას” ცუდად არ დაუწყია, პირველ ორ ტურში გუნდმა “ვილიარეალთან” და “ვალენსიასთან” 2 ქულა აიღო, თუმცა შემდეგ იყო წაგებები “რაიო ვალიეკანოსთან” და “ბეტისთან”. თანაც, ამ 4 შეხვედრაში “გრანადამ” მხოლოდ 2 გოლის გატანა შეძლო, ორივე სახლში. 

აღსანიშნავია, რომ “გრანადას” შემადგენლობაში იასპარეზებს “ბარსა B-ს” ყოფილი ფეხბურთელი, მონჩუ, რომელმაც “ბარსა” გასულ ზაფხულში უფასოდ დატოვა.

მწვრთნელები მატჩის წინ

რონალდ კუმანი:

ვფიქრობ, “გრანადა” ძალიან არ შეცვლილა. მათ მკაფიო სისტემა აქვთ, რომელიც ფიზიკურ სიძლიერეზეა ორიენტირებული და შესაბამისად, მეტი აგრესიით თამაში დაგვჭირდება.

კარგია, რომ გულშემატკივრები “კამპ ნოუზე” ჩვენს გვერდით იქნებიან, მთელი წელი მათ გარეშე გავატარეთ. 

რობერტ მორენო:

რა თქმა უნდა, “ბარსას” დამარცხება შეგვიძლია. ფრე მათთვის ძალიან ცუდი შედეგი იქნება, თუ დავამარცხებთ – ორმაგად ცუდი. 

სივრცეები ათვისება უნდა შევძლოთ. ბოლო პერიოდში, სტანდარტული სიტუაციებისთვის აქტიურად ვემზადებოდით და იმედია, ამ მატჩში მათ გამოყენებას შევძლებთ.

დანაკლისი

დღეს, მოედანზე ვერ ვიხილავთ ჟორდი ალბას, მარტინ ბრეითუეიტს, პედრის გონსალესს, უსმან დემბელეს, სერხიო აგუეროსა და ანსუ ფატის. ეს უკანასკნელი რეაბილიტაციის პროცესის დასრულებასთან ახლოსაა. ესპანური მედიის ცნობით, ანსუს დაბრუნება 26 სექტემბერს, “ლევანტესთან” შეხვედრაში შედგება.

რაც შეეხება “გრანადას”, ანდალუსიელები “ბარსელონასთან” მატჩს სრული შემადგენლობით ხვდებიან.

ურთიერთშეხვედრები

“ბარსელონასა” და “გრანადას” ურთიერთშეხვედრების ისტორია 54 შეხვედრას ითვლის: 42 გამარჯვება, 5 ფრე და 7 მარცხი, ბურთების შეფარდება – 146-51. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება 1941 წლის 9 ნოემბერს შედგა, როდესაც “ბარსამ” შინ, ანგარიშით 4-0, იმარჯვა. 

ლა ლიგაში გუნდებს 50 მატჩი აქვთ გამართული, საიდანაც 39 “ბარსელონას” გამარჯვებით დასრულდა, 4 ფრედ, 7 კი “გრანადამ” მოიგო.

რაც შეეხება “ბარსას” საშინაო არენაზე გამართულ შეხვედრებს, წინა სეზონამდე, აქ “ბარსელონას” სრული უპირატესობა ჰქონდა: 25 მატჩი, 25 მოგება, თუმცა აპრილში განცდილმა მარცხმა სტატისტიკა გააფუჭა, ბურთების შეფარდება –  93-20.

2020/21 წლების სეზონში გუნდებს შორის ესპანეთის თასზე გამართული შეხვედრა სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი გამოდგა. 1/4-ფინალში, შეხვედრის 88-ე წუთამდე მასპინძლებს ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა კატალონიელებმა მატჩის შემოტრიალება და შემდეგ ეტაპზე გასვლა შეძლეს. შეხვედრა, ანგარიშით 5-3, დასრულდა, გოლები გრიზმანმა (2), ალბამ (2) და დე იონგმა გაიტანეს.

საინტერესო სტატისტიკა

  • მიმდინარე სეზონში ორ-ორი გოლით “ბარსელონას” საუკეთესო ბომბარდირები სერჟი რობერტო, მარტინ ბრეითუეიტი და მემფის დეპაი არიან. 
  • ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 6 შეხვედრაში “გრანადას” ფეხბურთელი სამჯერ გააძევეს.
  • “გრანადამ” ლა ლიგაში უკანასკნელი გამარჯვება “ბარსელონასთან” მოიპოვა. მას შემდეგ გუნდი 9 თამაშია ვერ იგებს (3 ფრე, 6 მარცხი).
  • 1959 წელს, “სანტიაგო ბერნაბეუზე”, “ბარსელონამ” ესპანეთის თასის ფინალში “გრანადა”, ანგარიშით 4-1, დაამარცხა
  • “გრანადას” მთავარი მწვრთნელი, რობერტ მორენო, 2014-2017 წლებში “ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო.

არბიტრი

დღევანდელ მატჩს სანტიაგო ხაიმე ლატრე განსჯის. 41 წლის არბიტრი ესპანეთის უმაღლეს ჩემპიონატში 2014 წლიდან მსაჯობს.

ლატრეს “ბარსელონას” მონაწილეობით 13 შეხვედრაში უმსაჯია. აღსანიშნავია, რომ კატალონიელებმა 11 მატჩი მოიგეს, 2 კი ფრედ დასრულდა. მას “ბარსას” ფეხბურთელებისთვის 31 ყვითელი ბარათი აქვს ნაჩვენები (26 მეტოქისთვის).

ლატრეს ამ 13 შეხვედრაში ფეხბურთელი მოედნიდან 2-ჯერ ჰყავს გაძევებული, ორივე შემთხვევაში მეტოქე გუნდიდან. მას “ბარსას” წინააღმდეგ ერთი პენალტი აქვს დანიშნული, მის სასარგებლოდ კი – არცერთი.

რაც შეეხება “გრანადას”, ესპანელ არბიტრს 17 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდანაც “გრანადამ” 6 მოიგო, 9 წააგო, 2-იც ფრედ დასრულდა. ლატრეს ანდალუსიელთა ფეხბურთელი 40-ჯერ ჰყავს გაფრთხილებული (36-ჯერ მეტოქის), 4-ჯერ კი – გაძევებული (ერთხელ მეტოქის). პენალტებში სტატისტიკა ასეთია: ლატრეს “გრანადას” სასარგებლო ერთი თერთმეტმეტრიანი აქვს დანიშნული, საწინააღმდეგოდ კი – ოთხი.

კონკრეტულად “ბარსელონასა” და “გრანადას” შორის გამართული დაპირისპირება ლატრემ ერთადერთხელ განსაჯა. 2017 წლის 2 აპრილს “ბარსამ” “ნუევო ლოს კარმენსზე” მეტოქე 4-1 დაამარცხა. “ბარსას” მხრიდან, გოლები ნეიმარმა, ლუის სუარესმა, პაკო ალკასერმა და გაიტანეს, ერთი გოლი კი მეტიუ სონიემ საკუთარ კარში გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

SofaScore:

“ბარსელონა” | 4-3-3

ტერ შტეგენი – დესტი, პიკე, გარსია, ბალდე – რობერტო, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი – კოუტინიო, ლ. დე იონგი, მემფისი

“გრანადა” | 4-3-3

მაქსიმიანო – არიასი, დუარტე, სანჩესი, ნევა – მონჩუ, გონალონსი, მონტორო – სორო, სუარესი, მაჩისი

WhoScored

“ბარსელონა” | 4-3-3

ტერ შტეგენი – დესტი, არაუხო, პიკე, ბალდე – რობერტო, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი – კოუტინიო, ლ. დე იონგი, მემფისი

“გრანადა” | 3-5-2

მაქსიმიანო – დუარტე, სანჩესი, აბრამი – არიასი, გონალონსი, მონტორო, მონჩუ, ნევა – სუარესი, მაჩისი

SportsMole:

“ბარსელონა” | 4-3-3

ტერ შტეგენი – დესტი, არაუხო, პიკე, ბალდე – რობერტო, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი – კოუტინიო, ლ. დე იონგი, მემფისი

“გრანადა” | 3-5-2
მაქსიმინაო – დუარტე, სანჩესი, აბრამ – არიასი, გონალონსი, მონტორო, მონჩუ, ნევა; სუარესი, მაჩისი

Marca:

“ბარსელონა” | 4-3-3

ტერ შტეგენი – მინგესა, არაუხო, პიკე, დესტი – რობერტო, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი – კოუტინიო, ლ. დე იონგი, მემფისი

“გრანადა” | 4-3-3

მაქსიმიანო – არიასი, დუარტე, სანჩესი, ნევა – მონჩუ, გონალონსი, მონტორო – სორო, სუარესი, მაჩისი

პროგნოზი

SportsMole: ბარსელონა 2-1 გრანადა

Sportskeeda: ბარსელონა 2-0 გრანადა

WhoScored: ბარსელონა 2-0 გრანადა

ტრანსლაცია

მატჩი, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და silksport.ge შემოგთავაზებთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 20 სექ 2021, 16:38
    #7

    მე მგონი ყველა ახალგაზრდა ვინც ღირსია უნდა დააყენოს, აბა როდისღა დააკვირდება რეალთან? თუ ატლეტიკოსთან?

  • azulgerana
    schedule 20 სექ 2021, 14:29
    #6

    ციტატა: Zura Gviniashvili
    ბალდე და კოუტინიო დააყენოს ეხლა სასტავში . ჩემი აზრიტ კაი ფორით მოვიგებთ


    წესით უნდა დააყენოს

  • me da barca
    schedule 20 სექ 2021, 14:00
    #5

    კუმანმა ყველანაირი სტატისტიკა გააფუჭა.

  • Zura Gviniashvili
    schedule 20 სექ 2021, 13:39
    #4

    ბალდე და კოუტინიო დააყენოს ეხლა სასტავში . ჩემი აზრიტ კაი ფორით მოვიგებთ

  • La Pulga10
    schedule 20 სექ 2021, 13:32
    #3

    ვინც დაცვაში გარსიას წერს არაუხოს ნაცვლად იმის ტვინში ჩამახედა.

  • Puyol
    schedule 20 სექ 2021, 12:12
    #2

    გრანადასაც თუ წავაგეთ და სამწვრთნელო კარიერა უნდა დაასრულოს კუმანმა barca-4

  • C.PC5
    schedule 20 სექ 2021, 12:01
    #1

    სამი ქულა და მორჩა ბაზარი, პლიუს ამას არ უნდა გაუშვან, გრანადაა და საერთოდ რომ არ ყავდეს შემტევი ბარსელონას, ისე უნდა გადაახიონ ბურთი თავზე გრანადას დონის გუნდებს.დეპაი მიდუბლავს დღეს.