კატალონიური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა ჰამზა აბდელკარიმის პროფესიონალიზმს, თავმდაბლობასა და გუნდში საკუთარი როლისადმი დამოკიდებულებას განსაკუთრებით აფასებს. 18 წლის ფეხბურთელი მზადაა, პირველ გუნდში შეზღუდულ სათამაშო დროს დასჯერდეს ან საჭიროების შემთხვევაში “ბარსა ატლეტიკს” დაეხმაროს. ასეთი მიდგომა მის ასაკთან შედარებით გამორჩეულ სიმწიფეზე მეტყველებს.
Sport-ი წერს:
“ამ ასაკის ფეხბურთელისთვის ასეთ სიტუაციასთან გამკლავება მარტივი არ არის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის შემდეგ ეგვიპტელი თავდამსხმელი სამშობლოში ძალიან პოპულარული გახდა. მიუხედავად ამისა, ჰამზამ დიდი თავმდაბლობა და შეგნება გამოავლინა. ის მშვიდად ეგუება პირველ გუნდში შეზღუდულ სათამაშო დროს და მზადაა, საჭიროების შემთხვევაში ჟულიანო ბელეტის ხელმძღვანელობით “ბარსა ატლეტიკში” ითამაშოს”.
ოთხშაბათს აბდელკარიმი “ბარსელონას” ვარჯიშზე გამოცხადდა. გუნდი “პარი სენ-ჟერმენთან” და “რეალ მადრიდთან” მტკივნეული მარცხების შემდეგ მუშაობას დაუბრუნდა. ეგვიპტელი ორივე შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა, თუმცა მოედანზე არ გასულა.
ჰამზამ ბოლოს 17 ოქტომბერს ითამაშა. ეს “ბარსა ატლეტიკის” შემადგენლობაში მისი ჯერჯერობით ერთადერთი მატჩია. “იოჰან კრუიფის” სტადიონზე “უტებოსთან” გამართულ შეხვედრაში მან პენალტით ანგარიში გახსნა, მისმა გუნდმა კი 2-1 გაიმარჯვა.
2030 წლამდე კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ აბდელკარიმმა საკუთარი პრიორიტეტი მკაფიოდ განსაზღვრა: მას სათამაშო პრაქტიკა სჭირდება და მნიშვნელობა არ აქვს, წუთებს პირველ გუნდში მიიღებს თუ სარეზერვოში. მისი მთავარი სურვილი განვითარება და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაა.
ასეთი დამოკიდებულება აჩვენებს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის მოედანზე გასვლა და პროგრესი სტატუსზე მნიშვნელოვანია. ჰამზას კარგად ესმის, რომ რაც უფრო ხშირად ითამაშებს, მით უფრო სწრაფად შეეგუება “ბარსელონას” სათამაშო სტილს, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ ფეხბურთისგან, რომელსაც კატალონიაში გადმოსვლამდე იყო მიჩვეული.
ჰანსი ფლიკისა და თანაგუნდელების მოწონება
“ბარსელონაში” აბდელკარიმს მხოლოდ საფეხბურთო შესაძლებლობების გამო არ აფასებენ. ეგვიპტელი პირველი გუნდის გასახდელს შესანიშნავად შეეწყო. მიუხედავად იმისა, რომ მომავალში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბება სურს, ქედმაღლობით არ გამოირჩევა.
ჰამზა ბუნებით მშვიდი და ოდნავ მორცხვია, თუმცა თანაგუნდელებთან ხუმრობასა და თავისუფალი დროის ერთად გატარებაში აქტიურად მონაწილეობს.
მსგავსი დამოკიდებულება აქვს სარეზერვო გუნდშიც. აბდელკარიმი არასდროს იქცევა ისე, თითქოს სხვა ფეხბურთელებზე მაღლა დგას ან გუნდში განსაკუთრებული სტატუსი ეკუთვნის.
მისი ქცევითა და ვარჯიშებზე ნაჩვენები შედეგებით კმაყოფილია ჰანსი ფლიკიც. გერმანელი სპეციალისტი ეგვიპტელის პროფესიონალიზმს აფასებს, თუმცა ამ ეტაპზე შეტევის ხაზში უპირატესობას უფრო გამოცდილ ფეხბურთელებს ანიჭებს.
“ბარსელონა” მომდევნო მატჩს 31 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე, საკუთარ მოედანზე “ალავესთან” გამართავს. იმავე დღეს, 21:00 საათზე, “ბარსა ატლეტიკი” “იოჰან კრუიფის” სტადიონზე “არნედოს” დაუპირისპირდება.
Sport-ის ცნობით, აბდელკარიმისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელ გუნდში მოუწევს თამაში. მისი მიზანი უცვლელია: მიიღოს რაც შეიძლება მეტი სათამაშო დრო და საკუთარი შესაძლებლობების დასამტკიცებლად ყველა შანსი გამოიყენოს.




პირადად მე ძალიან მეიმედება ეს ბიჭი. მართლაც, ყველანაირი მონაცემი აქვს, რომ მომავალში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო 9-იანი დადგეს 🙌🏼