“ბარსელონასთვის” “კამპ ნოუ” ინგლისური კლუბების წინააღმდეგ ევროპულ ტურნირებზე თითქმის აუღებელ ციხესიმაგრედ იქცა. კატალონიელებმა საკუთარ სტადიონზე ინგლისურ გუნდებთან ჩატარებული 46 მატჩიდან მხოლოდ 2 წააგეს და ორივეჯერ მათი დამარცხება “ლივერპულმა” მოახერხა.
“ბარსელონას” მარცხების მაჩვენებელი მხოლოდ 4.35%-ია. ეს ნიშნავს, რომ კატალონიურმა გუნდმა ინგლისელი მეტოქეების წინააღმდეგ “კამპ ნოუზე” გამართული შეხვედრების 95.65%-ში მარცხი თავიდან აიცილა.
“მანჩესტერ იუნაიტედმა”, “ჩელსიმ”, “არსენალმა”, “მანჩესტერ სიტიმ” და სხვა ინგლისურმა კლუბებმა “ბარსელონას” ბარსელონაში დამარცხება ვერ შეძლეს.
ლივერპული – ერთადერთი გამონაკლისი
“ლივერპულმა” “კამპ ნოუზე” პირველად 1976 წლის 30 მარტს გაიმარჯვა. უეფას თასის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში ინგლისელებმა “ბარსელონა” 1-0 დაამარცხეს.
მეორე მარცხი კატალონიელებმა 2007 წლის 21 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში განიცადეს. ფრანკ რაიკარდის გუნდმა “ლივერპულთან” 1-2 წააგო. ანგარიში დეკუმ გახსნა, თუმცა კრეიგ ბელამიმ და იონ არნე რიისემ ინგლისურ გუნდს გამარჯვება მოუტანეს.
მას შემდეგ თითქმის 20 წელი გავიდა და “კამპ ნოუზე” “ბარსელონას” დამარცხება არცერთ ინგლისურ კლუბს აღარ მოუხერხებია. ეს სერია 3 ნოემბერს “ასტონ ვილასთან” მოპოვებული 3-0 გამარჯვებითაც გაგრძელდა.
ბარსელონა ევროპაში საუკეთესოა
ინგლისური კლუბების წინააღმდეგ საშინაო მატჩებში ასეთი დაბალი მარცხების პროცენტული მაჩვენებელი ევროპის სხვა წამყვან გუნდებს არ აქვთ.
შედარებისთვის, “ბაიერნს” ინგლისურ კლუბებთან საკუთარ მოედანზე მატჩების 11.8% აქვს წაგებული, ხოლო “რეალ მადრიდს” – 16.6%.
“ბარსელონას” ამ შთამბეჭდავი სტატისტიკის შენარჩუნება 8 დეკემბერსაც მოუწევს, როდესაც ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში “კამპ ნოუზე” “მანჩესტერ სიტის” უმასპინძლებს.




forum კომენტარები (0)