მარკუს რაშფორდმა, რომელმაც გასული სეზონი “ბარსელონაში” იჯარით გაატარა, ლამინ იამალის შესაძლებლობებზე ისაუბრა და ახალგაზრდა ესპანელი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად დაასახელა.
ამჟამად ტრავმირებულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა აღნიშნული განცხადებები “მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივრებთან შეხვედრისას გააკეთა. შეხვედრა “ოლდ ტრაფორდის” Ambassadors’ Lounge-ში, “რომასთან” მატჩის წინ გაიმართა, ხოლო საუბრის ჩანაწერი მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
რაშფორდის თქმით, “ბარსელონადან” წასვლამდე მან იამალს პირადად უთხრა, რომ კარიერის განმავლობაში არაერთ გამორჩეულ ფეხბურთელთან უთამაშია, თუმცა ახალგაზრდა ესპანელს ყველა მათგანზე მაღლა აყენებს.
ამ ასაკში ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი არასოდეს მინახავს.
ინგლისელმა შემტევმა იამალი ლიონელ მესისაც შეადარა და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში არგენტინელის დონესთან ასე ახლოს მყოფი ახალგაზრდა ფეხბურთელი არ უნახავს.
თუ შვიდ “ოქროს ბურთს” მოიგებს, არ გამიკვირდება.
რაშფორდმა იამალის ასაკსა და უკვე მიღწეულ წარმატებებსაც გაუსვა ხაზი. მან აღნიშნა, რომ 19 წლის ფეხბურთელს “ოქროს ბურთის” გამოკითხვაში მეორე, მესამე და მერვე ადგილები უკვე დაკავებული აქვს.
ინგლისელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიზეც ისაუბრა და არგენტინელის უნიკალურობას გაუსვა ხაზი.
ალბათ, ჩვენს ცხოვრებაში მესის მსგავსი სრულყოფილი გენიოსი აღარ გამოჩნდება.
ამასთან, რაშფორდის აზრით, 2026 წლის “ოქროს ბურთს” ჰარი კეინი იმსახურებდა, რომელმაც გამორჩეული შედეგიანობა აჩვენა როგორც გოლების, ისე საგოლე გადაცემების მხრივ. ინგლისელმა აღნიშნა, რომ კეინს პირადადაც მისწერა და უთხრა, რომ ჯილდოს იმსახურებდა.
რაშფორდმა “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნების გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, “ასტონ ვილაში” გატარებული პერიოდის შემდეგ მიხვდა, რომ ყოველ სეზონში ყოფილი კლუბის წინააღმდეგ თამაში აღარ სურდა. ამიტომ აგენტს განუცხადა, რომ თუ “იუნაიტედში” დაბრუნება ვერ მოხერხდებოდა, კარიერას ინგლისის ფარგლებს გარეთ გააგრძელებდა და პრემიერ ლიგის სხვა გუნდში არ გადავიდოდა.
საბოლოოდ, “ბარსელონაში” იჯარის დასრულების შემდეგ რაშფორდი “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნდა. ფეხბურთელმა ისიც გაამხილა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებაში მნიშვნელოვანი როლი რიო ფერდინანდთან და მაიკლ კერიკთან საუბრებმა ითამაშა.




მანიუ 13 წლის წინ წაიქცა და ვეღარ დგება, დროა ინვალიდის ეტლში გადაჯდეს.