“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგაზე “ასტონ ვილასთან” 3-0 გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. გერმანელი სპეციალისტი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა და განსაკუთრებით დაცვაში ნაჩვენები შედეგი გამოარჩია.
ფლიკმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების მოპოვებასთან ერთად კარის მშრალად შენახვაც მოახერხა.
“ასტონ ვილა” შესანიშნავი გუნდია. დაცვაში კარგად ვითამაშეთ და ნაჩვენებით კმაყოფილები ვართ. კარი მშრალად შევინახეთ. დაცვის ბოლო ხაზმა წარმოუდგენელ დონეზე ითამაშა, ყველაფერი მოიგერია. შესანიშნავი იყო ჟოან გარსიაც”.
ფლიკმა გუნდის რეაქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარუმატებლობის შემდეგ მთავარი სწორი პასუხის გაცემა და მომდევნო ეპიზოდზე კონცენტრირებაა.
“მთავარი ის კი არ არის, შეცდომას უშვებ თუ მარცხდები, არამედ ის, როგორ რეაგირებ ამაზე. შემდეგი მოქმედება ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია”.
“მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ყველამ შესანიშნავად ითამაშა. ხაზებს შორის მცირე მანძილი გვქონდა, კომპაქტურად ვმოქმედებდით და საკუთარ კართანაც კარგად ვიცავდით თავს. ეს წარმოუდგენელი იყო”.
გერმანელმა სპეციალისტმა გუნდის პრესინგიც შეაფასა და განმარტა, რომ “ბარსელონა” სწორედ ასეთი ფეხბურთის თამაშს ცდილობს.
“გვინდოდა მეტოქეზე ზეწოლა მოგვეხდინა და შეცდომები დაგვეშვებინებინა. სწორედ ამან მოგვიტანა გოლები. ასეთი ფეხბურთის თამაში გვსურს, ეს ჩვენი ფილოსოფიაა. გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო. ჩანს, რომ ბურთითაც და უბურთოდაც თავდაჯერებულები ვართ”.
ფლიკი ფრენკი დე იონგის დაბრუნებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ნიდერლანდელი ნახევარმცველი კარგ ფორმაშია, თუმცა ოპტიმალურ ფიზიკურ მდგომარეობამდე ჯერ კიდევ დრო სჭირდება.
“მისი დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია. კარგ დონეზეა, ამას ვარჯიშებზეც ვხედავთ. ფიზიკურად ჯერ 100%-ით მზად არ არის, რაც ბუნებრივია. ეტაპობრივად უნდა ვიმოქმედოთ. გვსურს, ყველა პოზიციაზე მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავდეს და მისი დაბრუნებით ასეთი შესაძლებლობა ორ პოზიციაზე გვაქვს”.
როდრის მდგომარეობასთან დაკავშირებით მწვრთნელმა განმარტა, რომ ფეხბურთელმა დისკომფორტი იგრძნო და ოთხშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
რაფინია შეცვლის გამო არ გაბრაზებულა
პრესკონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა რაფინიას რეაქცია იყო. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა შეცვლისას უკმაყოფილების გამომხატველი ჟესტი გააკეთა, რამაც გააჩინა ვარაუდი, რომ ის მოედნიდან გაყვანამ გააბრაზა.
თუმცა ფლიკმა განმარტა, რომ ფეხბურთელის ემოციური მდგომარეობა შეცვლას არ უკავშირდებოდა და მასზე “ტენერიფეს” ფეხბურთელის, ხესუს დე მიგელის გარდაცვალებამ იმოქმედა.
“რაფინიაზე ტენერიფეში მომხდარმა ამბავმა იმოქმედა, ისევე როგორც ყველა ჩვენგანზე. ამ ტრაგედიის გამო გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ფეხბურთელის ოჯახს, კლუბსა და გულშემატკივრებს. ვფიქრობ, ამ ამბავმა რაფინიაზე პირადად ძალიან იმოქმედა”.
ფლიკმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რაფინიას რეაქცია შეცვლით უკმაყოფილებას არ გამოუწვევია.
“ყველას ჰგონია, რომ შეცვლის გამო გაბრაზდა, მაგრამ ასე არ არის. ზოგჯერ მარტივი არ არის ყველაფრის დავიწყება და ჩვენი გეგმის შესრულების გაგრძელება. ჩვენ ადამიანები ვართ და ასეთი ამბები ჩვენზეც მოქმედებს”.
რაც შეეხება ბრაზილიელის სპორტულ ფორმას, “ბარსელონას” მწვრთნელი მისი თამაშით კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ ფეხბურთელი ჯანმრთელი დაბრუნდება.
“ის კარგ ფორმაშია. თუ სანაკრებო პაუზიდან ჯანმრთელი დაბრუნდება, ეს შესანიშნავი იქნება როგორც ჩვენთვის, ისე მისთვის. ძალიან კმაყოფილი ვარ და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. ეს ჩვენთვისაც კარგი იქნება”.
“ბარსელონას” მომდევნო შეხვედრა “ატლეტიკოსთან” ელის. ფლიკის გუნდს გასვლითი მატჩისთვის მოსამზადებლად ოთხი დღე აქვს.




forum კომენტარები (0)