28 აპრილი “ბარსელონას” ისტორიაში “ესპერიას ამბოხის” (El Motín del Hesperia) სახელითაა შესული. ამ დღეს “ბარსელონას” ფეხბურთელები და მწვრთნელი ხელმძღვანელობას აუჯანყდნენ.
1988 წლის 28 აპრილს ესპანური მედიის ყურადღება სასტუმრო ესპერიასკენ იყო მიპყრობილი, სადაც “ბარსელონას” პირველი გუნდის ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი ლუის არაგონესი საგანგებო განცხადების გაკეთებისთვის ემზადებოდნენ. 22 ფეხბურთელისა და მწვრთნელის მიმართვა გუნდის კაპიტანმა, რამონ ალეშანკომ წაიკითხა, რომელმაც “ბარსელონას” პრეზიდენტისა (ხოსეპ ლუის ნუნიესი) და დირექტორთა საბჭოს გადადგომა მოითხოვა.
რა იყო ფეხბურთელების ასეთი რადიკალური ქმედების მიზეზი?
1987 წელს ნუნიესმა კლუბში ახალი საგადასახადო სიტემა დანერგა, რაც კლუბისთვისაც და ფეხბურთელებისთვისაც ფინანსურად მომგებიანი იყო. მოთამაშეებთან გაფორმდა კონტრაქტები, რომელთა თანახმადაც გადასახადების ნახევარი არა შრომით ხელშეკრულებებზე, არამედ საიმიჯო უფლებების ხელშეკრულებებზე მოდიოდა, რის შედეგადაც კლუბი გაცილებით ნაკლებ გადასახადს იხდიდა, დაზოგილი თანხა კი კლუბს და ფეხბურთელებზე ნაწილდებოდა. ყველა კმაყოფილი იყო.
თუმცა 1988 წელს სიტუაცია შეიცვალა. ესპანეთის ხელისუფლებამ კონტრაქტების ლა ლიგის რეგულაციებთან თანხვედრაში მოყვანა მოითხოვა. აქ დაიწყო კონფლიქტი ფეხბურთელებსა და კლუბს შორის – ვის უნდა გადაეხადა დამატებით წარმოშობილი გადასახადი?
ამას ემატებოდა ფეხბურთელების უკმაყოფილება ნუნიესისა და მისი დირექტორთა საბჭოს მართვის სტილთან დაკავშირებით და გულშემატკივრების უკმაყოფილება სპორტული შედეგების გამო. ქომაგები ნუნიესის გადადგომას ითხოვდნენ.
28 აპრილის მდგომარეობით, ლა ლიგის 34 ტურში “ბარსელონას” მხოლოდ 34 ქულა ჰქონდა და მე-9 ადგილზე მყოფი კატალონიელები ლიდერ “რეალს” 23 ქულით ჩამორჩებოდნენ. გულშემატკივრების აღშფოთება გასაგები იყო, მაგრამ მათი უკმაყოფილება არა ფეხბურთელების, არამედ ხელმძღვანელობის მხარეს იყო მიმართული.
რა მოხდა “ესპერიას ამბოხის” შემდეგ? ნუნიესმა მოახერხა და გულშემატკივრები მის მხარეს გადაიყვანა. ფეხბურთელები ანგარებაში დაადანაშაულეს. შევხვდებოდით ნუნიესის მხარდამჭერ და ფეხბურთელების საწინააღმდეგო ბანერებს. ქომაგების მხარდაჭერით გაგულიანებულმა ნუნიესმა გუნდში დიდი წმენდა დაიწყო. შემადგენლობაში მხოლოდ 10 ფეხბურთელი დარჩა, მათ შორის იყვნენ მეკარე ანდონი სუბისარეტა და კაპიტანი ალეშანკო. ამ უკანასკნელის გუნდში დატოვების გადაწყვეტილება ახალმა მწვრთნელმა მიიღო. ლუის არაგონესის გათავისუფლების შემდეგ ნუნიესმა გუნდის მთავარ მწვრთნელად იოჰან კრუიფი დანიშნა.
ასე ჩაუყარა “ესპაერია ამბოხმა” სათავე “ბარსელონას” ახალ ერას.
ახლა ლაპორტამ უნდა დაიწყოს ახალი ერა მეორედ
ნუნესზი ამდენი წელი როგორ იყო პრეზიდენტი? სანამ კრუიფი გახდებოდა მწვრთნელი 2-ჯერ გვქონდა მოგებული ლა ლიგა ერთი კრუიფის ფეხბურთელობის დროს
28 აპრილის მდგომარეობით, ლა ლიგის 34 ტურში "ბარსელონას" მხოლოდ 34 ქულა ჰქონდა და მე-9 ადგილზე მყოფი კატალონიელები ლიდერ "რეალს" 23 ქულით ჩამორჩებოდნენ.
ნუ მაშინ მოგება 2 ქულა იყო და არ არის გასაკვირი ესეთი შედეგი.